საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.03.2016
ძალაში შესვლა 01.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №129
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016512
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ამირანაშვილი | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№129
2016 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 აპრილიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ამირანაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების
დაცვის დეპარტამენტის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
3. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და დეპარტამენტის სახელწოდებით.
4. დეპარტამენტში დასაქმებული არიან სამხედრო წოდების მქონე, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე, ასევე სხვა საჯარო მოსამსახურეები.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენისა და მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების (შემდგომში – დასაცავი ობიექტი) დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ამ მიზნით შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებების, მათ შორის, კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვითი ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა;
გ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტი:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს „აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის“ მილსადენების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული დაცვისა და უსაფრთხოების სისტემის შექმნასა და დანერგვას საქართველოს, სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, მილსადენების პროექტების ინვესტორებთან, ნავთობკომპანიებთან და მათ კონტრაქტორებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგულარული კონსულტაციის საფუძველზე;
ბ) უზრუნველყოფს დასაცავი ობიექტების დაცვას, მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებას, ანალიზსა და შესაბამის ოპერატიულ მომსახურებას;
გ) დასაცავი ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სხვა სამსახურებთან კოორდინაციითა და ურთიერთთანამშრომლობით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სამართალდამრღვევ პირთა მიმართ;
დ) აწარმოებს დასაცავი ობიექტის ირგვლივ არსებული რისკების შეფასებას, შესაძლო საფრთხის პროგნოზს, ანალიზსა და კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვით ღონისძიებებს;
ე) მოიპოვებს ოპერატიულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას დასაცავ ობიექტს;
ვ) შეიმუშავებს და ამტკიცებს დასაცავი ობიექტების უსაფრთხოების ზომებსა და დაცვის წესებს;
ზ) დასაცავი ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მონაწილეობს ობიექტების საექსპლუატაციოდ მისაღები სახელმწიფო კომისიის მუშაობაში;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწმებს დასაცავ ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დაცვას;
ი) უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით ახორციელებს იძულების ღონისძიებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) ამზადებს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტისთვის უშიშროების აღჭურვილობის, ობიექტების და ოპერირების დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და „ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენის კომპანიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრულ ასიგნებათა ხარჯვის პროექტს;
ლ) სამუშაო პირობების სრულყოფისათვის ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას და მისი ექსპლუატაციის კონტროლს;
მ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმისწარმოებას;
ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა ფუნქციებს.
თავი III. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
მუხლი 7🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია (განყოფილება);
ბ) სწრაფი რეაგირების სამმართველო;
გ) ოპერატიულ-ანალიტიკური სამმართველო;
დ) ლოჯისტიკის სამმართველო;
ე) ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო;
ვ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო;
ზ) დასავლეთ საქართველოს რეგიონალური განყოფილება.
მუხლი 8🔗
ადმინისტრაცია:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმისწარმოებას, დეპარტამენტის ბეჭდების, შტამპების, ლუქებისა და ნომრიანი ბლანკების აღრიცხვას და შენახვა-დაცულობას;
ბ) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის გადაგზავნას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში უგზავნის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე დაშვების დოკუმენტაციას;
დ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს მიერ დაგეგმილ სპორტულ, სადღესასწაულო და სხვა ღონისძიებებში დეპარტამენტის თანამშრომელთა მონაწილეობას;
ე) ახორციელებს საქმისწარმოების კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში.
მუხლი 9🔗
1. სწრაფი რეაგირების სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) I განყოფილება;
ბ) II განყოფილება.
2. სწრაფი რეაგირების სამმართველო:
ა) ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ობიექტების გაძლიერებულ დაცვას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მონაწილეობს დაგეგმილ კონტრდაზვერვით და კონტრტერორისტულ ღონისძიებებში;
გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10🔗
1. ოპერატიულ-ანალიტიკური სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) ოპერატიული სამსახური;
ბ) ანალიტიკური განყოფილება;
გ) კავშირგაბმულობის განყოფილება.
2. ოპერატიული სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) I განყოფილება;
ბ) II განყოფილება;
გ) სპეციალური ოპერატიული ქვეგანყოფილება.
