საქართველოს სახელით შპს”დ და გ ტექნოლოგის”განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/11818-15
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
2015 წლი ს 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ მოვალე შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149)მიმართ წარმოებული გაკოტრების საქმის წარმოების ფარგლებში მოწვეულ პირველ კრედიტორთა კრებაზე განიხილა განცხადების განუხილველად დატოვების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგი ა ს 2015 წლის 19 ივნისს განცხადებით მიმართა შპს „დ და გ ტექნოლოგის” დირექტორმა მიხეილ ხიდირბეგიშვილმა. აღნიშნული განცხადების თანახმად, შპს „დ და გ ტექნოლოგის” ვალდებულებების ჯამი კრედიტორთა წინაშე შეადგენს 2912646,33 ლარს. მოვალეს უკვე რამდენიმე წელია შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა და არ აქვს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები. შპს „დ და გ ტექნოლოგის” ქონებას შეადგენს სს „საქართველოს ბანკში” არსებულ ანგარიშზე განთავსებული 982,07 ლარი. საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) სახელზე არანაირი უძრავი ქონება არ ირიცხება. რაც შეეხება მოძრავ ნივთებს, შსს მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) სახელზე ირიცხება 12 ერთეული მექანიკური სატრანპორტო საშუალება, რომლებზეც 2010 წლიდან რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის გირავნობა და აღმასრულებლის ან სასამართლოს მიერ გამოყენებული უფლებრივი შეზღუდვები. თუმცა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები რეალურად კომპანიაში არ იძებნება. ამასთან, შპს „დ და გ ტექნოლოგი” (ს/კ 205059149) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად რეგისტრირებულია შპს „როუდ ვესტის” (ს/კ 206279800) 100%-იანი წილის მესაკუთრედ , თუმცა ამ უკანასკნელ საწარმოს არანაირი აქტივი არ გააჩნია.
რაც შეეხება კრედიტორთან დაკავშირებულ ინფორმაციას, განმცხადებლი განმარტავს, რომ მოვალის ერთადერთი კრედიტორია სსიპ „შემოსავლების სამსახური, რომლის მიმართ დავალიანებაც შეადგენს 2912646,33 (ორი მილიონ ცხრაას თორმეტი ათას ექვსას ორმოცდაექვსი მთელი ოცდაცამეტი მეასედი) ლარს. სხვა კრედიტორები საწარმოს არ ჰყავს. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით , „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განმცხადებელმა მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების გარეშე მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის დანაწესით, 2015 წლის 6 ივლისის განჩინებით განცხადება მიიღო წარმოებაში და დაიწყო შპს „დ და გ ტექნოლოგის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება. ამ წარმოების ფარგლებში კრედიტორთაგან მოთხოვნა განაცხადა მხოლოდ სსიპ - შემოსავლების სამსახურმა და ის ამ იურიდიული პირის მტკიცებით შეადგენს 2 931 563,24 ლარს.
პირველ კრედიტორთა კრების ფორმატში 2015 წლის 11 სექტემბერს ჩატარდა სხდომა, სადაც მეურვე სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლოსა და კრედიტორის წინაშე წარსდგა მოვალე შპს „დ და გ ტექნოლოგის” ქონების, ფინანსური მდგომარეობის, ვალდებულებების და უზრუნველყოფილი კრედიტორის შესახებ მოხსენებით. ამ მოხსენებით მეურვემ პრაქტიკულად დაადასტურა მოვალის მიერ განცხადებით მოწოდებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შპს „დ და გ ტექნოლოგის” აქტივი მხოლოდ 928,07 ლარის ოდენობით თანხას მოიცავს. მეურვე აღნიშნავს, რომ მან მოვალის უძრავ-მოძრავი ქონების მოძიების მიზნით განახორციელა მოქმედებები, თუმცა მოვალეს არ აღმოაჩნდა უძრავი ქონება, ხოლო რაც შეეხება შპს „დ და გ ტექნოლოგის” სახელზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით რეგისტრირებულ 16 მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად იმისა, რომ მოვალის მიმართ 2010 წლიდან მიმდინარეობს 8 სააღსრულებო წარმოება და ამ წარმოებათა გამო მოვალის სახელზე რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები გადაცემულია ძებნაზე, მათი მოძიება დღემდე ვერ მოხერხდა. მეურვე ასევე განმარტავს, რომ შპს „დ და გ ტექნოლოგს” არც დებიტორული მოთხოვნები გააჩნია. მეურვე ადასტურებს, რომ მოვალე არის 100%-იანი წილის მფლობელი შპს „როუდ-ინვესტში” (ს/კ 206279800), თუმცა 2015 წლის 11 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მეურვემ სასამართლოს ვერ მიაწოდა ამ აქტივის ღირებულებისა და საერთოდ მისი ლიკვიდურობის შესახებ ინფორმაცია (იხ. ს.ფ. 138-139, მოისმინეთ 2015 წლის 11 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).
