შეთანხმება საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 21.01.2015
ძალაში შესვლა 01.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს
სახელით
ნომერი №4-6
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016391
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/04/2016
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სახელით | ესპანეთის სამეფოს სახელით |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ" „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ
შეთანხმება
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ
პრეამბულა
საქართველო და ესპანეთის სამეფო, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები”,
გამოთქვამენ რა სურვილს, განავითარონ და გააძლიერონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და, განსაკუთრებით, მხედველობაში მიიღონ მათ შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საერთო ნება;
გამოთქვამენ რა შეშფოთებას დანაშაულის, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის ფორმების მზარდი მასშტაბისა და ტენდენციების გამო;
გაცნობიერებული აქვთ რა, რომ ნებისმიერი ფორმის დანაშაული საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას, მართლწესრიგს, კანონის უზენაესობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას და თავიანთი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, საინვესტიციო გარემოს შექმნას, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონიერების დამკვიდრებას;
გამომდინარეობენ რა სურვილიდან, უზრუნველყონ მოქალაქეთა სიცოცხლის, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების საიმედო დაცვა დანაშაულისაგან;
აღიარებენ რა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას;
ითვალისწინებენ რა საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს და იმ საერთაშორისო კონვენციებს, რომელთა წევრიც არის ორივე ქვეყანა და რომლებიც ეხება წინამდებარე შეთანხმების სფეროს;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
თანამშრომლობის სფეროები
1. მხარეებმა, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი კომპეტენტური უწყებების მეშვეობით უნდა ითანამშრომლონ დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან აცილებაში, გამოვლენაში, გამოძიებასა და აღკვეთაში.
2. თანამშრომლობა უნდა მოიცავდეს განსაკუთრებით შემდეგ სფეროებს:
a) სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული;
b) ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაული;
c) ნარკოტიკული დანაშაული;
d) ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალებით, ფეთქებადი ნივთიერებებით, რადიოაქტიური ნივთიერებებითა და ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული მასალებით უკანონო ვაჭრობა;
e) უკანონო მიგრაცია და ადამიანებით ვაჭრობა;
f) სქესობრივი ექსპლუატაცია, განსაკუთრებით ბავშვთა და ბავშვების პორნოგრაფია;
g) კიბერდანაშაული;
h) საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაყალბება და მათი გავრცელება;
i) ეკონომიკური დანაშაულები, მათ შორის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, ფულის გაყალბება და ყალბი ფულისა და ანგარიშსწორების საშუალებათა გავრცელება, გადასახადისათვის თავის არიდება, ფულის გათეთრება და საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა;
j) კორუფცია;
k) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები;
l) გარემოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.
3. მხარეებმა აგრეთვე უნდა ითანამშრომლონ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნებასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში, თუ ეს მათ საერთო ინტერესებს შეესაბამება.
მუხლი 2🔗
თანამშრომლობის ფორმები
1. მხარეების კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა ითანამშრომლონ თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის:
a) პირველ მუხლში მითითებული დანაშაულების თავიდან აცილებასთან, გამოვლენასთან, გამოძიებასა და აღკვეთასთან დაკავშირებული მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლა;
b) წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „d“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით მეორე მხარის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ მეორე მხარის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ან რეგისტრაციის ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლა;
c) ძებნილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა;
d) დახმარება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის წარმართვაში „კონტროლირებადი მიწოდების“ მეთოდის გამოყენების ჩათვლით;
e) შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის იმპლემენტაციასთან, დანაშაულის აცილებასთან და აგრეთვე საექსპერტო-კრიმინალისტიკური მეთოდების, სპეციალური ხელსაწყოებისა და ხერხების გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება;
f) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გარკვეულ სფეროებში არსებული გამოცდილების გაზიარება და ექსპერტთა შეხვედრების ჩატარება;
g) თანამშრომლობა პერსონალის ტრენინგისა და კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში;
h) დანაშაულის მიზეზებთან, მდგომარეობასთან და ტენდენციებთან დაკავშირებული ანალიტიკური ინფორმაციის, პუბლიკაციებისა და კვლევის შედეგების, წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულ საერთო ინტერესის სფეროებში არსებული კანონმდებლობის გაცვლა;
i) ერთობლივი სემინარებისა და შეხვედრების მომზადება.
2. მხარეებს შეუძლიათ ითანამშრომლონ აგრეთვე სხვა ფორმებით, რომლებიც შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მიზნებს.
3. წინამდებარე მუხლის შესაბამისად გადაცემული ინფორმაცია არ შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი მესამე მხარისათვის ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის თანხმობის გარეშე.
მუხლი 3🔗
კომპეტენტური უწყებები
1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისათვის კომპეტენტური უწყებები არიან:
a) საქართველოსთვის:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს პროკურატურა;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
b) ესპანეთისთვის:
- შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა სამინისტროების კომპეტენციის სფეროებისათვის ზიანის მიუყენებლად.
2. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით მხარეების კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა დაამყარონ უშუალო კონტაქტები და უნდა მოაწერონ ხელი დამატებით ოქმებს თავიანთი საქმიანობის გარკვეულ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 4🔗
მოთხოვნების შესრულება
1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ინფორმაციის მიწოდება და დახმარების აღმოჩენა უნდა განხორციელდეს მოთხოვნის საფუძველზე.
2. მხარეების კომპეტენტური უწყებები, თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე მხარის კომპეტენტურ უწყებებს აწვდიან ინფორმაციას თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნის გარეშეც, თუ აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება იყოს საჭირო მეორე მხარისათვის.
3. ინფორმაციის მიწოდების შესახებ მოთხოვნა მოიცავს:
a) მოთხოვნის წარმდგენი კომპეტენტური უწყების დასახელებას;
b) მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყების დასახელებას;
c) მოთხოვნის საგანს;
d) მოთხოვნის მიზანს;
e) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელმაც შესაძლებელია ხელი შეუწყოს მოთხოვნის შესრულებას.
4. ინფორმაციის ან დახმარების შესახებ მოთხოვნები რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა შეასრულოს მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურმა უწყებამ. მოთხოვნის მიმღებ უწყებას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, თუ აღნიშნული აუცილებელია მოთხოვნის შესასრულებლად.
5. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის შესრულება არის შეუძლებელი საბოლოო ვადების ფარგლებში, მოთხოვნის მიმღებმა კომპეტენტურმა უწყებამ უნდა აცნობოს ამის შესახებ მოთხოვნის წარმდგენ კომპეტენტურ უწყებას და განუმარტოს მას მოთხოვნის შესრულების დაყოვნების მიზეზები.
6. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის შესრულება არ შედის მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყების უფლებამოსილებაში, მან დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნოს მოთხოვნა საკუთარი ქვეყნის შესაბამის კომპეტენტურ უწყებას და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ კომპეტენტურ უწყებას.
7. მოთხოვნის შესრულებაზე შეიძლება ითქვას უარი მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ მოთხოვნის მიმღები მხარე მიიჩნევს, რომ მოთხოვნის შესრულებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ქვეყნის სუვერენიტეტზე ან უსაფრთხოებაზე, ან შესაძლებელია იგი ეწინააღმდეგებოდეს მის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას ან ქვეყნის მნიშვნელოვან ინტერესებს.
მუხლი 5🔗
პერსონალური მონაცემების გამოყენება და დაცვა
მხარეების კომპეტენტურ უწყებებს შორის მონაცემების ორმხრივი დაცვა უნდა განხორციელდეს მიმწოდებელი მხარის კომპეტენტური უწყების მიერ განსაზღვრული პირობებისა და შემდეგი პრინციპების შესაბამისად:
a) წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში პერსონალური მონაცემების დამუშავებისას მხარეებმა უნდა დაიცვან საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები და ნორმები, მათ მიერ ნაკისრი სხვა საერთაშორისო ვალდებულებები და თავიანთი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა;
b) მიმწოდებელი კომპეტენტური უწყების თანხმობის გარეშე მიწოდებული მონაცემები არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ მიზნებისა, რისთვისაც ის იქნა მიწოდებული;
c) მოთხოვნის საფუძველზე, მიმღებმა კომპეტენტურმა უწყებამ უნდა აცნობოს მიმწოდებელ კომპეტენტურ უწყებას იმის შესახებ, თუ როგორ იქნა გამოყენებული გადაცემული მონაცემები;
d) მიმწოდებელმა კომპეტენტურმა უწყებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მონაცემები იყოს სწორი და განახლებული;
e) იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ გადაცემული მონაცემები არ არის სწორი ან თუ მათი მიწოდება არ იყო ნებადართული, მიმღებმა კომპეტენტურმა უწყებამ უნდა შეასწოროს ან გაანადგუროს ისინი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ მიმწოდებელ კომპეტენტურ უწყებას. გადაცემული მონაცემები, რომლებიც იქნა გამოყენებული, უნდა განადგურდეს მიმღები კომპეტენტური უწყების მიერ;
f) მიმღებმა კომპეტენტურმა უწყებამ სათანადოდ უნდა დაიცვას მიღებული მონაცემები უნებართვო შეღწევისაგან, მათში ცვლილებების შეტანისაგან ან მათი გავრცელებისაგან;
g) მიმწოდებელმა კომპეტენტურმა უწყებამ და მიმღებმა კომპეტენტურმა უწყებამ უნდა აწარმოოს მონაცემების გადაცემის აღრიცხვა.
მუხლი 6🔗
ურთიერთობა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან
წინამდებარე შეთანხმება არ ახდენს გავლენას მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობენ იმ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომლებიც სავალდებულოა მათი სახელმწიფოებისათვის.
მუხლი 7🔗
ხარჯები
თითოეულმა მხარემ უნდა დაფაროს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკუთარი ყველა ხარჯი, თუ მხარეები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
მუხლი 8🔗
ენები
წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისათვის მხარეებმა უნდა გამოიყენონ ინგლისური, როგორც სამუშაო ენა.
მუხლი 9🔗
დავების გადაწყვეტა
1. წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დავები უნდა გადაწყდეს მხარეების კომპეტენტურ უწყებებს შორის კონსულტაციების გზით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა კონსულტაციების გზით წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაშინ საკითხი უნდა გადაწყდეს დიპლომატიური არხების მეშვეობით მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 10🔗
ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები წერილობითი ფორმით მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ცვლილებები ან დამატებები უნდა გაფორმდეს ცალკე დოკუმენტის სახით, რომელიც წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იქნება. ცვლილებები ან დამატებები ძალაში უნდა შევიდეს წინამდებარე შეთანხმების მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 11🔗
დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში უნდა შევიდეს მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისთვის დიპლომატიური არხების მეშვეობით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების გზით. წინამდებარე შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას მეორე მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ.
რის დასტურადაც, თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემორე ხელმომწერებმა მოაწერეს ხელი წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია ქ. მადრიდში, 2015 წლის 21 იანვარს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეების მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში გამოყენებული იქნება მე-9 მუხლი.
საქართველოს
სახელით
ესპანეთის სამეფოს
სახელით
ალექსანდრე ჭიკაიძე ხორხე ფერნანდეს დიას
შინაგან საქმეთა მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრი