„საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის საგანგებო სიტუაციებისგან დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 15.10.2015
ძალაში შესვლა 01.05.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №17-71
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016392
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2016
matsne.gov.ge 2,298 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.10.2015 მიღება
01.05.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სახელით   (ხელმოწერილია) ბულგარეთის რესპუბლიკის  სახელით   (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით     _________________________     დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრი 98% 11.07.2019 საქართველოს მთავრობასა და იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სუვერენული სამხედრო ჰოსპიტალიერთა ორდენის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 30.05.2014 „საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს ურთიერთდახმარების და მათი პრევენციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 31.10.2023 „საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 10.07.2019

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის საგანგებო სიტუაციებისგან დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის საგანგებო სიტუაციებისგან დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება ქვეყნები, რომლებიც არიან წინამდებარე შეთანხმების მონაწილენი, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები“, ითვალისწინებენ რა ბუნებრივი და ტექნოგენური საგანგებო სიტუაციების გამოვლინების მზარდ ტრანსსასაზღვრო ხასიათს, საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობის გზით დროულად და ეფექტიანად რეაგირების საჭიროებას და აღნიშნულ სფეროში ორი სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევის კოორდინაციის მნიშვნელობას; მხარს უჭერენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ძალისხმევას საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენის სფეროში; ხაზს უსვამენ რა, რომ ბოლო წლების განმავლობაში აღინიშნება ბუნებრივი და ტექნოგენური საგანგებო სიტუაციების სიხშირისა და სიმძიმის ზრდა; კისრულობენ რა ვალდებულებას, საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში წაახალისონ და განავითარონ ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობების შესაბამისად; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 საგანი წინამდებარე შეთანხმება აყალიბებს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის ძირითად წესებს, აგრეთვე მხარეებს შორის ნებაყოფლობითი დახმარების აღმოჩენის პირობებსა და პროცედურებს ერთ-ერთი აღნიშნული მხარის ტერიტორიის ფარგლებში საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში. მუხლი 2🔗 განსაზღვრებები წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები: „საგანგებო სიტუაცია“: სტიქიური უბედურების, ავარიის ან სხვა საგანგებო გარემოებების შედეგად წარმოქმნილი მოვლენა ან მოვლენათა ერთობლიობა, რომელიც  გავლენას ახდენს მოსახლების სიცოცხლეზე ან ჯანმრთელობაზე, ქონებაზე ან გარემოზე, ან საფრთხეს უქმნის მათ, ისეთი მასშტაბით, რაც წარმოშობს ზომების გატარების ან სპეციალიზირებული ძალების ჩართვისა და სპეციალური რესურსების გამოყენების საჭიროებას; „მოთხოვნის წარმდგენი მხარე“: მხარე, რომლის კომპეტენტური ორგანო, როგორც ეს მითითებულია მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში, მიმართავს მეორე მხარეს დახმარების თაობაზე წერილობითი მოთხოვნით; „დახმარების აღმომჩენი მხარე“: მხარე, რომლის კომპეტენტური ორგანო, როგორც ეს მითითებულია მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში, აღმოუჩენს დახმარებას იმ მხარეს, რომელმაც მოთხოვნით მიმართა; „მაშველთა ჯგუფი“: დახმარების აღმომჩენი მხარის მიერ გამოყოფილი, სათანადოდ გაწვრთნილი სპეციალისტების არასამხედრო ჯგუფი, რომლის მიზანია შესაბამისი აღჭურვილობით, სამაშველო ძაღლებითა და მხარდაჭერის საშუალებებით დახმარების აღმოჩენა; „აღჭურვილობა“: მასალები, ტექნიკური და სატრანსპორტო საშუალებები, მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა, მაშველთა ჯგუფის წევრების