შპს”მარშეს” მიმართ რეაბილიტაციის პროცესის დაწყებისა და კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/13642-13
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოვალის მიმართ რეაბილიტაციის პროცესის დაწყებისა და კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
2016 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ სისვაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „მარშეს” (ს/კ 245587011) მიმართ რეაბილიტაციის პროცესის დაწყებისა და კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
შპს „მარშეს” მიმართ წარმოებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში შეიქმნა მომრიგებელი საბჭო შემდეგი შემადგენლობით: პაატა კუნჭულია, ირაკლი გაფრინდაშვილი და გიორგი გოგიტიძე. 2016 წლის 23 მარტს სასამართლოს წარედგინა ამ შემადგენლობის მომრიგებელი საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება მოვალე შპს „მარშეს” რეაბილიტაციის თაობაზე.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოვალის გაკოტრების შესახებ, რეაბილიტაციის შესახებ ან მოვალის მიმართ წარმოებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
აღნიშნული კანონის 43-ე მუხლის თანახმად, მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად , სასამართლოს გამოაქვს განჩინება რეაბილიტაციის შესახებ, რომელიც ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით. მოვალის მიმართ წარმოებული რებილიტაციის პროცესის პირველი ეტაპია რეაბილიტაციის გეგმის მომზადება. ამ გეგმის მომზადების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად სასამართლოს მიერ რებილიტაციის შესახებ გამოტანილი განჩინების გამოქვეყნებიდან 60 დღეს. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ კრედიტორები.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმის მომზადებაზე პასუხისმგებელ პირს ან პირებს განსაზღვრავენ კრედიტორები. რეაბილიტაციის გეგმის მომზადება კრედიტორთა გადაწყვეტილებით შეიძლება დაევალოს მოვალეს, კრედიტორს ან რეაბილიტაციის მმართველს ანდა რამდენიმე მათგანს ერთდროულად.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, რეაბილიტაციის პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია რებილიტაციის მმართველი, რომელსაც ასევე ნიშნავენ კრედიტორები. რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნისას კრედიტორებმა უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი კრიტერიუმებით: რეაბილიტაციის მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. რეაბილიტაციის მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. რეაბილიტაციის მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე. ამასთან საგულისხმოა, რომ რეაბილიტაციის პროცესში რეაბილიტაციის მმართველისა და საწარმოს დირექტორის უფლებამოსილებათა წრეს განსაზღვრავს კრედიტორთა კრება. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე რეაბილიტაციის მმართველსა და კრედიტორებს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითება რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილების ფარგლები, მისი ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის საკითხები. პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია საბანკო გარანტიის ან/და პასუხისმგებლობის დაზღვევის გამოყენება.
ამდენად, შპს „მარშეს” მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებისა და აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესთა გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს შპს „მარშეს” მიმართ რეაბილიტაციის პროცესის დაწყების შესახებ განჩინების გამოტანის საფუძველი, ამასთან, მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება ისეთ საკითხებზე სამსჯელოდ, როგორიცაა რეაბილიტაციის მმართველის არჩევა, რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) განსაზღვრა და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის დადგენა.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 26-ე, 27-ე, 33-ე, 43-ე, 44-ე, 46-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოვალე შპს „მარშეს” (ს/კ 245587011) მიმართ დაიწყოს რეაბილიტაციის პროცესი.
2. მოწვეულ იქნეს მოვალე შპს „მარშეს” (ს/კ 245587011) კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ა) რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა; ბ) რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) განსაზღვრა; გ) რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის დადგენა.
3. კრედიტორთა კრების თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 8 აპრილი, 15 საათი (თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა, დარბაზი №23 მდებარე მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ).
4. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე არაუგვიანეს 2016 წლის 1 აპრილისა. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. მანვე უზრუნველყოს მოვალისა და კრედიტორებისათვის კრედიტორთა კრების დღისა და დროის შესახებ შეტყობინება. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე