შპს „ტექნოიმპორტი”-ს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე #2/6383-2015
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
2016 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი მარი კირვალიძე
განმცხადებელი: შ.პ.ს. ,,ტექნოიმპორტი”
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი,
გამოარკვია:
შ.პ.ს. ,,ტექნოიმპორტის” წარმომადგენელმა გიორგი ზედგინიძემ 2015 წლის 3 აპრილს განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შ.პ.ს. ,,ტექნოიმპორტის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
თბილისის საქაალქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით შ.პ.ს. ,,ტექნოიმპორტის” განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის განჩინებით შ.პ.ს. ,,ტექნოიმპორტის” გაკოტრების მმართველად დაინიშნა ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიურო.
შ.პ.ს. ,,ტექნოიმპორტის” გაკოტრების მმართველმა 2016 წლის 28 იანვარს მომართა სასამართლოს საბოლოო ანგარიშით და მოიხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება იმაზე მითითებით, რომ შ.პ.ს. ,,ტექნოიმპორტის” ქონება აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ შეფასდა 16955 ლარად. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად შემოსულმა თანხამ შეადგინა 3445 ლარი და 50 თეთრი, საიდანაც დამატებითი ღირებულების გადასახადი გადაირიცხა 525 ლარი და 58 თეთრი. ვინაიდან, ერთ ლოტზე მესამე აუქციონი დამთავრდა უშედეგოდ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საკონონმდებლო მაცნეში გამოაქვეყნდა შეთავაზება ქონების ნატურით გადაცემის შესახებ და ქონების ნატურით მიღების სურვილი გამოთქვა კრედიტორმა ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურმა, რომელსაც გადაეცა შ.პ.ს. ,,ტექნოიმპორტის” საკუთრებაში არსებული 70% წილი შ.პ.ს. ,,ტექნოინჟინერინგის” კაპიტალში. კრედიტორს ქონება ნატურით გადაეცა საბაზრო ღირებულებით - 9500 ლარი.
სასამართლომ შეისწავლა გაკოტრების მმართველის ანგარიში, მოისმინა გაკოტრების მმართველის და კრედიტორის ინფორმაცია, მიაჩნია, რომ შ.პ.ს. ,,ტექნოიმპორტის” მიმართ უნდა დასრულდეს გაკოტრების საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის მიხედვით, თუ მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან მესამე აუქციონის ჩატარების შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი, აღსრულების ეროვნული ბიურო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს ამ ქონების კრედიტორებისათვის საერთო საკუთრებაში გადაცემის შეთავაზებას. ქონება საკუთრებაში გადაეცემათ იმ კრედიტორებს, რომლებიც შეთავაზების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარადგენენ განცხადებას ამ ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ. კრედიტორებს ქონება ნატურით გადაეცემათ საბაზრო ღირებულებით, ამ კანონის მე-40 მუხლით დადგენილი რიგითობის შესაბამისად. კრედიტორების წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მათი მოთხოვნების შესაბამისად. იმ კრედიტორების წილი, რომლებიც არ გამოთქვამენ ქონების საკუთრებაში მიღების სურვილს, თანაბრად გადანაწილდება სხვა კრედიტორებზე. თუ დადგენილ ვადაში ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას არც ერთი კრედიტორი არ წარადგენს, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
შ.პ.ს. ,,ტექნოიმპორტის” კრედიტორი იყო მხოლოდ შემოსავლების სამსახური მოთხოვნით - 245624 ლარი და 27 თეთრი (ს.ფ. 65).
გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი საბოლო ანგარიშით და თანდართული დოკუმენტებით დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ტექნოიმპორტის” ქონება აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ შეფასდა 16955 ლარად. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად შემოსულმა თანხამ შეადგინა 3445 ლარი და 50 თეთრი, საიდანაც დამატებითი ღირებულების გადასახადი გადახდილი იქნა 525 ლარი და 58 თეთრი. მესამე აუქციონი დამთავრდა უშედეგოდ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საკონონმდებლო მაცნეში გამოაქვეყნა შეთავაზება ქონების ნატურით გადაცემის შესახებ და ქონების ნატურით მიღების სურვილი გამოთქვა ერთადერთმა კრედიტორმა – ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურმა, რომელსაც ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის გადაეცა შ.პ.ს. ,,ტექნოიმპორტის” საკუთრებაში არსებული 70% წილი შ.პ.ს. ,,ტექნოინჟინერინგის” (ს/კ 206338435) კაპიტალში. კრედიტორს ქონება ნატურით გადაეცა საბაზრო ღირებულებით - 9500 ლარი.
გაკოტრების მმართველის ანგარიშით და საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ტექნოიმპორტის“ სამეურვეო ქონება რეალიზებულია და მოვალეს ქონება არ აქვს, გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილია საბოლოო ანგარიში, რასაც ეთანხმება კრედიტორი და აღნიშნული გარემოება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნტის შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. დასრულდეს შ.პ.ს. ,,ტექნოიმპორტის“ გაკოტრების საქმის წარმოება და გაუქმდეს შ.პ.ს. ,,ტექნოიმპორტის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 2051698870) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა შ.პ.ს. ,,ტექნოიმპორტის“ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან ან გაცნობიდან 5(ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.
მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი