,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს №07 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№04
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.133.016181
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 
                     

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №04

2016 წლის 22 მარტი

ქ. ბათუმი

 

 

,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს №07 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” საქართველოს კანონის 63-ე  მუხლის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის, პირველი პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტის  და  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 59-ე მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულომ  :

 


1. ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  რეგლამენტის  დამტკიცების  შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს №07 დადგენილებით (www. matsne.gov.ge, 18.08.2014 წელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.133.016102) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები  და  დამატებები: 

XIV  თავის   შემდეგ   დაემატოს    XIVთავი   შემდეგი  სტრუქტურითა  და  შინაარსით:

,,თავი  XIV1

საკრებულოს  მიერ   კონტროლის  განხორციელება

 მუხლი  531საკრებულოს  მიერ  კონტროლის  განხორციელების  ფორმები   

1. საკრებულო, გამგებლისა  და გამგეობის თანამდებობის  პირების  საქმიანობაზე, გამგეობის  სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი ქვედანაყოფების  საქმიანობაზე, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და ადმინისტრაციულ  ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების საქმიანობაზე, საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე, მუნიციპალიტეტის ქონების მართვაზე და ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობაზე  კონტროლს ახორციელებს   საქართველოს   კანონმდებლობითა   და   ამ რეგლამენტით   დადგენილი   წესით.

2. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების  ფორმებია:

ა) შეკითხვის დასმა და ინფორმაციის გამოთხოვა;

ბ) ინტერპელაცია;

გ) ანგარიშის  მოსმენა;

დ) დამოუკიდებელი  აუდიტი.

მუხლი 532წერილობითი   და   ზეპირი   შეკითხვების  დასმისა  და  ინფორმაციის  გამოთხოვის  წესი

1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს,  წერილობითი  და   ზეპირი შეკითხვით  ან  საჭირო  ინფორმაციის გამოთხოვით, მიმართოს საკრებულოსადმი  ანგარიშვალდებულ  ნებისმიერ ორგანოს ან თანამდებობის პირს, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის  წარმომადგენელს.

2. წერილობითი და ზეპირი შეკითხვის ან ინფორმაციის  გამოთხოვის  წესით, შესაბამისი  პირისგან მოითხოვება ინფორმაცია მხოლოდ კონკრეტულად განსაზღვრული  საკითხის  შესახებ.

3. ზეპირი შეკითხვის  დასმა დაიშვება  მხოლოდ საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის დროს. შესაბამისად, პასუხიც გაიცემა საკრებულოს  იმავე  სხდომაზე. გამონაკლის  შემთხვევაში, თუ მისაწოდებელი ინფორმაციის გახმაურება აკრძალულია ან  შეზღუდულია კანონით,  მოპასუხე პირს უფლება აქვს მოითხოვოს დახურული სხდომის ჩატარება.

4. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე მოპასუხისგან  მიიღოს  პასუხი,  შეაფასოს იგი და დააყენოს წინადადება მოცემული საკითხის   საკრებულოს   სხდომის   დღის   წესრიგში  შესატანად.

5. საკრებულოს წევრის შეკითხვაზე ან  ინფორმაციის  გამოთხოვის  მოთხოვნაზე  პასუხი  უნდა  გაეცეს  ერთი  კვირის  ვადაში. ეს  ვადა, შეიძლება  გაგრძელდეს  არაუმეტეს 10  დღით.  საკრებულოს  წევრთან  შეთანხმებით,  ზეპირი შეკითხვის  წესით დაყენებულ  საკითხზე შეიძლება სამი დღის ვადაში მოპასუხის  მიერ  გაეცეს   წერილობითი პასუხი, საკითხის  შემდგომი  განხილვის  გარეშე.

6. წერილობითი შეკითხვა  ან  ინფორმაციის  გამოთხოვის  შესახებ  მოთხოვნა, რომელსაც შეიძლება  ახლდეს   შესაბამისი  დასაბუთება,  იწერება  საკრებულოს  თავმჯდომარის  სახელზე  და ბარდება  საკრებულოს აპარატს. საკრებულოს  თავმჯდომარის  ვიზირების  შემდეგ,  საკრებულოს აპარატის  მიერ,  წერილი  გადაეგზავნება  შესაბამის ადრესატს  და   ადრესატისგან  მიღებული   წერილობითი  პასუხი ან  მოთხოვნილი  ინფორმაცია  გადაეცემა შეკითხვის  დამსმელს  ან  ინფორმაციის  მომთხოვნს.

მუხლი 533. ინტერპელაცია

1. ინტერპელაცია, საკრებულოს  წევრის  შეკითხვისგან  განსხვავებით,  არის საკრებულოს წევრთა  გარკვეული  ჯგუფის  მიერ,  საკრებულოში  საკითხის  დაყენება,  საკრებულოს თავმჯდომარის,  აღმასრულებელი  ორგანოს – გამგებლის,  გამგეობის  თანამდებობის  პირის  ან   მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული  ორგანიზაციის თანამდებობის  პირის  წინაშე  მოთხოვნის  სახით.

2. ინტერპელაციის  მიზანია,   მოპასუხე  თანამდებობის  პირისგან  დეტალური  ინფორმაციის  მიღება,  მის  მიერ  შესაბამის სფეროში  განხორციელებული,  მიმდინარე  ან  განსახორციელებელი   საქმიანობის  ზოგადი   ან/და  კონკრეტული   საკითხების   შესახებ.

3.  ინტერპელაციის  სახით  საკრებულოში   საკითხის  ინიციირების  უფლება  აქვს:

ა)  საკრებულოს;

ბ)  საკრებულოს  კომისიას;

გ)  საკრებულოს  ფრაქციას;

დ)  საკრებულოს  წევრთა  ჯგუფს (არანაკლებ  5  წევრის  შემადგენლობით).

4. საკრებულოს  ინიციატივით, მოპასუხე  თანამდებობის  პირის  წინაშე,   ინტერპელაციის  სახით   საკითხის  –   მოთხოვნის  დასაყენებლად,  საკრებულო  იღებს  შესაბამის  განკარგულებას.

5.  ხოლო  საკრებულოს  კომისიის,  ფრაქციის  ან  საკრებულოს  წევრთა  არანაკლებ  5-კაციანი ჯგუფის ინიციატივით,  მოპასუხე  თანამდებობის პირის წინაშე, ინტერპელაციის  სახით  საკითხის  დასაყენებლად, ინტერპელაციის  ინიციატორებმა წერილობითი  ფორმით  უნდა  მიმართონ  საკრებულოს  თავმჯდომარეს.

6.  საკრებულოს  თავმჯდომარისადმი  მიმართვაში  უნდა  აისახოს: 

ა) ინტერპელაციის  ინიციატორი კომისიის,   ფრაქციის  თამჯდომარის  სახელი, გვარი  და საკონტაქტო  ინფორმაცია;

ბ)  ან ინტერპელაციის ინიციატორი საკრებულოს  წევრთა ჯგუფის სია და საკონტაქტო  ინფორმაცია;

გ) ინტერპელაციის სახით  მოპასუხე თანამდებობის პირის წინაშე საკითხის დასმის  მოთხოვნა;

დ) ინტერპელაციის ავტორისა  და  საკრებულოს  სხდომაზე დანიშნული  მომხსენებლის  სახელი,  გვარი და საკონტაქტო  ინფორმაცია;

ე) საკრებულოში ინტერპელაციის განხილვის სავარაუდო ვადა;

ვ) საკრებულოს აპარატში მიმართვის ჩაბარების თარიღი.

7. ინტერპელაციის  ტექსტში ზუსტად  და  მოკლედ უნდა იყოს ჩამოყალიბებული  დაინტერესებული  მხარის  მოთხოვნა. მას შეიძლება  ახლდეს   მოპასუხე თანამდებობის  პირის  მიერ  ამ  მოთხოვნის  შესრულების  აუცილებლობის დასაბუთება. 

8.  ინტერპელაციის  ინიციატორთა  მიმართვა,  მასზე  თანდართულ ინტერპელაციასთან  ერთად, საკრებულოს აპარატში ბარდება უფლებამოსილ ინიციატორთა მიერ დანიშნული  წარმომადგენლის  (ან   მომხსენებლის) მიერ.

9. ინტერპელაცია, როგორც   უფლებამოსილი  სუბიექტების  მიერ საკითხის ინიციირება,   აუცილებლად  უნდა  შევიდეს  საკრებულოს  სხდომის  დღის  წესრიგში, საკრებულოს აპარატში  მისი    რეგისტრაციიდან  არაუგვიანეს   ორი  თვის  ვადაში.

10. საკრებულოს თავმჯდომარე  ვალდებულია, საკრებულოს ბიუროს  უახლოეს სხდომაზე გაიტანოს ინტერპელაციის  სახით  დასმული საკითხი. საკრებულოს ბიურო, ინტერპელაციის ინიციატორთა უფლებამოსილ წარმომადგენელთან და მიმართვის  სუბიექტთან  შეთანხმებით,  ადგენს   დასმული  საკითხის  საკრებულოს  სხდომის  დღის  წესრიგში შეტანის  ვადას.

11. ინტერპელაცია, როგორც საკრებულოს დღის  წესრიგის    დამოუკიდებელი  საკითხი,   განიხილება   მხოლოდ  საკრებულოს  სხდომაზე, დღის  წესრიგის  საკითხის  განხილვის   საკრებულოს  მიერ  დადგენილი    ჩვეულებრივი  წესით.

12. ინტერპელაციის სახით საკრებულოს სხდომაზე წარდგენილ საკითხზე, ინტერპელაციის  ინიციატორთა   მიერ  დანიშნულ მომხსენებელს,   მოხსენებისთვის  მიეცემა  არანაკლებ 10  წუთისა. ინერპელაციის  მოპასუხე თანამდებობის  პირის პასუხის  შემდეგ შეიძლება გაიმართოს დებატები. მომხსენებელს დასკვნითი სიტყვისთვის  მიეცემა  5 წუთი  მაინც.

13. ინტერპელაციის სახით დაყენებულ საკითხზე, საკრებულოს სხდომა იღებს  გარკვეული ხასიათის გადაწყვეტილებას, საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ  არანაკლებ საკრებულოს  სიითი შემადგენლობის  1/3-ისა.

მუხლი 534ანგარიშის  მოსმენა

1. საკრებულოს  წინაშე  ანგარიშვალდებული  თანამდებობის  პირი,  სამსახური  თუ  ორგანო  ვალდებულია, წელიწადში ერთხელ  მაინც,  ანგარიშით  წარსდგეს  საკრებულოს  წინაშე.

2. საკრებულოს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მოსთხოვოს მის წინაშე  ანგარიშვალდებულ  პირს, სამსახურსა თუ ორგანოს რიგგარეშე (არაგეგმიური) ანგარიშის  ჩაბარება.

3. ანგარიშის  მოსმენისას  მომხსენებელმა,  მის  მიერ  გაწეული მუშაობის შედეგების  შესახებ სტატისტიკურ  ინფორმაციასთან  ერთად,  უნდა   წარმოადგინოს  ინფორმაცია  შეუსრულებელი  ან  არასათანადოდ  შესრულებული  ვალდებულებების  შესახებ,  მათი  გამომწვევი მიზეზების შესახებ და მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში, გასათვალისწინებელი  ღონისძიებების  შესახებ.

4. ანგარიშის  მოსმენა  არის  საკრებულოს  სხდომის  დღის  წესრიგის  დამოუკიდებელი  საკითხი, რომელიც  საკრებულოში  წარედგინება, განიხილება,  ფასდება  და  შესაბამისი  გადაწყვეტილება  მიიღება,   დღის  წესრიგის  საკითხის  განხილვის  ჩვეულებრივი  წესით.  მასზე  ვრცელდება  საჯაროობის  ყველა  ის  მოთხოვნა,  რაც  საკრებულოს   რეგლამენტით  არის  დადგენილი  დღის  წესრიგის   საკითხებისთვის.

მუხლი 535. საკრებულოს  მიერ  მიღებულ  გადაწყვეტილებათა  შესრულებაზე კონტროლის  განხორციელების  წესი

1. საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე სისტემატურ  მონიტორინგს ანხორციელებს საკრებულოს ბიურო და საკრებულოს  კომისიები  შესაბამისი  სფეროების  მიხედვით. 

2. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომის  დღის  წესრიგში შეიტანოს საკრებულოს მიერ მიღებული იმ სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა აღსრულების მდგომარეობაზეც ბიურომ (საკრებულომ) უნდა მოისმინოს ინფორმაცია.

3. საკრებულოს კომისია ვალდებულია, გამგეობის შესაბამის სამსახურებს და  პასუხისმგებელ პირებს მოსთხოვოს ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება  საკრებულოს  გადაწყვეტილებათა  შესრულების  მიმდინარეობის  შესახებ.

4.  საკრებულოს  კომისია  ამ  საკითხებს  განიხილავს  თავის  სხდომაზე  და  საჭიროების  შემთხვევაში, საკრებულოს  ბიუროში  შეაქვს  საკითხი,  საკრებულოს  კონკრეტული  გადაწყვეტილების  შესრულების  მიმდინარეობის  შესახებ   ინფორმაციის  მოსმენასთან  დაკავშირებით.  

5. საკრებულოს კომისიისა და გამგეობის შესაბამისი სამსახურის მოხსენება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულების  მიმდინარეობისა  და  ეფექტურობის  შესახებ,  მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზებისა და მათ  აღმოსაფხვრელად  სამართლებრივ  აქტში  საჭირო  შესწორებების  შეტანის,  გაუქმების  ან/და  ახალი  სამართლებრივი  აქტის  გამოცემის    შესახებ.

6. ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, საკრებულოს ბიურო  ან/და   საკრებულოს  სხდომა უფლებამოსილია დააყენოს სამართლებრივი  აქტის  შესრულებაზე  პასუხისმგებელი  პირის  პასუხისმგებლობის   საკითხი ან/და   მიმართოს საკრებულოს  თავმჯდომარეს  ან გამგებელს  სათანადო   ზომების   გატარების  მოთხოვნით.

მუხლი 536კონტროლი  მუნიციპალიტეტის   გამგეობის  საქმიანობაზე 

1.  მუნიციპალიტეტის  გამგეობის   სამსახურების უფროსები ანგარიშვალდებულნი  არიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე. საანგარიშგებო პერიოდი განისაზღვრება  ერთი  კალენდარული  წლით. წლიური ანგარიშები  საკრებულოს  წარედგინება  საანგარიშგებო  წლის  დასრულებიდან  2  თვის  ვადაში,  ხოლო  რიგგარეშე  ანგარიშები საკრებულოს  წარედგინება  საკრებულოს  ბიუროს  მოთხოვნიდან  2  კვირის  ვადაში.

2. საკრებულოს კომისიები თავიანთი  უფლებამოსილების  სფეროების  მიხედვით,  სისტემატურად  უწევენ  მონიტორინგს მუნიციპალიტეტის  გამგეობის  სამსახურების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  და ადმინისტრაციულ  ერთეულებში  გამგებლის  წარმომადგენლების  საქმიანობას.  შეიმუშავებენ სათანადო  დასკვნებს   (შენიშვნებს, რეკომენდაციებს, წინადადებებს)  და  საჭიროების  შემთხვევაში  წარუდგენენ  საკრებულოს  ბიუროს  ან/და   საკრებულოს   სხდომას   განსახილველად.

3. მუნიციპალიტეტის გამგეობის  სამსახურების უფროსები,  ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციულ  ერთეულებში გამგებლის  წარმომადგენლები  ვალდებული  არიან  კომისიის  მოთხოვნის  საფუძველზე   წარადგინონ  საჭირო  ინფორმაციები,  დაესწრონ  კომისიის  სხდომას  და  უპასუხონ  დასმულ  შეკითხვებს.

4. საკრებულოს ბიურო,  მის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, პერიოდულად  ისმენს და აფასებს გამგეობის  თანამდებობის პირების მიერ გაწეული მუშაობის  ანგარიშებს  და  უფლებამოსილია  დასვას  მათი  პასუხისმგებლობის  საკითხი.

5. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული  თანამდებობის  პირების  წლიური  ანგარიშების  დამტკიცების  შესახებ  შესაბამისი  გადაწყვეტილებება   მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ  არანაკლებ საკრებულოს  სიითი შემადგენლობის  1/3-ისა.

მუხლი 537. კონტროლი მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი  ორგანოს     გამგებლის  საქმიანობაზე

1. მუნიციპალიტეტის გამგებელი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა    და  მოსახლეობის   წინაშე.

2. მუნიციპალიტეტის გამგებელი ან  მისგან უფლებამოსილი პირი ვალდებულია, საკრებულოს  ბიუროს  და  ბიუროს  გადაწყვეტილებით,  საკრებულოს   წარუდგინოს  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ  ყოველკვარტალური ანგარიში   და  ბიუჯეტის  შესრულების  წლიური  ანგარიში.

3. მუნიციპალიტეტის  გამგებელი ვალდებულია  ასევე, წელიწადში  ერთხელ  მაინც, საკრებულოს  წარუდგენოს   ანგარიში გაწეული  მუშაობის  შესახებ, ხოლო საკრებულოს წევრთა  არანაკლებ ერთი მეოთხედის წერილობითი  მოთხოვნის საფუძველზე, საკრებულოს  წარუდგინოს  რიგგარეშე  ანგარიში. 

4.   მუნიციპალიტეტის  გამგებლის  მიერ  საკრებულოში  წარდგენილი,  წლიური   ან/და  რიგგარეშე  ანგარიშები  განიხილება  და  ფასდება  საკრებულოს  მიერ, საკრებულოს  რეგლამენტით  დადგენილი  წესით.

5. მუნიციპალიტეტის  გამგებელი  ვალდებულია,  წელიწადში  ერთხელ  მაინც,  არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს  შესაბამისი   დადგენილებით განსაზღვრული წესით  მოაწყოს საჯარო  შეხვედრები  მუნიციპალიტეტის  ამომრჩევლებთან  და  წარუდგინოს   ანგარიში  გაწეული  მუშაობის  შესახებ,  ანგარიშის  განხილვისას უპასუხოს  მუნიციპალიტეტის  ამომრჩეველთა  მიერ  დასმულ  შეკითხვებს.

მუხლი 538. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გამგებლის მიერ  გაწეული მუშაობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადების, საკრებულოში  წარდგენის,  განხილვისა   და   შეფასების   წესი

1.  გამგებლის,  როგორც  აღმასრულებელი  ორგანოს,  ანგარიში  უნდა  მოიცავდეს,  არა  მხოლოდ  მის  მიერ  პერსონალურად  გაწეული  მუშაობის  ანგარიშს,   არამედ  მთლიანად  აღმასრულებელი   ორგანოს  დაქვემდებარებაში   არსებული  დაწესებულების –   გამგეობის  მიერ  გაწეული  მუშაობის  ანგარიშსაც.

2. მუნიციპალიტეტის გამგებლის, როგორც მუნიციპალიტეტის უმაღლესი  თანამდებობის  პირის  და  გამგეობის  ხელმძღვანელის  მიერ გაწეული  მუშაობის შესახებ  ანგარიში  მზადდება: 

ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, გამგეობის  თანამდებობის  პირების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების  ხელმძღვანელებისა  და ადმინისტაციულ  ერთეულებში  გამგებლის  წარმომადგენლების  მიერ, შესაბამისი დებულებებითა და წესდებებით განსაზღვრული ფუნქციების,  გამგებლისა და საკრებულოს დავალებების შესრულების შესახებ ანგარიშების   საფუძველზე;

ბ) დამტკიცებული  პრიორიტეტების  დოკუმენტის  შესაბამისად, დაგეგმილი  საბიუჯეტო  პრიორიტეტეტული ღონისძიებებისა და მუნიციპალური პროგრამების ფაქტიური  შესრულების   შესახებ  ინფორმაციის  საფუძველზე.

გ) გამგებლის წინასაარჩევნო პროგრამის შესრულების შესახებ ინფორმაციის  საფუძველზე.

3. გამგებლის მიერ, გაწეული მუშაობის შესახებ წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს  არანაკლებ  შემდეგ  ინფორმაციას:

I. ზოგადი  ნაწილი

1. ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის  ზოგადი   დახასიათება .

2. საანგარიშგებო წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული მოუგვარებელი ძირითადი სოციალური, ინფრასტრუქტურული  და ეკონომიკური  პრობლემების  ზოგადი  მიმოხილვა.

3. გამგებლის  წინასაარჩევნო  პროგრამის  ძირითადი  მიმართულებები.

II.  გამგებლის   პერსონალური   ანგარიში

1) ინფორმაცია დაგეგმილი საბიუჯეტო პრიორიტეტული ღონისძიებებისა და მუნიციპალურის  პროგრამების ფაქტობრივი შესრულების,   არასათანადოდ  შესრულების  ან შეუსრულებლობის    შესახებ.

2) ინფორმაცია, გამგებლის წინასაარჩევნო დაპირებების ფაქტობრივი შესრულების,  არასათანადოდ  შესრულების  ან    შეუსრულებლობის    შესახებ; 

3) ინფორმაცია, კანონით და მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით  განსაზღვრული,  გამგებლის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების  შესახებ:

ა) გამგეობის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში;

ბ) საკრებულოსთან  ურთიერთობის სფეროში;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში;

დ)  ქონების  მართვასა და განკარგვის სფეროში;

ე) აღმასრულებელი  საქმიანობის სფეროში;

ვ) ამომრჩევლებთან ურთიერთობის სფეროში.

III. გამგებლის მიერ გამგეობის მუშაობის ანალიზი და შეფასება:     

1. საანგარიშგებო პერიოდში დაგეგმილი პრიორიტეტების  არასათანადოდ  შესრულების  ან შეუსრულებლობის   მიზეზები;

2. გამგეობის მუშაობაში სახელმწიფო  აუდიტის, შიდა  აუდიტის   ან/და  დამოუკიდებელი აუდიტის  მიერ,   გამოვლენილი  ხარვეზები  და  მათი  გამომწვევი  მიზეზები.  

3. გამგებლის მოადგილეების მიერ თავიანთი  ფუნქციებისა  და  გამგებლის  დავალებების  შესრულების ანგარიშების შეფასება;

4. გამგეობის  სტრუქტურული  ერთეულებისა  და შესაბამისი ქვედანაყოფების  ხელმძღვანელების მიერ  გამგეობის  დებულებით  დადგენილი თავიანთი  ფუნქციებისა  და  გამგებლის  დავალებების  შესრულების      ანგარიშების     შეფასება;

5.  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული   იურიდიული  პირების  ხელმძღვანელების  მიერ წესდებით  დადგენილი თავიანთი  ფუნქციებისა  და  გამგებლის  დავალებების  შესრულების  ანგარიშების     შეფასება;

6.   ადმინისტაციულ  ერთეულებში  გამგებლის  წარმომადგენლების    მიერ  გამგეობის  დებულებით  დადგენილი  თავიანთი  ფუნქციებისა  და  გამგებლის  დავალებების  შესრულების     ანგარიშების      შეფასება.

 IV. დასკვნითი ნაწილი

1. გამგეობის მუშაობაში გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად მომდევნო  საანგარიშგებო  პერიოდში გასატარებელი  კონკრეტული აქტივობები;

2. გამგებლის წინასაარჩევნო დაპირებების თანმიმდევრულად შესასრულებლად მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში გასათვალისწინებელი ძირითადი პრიორიტეტები და  მიზნობრივი მუნიციპალური  პროგრამები. 

3. გამგებლის  მიერ  გაწეული მუშაობის შესახებ  წლიური  ანგარიში  საკრებულოში  შეიტანება   საანგარიშგებო   წლის   არაუგვიანეს  1  ნოემბრისა.

4. გამგებლის  წლიური  ანგარიში საკრებულოს  აპარატის მიერ რეგისტრაციაში  ტარდება დაუყოვნებლივ და პროაქტიულად  ქვეყნდება (საკრებულოს  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსებით)  მისი   რეგისტრაციიდან   10   დღის  ვადაში.

5. გამგებლის  წლიურ  ანგარიშთან   ერთად  საკრებულოს  აპარატი  აქვეყნებს  ცნობას, რომელშიც მითითებულია  საკრებულოს კომისიებში მისი განხილვის ვადები,  კომისიების სხდომების გრაფიკი, საკრებულოს სხდომაზე ანგარიშის  გატანის  დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს დაინტერესებულ პირთა  მოსაზრებები წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით და ამ მოსაზრებების წარდგენის ვადა.

6. გამგებლის წლიური ანგარიშის  გამოქვეყნებიდან   10   დღის   პერიოდში, საკრებულოს  მიერ ეწყობა მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და საზოგადოებრივ   ორგანიზაციებთან ერთად  მისი   წინასწარი  განხილვა,    რათა   დაინტერესებულ  პირებს  მიეცეთ  წლიური  ანგარიშის   გაცნობის, შეკითხვების  დასმისა  და საკუთარი მოსაზრებების  დაფიქსირების  საშუალება.

7. საკრებულოს  აპარატში  რეგისტრაციიდან  არაუგვიანეს  20  დღისა, საკრებულოს  კომისიების  შესაბამის სხდომებზე  წინასწარ  განიხილება  გამგებლის  წლიური ანგარიში  და აუდიტორული  შემოწმების  შედეგები,  დაინტერესებულ  პირთა  მოსაზრებები (შენიშვნები, რეკომედაციები,  წინადადებები) და   საკრებულოს   აპარატს წარედგინება კომისიების    შესაბამისი  დასკვნები. 

8. გამგებლის  წლიური  ანგარიშის  განხილვის  მიზნით საკრებულოს  სხდომა  მოიწვევა  საკრებულოს  აპარატში  მისი    რეგისტრაციიდან  არაუგვიანეს  30  დღისა. 

9. გამგებლის  წლიური ანგარიშს საკრებულოს   სხდომაზე   წარადგენს  და  ძირითად მომხსენებლად გამოდის   გამგებელი, ხოლო ანგარიშთან დაკავშირებით  გამოთქმულ  შენიშვნებზე ახსნა-განმარტებისთვის, მეორე  მომხსენებლად შეიძლება   გამოვიდეს გამგებლის   მიერ   დანიშნული  უფლებამოსილი  პირი.

10. საკრებულო თანამოხსენების ფორმით ისმენს  შიდა  აუდიტის  სამსახურის  ან/და  დამოუკიდებელი აუდიტორის  დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებას საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით (საზოგადოებრივი  აზრის  შესწავლის   ჩატარების შემთხვევაში).

11. მომხსენებელთა  და თანამომხსენებელთა მოსმენის შემდეგ იწყება გამგებლის  წლიური  ანგარიშის  განხილვა (დებატები)  ამ  რეგლამენტით    დადგენილი  წესით.

12. დებატების  დასრულების  შემდეგ, საკრებულოს სხდომაში მონაწილე პირებს, მოქალაქეებს/ამომრჩევლებს ეძლევათ საშუალება: გამგებელს დაუსვან შეკითხვები, გამოთქვან  შენიშვნები, რეკომენდაციები, წინადადებები და შეაფასონ მისი   ანგარიში.

13.  გამგებლის,  როგორც  პირდაპირი  წესით  არჩეული  პოლიტიკური  თანამდებობის  პირის, მუშაობის წლიური ანგარიშის შეფასებისას საკრებულო ხელმძღვანელობს შემდეგი  ძირითადი  კრიტერიუმებით:

ა)   გამგებლის  მიერ  წინასაარჩევნო  დაპირებების  შესრულება;

ბ)  ადგილობრივი  მოსახლეობის  ცხოვრების  სასიკეთო  გარემო  პირობების  შექმნა  ან გაუმჯობესება (მუნიციპალიტეტის ტერიტორიის  კეთილმოწყობა, შესაბამისი  საინჟინრო  ინფრასტრუქტურის განვითარება, წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების  უზრუნველყოფა, სასოფლო გზების მოწესრიგება, შშმ პირებისთვის სათანადო  ინფრასტრუქტურის განვითარება, სასწავლო-აღმზრდელობითი, სოციალური, კულტურული  და  სპორტული ობიექტების  ფუნქციონირების  უზრუნველყოფა, ახალი  ობიექტების  მშენებლობა, ისტორიული  მატერიალურ-კულტურული  ძეგლების  მოვლა-შენახვა და რესტავრაცია, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, მუნიციპალური მომსახურების  გამრავალფეროვნება  და  სხვა);

გ)  ადგილობრივი  მოსახლეობის   პერსონალური  შესაძლებლობების  განვითარების  ხელშეწყობა (ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ადგილობრივი  თვითმყოფადობის  დაცვა, მასობრივი  კულტურისა  და  სპორტის  ხელშეწყობა,  გენდერული თანასწორობის  დაცვა, დასაქმებისა და ეკონომიკური აქტივობის  ამაღლების  ხელშეწყობა  და  სხვა). 

დ)  გამგებლის  მიერ  გადაწყვეტილებათა  მომზადების,  განხილვის, მიღებისა  და  შესრულების   პროცესში,  შემდეგი  ძირითადი  პრინციპების  დაცვა,  კერძოდ:

დ.ა)  კანონიერების  პრინციპი;

დ.ბ)  საჯაროობის  პრინციპი;

დ.გ) მიუკერძოებლობის  პრინციპი;

დ.ე)  საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის პრინციპი;

დ.ვ) საკრებულოს  წევრების, საკრებულოს კომისიებისა და  ფრაქციების ჩართულობის  პრინციპი;

დ.ზ)  ადგილობრივი  მოსახლეობის (ამომრჩევლების) ჩართულობის  პრინციპი;

დ.თ) საკრებულოს  წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპი;

დ.ი) ადგილობრივი მოსახლეობის (ამომრჩევლების) წინაშე ანგარიშვალდებულების  პრინციპი.

14.  საკრებულოს სხდომა, გამგებლის წლიური ანგარიშის განხილვისა და შეფასების  შემდეგ, საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს  სიითი შემადგენლობის  1/3-ით,  იღებს  შესაბამის  განკარგულებას“.

2. ეს დადგენილება   ამოქმედდეს   კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  მისი   გამოქვეყნებისთანავე. 

            


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ ბერიძე