იმავე სასამართლო სხდომაზე კრედიტორის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ სსიპ შემოსავლების სამსახურს მისცა შესაძლებლობა 15 დღის ვადის განმავლობაში საკუთარი ძალებით გადაემოწმებინა მოვალის აქტივთან დაკავშირებული გარემოებები (მოისმინეთ 2015 წლის 11 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).
2015 წლის 29 სექტემბერს სსიპ - შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს წარუდგინა ამ სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის მოადგილე ჯაბა გაბუნიას მიერ 2014 წლის 30 მაისს გამოცემული №007-431 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, იმავე თანამდებობის პირის მიერ 2015 წლის 11 აგვისტოს გამოცემული №007-3272 ბრძანება ქონებაზე ყადაღის გაუქმების შესახებ და შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის მოადგილე ჯაბა გაბუნიას მისამართით შპს „დ და გ ტექნოლოგის” დირექტორის მიხეილ ხიდირბეგიშვილის მიერ 2015 წლის 11 მარტს შედგენილი განცხადება. ამ განცხადებაში მოვალე საწარმოს დირექტორი აღნიშნავს, რომ შპს „დ და გ ტექნოლოგი” იყო საგზაო კომპანია, მას საქმიანობა შეწყვეტილი აქვს 2009 წლიდან, არ გააჩნია ქონება, არ ფლობს წილებს და აქციებს და ჰყავს დებიტორი საგზაო სატრანსპორტო დეპარტამენტის სახით, რომლის დავალიანებაც შეადგენს 109000 ლარს (იხ. ს.ფ. 141-146).
2015 წლის 18 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მეურვე - სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო კვლავ წარსდგა სასამართლოს და კრედიტორის წინაშე მოხსენებით. მან განმარტა, რომ არ არსებობს დოკუმენტები, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ მოვალე შპს „დ და გ ტექნოლოგის” მოთხოვნის დადასტურებას, ხოლო თავად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მეურვის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, არ აღიარა შპს „დ და გ ტექნოლოგის” მიმართ რაიმე სახის დავალიანების არსებობა. მეურვე აცხადებს, რომ მოვალის რეალური, მოძიებული, დადასტურებული და ლიკვიდურობის მქონე აქტივი შედგება მხოლოდ თანხისაგან, რომლის ოდენობაც 982,07 ლარია. მიუხედავად მცდელობისა, თავად კრედიტორმაც ვერ უზრუნველყო განსხვავებული, დადასტურებაუნარიანი ინფორმაციის სასამართლოსათვის მიწოდება (იხ. ს.ფ. 147-148, 151, 159-160, მოისმინეთ 2015 წლის 18 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).
სასამართლომ შეაფასა მოვალის, მეურვის და კრედიტორის განმარტებები, შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ არსებობს მოვალის განცხადების განუხილველად დატოვებისა და შპს „დ და გ ტექნოლოგის” განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შემდეგი სახის საფუძვლები:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ”, „გ”, „ვ”, „კ” და „ლ” ქვეპუნქტების თანახმად, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება, მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. ამდენად, მეურვე, რომელიც ყველა შემთხვევაში არის სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო, აღჭურვილია იმ მეტად მნიშვნელოვანი კომპეტენციით, რომელიც პრაქტიკული თვალსაზრისით გადამწყვეტად მოქმედებს გადახდისუუნარობის, მათ შორის გაკოტრების, საქმის წარმოების მიმდინარეობაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მეურვემ თავისი კომპენტენციის ფარგლებში ვერც კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ პირველ სხდომამდე და ვერც მეორე სხდომამდე შეძლო მოეძიებია და დოკუმენტური საფუძვლით დადასტურებული აქტივი წარედგინა სასამართლოსათვის, გარდა იმ თანხისა, რომლის ოდენობაც მხოლოდ 982,07 ლარია. მოვალის აქტივის მოძიებისა და დადგენის პროცესში მონაწილეობა მიიღო კრედიტორმაც, თუმცა ვერც სსიპ შემოსავლების სამსახურმა შეძლო იმაზე მეტის დადგენა, ვიდრე მეურვემ. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საბანკო დაწესებულებების და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები, რომლებიც ადასტურებენ, რომ შპს „როუდ-ინვესტის” (ს/კ 206279800), რომლის საწესდებო კაპიტალის 100%-ანი წილის მესაკუთრეცაა მოვალე შპს „დ და გ ტექნოლოგი”, არ აქვს უძრავი ქონება, არ აქვს წილი სხვა საწარმოში, არ აქვს სატრანსპორტო საშუალებები და არ გააჩნია ფულადი სახსრები (იხ. ს.ფ. 91-96). ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს ექმნება რწმენა და იზიარებს მეურვის მტკიცებას, რომ შპს ”დ და გ ტექნოლოგის” ხელშესახები და ლიკვიდურად რეალური აქტივი მხოლოდ 982,07 ლარია.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ამდენად, აღნიშნული ნორმა ადგენს უქონლობის და/ან მცირე ღირებულების აქტივის არსებობისას, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის წარმოების ხარჯების დაფარვას, გაკოტრების საქმის წარმოების გარეშე მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და მისი რეგისტრაციის გაუქმების შესაძლებლობას. თუმცა კანონი ითვალისწინებს ამ შესაძლებლობის გამოყენებისათვის აუცილებელ გარემოებათა მითითების მიუხედავად, გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების და მოვალის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემთხვევასაც. სწორედ ეს შემთხვევაა გათვალისწინებული „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტში. ამ ნორმის თანახმად, თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების ნამდვილობაში ან მიიჩნია, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.
სწორედ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით ისარგებლა სასამართლომ შპს ”დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) განცხადების წარმოებაში მიღების და მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განჩინების გამოტანისას. ასეთი განჩინების გამოტანას საფუძვლად დაედო შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მის სახელზე აღრიცხული სატრანსპორტო საშუალებების და შპს „როუდ ვესტში” (ს/კ 206279800) 100%-იანი წილის არსებობის შესახებ. თუმცა საქმის წარმოების პროცესში დადასტურდა, რომ შპს „დ და გ ტექნოლოგს” (ს/კ 205059149) რეალურად მითითებული აქტივები არ გააჩნია. ამდენად, ფაქტი იმის თაობაზე, რომ მოვალე შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) ქონება ვერ უზრუნველყოფს გაკოტრების საქმის წარმოების ხარჯების დაფარვას, სარწმუნო გახდა განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი ვითარება გვკარნახობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენების და შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) განცხადების განუხილველად დატოვების აუცილებლობას.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნულ განჩინებაში სასამართლო უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანს სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. იმავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც გახდება მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) განცხადება მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე დარჩეს განუხილველი.
2. შპს „დ და გ ტექნოლოგს” (ს/კ 205059149) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
3. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, საწარმო გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მისი რეგისტრაციის გაუქმებას.
4. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება განმცხადებლისათვის მისი ასლის გადაცემიდან გონივრულ ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს მოვალემ; ამასთან, განმცხადებელსვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენა.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბ. სისვაძე