შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 23.04.2015
ძალაში შესვლა 29.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №41/17
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016384
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ კონვენცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი,
გამომდინარე იქიდან, რომ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები ზიანს აყენებს ხელშემკვრელი მხარეების ეკონომიკურ, საგადასახადო და კომერციულ ინტერესებს და ასევე მათი მოქალაქეების ჯანმრთელობას;
ითვალისწინებენ რა იმპორტის გადასახდელების ზუსტი გაანგარიშების მნიშვნელობას;
აღიარებენ რა საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას თავიანთი საბაჟო კანონმდებლობების გამოყენებასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებში;
გამოთქვამენ რა რწმენას, რომ საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტური იქნება მათ საბაჟო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემთხვევაში;
მხედველობაში იღებენ რა ხელშემკვრელი მხარეების მიერ უკვე მიერთებულ ან იმპლემენტირებულ საერთაშორისო კონვენციებიდან გამომდინარე ვალდებულებებს, და ასევე მხედველობაში იღებენ რა გაერთიანებული საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს 1953 წლის 5 დეკემბრის რეკომენდაციას საბაჟო თანამშრომლობის შესახებ;
მხედველობაში იღებენ რა 1961 წლის 30 მარტის ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ერთიანი კონვენციისა და ამ კონვენციაში 1972 წლის 25 მარტის შესწორებების შესახებ ოქმის დებულებებს, 1971 წლის 21 თებერვლის კონვენციას ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ, ასევე, გაერო-ს 1988 წლის 20 დეკემბრის კონვენციას ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებები
ამ შეთანხმების მიზნებისათვის:
1) „საბაჟო ორგანო” ნიშნავს:
- საქართველოსთვის: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –
შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
- ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობისათვის: სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს;
2) „საბაჟო კანონმდებლობა“ –
ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოების ნორმატიული აქტების ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს საქონლის შემოტანას, გატანას, ტრანზიტს ან საქონლის შენახვას და რომლის გამოყენებას და შესრულებას უზრუნველყოფს უშუალოდ ხელშემკვრელი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოები;
3) „დარღვევა” ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას ან დარღვევის მცდელობას;
4) „მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანო” – ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ორგანო, რომელიც წარადგენს მოთხოვნას საბაჟო საკითხებში დახმარების (შემდგომში –
მოთხოვნა) აღმოჩენის თაობაზე;
5) „მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანო” – ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ორგანო, რომელიც იღებს მოთხოვნას;
6) „ნარკოტიკული საშუალება” – ნარკოტიკული საშუალებების შესახებ 1961 წლის ერთიანი კონვენციის I და II ჩამონათვალში შეტანილი შესწორებებით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთიერება, ბუნებრივი ან სინთეტიკური;
7) „ფსიქოტროპული ნივთიერება” - ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ 1971 წლის 21 თებერვლის კონვენციის I, II, III და IV ჩამონათვალში შეტანილი შესწორებებით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთიერება, ბუნებრივი ან სინთეტიკური, ან ნებისმიერი ბუნებრივი მასალა;
8) „კონტროლირებადი მიწოდება” – მეთოდი, რომლის დროსაც საბაჟო კანონმდებლობის დარღვევაში ჩართული პირების გამოვლენისა და დადგენის მიზნით, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებით ან მათი კონტროლის ქვეშ დაიშვება საქონლის უკანონო პარტიის შეტანა, გატანა ან გადაადგილება;
9) „ინფორმაცია” – ნებისმიერი მონაცემი, დოკუმენტი, ანგარიში, ასევე მათი დამოწმებული ასლები, როგორც ელექტრონული, ისე არა ელექტრონული ფორმით.
მუხლი 2🔗
შეთანხმების მოქმედების სფერო
1. ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი საბაჟო ორგანოების მეშვეობით გაუწევენ ერთმანეთს დახმარებას საბაჟო კანონმდებლობის სათანადოდ გამოყენების მიზნით, კერძოდ, ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად ნებისმიერი დარღვევის კანონით გათვალისწინებული წესით პრევენციის, გამოძიების, აღკვეთისა და დევნის გზით.
2. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აღმოუჩენენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ დახმარებას თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარების გაწევა ხდება, მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოს სახელმწიფოში არსებულ ყველა სახის განხილვაში გამოსაყენებლად, იქნება ეს სასამართლო სამართალწარმოება, ადმინისტრაციული სამართალწარმოება თუ სისხლის სამართლის პროცესი და უნდა მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს კლასიფიკაციის, საბაჟო ღირებულების, წარმოშობის და სხვა საკითხების განხილვით, რომლებიც მიეკუთვნებიან საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებას, ასევე განხილვებს, რომლებიც იწვევს საურავებს, ჯარიმებს, კონფისკაციას და ერთობლივი დავალიანებებისა და გარანტიების გადახდას.
3. ამ შეთანხმების თანახმად ურთიერთდახმარება არ ეხება დებულებებს, რომლებიც გამოიყენება სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებით ურთიერთდახმარებაში, თუმცა საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ ან გაუწიონ ურთიერთდახმარება ნებისმიერი გამოძიების ჩატარებისას ან ნებისმიერ სასამართლო ან ადმინისტრაციულ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს საბაჟო ორგანოს მონაწილეობით.
4. ამ შეთანხმების თანახმად გაწეული ურთიერთდახმარება არ მოიცავს პირების დაკავებას, საქონლის შეტანასთან და გატანასთან დაკავშირებული იმპორტის გადასახდელების, ასევე ჯარიმებისა და სხვა გადასახდელების დაბრუნებას.
მუხლი 3🔗
დახმარება მოთხოვნის საფუძველზე
1. საბაჟო ორგანოები ერთმანეთს გაუწევენ დახმარებას მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ამ შეთანხმებით განსაზღვრული ფორმითა და პირობებით, საბაჟო კანონმდებლობის სათანადო გამოყენების, იმპორტის გადასახდელების ზუსტი გამოთვლის და გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით, რომელიც ეხება ქმედებებს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა.
2. მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღებმა საბაჟო ორგანომ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია:
იყო თუ არა საქონელი, მათ შორის გადახდის საშუალებები, გატანილი ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან, სათანადოდ შეტანილი მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც აუცილებელია მიეთითოს საქონელთან მიმართებით განსაზღვრული საბაჟო პროცედურა;
იყო თუ არა საქონელი, მათ შორის გადახდის საშუალებები, შეტანილი ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სათანადოდ გატანილი მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან, სადაც აუცილებელია მიეთითოს საქონელთან მიმართებით განსაზღვრული საბაჟო პროცედურა.
3. მოთხოვნის შემთხვევაში საბაჟო ორგანოები ცვლიან მონაცემებს სტატისტიკური ინფორმაციის შესახებ, მათ შორის, ელექტრონული ფორმით, ასევე, გამოცდილებას დარღვევების გამოვლენის ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესახებ, განსაკუთრებით კონტრაბანდის შემთხვევებთან დაკავშირებით.
მუხლი 4🔗
დახმარების გაწევა საკუთარი ინიციატივით
საბაჟო ორგანოები საკუთარი ინიციატივით და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად გაუწევენ ერთმანეთს დახმარებას, თუ ისინი თვლიან, რომ ეს აუცილებელია საბაჟო კანონმდებლობის სათანადო გამოყენებისათვის და იმპორტის გადასახდელების ზუსტი გამოთვლისა და გადახდევინებისათვის, კერძოდ, საქმესთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის მიწოდების გზით, რომელიც ეხება:
ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ ან შესაძლოა შეიცავდნენ დარღვევას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
ახალ საშუალებებსა და მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება დარღვევის ჩადენისთვის;
იმ საქონელს, რომელთა შესახებაც ცნობილია ან რომელთა მიმართაც არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ისინი ჩართული არიან უკანონო ბრუნვაში;
სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა მიმართაც არსებობს საკმარისი ვარაუდის საფუძველი, რომ ისინი გამოიყენებოდნენ, გამოიყენებიან ან შესაძლოა გამოყენებული იქნენ დარღვევის ჩადენაში.
მუხლი 5🔗
საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის მდებარეობის ადგილების კონტროლი
მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის, თავისი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში იღებს აუცილებელ ზომებს მიზანმიმართული კონტროლის უზრუნველსაყოფად:
ა) საქონლის მიმართ, რომელიც გადაიზიდება ან შესაძლოა გადაზიდულ იქნეს იმგვარად, რომ არსებობს საკმარისი ვარაუდის საფუძველი, რომ ისინი განკუთვნილია მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარღვევის ჩადენისას გამოყენების მიზნით;
ბ) სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ შორის კონტეინერებზე, რომელთა მიმართ არსებობს საკმარისი ვარაუდის საფუძველი, რომ ისინი განკუთვნილია მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარღვევის ჩადენისას გამოყენების მიზნით;
გ) საქონლის მდებარეობის ადგილებზე, სადაც წარმოებს ან შესაძლებელია წარმოებდეს საქონლის თავმოყრა იმგვარად, რომ არსებობს საკმარისი ვარაუდის საფუძველი, რომ ადგილი აქვს ქმედებებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ დარღვევა მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
მუხლი 6🔗
მოთხოვნების ფორმა და შინაარსი
1. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნები, მოცემული უნდა იყოს წერილობითი ფორმით, მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანოს სახელმწიფოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე ან მისთვის მისაღებ სხვა ენაზე. მოთხოვნას უნდა ახლდეს მისი შესრულებისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოსგან ზეპირი, ასევე ელექტრონული ფორმით მოთხოვნის მიღება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა დადასტურდეს ოფიციალური წერილით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოს სახელწოდება;
ბ) მოთხოვნილი ზომები;
გ) მოთხოვნის საგანი და მიზეზი;
დ) მაქსიმალურად ზუსტი და ვრცელი მონაცემები იმ იურიდიულ ან ფიზიკურ პირთა შესახებ, რომელთა მიმართაც წარმოებს გამოძიება ან შემოწმება;
ე) განხილვაში მყოფი საქმისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმების მოკლე აღწერა;
ვ) საქმესთან დაკავშირებული ფაქტებისა და ჩატარებული შემოწმების მოკლე შინაარსი.
3. საქმეთა, დოკუმენტებისა და სხვა მასალების ორიგინალები გამოითხოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასლები არაა საკმარისი. განსაკუთრებული მოთხოვნით ასეთი საქმეების, დოკუმენტებისა და სხვა მასალების ასლები უნდა დამოწმდეს სათანადოდ.
4. საქმეთა, დოკუმენტებისა და სხვა მასალების ორიგინალები ბრუნდება პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში.
მუხლი 7🔗
კონტაქტების განხორციელება
1. საბაჟო ორგანოებს შორის დახმარება ხორციელდება უშუალო კონტაქტების გზით.
2. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანო არ წარმოადგენს მოთხოვნის შესრულებაზე უფლებამოსილ შესაბამის ორგანოს, ის აუცილებელი კონსულტაციების შემდეგ საჩქარო წესით გადასცემს მოთხოვნას შესაბამის ორგანოს, რომელიც მოთხოვნასთან მიმართებით იმოქმედებს თავისი უფლებამოსილების შესაბამისად შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე ან შეთავაზებს მოთხოვნის წარმდგენ საბაჟო ორგანოს შესაბამის პროცედურას, რომელთა გატარებაც აუცილებელია ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში.
მუხლი 8🔗
მოთხოვნების შესრულება
1. მოთხოვნა სრულდება მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანოს სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანო მოქმედებს თავისი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში.
3. მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანო მოთხოვნის საფუძველზე აწარმოებს აუცილებელ მოკვლევას, მათ შორის, ექსპერტების და მოწმეების, ან დარღვევის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირების დაკითხვას, ასევე, ატარებს შემოწმებებს და ღონისძიებებს ფაქტების დასადგენად, ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.
4. მოთხოვნის მიმღებ საბაჟო ორგანოს შეუძლია ნება დართოს მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოს მიერ დანიშნულ თანამდებობის პირებს იმყოფებოდნენ მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როდესაც მისი თანამდებობის პირები აწარმოებენ გამოძიებას მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოს ინტერესებში, მათ შორის დაესწრონ ასეთი გამოძიების მსვლელობას. დანიშნული თანამდებობის პირები ესწრებიან მხოლოდ კონსულტანტის რანგში და არ შეუძლიათ ისარგებლონ იმ უფლებებით, რომლითაც აღჭურვილია მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირები მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. თუმცა მხოლოდ მიმდინარე გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე, მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირების თანდასწრებით ან მათი მეშვეობით, მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოს დანიშნულ თანამდებობის პირებს ისევე მიუწვდებათ ხელი იმავე შენობებთან და დოკუმენტებთან, როგორც მოთხოვნის მიმღებ საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირებს.
5. მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან აწარმოონ დარღვევის გამოძიება, შეუძლიათ მიმართონ მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირებს მოთხოვნით, მოუმზადონ შესაბამისი საქმის, რეესტრის ან სხვა დოკუმენტების ან ინფორმაციის მატარებლების შესახებ მიმოხილვა და მათი ასლების ან დარღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება.
6. თუ მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირები იმყოფებიან მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ შეთანხმების შესაბამისად, ისინი მზად უნდა იყვნენ ნებისმიერ დროს წარადგინონ მათი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი და პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილ ნებისმიერ სამართალდარღვევაზე.
7. მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოს მოთხოვნით მას ეცნობება იმ ღონისძიების დრო და ადგილი, რომელიც ხორციელდება მოთხოვნის საფუძველზე, რათა ასეთი ღონისძიებები იყოს კოორდინირებული.
მუხლი 9🔗
ექსპერტები და მოწმეები
1. მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირები მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეიძლება უფლებამოსილნი იყვნენ წარსდგნენ ექსპერტების ან მოწმეების სახით სასამართლო ან ადმინისტრაციული განხილვისას, რომლებიც ეხება ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებს, მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე და წარადგინონ ის საქმეები, დოკუმენტები ან მათი დამოწმებული ასლები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი იყოს განხილვისთვის.
2. ექსპერტის ან მოწმის სტატუსით წარდგენის თაობაზე მოთხოვნაში მიეთითება სამართალწარმოების სახეობა, ასევე სტატუსი, რომლითაც თანამდებობის პირი არის გამოძახებული ჩვენების მისაცემად.
მუხლი 10🔗
დოკუმენტების გადაცემა
1. მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოს მოთხოვნით, მოთხოვნის მიმღებმა საბაჟო ორგანომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა უზრუნველყოს მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის ნებისმიერი დოკუმენტის გადაცემა ან ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება, რომელიც გამომდინარეობს მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოდან და რომელიც შედის ამ შეთანხმების რეგულირების სფეროში.
2. მოთხოვნები დოკუმენტების გადაცემის ან გადაწყვეტილებების შეტყობინების თაობაზე ხორციელდება წერილობით, მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანოს სახელმწიფოს სახელმწიფო ენაზე ან წერილობით მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანოსთვის მისაღებ სხვა ენაზე. ამასთან, ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის შესახებაც აუცილებელია შეტყობინება, თან ახლავს მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანოს სახელმწიფო ენაზე დამოწმებული თარგმანი.
3. ამგვარი გადაცემა დასტურდება, მიღების თაობაზე ადრესატის ხელწერილით გადაცემის თარიღის მითითებით ან დოკუმენტით, რომელშიც მითითებულია გადაცემის მეთოდი და თარიღი.
მუხლი 11🔗
გამონაკლისები
1. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ორგანოს აზრით, წარმოდგენილ მოთხოვნას დახმარების თაობაზე შეუძლია ზიანი მიაყენოს მისი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა მნიშვნელოვან ინტერესს ან შეუძლია გამოიწვიოს საწარმოო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნება, ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს საბაჟო ორგანოს შეუძლია უარი თქვას ან ნაწილობრივ გაუწიოს დახმარება, ან დაეხმაროს გარკვეული პირობებით ან მოთხოვნებით.
2. მოთხოვნის მიმღებ საბაჟო ორგანოს შეუძლია გადადოს დახმარების გაწევა იმის საფუძველზე, რომ მან შეიძლება ხელი შეუშალოს მიმდინარე გამოძიებას, სასამართლო დევნას ან განხილვას. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანო კონსულტაციებს გამართავს მოთხოვნის წარმდგენ საბაჟო ორგანოსთან, რათა განისაზღვროს შესაძლოა თუ არა აღნიშნული დახმარების გაწევა მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანოს მიერ წამოყენებული მოთხოვნებისა და პირობების გათვალისწინებით.
3. თუ საბაჟო ორგანო მიმართავს დახმარების გაწევის თაობაზე, რომელსაც თავად ვერ გაუწევდა ანალოგიური მოთხოვნის შემთხვევაში, ის აღნიშნავს ამ ფაქტს მოთხოვნაში. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანო იტოვებს უფლებას გადაწყვიტოს, თუ როგორ უპასუხოს ასეთ მოთხოვნას.
4. დახმარებაზე უარის თქმის ან მისი გადავადების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შესაბამისი მიზეზების შეტყობინება მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოსთვის.
მუხლი 12🔗
ხარჯები
1. საბაჟო ორგანოები უარს ამბობენ ხარჯების ანაზღაურების ყველა მოთხოვნისაგან, რომელიც გაიღეს ამ შეთანხმების შესრულებისას, გარდა ექსპერტებისა და მოწმეების მომსახურების ხარჯებისა, ასევე თარჯიმანთა და მთარგმნელთა მომსახურების საფასურისა, რომლებიც არ ირიცხებიან სახელმწიფო მოხელეთა შტატში, ამ ხარჯებს გაიღებს მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანო.
2. თუ მოთხოვნის შესრულება საჭიროებს მნიშვნელოვანი მოცულობის ან განსაკუთრებული ხასიათის ხარჯებს, ხელშემკვრელი მხარეები ჩაატარებენ კონსულტაციას იმ პირობების ჩამოყალიბების მიზნით, რომელთა საფუძველზე მოხდება მოთხოვნის შესრულება და ხარჯების გაწევა.
მუხლი 13🔗
კონფიდენციალურობა და ინფორმაციის გამოყენება
1. ამ შეთანხმების საფუძველზე ნებისმიერი ფორმით მიღებული ინფორმაცია მიიჩნევა კონფიდენციალურად და ენიჭება კონფიდენციალურობისა და დაცვის იგივე ხარისხი, როგორიც ენიჭება ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ მსგავს ინფორმაციას.
2. ურთიერთდახმარების შედეგად მიღებული ინფორმაცია, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ შეთანხმების მიზნებისათვის, მათ შორის, შესაბამის დარღვევებთან მიმართებით სასამართლო ან ადმინისტრაციული განხილვისას.
3. მოთხოვნის წარმდგენმა საბაჟო ორგანომ, მოთხოვნის მიმღებ საბაჟო ორგანოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, არ უნდა გამოიყენოს მტკიცებულებები ან ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია მოთხოვნაში მითითებული მიზნებისგან განსხვავებული მიზნებისთვის.
4. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული დებულებები არ გამოიყენება იმ დარღვევების შესახებ ინფორმაციასთან მიმართებით, რომელიც ეხება ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ასეთი ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა კომპეტენტურ უწყებებს, რომლებიც დაკავებულნი არიან ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლით.
მუხლი 14🔗
კონტროლირებადი მიწოდება
1. საბაჟო ორგანოები, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიზნით, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მიიღებენ აუცილებელ ზომებს კონტროლირებადი მიწოდების სათანადოდ გამოყენებისათვის.
2. გადაწყვეტილება კონტროლირებადი მიწოდების ჩატარების თაობაზე მიიღება თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში. კონტროლირებადი მიწოდება ხორციელდება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად და იმ შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც შესაძლებელია მიღწეულ იქნეს კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით.
3. საქონლის უკანონო პარტიები, რომელთა კონტროლირებადი მიწოდებაც ხორციელდება მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების თანხმობით შესაძლებელია იქნენ დაკავებული და შემდგომი გადაზიდვისთვის დატოვებული საქონლის მთლიანი ან ნაწილობრივ ჩანაცვლებით ან შენარჩუნებით ან ამოღებით.
მუხლი 15🔗
შეთანხმების შესრულება
1. ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ განახორციელონ უშუალო კონტაქტები ამ შეთანხმების ფარგლებში არსებული საკითხების ან სხვა ნებისმიერი საერთო ინტერესის მქონე საბაჟო საკითხების მოგვარების მიზნით.
2. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ გასცენ მაკოორდინირებელი ადმინისტრაციული განკარგულებები შეთანხმების შესრულების მიზნით.
3. საბაჟო ორგანოები ურთიერთშეთანხმებით მიიღებენ ზომებს შეთანხმების გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემური საკითხების ან უთანხმოების გადაწყვეტისას. ეს არ გამორიცხავს ასეთი საკითხების დიპლომატიური არხებით გადაწყვეტას.
მუხლი 16🔗
ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკეული ოქმების სახით. ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის დებულებების შესაბამისად.
მუხლი 17🔗
ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა
1. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით შეატყობინებენ ერთმანეთს ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. ეს შეთანხმება ძალაში შედის ბოლო ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან 60 დღის გასვლის შემდეგ.
2. ეს შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით და თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.
რის დასტურად, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს თავიანთი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2015 წლის 23 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
საქართველოს მთავრობის ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის
სახელით სახელით
(ხელმოწერილია)
(ხელმოწერილია)