„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ალბანეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის „თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
მიღების თარიღი 16.12.2015
ძალაში შესვლა 01.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №00-14
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016390
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ალბანეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის „თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
ურთიერთგაგების მემორანდუმი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ალბანეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის „თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ალბანეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში - როგორც მონაწილეები);
ხელმძღვანელობენ რა, მონაწილეთა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელის შეწყობის სურვილით;
სურთ რა, წვლილი შეიტანონ დემოკრატიის აღმშენებლობაში და მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში;
პატივს სცემენ რა, სახელმწიფოთა სუვერენიტეტს, მათი საზღვრების ურღვევობას, ტერიტორიულ მთლიანობას და დავათა მშვიდობიან გადაწყვეტას;
მხედველობაში იღებენ რა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მხარეთა, მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ 1951 წლის 19 ივნისის შეთანხმებას და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ 1995 წლის 19 ივნისის შეთანხმებას და მის დამატებით ოქმებს;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მიზანი
ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია, დააარსოს მონაწილეთა შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის სამართლებრივი ჩარჩო და ზოგადი მიმართულებები.
მუხლი 2🔗
თანამშრომლობის პრინციპები
მონაწილეები ითანამშრომლებენ თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად და იხელმძღვანელებენ საერთაშორისო სამართლითა და მათ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 3🔗
თანამშრომლობის სფეროები
1. მონაწილეები ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში:
a) თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა და კონცეფციები;
b) შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლი და მართვის სტრუქტურა;
c) ეროვნული თავდაცვის მართვა და გამგეობა;
d) სამშვიდობო და ჰუმანიტარული ღონისძიებები;
e) ნატოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ღონისძიებებში მონაწილეობის კოორდინირება;
f) ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა;
g) თავდაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა;
h) სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის განათლება და სწავლება;
i) თავდაცვის დაგეგმვა, ბიუჯეტირება, აღრიცხვა და ფინანსები;
j) სახელმწიფო (სამთავრობო) შესყიდვები;
k) სამხედრო-ინდუსტრიული და სამეცნიერო-ტექნიკური საკითხები;
l) სამხედრო მედიცინა და რეაბილიტაცია;
m) სტანდარტიზაცია და კოდიფიკაცია;
n) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემები;
o) ტოპოგრაფია და გეოდეზია.
2. თანამშრომლობის სხვა სფეროები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ მემორანდუმით, შეიძლება შეთანხმდეს მონაწილეთა შორის.
მუხლი 4🔗
თანამშრომლობის ფორმები
მონაწილეთა შორის თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ფორმებით:
a) მინისტრებისა და მონაწილეთა სხვა სამხედრო და სამოქალაქო ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრები;
b) ერთობლივი დისკუსიების, კონსულტაციების, შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზება;
c) გამოცდილებათა გაზიარება განათლების, სპეციალიზაციისა და პერსონალის წვრთნის საკითხებში;
d) ინფორმაციისა და სხვა მასალების გაცვლა;
e) პირდაპირი კავშირის დამყარება ქვედანაყოფებს, პერსონალსა და ეროვნული თავდაცვის ორგანიზებაში მონაწილე სხვა ინსტიტუტებს შორის;
f) სპეციალისტების, პროფესორებისა და სტუდენტების გაცვლა;
g) ეროვნული თავდაცვის საგანმანათლებლო ინსტიტუტებში განათლების მიღება;
h) მაღალი საფეხურის სასწავლო კურსები და სემინარები;
i) ექსპერტთა შეხვედრები და თანამშრომლობის სფეროში ექსპერტთა შეფასებების გაცვლა;
j) კურსებში და სემინარებში ერთობლივი მონაწილეობა;
k) მონაწილეთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში ერთობლივი მონაწილეობა.
l) გამოცდილებათა გაზიარება.
მუხლი 5🔗
ყოველწლიური თანამშრომლობა
1. ამ ურთიერთგაგების მემორანდუმზე დაყრდნობით, მონაწილეები შეიმუშავებენ თავდაცვის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებს. ყოველი წლის 10 ოქტომბრამდე, მონაწილეები გააკეთებენ შეთავაზებას, რათა ის შევიდეს შემდეგი წლის თავდაცვის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაში.
2. თავდაცვის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა შეიცავს ღონისძიებათა დასახელებას, მათი ჩატარების ფორმებს, დროსა და ადგილს, მონაწილეთა რაოდენობას და ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
3. თავდაცვის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის შეთანხმების შემდეგ, მას ხელი მოეწერება მონაწილეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ იმ წლის 15 ოქტომბრამდე, რომელიც წინ უსწრებს გეგმით გათვალისწინებულ წელს.
4. თავდაცვის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა შეიძლება შეიცვალოს მონაწილეთა თანხმობით.
მუხლი 6🔗
უსაფრთხოების დებულებები
1. ამ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით გაცვლილი ან შექმნილი ყველა საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება, გადაცემა, შენახვა, მოპყრობა და/ან დაცვა განხორციელდება მონაწილეთა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა განხორციელდება „საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმების“ შესაბამისად.
3. მონაწილეები უზრუნველყოფენ, რომ ყველა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება მხოლოდ მიზნობრივად ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებისა და მისი მიზნების გათვალისწინებით.
4. ეს მუხლი განხორციელდება მას შემდეგ, რაც ძალაში შევა „საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 7🔗
ფინანსური დებულებები
1. თავდაცვის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება ურთიერთმონაცვლეობის საფუძველზე.
2. წარმგზავნი მონაწილე დაფარავს მიმღებ სახელმწიფოში და უკან მგზავრობის ხარჯებს, ასევე დღიური ანაზღაურების, პირადი დაზღვევის და სხვა დაზღვევის ხარჯებს.
3. მიმღები მონაწილე დაფარავს განთავსების, კვებისა და მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაადგილების ხარჯებს.
4. მიმღები მონაწილე უზრუნველყოფს გადაუდებელ სამედიცინო და სტომატოლოგიურ დახმარებას.
მუხლი 8🔗
სამართლებრივი საკითხები
მიმღები მონაწილის ტერიტორიაზე ყოფნის განმავლობაში წარმგზავნი მონაწილის წარმომადგენლების სტატუსი განისაზღვრება NATO/PfP SOFA-ს დებულებების შესაბამისად.
მუხლი 9🔗
დავათა მოგვარება
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მონაწილეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით და არ გადაეცემა რაიმე საერთაშორისო სასამართლოს ან მესამე მხარეს.
მუხლი 10🔗
დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მონაწილეთა მიერ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხებით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
2. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი დადებულია 5 წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით. თითოეულ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედება მეორე მონაწილისათვის ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის შესახებ თავდაპირველი ან ნებისმიერი შემდგომი ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს მეორე მონაწილის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.
3. ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს მონაწილეთა ორმხრივი თანხმობით. ცვლილება შეთანხმდება წერილობით დიპლომატიური არხების მეშვეობით და ძალაში შევა ისეთივე წესით, რა წესითაც ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი შედის ძალაში.
4. თუკი ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტის დროს დარჩება გადაუჭრელი ფინანსური საკითხები ან პრეტენზიები, ამგვარ საკითხებთან და პრეტენზიებთან დაკავშირებული ამ შეთანხმების დებულებები დარჩება ძალაში, ვიდრე კონკრეტული საკითხები და პრეტენზიები არ იქნება ცალსახად გადაწყვეტილი.
შესრულებულია ქ. ტირანაში, ალბანეთში, 2015 წლის 16 დეკემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ალბანურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებათა განმარტებასა და/ან გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ალბანეთის რესპუბლიკს თავდაცვის
სახელით სამინისტროს სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)