საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.04.2016
ძალაში შესვლა 15.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/201
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016441
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინიტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/201
2016 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 15 აპრილიდან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება
თავი I. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ამოცანები
და უფლებამოსილებანი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში ,,სამინისტრო”) შიდა აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში – „დეპარტამენტი”) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინაშე და ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.
4. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების, წინამდებარე დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
5. დეპარტამენტის საქმიანობა ეფუძნება დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერების, გამჭვირვალობის პრინციპებს.
მუხლი 2🔗. სუბიექტის მიზნები და ამოცანები
1. დეპარტამენტი ახორციელებს დამოუკიდებელ და ობიექტურ საქმიანობას, შედეგად აანალიზებს და აფასებს სამინისტროში არსებული პოლიტიკისა და პროცედურების შესრულებას, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვას, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენებას, ამოცანების ეფექტურ შესრულებას და შედეგად სამინისტროს დასახული მიზნების მიღწევას.
2. დეპარტამენტის ამოცანაა მინისტრი უზრუნველყოს ინფორმაციით სამინისტროს არსებული მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.
მუხლი 3🔗. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:
ა.ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ა.ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ა.გ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
ა.დ)სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ა.ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ა.ვ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ა.ზ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ბ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და მისი აღმოჩენის მიზნით განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების (ინსპექტირება) შემდეგი ღონისძიებები:
ბ.ა) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ბ.ბ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მიზნებთან შეუსაბამო ქმედების შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
ბ.გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ბ.დ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ბ.ე) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების კონტროლი;
ბ.ვ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერსთა კონფლიქტის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება;
ბ.ზ) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა;
ბ.თ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება;
ბ.ი) დეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
1. დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაზე. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
2. დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სისტემაში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების საშუალებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
ბ) სამინისტროს სისტემაში ჩაატაროს ინსპექტირება, მოამზადოს ინსპექტირების დასკვნა და წარუდგინოს მინისტრს;
გ) მიიღოს და განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა განცხადებები და წერილები;
დ) სამინისტროს სისტემიდან მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა) და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიიღოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება. აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
ე) ჩამოართვას განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს თანამშრომლები, მათი თანხმობის არსებობის შემთხვევაში;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს მითითება სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს დაიცვან სამართლებრივი აქტების მოთხოვნები;
თ) სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, წარუდგინოს წინადადება მინისტრს ან/და შესაბამისი დაწესებულების წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით;
ი) ინსპექტირებით/აუდიტორული შემოწმებით გამოვლენილი ფაქტების საფუძველზე ქმედებებში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მოპოვებული მასალები, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დეპარტამენტის მოსამსახურეებს უფლება აქვთ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებისას საშვგამტარი ან სხვა შემზღუდველი რეჟიმის ავლით, დაუყოვნებლივ შევიდნენ სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტი მოვალეობანი
ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, ინსტრუქციები და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით;
დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა გაუგზავნოს მინისტრს;
ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;
ვ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
ზ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
თ) შედგენილი სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა რეაგირებისათვის გადაუგზავნოს მინისტრს ან/და შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელს.
თავი II
შიდა აუდიტის ჩატარების წესი
მუხლი 6🔗. აუდიტის დაგეგმვა
1. შიდა აუდიტის გეგმის სახეებია:
ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა;
ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა;
გ) აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა.
2. შიდა აუდიტის დაგეგმვა ხდება რისკის შეფასების საფუძველზე. მისი შედეგები აისახება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმაში, რომლის საფუძველზედაც შემუშავდება შიდა აუდიტის წლიური გეგმა.
3. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამინისტროს გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს.
4. შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და ასახავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს.
5. რეკომენდაციების შესრულების ადეკვატურობის, ეფექტიანობისა და დროულობის შესაფასებლად შიდა აუდიტის წლიურ გეგმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
6. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე.
7. შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმები მტკიცდება დაგეგმილი პერიოდის დაწყებამდე.
8. შიდა აუდიტის წლიურ და სტრატეგიულ გეგმებს, ასევე მათში განსახორციელებელ ცვლილებებს ამზადებს დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი. შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმები ეგზავნება ჰარმონიზაციის ცენტრს.
9. თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისათვის დეპარტამენტის უფროსი შეიმუშავებს და ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა.
მუხლი 7🔗. შიდა აუდიტორული შემოწმება
1. შიდა აუდიტორული შემოწმება არის სარეკომენდაციო შემოწმება, რომელიც მოიცავს შიდა აუდიტის ობიექტში განსახორციელებელი ქმედებების, დავალებებისა და პროცესების ერთობლიობას.
2. შიდა აუდიტორული შემოწმება ხორციელდება ინფორმაციის იდენტიფიკაციის, შეგროვების, ანალიზის, შეფასებისა და დოკუმენტირების საშუალებით.
3. შიდა აუდიტორული შემოწმება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
ა) აუდიტის დაგეგმვა;
ბ) აუდიტის განხორციელება;
გ) ანგარიშგება;
დ) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
4. შიდა აუდიტორული შემოწმების სახეებია:
ა) სისტემური აუდიტი;
ბ) შესაბამისობის აუდიტი;
გ) ეფექტიანობის აუდიტი;
დ) ფინანსური აუდიტი;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი.
მუხლი 8🔗. ინტერესთა კონფლიქტი
1. შიდა აუდიტორს უფლება არა აქვს, სამინისტროში შეასრულოს სხვა ფუნქციები, გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა.
2. შიდა აუდიტორი არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:
ა) შიდა აუდიტორი შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში;
ბ) შიდა აუდიტორის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკავიათ ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში;
გ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 9🔗. შიდა აუდიტორული ანგარიში
1. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად, შიდა აუდიტის სუბიექტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესს, მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.
2. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, გონივრული ვადის მითითებით ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის მიზნით.
3. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ გონივრული ვადის გაშვების შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ და მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები - შეთანხმებულად.
4. იმ შემთხვევაში, თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, შიდა აუდიტის ობიექტი საპასუხო წერილში ასახავს არგუმენტებს ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად.
5. შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში.
6. შიდა აუდიტის სუბიექტი საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად უგზავნის დაწესებულების ხელმძღვანელს.
7. თუ შიდა აუდიტის სუბიექტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის სუბიექტი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს უგზავნის დაწესებულების ხელმძღვანელს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
მუხლი 10🔗. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში
1. დეპარტამენტის უფროსი ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც აისახება:
ა) ინფორმაცია განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმებების შესახებ;
ბ) ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები სამინისტროში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ;
გ) დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის წლიური გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში);
დ) დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული შესაბამისი ქმედებები და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ;
ე) ინფორმაცია შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტორის საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე;
ვ) წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ.
2. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარედგინება მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე.
თავი III
ინსპექტირების ჩატარების წესი
მუხლი 11🔗. ინსპექტირების ჩატარების წესი
1. სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით დეპარტამენტი ახორციელებს ინსპექტირებას.
2. ინსპექტირების ჩატარების, შეწყვეტის, შეჩერების, გაგრძელების გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის უფროსი ან დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით მინისტრი.
3. ინსპექტირების ჩატარების ვადები, შემოწმების პერიოდი და შემმოწმებელთა ვინაობა განისაზღვრება ინსპექტირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში .
4. ინსპექტირების საფუძველი შეიძლება იყოს ინფორმაცია (ზეპირი/წერილობითი) სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, განცხადებები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით’’ შემოსული შეტყობინებები დეპარტამენტის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები.
5. ინსპექტირების პროცესში დეპარტამენტის მოსამსახურე უფლებამოსილია მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მოითხოვოს ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნა, მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები, გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით.
მუხლი 12🔗. ინსპექტირების დასკვნა
1. ინსპექტირების განხორციელების შედეგად უნდა შედგეს ინსპექტირების დასკვნა.
2. ინსპექტირების დასკვნა უნდა მოიცავდეს ინსპექტირების პროცესში გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებს, მათ სამართლებრივ შეფასებას და რეკომენდაციებს განსახორციელებული ღონისძიებების შესახებ.
3. ინსპექტირების დასკვნა წარედგინება მინისტრს.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 13🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) შიდა აუდიტის სამმართველო;
ბ) ინსპექტირების სამმართველო.
მუხლი 14🔗. სამმართველოების ამოცანები და ფუნქციები
1. შიდა აუდიტის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
დ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ე) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი);
ვ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება (შესაბამისობის აუდიტი);
ზ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით (ეფექტიანობის აუდიტი);
თ) შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი);
ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი);
კ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
2. ინსპექტირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები:
ა) სამინისტროს სისტემის ორგანოებში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ბ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მიზნებთან შეუსაბამო ქმედების შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
გ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მიზნებთან შეუსაბამო ქმედების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
დ) ინსპექტირების შედეგების საფუძველზე მინისტრისათვის ან სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისათვის გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ რეკომენდაციების წარდგენა;
ე) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ვ)სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ზ) კომპეტენციის ფაგლებში სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
თ) სამმართველოში შემოსულ განცხადებებსა და წერილებზე რეაგირება;
ი) დეპარტამენტის „ცხელი ხაზით“ და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის, დეპარატამენტის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი V
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 15🔗. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და დებულების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობას მიკუთვნებულ საკითხებზე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს;
გ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას, ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის ქვედანაყოფებსა და მოსამსახურეებს შორის აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ხელს აწერს ან/და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ან სხვა სტრუქტურულ ერთეულში შემუშავებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ვ) ამტკიცებს შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას ან/და ინსპექტირების პროგრამას;
ზ) მინისტრს წარუდგენს ჩატარებული შიდა აუდიტის შედეგებს, ინსპექტირების დასკვნებსა და შემუშავებულ რეკომენდაციებს;
თ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
ი) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისა ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) შუამდგომლობს მინისტრთან იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა შიდა აუდიტის დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას, ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებს;
ნ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის მითითებების დაცვას, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს;
ო) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
პ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ჟ) მინისტრს წარუდგენს წინადადებას ინსპექტირების დაწყების/ჩატარების, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ;
რ) წარუდგენს მინისტრს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ს) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 16🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში):
1. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დეპარტამენტის ფუნქციონალური ამოცანების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;
გ) ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ვ) ასრულებს მინისტრის, დეპარტამენტის უფროსის კანონშესაბამის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
ზ) დეპარტამენტის უფროსის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას.
მუხლი 17🔗. სამმართველოს უფროსი:
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
4. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) გეგმავს, ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
დ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
ე) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს სამმართველოს მიერ შედგენილ დასკვნას ან/და შემუშავებულ ანგარიშს;
ზ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს
თ) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ი) ასრულებს მინისტრის, დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 18🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან, სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
თავი VI
საქმისწარმოების ორგანიზება და აღრიცხვიანობა
მუხლი 19🔗. საქმისწარმოების ორგანიზება და აღრიცხვიანობა
1. დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ ჩატარებული შიდა აუდიტორული შემოწმების, სამსახურებრივი შემოწმების (ინსპექტირება) და სხვა საკითხების ამსახველი საქმის მასალები ინახება დეპარტამენტში და მათი გამოთხოვის წესი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.
2. დეპარტამენტში არსებული საქმის მასალების პირველად არქივაციაზე, დამუშავებასა და აღრიცხვა-შენახვაზე პასუხისმგებელია დეპარტამენტის ის თანამშრომელი, რომლის აღნიშნული პასუხისმგებლობა განისაზღვრება სამუშაო აღწერილობით.