ან/და ექსპერტების პირადი აღჭურვილობა; „დახმარების მასალები“: დახმარების აღმომჩენი მხარის მიერ გამოყოფილი ნივთები და მატერიალური რესურსები, რომლებიც გათვალისწინებულია მოთხოვნის წარმდგენი მხარის დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე გადასახადისგან გათავისუფლებული განაწილებისთვის; „ექსპერტი“: საგანგებო სიტუაციებისგან დაცვის სფეროში სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი აღჭურვილობა და დახმარების მასალები და გაგზავნილია მოთხოვნის წარმდგენი მხარისთვის დახმარების აღმოსაჩენად; „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება“: საგანგებო სიტუაციისას ან მის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, რომლის მიზანია სიცოცხლის გადარჩენა, ქონების დაცვა ან დახმარების მასალების მიწოდება და რომელიც ითვალისწინებს საგანგებო სიტუაციის იმავდროული ეფექტის კონტროლს; „კომპეტენტური ორგანო“: თითოეული მხარის მიერ განსაზღვრული ორგანო, რომელიც ახორციელებს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ქმედებების მართვასა და კოორდინაციას; „ტრანზიტის სახელმწიფო“: სახელმწიფო, რომლის ტერიტორიის გავლით ხორციელდება მაშველთა ჯგუფების ან/და ექსპერტების, აღჭურვილობისა და დახმარების მასალების ტრანსპორტირება მესამე ქვეყნისთვის დახმარების აღმოსაჩენად. მუხლი 3🔗 კომპეტენტური ორგანოები და საკონტაქტო პუნქტები (1) წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, მხარეები უშუალოდ თანამშრომლობენ მათი კომპეტენციის ფარგლებში თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობების შესაბამისად. (2)  წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე კომპეტენტური ორგანოები არიან: -  საქართველოს მხრიდან: შინაგან საქმეთა სამინისტრო; -   ბულგარეთის რესპუბლიკის მხრიდან: შინაგან საქმეთა სამინისტრო. (3)  წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისას ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული მხარეთა კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილნი არიან დაუყოვნებლივ დაამყარონ პირდაპირი კონტაქტი. (4) წინამდებარე შეთანხმების მხარეები განსაზღვრავენ ერთ ან რამდენიმე საკონტაქტო პუნქტს საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში შეტყობინებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით. (5) კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ შემდეგი საკონტაქტო პუნქტების უწყვეტ ფუნქციონირებას: -  საქართველოს მხრიდან: შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო; -   ბულგარეთის რესპუბლიკის მხრიდან: შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახანძრო უსაფრთხოებისა და მოსახლეობის დაცვის გენერალური დირექტორატი. (6) მხარეები დიპლომატიური არხებით, წერილობითი ფორმით, დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ერთმანეთს კომპეტენტურ ორგანოებსა და საკონტაქტო პუნქტებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას. მუხლი 4🔗 თანამშრომლობის ფორმები (1)  წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში და თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობების შესაბამისად, მხარეები თანასწორობის, ნაცვალგებისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე თანამშრომლობენ  შემდეგი ფორმებით: a)   ნებაყოფლობითი დახმარების აღმოჩენა და ინფორმაციის მიწოდება მოთხოვნისთანავე საგანგებო სიტუაციის ან მისი წარმოქმნის საფრთხის შემთხვევაში; b) საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილებასთან, მასზე მზადყოფნასა და რეაგირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ტექნიკური და სამართლებრივი დოკუმენტაციის, მეთოდოლოგიური და სხვა ლიტერატურის, ვიდეო და ფოტო მასალების გაცვლა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში; c)მაშველთა ჯგუფების აღჭურვილობით მომარაგება; d) ექსპერტთა ერთობლივი შეხვედრების, სამუშაო შეხვედრების, კონფერენციებისა და წვრთნების ორგანიზება/ჩატარება; e)  გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა; f) ექსპერტთა გაცვლისა და ტრენინგის ორგანიზება, მათ შორის ლექტორებისა და ინსტრუქტორების გაცვლა შესაბამისი სასწავლო ცენტრებიდან და დაწესებულებებიდან თითოეული მხარის მოთხოვნის საფუძველზე; g)   საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების, მასზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში პროექტებისა და კვლევითი სამუშაოების ერთობლივი დაგეგმვა, განვითარება და განხორციელება. (2) წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ დაამყარონ თანამშრომლობა ასევე სხვა ფორმებით და შექმნან სამუშაო ჯგუფები თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობების შესაბამისად. (3) საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მხარეები აღმოუჩენენ ერთმანეთს დახმარებას შესაძლებლობების ფარგლებში. (4)  ექსპერტთა გაცვლის და სხვა ხარჯები დაიფარება გამგზავნი მხარის მიერ, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. (5) იმ ამოცანების შესასრულებლად და იმ პროგრამების იმპლემენტაციისთვის აუცილებელი აღჭურვილობის, მასალების, სხვა მარაგებისა და მომსახურების გაცვლა, რომლებთან დაკავშირებითაც იქნა მიღწეული შეთანხმება, განხორციელდება თითოეული მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 5🔗 ნებაყოფლობითი დახმარების აღმოჩენის პროცედურა (1) საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მაშველთა ჯგუფების ან/და ექსპერტების ჩართვით, აგრეთვე დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებისთვის დახმარების მასალების მიწოდებით. (2)    დახმარების შესახებ მოთხოვნა შედგენილი უნდა იქნეს წერილობით ინგლისურ ენაზე და მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ მასში უნდა მიუთითოს: a)   მოთხოვნის წარმდგენ მხარეში მომხდარი საგანგებო სიტუაციის სახეობა, მასშტაბი, მდებარეობა, დრო და მიმდინარე სტატუსი და იმ დაწესებულებებისა და პირთა მონაცემები, რომლებთანაც უნდა მოხდეს დაკავშირება; b)   ინფორმაცია საგანგებო სიტუაციასთან გამკლავებისათვის გატარებული და დაგეგმილი ქმედებების შესახებ; c)    დახმარების სახეობა და პრიორიტეტები, რომლებიც მოთხოვნილია მაშველთა ჯგუფების ან/და ექსპერტების, აღჭურვილობის, აგრეთვე დახმარების მასალების თვალსაზრისით. (3) დახმარების აღმომჩენი მხარე აგზავნის გაწვრთნილ და აღჭურვილ ჯგუფს საგანგებო სიტუაციასთან გამკლავების მიზნით ზემოაღნიშნულ პუნქტში მითითებული მოთხოვნის შესაბამისად. (4)  დახმარების აღმოსაჩენად გაგზავნილი მაშველთა ჯგუფების ან/და ექსპერტების, აგრეთვე აღჭურვილობისა და დახმარების მასალების ტრანსპორტირება შეიძლება განხორციელდეს სახმელეთო, საჰაერო ან საწყალოსნო გზით. ტრანსპორტირების ხარჯები დაიფარება დახმარების აღმომჩენი მხარის მიერ. მუხლი 6🔗 მაშველთა ჯგუფების ან/და ექსპერტებისთვის გათვალისწინებული საზღვრის კვეთის პროცედურები და ყოფნის წესები (1) მოთხოვნის წარმდგენი მხარე მიიღებს ყველა შესაძლო ზომას, რათა ხელი შეუწყოს დახმარების აღმომჩენი მხარის მაშველთა ჯგუფების ან/და ექსპერტების მიერ საზღვრის კვეთას. (2)  მაშველთა ჯგუფის ხელმძღვანელი მოთხოვნის წარმდგენი მხარის სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ოფიცრებს ინგლისურ ენაზე წარუდგენს დახმარების აღმომჩენი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებულ შემდეგ დოკუმენტებს: a)   მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ დამტკიცებული, სტანდარტული ფორმით შედგენილი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მაშველთა ჯგუფების ან/და ექსპერტების უფლებამოსილებას და მოთხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე მათი ჩასვლის მიზანს; b)   მაშველთა ჯგუფების წევრების ან/და ექსპერტების სია და აღჭურვილობისა და სატრანსპორტო საშუალებების სია; c)    დახმარების მასალების სია. (3)  მძღოლები წარადგენენ შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობებს და მათ სარეგისტრაციო მოწმობებს. (4) მაშველთა ჯგუფების წევრებს ან/და ექსპერტებს შეუძლიათ შევიდნენ მხარეთა ტერიტორიაზე ორივე მხარისთვის ძალაში მყოფი საერთაშორისო შეთანხმებებისა და თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობების შესაბამისად და მას შემდეგ, რაც ისინი წარადგენენ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ დოკუმენტებს და მოქმედ სამგზავრო დოკუმენტებს. (5) მაშველთა ჯგუფების მიერ სამაშველო ძაღლებთან ერთად მოთხოვნის წარმდგენი მხარის საზღვრის კვეთის და აღნიშნული მხარის ტერიტორიაზე მათი ყოფნის პროცედურა განისაზღვრება აღნიშნული მხარის მიერ დადგენილი საკარანტინო წესების შესაბამისად. (6)   მაშველთა ჯგუფის წევრებს შეუძლიათ ატარონ უნიფორმა მოთხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე. დახმარების აღმომჩენი მხარის მაშველთა ჯგუფი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალებებზე გამოიყენოს თავისი განმასხვავებელი ნიშნები მოთხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე. (7)საზღვრის კვეთის პროცედურა, წინამდებარე მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, გამოიყენება აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი მხარე არის ტრანზიტის სახელმწიფო იმ მესამე ქვეყანასთან მიმართებაში, რომელიც ითხოვს დახმარებას საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით. წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული კომპეტენტური ორგანოები დროულად ატყობინებენ ერთმანეთს მესამე ქვეყნისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით სატრანზიტო გასასვლელის საჭიროების შესახებ და კოორდინაციას უწევენ აღჭურვილობისა და დახმარების მასალების სატრანზიტო გადატანის პროცედურას. მუხლი 7🔗 აღჭურვილობისა და დახმარების მასალების საზღვარზე გადატანა (1) მხარეები უზრუნველყოფენ აღჭურვილობისა და დახმარების მასალების საზღვარზე გადატანის გამარტივებულ პროცედურას. (2)  მაშველთა ჯგუფის წევრებს ან/და ექსპერტებს, რომლებიც გაგზავნილნი არიან  დახმარების აღმოსაჩენად, არ აქვთ უფლება ატარონ იარაღი და საბრძოლო მასალები მოთხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე. (3)  ნაცვალგების საფუძველზე მხარეები თანხმდებიან, რომ აღჭურვილობა მოთხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე გამოყენებული იქნება გარკვეული ვადით, უფასოდ, და მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. (4) მხარეთა შეთანხმებით, საქონლის საზღვარზე გადატანისთვის გათვალისწინებული შეზღუდვები ან აკრძალვები არ გამოიყენება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აღჭურვილობასთან და დახმარების მასალებთან მიმართებაში. მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ უნდა დააბრუნოს აღჭურვილობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული აღჭურვილობა განადგურდა მისი გამოყენებისას, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ. ნებისმიერი აღჭურვილობა, რომელიც დატოვებულ იქნა როგორც დახმარების მასალა, დეტალურად აღირიცხება მაშველთა ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ შედგენილ ოქმში, სადაც განისაზღვრება მისი სახეობა, რაოდენობა და მდებარეობა, და დამოწმდება წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ. აღნიშნული ორგანოები ვალდებულნი არიან შეატყობინონ უფლებამოსილ საბაჟო სამსახურებს ოქმის შესახებ, რომელიც წარედგინება საბაჟო კონტროლის თანამშრომლებს მისიის დასრულების შემდეგ. (5)  წინა პუნქტის დებულებები, გარდა ამისა, გამოიყენება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების მოთხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე იმპორტის დროს და მათი გამოუყენებელი რაოდენობის დახმარების აღმომჩენი მხარისთვის უკან დაბრუნების დროს. საქონლის ნებისმიერი ასეთი გადაადგილება არ განიხილება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით დადგენილ იმპორტად და ექსპორტად. აღნიშნული მედიკამენტების იმპორტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ რაოდენობით, რამდენიც საჭიროა სამედიცინო დახმარების მიზნებით და შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ მოთხოვნის წარმდგენი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, მაშველთა ჯგუფის ხელმძღვანელი სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს წარუდგენს დეკლარაციას, სადაც მოცემული იქნება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების დასახელებათა ჩამონათვალი და მათი რაოდენობა. მაშველთა ჯგუფის ხელმძღვანელი ადგენს ოქმს მედიკამენტების გამოუყენებელი რაოდენობის შესახებ, რომელიც დამოწმდება წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ და წარედგინება საბაჟო კონტროლის თანამშრომლებს მისიის დასრულების შემდეგ. (6)  მოთხოვნის წარმდგენ მხარეს შეუძლია გააკონტროლოს ზემოაღნიშნული მედიკამენტების, აღჭურვილობისა და დახმარების მასალების გამოყენება და შენახვა. მუხლი 8🔗 საჰაერო ხომალდის გამოყენება (1) საჰაერო ხომალდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მაშველთა ჯგუფების სწრაფი ტრანსპორტირების, აგრეთვე წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით. (2) საჰაერო ხომალდის ფრენები განხორციელდება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის შესაბამისი რეგულაციების, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებისა და მხარეთა შორის მოქმედი შესაბამისი შეთანხმებების შესაბამისად. (3)  წინა პუნქტში მითითებულ საჰაერო ხომალდს შეუძლია განახორციელოს ფრენა მეორე მხარის ტერიტორიის თავზე, აგრეთვე დაეშვას და აფრინდეს საერთაშორისო აეროპორტებისა და რეგისტრირებული ასაფრენი ბილიკების ფარგლებს გარეთ, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული კომპეტენტური ორგანოების მიერ   განსაზღვრულ ადგილებში, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ფრენის განმახორციელებელი წესების გათვალისწინებით საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობების შესაბამისად. (4)  ორივე მხარის საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების ორგანოები წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე დაუყოვნებლივ ატყობინებენ ერთმანეთს სამაშველო ოპერაციების დროს საჰაერო ხომალდის გამოყენების თაობაზე და აწვდიან ერთმანეთს ზუსტ მონაცემებს საჰაერო ხომალდის ტიპისა და სარეგისტრაციო ნომრის, ეკიპაჟის, ტვირთის, გამგზავრების დროის, მოთხოვნილი მარშრუტისა და დაშვების ადგილის შესახებ. (5)წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლი ვრცელდება საჰაერო ხომალდის ეკიპაჟზე და მის მიერ ტრანსპორტირებული მაშველთა ჯგუფის წევრებზე. (6) წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლი ვრცელდება საჰაერო ხომალდზე და მის მიერ ტრანსპორტირებულ აღჭურვილობასა და დახმარების მასალებზე. (7)  საჰაერო ხომალდის საზღვრის კვეთისა და საბაჟო კონტროლი ხორციელდება მოთხოვნის წარმდგენი მხარის სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის თანამშრომლების მიერ აღნიშნული საჰაერო ხომალდის დაშვების ადგილზე. (8)  სამხედრო საჰაერო ხომალდი გამოიყენება მოთხოვნის წარმდგენი მხარის მკაფიო წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. მუხლი 9🔗 საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ოპერაციების კოორდინაცია და მართვა (1)  საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ოპერაციების კოორდინაცია და მართვა განეკუთვნება მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტური ორგანოს კომპეტენციას. (2)  მოთხოვნის წარმდგენი მხარე მაშველთა ჯგუფების ხელმძღვანელებს ან/და ექსპერტებს აცნობებს საგანგებო სიტუაციის ზონასა და ქმედებების განხორციელებისთვის განსაზღვრულ ადგილებში მოვლენათა განვითარების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს თარჯიმნებით დახმარებასა და ოპერატიულ შტაბთან კომუნიკაციის საშუალებებს. (3) მაშველთა ჯგუფებს ან/და ექსპერტებს, თავიანთ აღჭურვილობასთან ერთად, უნდა შეეძლოთ დამოუკიდებლად ოპერაციის წარმოება საგანგებო სიტუაციის ზონაში მისვლიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში. მუხლი 10🔗 საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ოპერაციების ხარჯები (1)  დახმარების აღმომჩენ მხარეს არ აქვს უფლება მოთხოვოს მოთხოვნის წარმდგენ მხარეს დახმარების აღმოჩენისას გაწეული რაიმე ხარჯის ანაზღაურება. გარდა ამისა, აღნიშნული აგრეთვე ეხება სხვა ნებისმიერ ხარჯსაც, რომელიც გამოწვეულია აღჭურვილობის გამოყენების, დაზიანების ან დაკარგვის შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღჭურვილობის დაზიანება ან დაკარგვა ექსკლუზიურად ხდება მოთხოვნის წარმდგენი მხარის თანამშრომლების ან მოქალაქეების შეცდომის გამო. (2) ამ მუხლის პირველი პუნქტი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ დახმარების ხარჯები მთლიანად ან ნაწილობრივ ფინანსდება. დახმარების აღმომჩენ მხარეს ენიჭება პრიორიტეტი აღნიშნული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. (3) მოთხოვნის წარმდგენი მხარე ფარავს ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ მისი მოთხოვნით განხორციელებული იმ სამაშველო ოპერაციების ხარჯებს, რომლებიც შესაძლებელი გახდა დახმარების აღმომჩენი მხარის შუამავლობის გზით. (4) მოთხოვნის წარმდგენი მხარე დახმარების აღმომჩენი მხარის მიერ გაგზავნილ მაშველთა ჯგუფებს ან/და ექსპერტებს უზრუნველყოფს უსაფრთხოებით და უფასო სამედიცინო დახმარებით, აგრეთვე ლოგისტიკური მხარდაჭერით თავიანთი მისიის განხორციელების პერიოდში. (5)  ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დახმარების აღმოსაჩენად, თავისუფლდება მგზავრობასთან დაკავშირებული და სხვა გადასახადებისგან. მუხლი 11🔗 ზიანი და ანაზღაურება (1) დახმარების აღმომჩენი მხარე უარს განაცხადებს ზიანის ანაზღაურების შესახებ ნებისმიერ საჩივარზე, რომლითაც შეიძლება მიმართონ აღნიშნულ მხარეს ან დახმარების აღმოსაჩენად მის მიერ გაგზავნილ ნებისმიერ ექსპერტს, თუ: a)   ქონება დაზიანდა მაშველთა ჯგუფების ან ექსპერტების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებისას; b)   მაშველთა ჯგუფის წევრს ან/და ექსპერტს ფიზიკური ზიანი, ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა ან მათი სიკვდილი დადგა თავიანთი მოვალეობების განხორციელების პროცესში. (2) თუ დახმარების აღმომჩენი მხარის მაშველთა ჯგუფის რომელიმე წევრი ან/და ექსპერტი მოთხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე მიაყენებს რაიმე ზიანს მესამე მხარეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების პროცესში, აღნიშნული ზიანი ანაზღაურდება მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ისეთი შემთხვევების გათვალისწინებით, როდესაც ასეთი ზიანი გამოწვეულია ხოლმე აღნიშნული მხარის მოქალაქეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას. (3) მაშველთა ჯგუფების რომელიმე წევრის ან/და ექსპერტის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანი ანაზღაურდება დახმარების აღმომჩენი მხარის მიერ, იმის გათვალისწინებით, თუ მოთხოვნის წარმდგენი მხარე ასეთი ზიანის ფაქტს დაამტკიცებს სასამართლოში. (4)  მხარეები მე-3 მუხლისა და თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობების შესაბამისად თანამშრომლობენ, რათა ხელი შეუწყონ ზიანთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. მხარეები ცვლიან ყველა მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას ზიანის გამოწვევის ყველა შემთხვევაზე, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ მუხლის ფარგლებში მოცემული მნიშვნელობით. მუხლი 12🔗 კომუნიკაცია საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ოპერაციების დროს წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ ყველა აუცილებელი ზომის მიღებას საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ოპერაციების განხორციელების ადგილას საიმედო კომუნიკაციის დასამყარებლად მაშველთა ჯგუფების ან/და ექსპერტების საჭიროებებისათვის. მუხლი 13🔗 საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ოპერაციების შეწყვეტა მაშველთა ჯგუფები ან/და ექსპერტები დაუყოვნებლივ წყვეტენ თავიანთ მოქმედებებს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტური ორგანოს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში. მუხლი 14🔗 დავების მოგვარება ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით. მუხლი 15🔗 სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს მხარეების იმ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობენ მხარეების მიერ დადებული ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებიდან და შეთანხმებიდან. მუხლი 16🔗 დასკვნითი დებულებები (1) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. (2)  წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები მხარეების ურთიერთშეთანხმებით, დამატებითი დოკუმენტების მეშვეობით. აღნიშნული დამატებითი დოკუმენტები წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ და ძალაში შედიან მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. (3)  წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს მისი მოქმედება მეორე მხარისთვის დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება წყვეტს მოქმედებას მეორე მხარის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ. შესრულებულია ქ. თბილისში 2015 წლის 15 ოქტომბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბულგარულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განმარტებისას ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს. საქართველოს სახელით (ხელმოწერილია) ბულგარეთის რესპუბლიკის  სახელით (ხელმოწერილია)