მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 26.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016020
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2016 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი | სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენცია მეზღვაურთა შრომის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის
უფროსის
ბრძანება
№12
2016 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
„დაზღვევის შესახებ“ საქართელოს კანონის 21-ე მუხლის „მ“ და „ტ“ ქვეპუნქტების, ამავე კანონის VI¹ თავის მოთხოვნათა შესაბამისად და 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილება №102-ის თანახმად დამტკიცებული სსიპ –
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესი“ თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიოსებ გოგოლაშვილი
მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და
გაკოტრების საქმის წარმოების წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
მოქმედების სფერო
ეს წესი არეგულირებს მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების საკითხებს.
მუხლი 2🔗.
მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის, ლივკიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი
1.
მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში –
სამსახური) მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით.
2.
მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის, ლიკვიდაციის და გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე და წარედგინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციისთვის.
3.
მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორის, ლიკვიდატორისა და გაკოტრების მმართველის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე და წარედგინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციისთვის.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მზღვეველთან დაკავშირებული პირი – მზღვეველის ადმინისტრატორი, აქციონერი, მათთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან, მზღვეველის თანამშრომელი, იმ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მზღვეველის მნიშვნელოვან წილს ან მათთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირები;
ბ) მზღვეველის გადახდისუუნარობა – მზღვეველის გადახდისუუნარობის ფაქტი დგინდება მაშინ, როდესაც მზღვეველის აქტივების ჯამური საბალანსო ღირებულება ნაკლებია მის ვალდებულებებზე;
გ) სადაზღვევო პორტფელი – სადაზღვევო პოლისთა ერთობლიობა ერთი ან რამდენიმე დაზღვევის სახეობის მიხედვით.
თავი II
მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაცია
მუხლი 4🔗.
მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საფუძვლები
1. სამსახურის მიერ დადგენილი ნორმატივების დარღვევის ან/და ფინანსური მდგომარეობის ან/და სადაზღვევო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და დამზღვევის/დაზღვეულის/მოსარგებლის ინტერესების საგრძნობლად გაუარესების საფრთხის არსებობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ.
2. მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საფუძვლების, დროებითი ადმინისტრატორის, იძულებითი ადმინისტრაციის პროცესის ხანგრძლივობისა და დროებითი ადმინისტრატორის მიერ გასატარებელი შესაძლო ზომების თაობაზე.
3. მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს იძულებითი ადმინისტრაციის პროცესს.
4. სამსახურის მიერ დანიშნული მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის ადმინისტრატორისათვის „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.
5. დროებით ადმინისტრატორზე ვრცელდება ამ წესის მე-8 მუხლი.
6. დროებითი ადმინისტრატორი არ შეიძლება იყოს მზღვეველთან დაკავშირებული პირი.
7. დროებითი ადმინისტრატორი ანგარიშვალდებულია სამსახურის წინაშე.
მუხლი 5🔗.
მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორის უფლება-მოვალეობანი
1. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი მოვალეობის შესრულებას იწყებს იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული თარიღიდან.
2. იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება მზღვეველის სახელით და მისი ხარჯით მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორის წერილობითი თანხმობის გარეშე.
3. მზღვეველის დროებით ადმინისტრატორზე გადადის მზღვეველის ყველა მმართველი ორგანოს (მათ შორის აქციონერთა და აქციონერთა საერთო კრების) სრული უფლებამოსილება, რომელსაც იგი ახორციელებს სამსახურთან შეთანხმებით.
4. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს კეთილსინდისიერად და მიიღოს ყველა შესაძლო ზომა დაზღვეულის, დამზღვევის, მოსარგებლისა და თავად მზღვეველის ინტერესების დასაცავად.
5. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია მიიღოს აუცილებელი ზომები მზღვეველის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის, მისი გაყიდვის, სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების ჩათვლით.
6. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია უმოკლეს ვადაში აღძრას შუამდგომლობა სამსახურში წარდგენილ მზღვეველის თანამდებობის პირთა სიაში აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ.
7. დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია სამსახურს პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ ან მისი მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ანგარიშგება გაწეული საქმიანობის შესახებ.
8. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია, სამსახურთან შეთანხმებით მოახდინოს იძულებითი ადმინისტრაციის რეჟიმში მყოფი მზღვეველის რეორგანიზაცია, მისი აქტივებისა და ვალდებულებების (მათ შორის, სადაზღვევო პორტფელის) ან მათი ნაწილის სხვა იურიდიულ პირზე გადაცემა ან გასხვისება. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი სხვა მზღვეველისათვის სადაზღვევო პორტფელის გადაცემისას ხელმძღვანელობს ამ წესის V თავით დადგენილი ნორმებით.
9. დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს მზღვეველის თანამშრომელი.
მუხლი 6🔗.
იძულებითი ადმინისტრაციის გაუქმება
1. იძულებითი ადმინისტრაცია უქმდება:
ა) მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ;
ბ) სამსახურის დასაბუთებული გადაწყვეტილებით;
გ) მზღვეველისათვის სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში.
2. იძულებითი ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე და ეგზავნება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
თავი III
მზღვეველის ლიკვიდაცია
მუხლი 7🔗.
მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების საფუძვლები
1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება მზღვეველის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს სამსახურის მიერ დანიშნული ფიზიკური პირი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის ადმინისტრატორისათვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე ჩერდება იძულებითი აღსრულება.
2. დაუშვებელია მზღვეველთან დაკავშირებული პირის ლიკვიდატორად დანიშვნა.
3. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება, მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება და ლიკვიდატორის დანიშვნა შეიძლება განხორციელდეს ერთი და იმავე ინდივიდიულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივით აქტით.
4. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთანავე მზღვეველის ინვენტარიზაციის პროცესისათვის აუცილებელ ღონისძიებებს ლიკვიდატორთან ერთად ახორციელებენ სამსახურის მიერ ამ მიზნისთვის წარდგენილი/მივლენილი უფლებამოსილი პირები.
მუხლი 8🔗.
ლიკვიდატორის კვალიფიკაციის კრიტერიუმები
1. სალიკვიდაციო საქმეების ეფექტურად წარმართვისათვის, ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს სადაზღვევო-საფინანსო საქმიანობის წარმოებისათვის შესაბამისი განათლება და გამოცდილება.
2. ერთი და იგივე პირი შეიძლება დანიშნულ იქნეს ლიკვიდატორად რამდენიმე მზღვეველში.
3. დანიშვნის დღიდან სამსახურსა და ლიკვიდატორს შორის ფორმდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ლიკვიდატორის შრომის ანაზღაურების წესი.
მუხლი 9🔗.
ლიკვიდატორის უფლებები
1. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ მზღვეველს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი. მას ეკისრება მზღვეველის ყველა მმართველი ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა და აქციონერთა საერთო კრების) სრული უფლებამოსილება.
2. ლიკვიდატორი უფლებამოსილია წარმართოს მზღვეველის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმეები, დაამთავროს საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები, საჭიროების შემთხვევაში კი ჩაებას სალიკვიდაციო საქმიანობასთან დაკავშირებულ ახალ გარიგებებში.
3. ლიკვიდატორი უფლებამოსილია, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, საჯარო აუქციონზე, ან სხვა ხელსაყრელი ფორმით გაყიდოს მზღვეველის აქტივები, სხვა მზღვეველს გადასცეს სადაზღვევო პორტფელი.
4. ლიკვიდატორს დანიშვნის დღიდან უფლება აქვს:
ა) შეწყვიტოს მზღვეველის თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;
ბ) შეწყვიტოს მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის განხორციელებაშიც მზღვეველი მონაწილეობდა;
გ) შეწყვიტოს მზღვეველის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის, ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე გაფრთხილებული უნდა იქნეს, რომ მზღვეველი აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების შეწყვეტის უფლება) არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე. აღნიშნული არ შეეხება იმ თანხას, რომელიც დაირიცხა შეთანხმების გაუქმების თარიღისათვის და არ მოითხოვს იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას;
დ) გადასცეს ან გაასხვისოს მზღვეველის აქტივები და ვალდებულებები (მათ შორის, სადაზღვევო პორტფელი) ან მათი ნაწილი სხვა იურიდიულ პირზე (მათ შორის, სხვა მზღვეველზე). მზღვეველის სადაზღვევო პორტფელის გადაცემისას ლიკვიდატორმა უნდა იხელმძღვანელოს ამ წესის V თავით დადგენილი ნორმებით.
5. ლიკვიდატორს ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით უფლება აქვს:
ა) სამსახურის თანხმობით სალიკვიდაციო საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების შესახებ გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები სხვადასხვა პირთან, ასევე შესაბამის სამსახურებთან მზღვეველის საბუთების დადგენილი წესით აღრიცხვის, აკინძვისა და მათი საარქივო შენახვის უზრუნველსაყოფად;
ბ) გაატაროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ღონისძიება, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს სალიკვიდაციო მზღვეველის დაზღვეულთა და სხვა კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
6. სამსახურის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ლიკვიდატორს უფლება აქვს:
ა) გახსნას კომერციულ ბანკში მულტისავალუტო ანგარიში ან თითო ანგარიში სხვადასხვა ვალუტაში;
ბ) დროებით არ დახუროს კომერციულ ბანკებში არსებული სხვა ანგარიშები;
გ) მიიღოს სესხი კომერციული ბანკებისაგან;
დ) გადასცეს სხვა მზღვეველს სადაზღვევო პორტფელი, სხვა იურიდიულ პირს გადასცეს მზღვეველის აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებათა გადაცემას.
მუხლი 10🔗.
ლიკვიდატორის მოვალეობები
1. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია სამსახურის წინაშე.
2. ლიკვიდატორმა სალიკვიდაციო საქმეები უნდა აწარმოოს კეთილსინდისიერად დაზღვეულის/დამზღვევის/მოსარგებლისა და სხვა კრედიტორთა, აგრეთვე მზღვეველის ინტერესების შესაბამისად. მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, ლიკვიდატორი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხს აგებს სამსახურის, როგორც საზედამხედველო ორგანოს, და იმ პირთა წინაშე, რომელთაც ზიანი მიადგათ მისი ქმედების შედეგად.
3. იმ შემთხვევაში, თუ ლიკვიდატორი კეთილსინდისიერად არ ახორციელებს საკუთარ მოვალეობებს, ან მისი ქმედებების საფუძველზე შესაძლოა საფრთხე შეექმნას დაზღვეულთა ინტერესებს, სამსახური უფლებამოსილია დაუწესოს მას ინსტრუქციები, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში გაათავისუფლოს ლიკვიდატორი თანამდებობიდან.
4. ლიკვიდატორმა დანიშვნის დღიდან უნდა აღწეროს და გადაიბაროს მზღვეველის საქმეები მზღვეველის დროებითი ან ყოფილი ადმინისტრატორებისაგან სამსახურის მიერ მითითებულ ვადებში.
5. ლიკვიდატორი ვალდებულია:
ა) დანიშვნიდან 3 თვის ვადაში შეადგინოს აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხა (ბალანსი ლიკვიდაციის დანიშვნის თარიღით) არსებული ყოველდღიური საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების ან სხვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში –
მათი აუდიტორული შეფასება, შეადგინოს აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხა და გამოსაქვეყნებლად წარუდგინოს სამსახურს;
ბ) დანიშვნიდან 15 დღის ვადაში დაუგზავნოს შეტყობინებები ბანკებს, რათა ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ მოხდეს მზღვეველის ანგარიშებიდან ოპერაციების წარმოება;
გ) დანიშვნიდან 15 დღის ვადაში გააკეთოს განცხადება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოებში, რათა ლიკვიდატორის გარეშე არ მოხდეს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მზღვეველის კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვ.) გასხვისება;
დ) დანიშვნიდან 15 დღის ვადაში გამოაქვეყნოს მზღვეველის ლიკვიდაციის თაობაზე განცხადება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე. ეს განცხადება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს პირველი გამოქვეყნებიდან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ;
ე) დანიშვნიდან 15 დღის ვადაში აცნობოს გადამზღვეველ კომპანიებს, რომელთანაც მზღვეველს გააჩნია გადაზღვევის ხელშეკრულება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე.
6. ლიკვიდატორმა უნდა უზრუნველყოს მულტისავალუტო ანგარიშის ან თითო ანგარიშის სხვადასხვა ვალუტაში გახსნა და კომერციულ ბანკებში მზღვეველის ანგარიშებზე რიცხული თანხების გადარიცხვა ამ ანგარიშზე/ანგარიშებზე და ასეთი ანგარიშების დახურვა.
7. ლიკვიდატორმა აქტივებისა და ვალდებულელების ნუსხის (პირველადი ბალანსის) შედგენიდან ერთ თვეში:
ა) კრედიტორებს უნდა აცნობოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყება სპეციალური შეტყობინებით, ხოლო ისეთ კრედიტორებს, რომელთა იურიდიული მისამართიც უცნობია, ბეჭდვით ორგანოში განცხადების გამოქვეყნებით, რომლებშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მათ დადგენილ ვადებში ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ თავიანთი მოთხოვნის ნამდვილობის დამადასტურებელი საბუთები;
ბ) მოვალეებს უნდა დაუგზავნოს შეტყობინებები ხელშეკრულებების შესაბამისად მზღვეველის წინაშე არსებული დავალიანების სრულად და დროულად დაფარვის შესახებ და უნდა მოსთხოვოს 1 თვეში წერილობითი დასტურის წარდგენა მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე. შეტყობინებაში აგრეთვე უნდა მიეთითოს, რომ, თუ ვალდებულების დაფარვა წერილობით არ არის დადასტურებული, საქმე გადაეცემა შესაბამის სასამართლოს. დაზღვეულთა მოთხოვნები უნდა ჩაითვალოს წარდგენილად, რაც არ ართმევს უფლებას დაზღვეულებს წერილობით წარადგინონ საკუთარი მოთხოვნები;
გ) მოითხოვოს იმ გადამზღვეველი კომპანიებისაგან, რომლებთანაც მზღვეველს აქვს გადაზღვევის ხელშეკრულება, სრულად და დროულად დაფარულ იქნეს მზღვეველის წინაშე არსებული ვალდებულება და მოსთხოვოს 1 თვის ვადაში წარმოდგენილ იქნეს წერილობითი დადასტურება მზღვეველის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულების თაობაზე. გადამზღვეველი კომპანიისაგან 1 თვის ვადაში წერილობითი დადასტურების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ლიკვიდატორი ვალდებულია მიმართოს იმ სასამართლოს/არბიტრაჟს, რომელიც გადამზღვეველ კომპანიასა და მზღვეველს შორის დავების მოგვარების კუთხით შესაბამისი გადაზღვევის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
8. ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით ლიკვიდატორი ვალდებულია:
ა) აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა-ანგარიშგება სწორი საბუღალტრო ჩანაწერების განხორციელებით;
ბ) უზრუნველყოს კრედიტორთა მიერ წარდგენილი ყველა მოთხოვნის კანონიერების შემოწმება;
გ) გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მზღვეველის ქონების დაყადაღების ან რეალიზაციის შესახებ ან სხვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება არახელსაყრელი იყოს დაზღვეულთა, დამზღვევთა, მოსარგებლეთა და სხვა კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის;
დ) ყოველ კვარტალურად წარმოადგინოს სამსახურში მზღვეველის ბალანსი და გაწეული საქმიანობის ანგარიში, სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში კი ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი;
ე) მზღვეველის გადახდისუუნარობის ფაქტის გამოვლენისთანავე მოამზადოს მისი გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დასკვნა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს სამსახურს;
ვ) მესაკუთრის გამოვლენის მიზნით, სამსახურს შესანახად გადასცეს ფულადი სახსრები და ქონება (შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად), რომელიც ერიცხება მზღვეველს ხელშეკრულებების ან სხვა დოკუმენტების საფუძველზე და რომელთა გამოთხოვაც არ მოხდა სპეციალურ შეტყობინებაში მითითებულ ვადებში;
ზ) მზღვეველის შტამპისა და ბეჭდის განადგურების მიზნით უნდა შექმნას შტამპისა და ბეჭდის განადგურების კომისია, რომელსაც დაევალება მათი განადგურება და შესაბამისი განადგურების აქტის შედგენა.
9. ლიკვიდატორი ვალდებულია უზრუნველყოს მზღვეველის დოკუმენტაციის დაარქივება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
10. ყველა ვალდებულების სრულად დაკმაყოფილების შემდგომ, ლიკვიდატორის განკარგულებით მზღვეველის არსებული აქტივის განკარგვის უფლება უბრუნდებათ აქციონერებს.
11. ლიკვიდაციის პროცესში ლიკვიდატორის გათავისუფლების შემთხვევაში ლიკვიდატორი ვალდებულია ახალ ლიკვიდატორს გადააბაროს სალიკვიდაციო საქმეები.
მუხლი 11🔗.
მოთხოვნების დაკმაყოფილება ლიკვიდაციის დროს
1. მზღვეველის ლიკვიდაციისას მოთხოვნები დაკმაყოფილდება კრედიტორთა წერილობითი განცხადებების საფუძველზე (გარდა ვადადამდგარი მოთხოვნებისა), სამსახურში ლიკვიდატორის მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხის წარდგენიდან 20 დღის გასვლის შემდეგ.
2. მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება ითვლება მოუკითხავ რესურსად და გადადის სამსახურის მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.
მუხლი 12🔗.
ლიკვიდაციის პროცესის დასრულება
1. ლიკვიდაციის პროცესი დასრულებულად ითვლება, თუ:
ა) სრულადაა დაფარული მზღვეველის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნა;
ბ) ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობისას დადგინდება, რომ მზღვეველის აქტივების ჯამური საბალანსო ღირებულება ნაკლებია მის ვალდებულებებზე და სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე.
2. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ლიკვიდატორი ადგენს მზღვეველის სალიკვიდაციო აქტს, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ რეალიზებული ყველა აქტივის შესახებ მათი რეალიზაციის საბოლოო ფასის ჩვენებით;
ბ) მზღვეველის მიმართ დავალიანების მქონე იურიდიული თუ ფიზიკური პირის გაკოტრების დამადასტურებელ სასამართლო გადაწყვეტილებებს;
გ) ინფორმაციას კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის შესახებ;
დ) მზღვეველის საბოლოო ბალანსს;
ე) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ყველა სხვა ღონისძიების შესახებ.
3. ლიკვიდატორის ხელმოწერით დადასტურებული მზღვეველის სალიკვიდაციო აქტი მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა წარედგინოს სამსახურს.
4. სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. მარეგისტრირებელი ორგანო საწარმოს რეგისტრაციას აუქმებს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე უფლებამოსილი პირის განცხადებისა და მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის საფუძველზე.
თავი IV
მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება
მუხლი 13🔗.
მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
1. თუ აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხის მომზადებისას დადგინდება, რომ მზღვეველის აქტივების ჯამური საბალნსო ღირებულება ნაკლებია მის ვალდებულებებზე, მზღვეველის ლიკვიდატორი ვალდებულია აცნობოს სამსახურს, რის საფუძველზეც სამსახური იღებს მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილებას.
2. მზღვეველის ადმინისტრატორი ვალდებულია გადახდისუუნარობის ფაქტის აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურს. შეტყობინების მიღებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში სამსახური იღებს გადაწყვეტილებას მზღვეველის მიმართ გასატარებელი ღონისძიების თაობაზე.
3. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების პერიოდში მზღვეველის გადახდისუუნარობის დადგენისას სამსახური უფლებამოსილია დაიწყოს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების გარეშე. ამ შემთხვევაში გაკოტრების მმართველი პირველ რიგში ასრულებს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესის III თავით ლიკვიდატორისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს.
4. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისთანავე ჩერდება იძულებითი აღსრულება.
5. გაკოტრების მმართველი არის ფიზიკური პირი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის ადმინისტრატორისათვის „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.
6. გაკოტრების მმართველი არ უნდა იყოს მზღვეველთან დაკავშირებული პირი.
7. სამსახურის გადაწყვეტილებით ინიშნება გაკოტრების მმართველი, რომელიც ანგარიშვალდებულია სამსახურის წინაშე. იგი ვალდებულია ყოველკვარტალურად წარმოადგინოს სამსახურში მზღვეველის ბალანსი და გაწეული საქმიანობის ანგარიში, სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში კი ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი.
მუხლი 14🔗.
გაკოტრების მმართველის კვალიფიკაციის კრიტერიუმები
1. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების ეფექტურად წარმართვისათვის გაკოტრების მმართველს უნდა ჰქონდეს სადაზღვევო-საფინანსო საქმიანობის წარმოებისათვის შესაბამისი განათლება და გამოცდილება.
2. ერთი და იგივე პირი შეიძლება დანიშნული იქნას გაკოტრების მმართველად რამდენიმე მზღვეველში.
3. დანიშვნის დღიდან, სამსახურსა და გაკოტრების მმართველს შორის ფორმდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება გაკოტრების მმართველის შრომის ანაზღაურების წესი.
მუხლი 15🔗.
მზღვეველის გაკოტრების მმართველის უფლება-მოვალეობები
1. გაკოტრების მმართველი ვალდებულია:
ა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სამსახურის ოფიციალურ ვებ. გვერდზე გამოაქვეყნოს განცხადება მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის ვადაში; ეს განცხადება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს პირველი გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. ამ განცხადებით დგინდება მზღვეველის ვალდებულება კრედიტორებისადმი. მზღვეველის კრედიტორებმა გაკოტრების მმართველს განცხადების მეორედ გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლების მითითებით; დაზღვეულთა მოთხოვნები უნდა ჩაითვალოს წარდგენილად, რაც არ ართმევს უფლებას დაზღვეულებს წერილობით წარადგინონ საკუთარი მოთხოვნები;
ბ) აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
2. გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია, საჯარო აუქციონზე ან სხვა ხელსაყრელი ფორმით, სამსახურის თანხმობის საფუძველზე გაყიდოს მზღვეველის აქტივები, სხვა მზღვეველს გადასცეს სადაზღვევო პორტფელი, სხვა იურიდიულ პირს გადასცეს აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებათა გადაცემას.
3. გაკოტრების მმართველს დანიშვნის დღიდან უფლება აქვს:
ა) შეწყვიტოს მზღვეველის თანამშრომელთან შრომის ხელშეკრულება „საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად;
ბ) შეწყვიტოს მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც მზღვეველი მონაწილეობდა;
გ) გადასცეს ან გაასხვისოს მზღვეველის აქტივები და ვალდებულებები (მათ შორის, სადაზღვევო პორტფელი) ან მათი ნაწილი სხვა იურიდიულ პირზე; სადაზღვევო პორტფელის გადაცემისას, გაკოტრების მმართველმა უნდა იხელმძღვანელოს ამ წესის V თავით გათვალისწინებული ნორმებით;
დ) დაფაროს მზღვეველის კრედიტორთა მოთხოვნები დადგენილი თანამიმდევრობის დაცვით ერთჯერადი ან ნაწილ-ნაწილ გადახდით.
4. გაკოტრების მმართველის ანაზღაურებას განსაზღვრავს სამსახური გაკოტრების მმართველსა და სამსახურს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. სამსახური უფლებამოსილია, საკუთარი სახსრებით აანაზღაუროს გაკოტრების მმართველის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება. გაკოტრების მმართველის ანაზღაურება მის მიერ შესრულებული მოვალეობების ადეკვატური უნდა იყოს.
მუხლი 16🔗.
მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა გაკოტრების საქმის წარმოების დროს
1. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დროს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) პირველი რიგი – გაკოტრების მმართველის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები, რომლებიც წარმოეშვა მზღვეველს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;
ბ) მეორე რიგი – უზრუნველყოფილი კრედიტორები, გარდა საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნისა;
გ) მესამე რიგი – კრედიტორთა მოთხოვნები, რომელთა საფუძველია სიცოცხლისა და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულება. სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულებათა ოდენობა განისაზღვრება მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებისათვის – სიცოცხლის დაზღვევის რეზერვის ოდენობით;
დ) მეოთხე რიგი – კრედიტორთა მოთხოვნები, რომელთა საფუძველია უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულება;
ე) მეხუთე რიგი – ყველა სხვა კრედიტორის მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს ყველა სხვა დაზღვევის ხელშეკრულებიდან;
ვ) მეექვსე რიგი – საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;
ზ) მეშვიდე რიგი – დანარჩენი მოთხოვნები მზღვეველის მიმართ და დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.
2. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების სრულად დასაფარავად, მაშინ ყველა შესაბამისი ვადადამდგარი რიგის მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნისა, რომლებიც იფარება სრულად.
3. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ.
მუხლი 17🔗.
მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება
1. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ მზღვეველის აქტივების რეალიზაციის და რეალიზაციიდან მიღებული თანხის დადგენილი წესით სრულად განაწილების შემდეგ.
2. გაკოტრების მმართველი ვალდებულია, მზღვეველის ქონების რეალიზაციის და რეალიზაციიდან მიღებული თანხის განაწილების თაობაზე შეადგინოს და სამსახურს წარუდგინოს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის დასრულების შესახებ საბოლოო ანგარიში, რომლის საფუძველზეც სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე, რომელიც დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე და წარედგინება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.
3. გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში უნდა შეიცავდეს:
ა) ინფორმაციას გაკოტრების მმართველის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ ყველა რეალიზებული აქტივის შესახებ მათი რეალიზაციის საბოლოო ფასის მითითებით;
ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ყველა არარეალიზებული აქტივის შეფასებას, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ ამ აქტივის საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;
გ) ინფორმაციას კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე;
დ) მზღვეველის საბოლოო ბალანსს;
ე) ინფორმაციას გაკოტრების მმართველის მიერ გატარებული სხვა ღონისძიებების თაობაზე.
4. მზღვეველის მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება ითვლება მოუკითხავ რესურსად და გადადის სამსახურის მფლობელობაში მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.
5. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისთანავე ხდება მზღვეველის ამოღება სათანადო რეესტრიდან.
თავი V
მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და
გაკოტრების საქმის წარმოების თავისებურებანი
მუხლი 18🔗.
მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებამდე განხორციელებული ქმედებები და გარიგებები
მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი, ლიკვიდატორი და გაკოტრების მმართველი უფლებამოსილნი არიან, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადონ მზღვეველის ადმინისტრატორის მიერ დროებითი ადმინისტრატორის, ლიკვიდატორის ან გაკოტრების მმართველის დანიშვნამდე 12 თვით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვონ მისი ბათილობა, თუ აღნიშნულის შედეგად მზღვეველთან დაკავშირებულმა პირებმა ამ მზღვეველის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია მზღვეველისათვის (მისი კრედიტორებისათვის) ზიანის მიყენება.
მუხლი 19🔗.
მზღვეველის რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივების გამოყენების პირობა
ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმეების წარმოებისას, რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიფარება დაზღვევის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ვალდებულებები.
მუხლი 20🔗.
მზღვეველის სადაზღვევო ხელშეკრულებების მოქმედება ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების დროს
1. მზღვეველის ლიკვიდაციისა და/ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისას, სადაზღვევო ხელშეკრულებების მოქმედება წყდება ლიკვიდაციის/გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და/ან ისეთი შემთხვევისა, როდესაც მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტა უფრო დიდი საფრთხის მატარებელია ვიდრე მისი მოქმედების გაგრძელება. ლიკვიდატორი/გაკოტრების მმართველი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, დაუბრუნოს დამზღვევს/დაზღვეულს სადაზღვევო შესატანი, შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმითა და ოდენობით.
2. მზღვეველის ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისას, იკრძალება მზღვეველის სახელით ნებისმიერი სახის ახალი სადაზღვევო რისკის აღება და სადაზღვევო ხელშეკრულების დადება.
მუხლი 21🔗.
სადაზღვევო პორტფელის გადაცემა
1. დროებითი ადმინისტრატორი/ლიკვიდატორი/გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია სხვა მზღვეველს გადასცეს სადაზღვევო პორტფელი.
2. სადაზღვევო პორტფელის გადაცემისას, სადაზღვევო პორტფელის მიმღები მზღვეველი ვალდებულია ამის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან ერთი თვის ვადაში წერილობით აცნობოს დამზღვევებს/დაზღვეულებს პორტფელის გადაცემის თაობაზე და მიუთითოს საკუთარი იურიდიული მისამართი და სხვა საჭირო ინფორმაცია.
3. სადაზღვევო პორტფელის გადაცემისას დაზღვეულთა თანხმობა საჭირო არ არის.
4. სადაზღვევო პორტფელის გადაცემის თაობაზე თანხმობის მისაღებად ადმინისტრატორი/ლიკვიდატორი/გაკოტრების მმართველი ვალდებულია მიმართოს სამსახურს. ამისათვის საჭიროა სამსახურში წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) გადასაცემი სადაზღვევო პორტფელით გათვალისწინებული სადაზღვევო პოლისების/ხელშეკრულებათა ჩამონათვალი;
ბ) სადაზღვევო რეზერვების დაანგარიშება იმ სადაზღვევო პოლისებზე, რომლებზეც მოთხოვნის უფლება გადაეცემა სხვა მზღვეველს და რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივების ჩამონათვალი;
გ) ხელშეკრულება სადაზღვევო პოლისებზე მოთხოვნის უფლების გადაცემის თაობაზე.
5. სადაზღვევო პორტფელის გადაცემის განხორციელებისას, დროებითი ადმინისტრატორი/ლიკვიდატორი/გაკოტრების მმართველი ვალდებულია სამსახურში დოკუმენტაციის წარდგენამდე დარწმუნდეს და მიიღოს შესაბამისი დოკუმენტაცია მიმღები მზღვეველისაგან მისი ფინანსური მდგომარეობის თაობაზე.
6. სადაზღვევო პორტფელის გადაცემის შესახებ ლიკვიდატორის განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში, სამსახური ვალდებულია განიხილოს აღნიშნული განცხადება და აცნობოს დროებით ადმინისტრატორს/ლიკვიდატორს/გაკოტრების მმართველს საკუთარი გადაწყვეტილება.
7. სადაზღვევო პორტფელის გადაცემის თაობაზე სამსახურს შეუძლია უარი განაცხადოს იმ შემთხვევაში თუ არსებობს რაიმე მიზეზი, რის საფუძველზეც სადაზღვევო პორტფელის გადაცემით შეიძლება საფრთხე შეექმნას დაზღვეულთა ინტერესებს.
8. სადაზღვევო პორტფელის გადაცემისას, სადაზღვევო პოერტფელის მიმღებ მზღვეველს უფლება არა აქვს მიღებულ პორტფელში შეცვალოს სადაზღვევო ხელშეკრულების პირობები სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
9. სადაზღვევო პოლისებზე მოთხოვნის უფლების გადაცემის ხელშეკრულება ძალაშია საქართველოს სამსახურიდან თანხმობის მიღების მომენტიდან.