3. ოპერატიულ-ანალიტიკური სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კონტრდაზვერვითი, კონტრტერორისტული და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე გარდაბნის, რუსთავის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების მონაკვეთზე გამავალი დასაცავი ობიექტების წინააღმდეგ მიმართული სხვა ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, ანალიტიკურ დამუშავებასა და გამოყენებას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კონკრეტული სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების, ასევე სამართალდარღვევების თავიდან აცილებას, გამოვლენას, აღკვეთას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში მოიპოვებს ოპერატიულ ინფორმაციას სამართალდარღვევისა და მასში მონაწილე პირების შესახებ; ახორციელებს ღია წყაროებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფარული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, სისტემატიზაციას, ანალიზს და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს რეგიონალურ სამმართველოებში განთავსებული სამორიგეო ჯგუფებიდან ინფორმაციის მიღებას, შეგროვებას, სისტემატიზაციასა და ანალიზს;
ვ) დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის ანალიზს და ამუშავებს სტატისტიკას;
ზ) უზრუნველყოფს დასაცავ ობიექტებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ოპერატორ კომპანიებთან არსებული ოპერატიული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, სამოქმედო გეგმებისა და წინადადებების შემუშავებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, მილსადენების პროექტების ინვესტორებთან, ნავთობკომპანიებთან და მათ კონტრაქტორებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგულარული კონსულტაციების საფუძველზე უზრუნველყოფს „აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის“ მილსადენების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული დაცვისა და უსაფრთხოების სისტემის დანერგვას;
ი) საგანგებო შემთხვევების დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის მობილიზაციის მიზნით მისი სტრუქტურული ერთეულების პირადი შემადგენლობის დროულ ინფორმირებას;
კ) დამტკიცებული გეგმის მიხედვით უზრუნველყოფს სიგნალ „განგაშზე“ დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინფორმირებას და გამოცხადებას;
ლ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში არსებული რადიოკავშირის საშუალებათა შეუფერხებელ მუშაობას;
მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 11🔗
1. ლოჯისტიკის სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) ტრანსპორტის განყოფილება;
ბ) სანივთე და სურსათის მომარაგების განყოფილება;
გ) შეიარაღების განყოფილება;
დ) აღრიცხვიანობის ქვეგანყოფილება.
2. ლოჯისტიკის სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტოტრანსპორტის ტექნიკურ გამართულობას;
ბ) აწარმოებს დეპარტამენტისათვის საჭირო სურსათისა და სხვადასხვა დასახელების მატერიალურ საშუალებათა დროულ შეძენას და სტრუქტურული ერთეულების მიხედვით განაწილებას;
გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ბაზებზე არსებული სასადილოების გამართულ ფუნქციონირებას და პირადი შემადგენლობის კვებას;
დ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში სამშენებლო-სარემონტო და სხვადასხვა სახის სამუშაოების ჩატარებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის ძირითადი აქტივებისა და მატერიალური მარაგების (მათ შორის, საწვავი, მობილური სატელეფონო ბარათები, მცირეფასიანი აქტივები, სახარჯი მასალები და სხვა) აღრიცხვას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების შეიარაღებას, საბრძოლო მასალითა და ინვენტარით მომარაგებას;
ზ) უზრუნველყოფს სპეციალური საბრძოლო მომზადების გეგმებითა და სასწავლო-საწვრთნელი პროგრამებით დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სპეციალურ სწავლებას, მომზადებას და გადამზადებას, ასევე გახარჯული საბრძოლო მასალების ჩამოწერას;
თ) სამუშაო პირობების სრულყოფისათვის ახორციელებს ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას და ექსპლუატაციის კონტროლს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობისათვის პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევას და შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას.
მუხლი 12🔗
1. ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) რუსთავი-თეთრიწყაროს განყოფილება;
ბ) წალკის განყოფილება.
2. ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გარდაბნის, რუსთავის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების მონაკვეთზე გამავალი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის, ასევე მათი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
ბ) სამორიგეო ფუნქციის განმახორციელებელ მოსამსახურეთა მეშვეობით უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული ინფორმაციის რეგისტრაციას და შემდგომში ოპერატიულ-ანალიტიკური სამმართველოსათვის გადაცემას.
მუხლი 13🔗
1. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) ახალციხის განყოფილება;
ბ) ციხისჯვრის განყოფილება.
2. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების მონაკვეთზე გამავალი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის, ასევე მათი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
ბ) სამორიგეო ფუნქციის განმახორციელებელ მოსამსახურეთა მეშვეობით უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული ინფორმაციის რეგისტრაციას და შემდგომში ოპერატიულ-ანალიტიკური სამმართველოსათვის გადაცემას.
მუხლი 14🔗
დასავლეთ საქართველოს რეგიონალური განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის ტერიტორიაზე ნავთობის ტერმინალის დაცვას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
თავი IV. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილებანი
მუხლი 15🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გ) კონტროლს უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
დ) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოებში შემავალ განყოფილებებს შორის;
ე) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე;
ვ) მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ზ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგთან დაკავშირებით;
თ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას;
კ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;
მ) განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეთა საკურატორო სფეროებს;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს;
ო) კურატორ მინისტრის მოადგილესთან (არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს ვაკანტურ პოზიციაზე დასანიშნი პირების კანდიდატურებს;
პ) ამტკიცებს დეპარტამენტის სამუშაო გეგმებს;
ჟ) ანაწილებს ამოცანებს და ამტკიცებს ფუნქციურ მოვალეობებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებსა და ცალკეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს დავალებებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 16🔗
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს 3 (სამი) მოადგილე, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს საკურატორო სტრუქტურულ ერთეულში მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
მუხლი 17🔗
1. სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) უზრუნველყოფს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ასევე დეპარტამენტის დირექტორისა და მისი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და მისი მოადგილის წინაშე.