შპს „ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე 2/4
განჩინება
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2016 წლის 8 აპრილი
ქ . ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია :
2015 წლის 09 იანვრის განჩინებით შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’’ დირექტორის ირაკლი ცეცხლაძის განცხადება მიღებულ იქნეს წარმოებაში.
2015 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინებით შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს” (ს/კ 246954354) მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო, ამასთან შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი.
2016 წლის 7 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს” გაკოტრების მმართველმა სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით მიხეილ ლომთაძემ, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს” გაკოტრების საქმის დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება ითხოვა.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება გაკოტრების მმართველის ანგარიშის მოსმენის, ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის განაწილების და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების დღის წესრიგით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა :
1. შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს” (ს/კ 246954354) კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2016 წლის 16 მაისს 14:30 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:
ა) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№5).
3. დაევალოს შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს” გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება,მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში,ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი,კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე გ. მაკარიძე