შპს „,იოლი სუპერმარკეტი“-ს კრედიტორთა კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
კრედიტორთა კრების ოქმი
(ამონაწერი)
საქმე № 2-14922-14
ქ . თბილისი
2016 წლის 15 აპრილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე : ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი : მარი კირვალიძე
შპს ,,იოლი სუპერმარკეტის ” კრედიტორთა კრება .
მოსამართლე აცხადებს განჩინებას გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გაკოტრების შესახებ.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება იწყება მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად სასამართლოს მიერ გაკოტრების შესახებ გამოტანილი განჩინების გამოქვეყნებიდან. სასამართლოს განჩინება გაკოტრების შესახებ ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
შპს ,,იოლი სუპერმარკეტის” მომრიგებელი საბჭოს მიერ 2016 წლის 7 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,იოლი სუპერმარკეტის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
2016 წლის 30 მარტს სასამართლოს ერთობლივი განცხადებით მომართეს კრედიტორებმა: შპს ,,საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდმა”, კ/ს ,,SEAF Caucasus growth Fund LLP” და ნანა ამისულაშვილმა. განცხადების მიხედვით, კრედიტორების მიერ გაკოტრების მმართველად დასახელებული იქნა ნანა ამისულაშვილი, ხოლო თავის მხრივ ნანა ამისულაშვილმა თანხმობა გამოთქვა შპს ,,იოლი სუპერმარკეტის” გაკოტრების მმართველად დანიშვნის შესახებ.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გაკოტრების მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. გაკოტრების მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. გაკოტრების მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე.
გაკოტრების მმართველის კანდიდატურა კრედიტორთა განმარტებით აკმაყოფილებს ,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს და კრედიტორთა კრებაზე ხმათა 50%-ზე მეტის მფლობელმა კრედიტორებმა მხარი დაუჭირეს გაკოტრების მმართველად ნანა ამისულაშვილის დანიშვნას.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,იოლი სუპერმარკეტი”-ს მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და კრედიტორთა გადაწყვეტილების შესაბამისად გაკოტრების მმართველად უნდა დაინიშნოს ნანა ამისულაშვილი (პ/ნ 13001006578), ხოლო მეურვეს – ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნულ ბიუროს, უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17, 27-ე, 36-ე, 37-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
ადგილზე თათბირით დაადგინა:
1. შპს ,,იოლი სუპერმარკეტის” მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.
2. შპს ,,იოლი სუპერმარკეტის” გაკოტრების მმართველად დაინიშნოს ნანა ამისულაშვილი (პ/ნ 13001006578).
3. მეურვეს – სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუწყდეს უფლებამოსილება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე : ლაშა ქოჩიაშვილი