⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.11.2017)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კინოცენტრ „ქართული ფილმი - აფხაზეთის” შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.05.2016
ძალის დაკარგვა 17.11.2017
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016188
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,539 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.05.2016 მიღება
17.11.2017 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კინოცენტრ „ქართული ფილმი - აფხაზეთის” შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №20 2016 წლის 11 მაისი  ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კინოცენტრ „ქართული ფილმი - აფხაზეთის” შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და მე-10 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად: 1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კინოცენტრი „ქართული ფილმი - აფხაზეთი”. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კინოცენტრ  „ქართული ფილმი -აფხაზეთის” თანდართული დებულება. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კინოცენტრ  „ქართული ფილმი - აფხაზეთის” სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დ.ჯაიანი) 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დ. ჯაიანი) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კინოცენტრ „ქართული ფილმი - აფხაზეთის” ხელმძღვანელის კანდიდატურის დასანიშნად წარმოდგენა. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დ. ჯაიანი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ.ფარფალია), საჯარო სამართლის იურიდიული პირის კინოცენტრ „ქართული ფილმი - აფხაზეთისთვის” საჭირო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით, უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ. ფარფალია) წარმოადგინოს  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში  ცვლილებების პროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კინოცენტრ „ქართული ფილმი - აფხაზეთის” დაფინანსებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ. 7. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია). მუხლი 2🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                       ვახტანგ ყოლბაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - კინოცენტრ „ქართული ფილმი - აფხაზეთის“ დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კინოცენტრი „ქართული ფილმი - აფხაზეთი” (შემდგომში – კინოცენტრი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”  საქართველოს კანონის შესაბამისად  შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 2. კინოცენტრის სრული სახელწოდებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კინოცენტრი „ქართული ფილმი - აფხაზეთი”. 3. კინოცენტრს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო ანგარიში, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში. 4. კინოცენტრს უფლება აქვს, განახორციელოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებული უფლებები და მოვალეობები, დადოს ხელშეკრულებები (გარიგებები), საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები და გამოვიდეს მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ სასამართლოში. 5. კინოცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №68. მუხლი 2🔗. კინოცენტრის  მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი და უფლება-მოვალეობები 1. კინოცენტრის ძირითად მიზანს წარმოადგენს: ა) ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარების ხელშეწყობა; ბ) აფხაზეთის ახალგაზრდების შემოქმედებითი განვითარება; გ) ქართულ-აფხაზურ საზოგადოებაში მაღალმხატვრული ღირებულებებისა და ფასეულობების დამკვიდრება ფილმების წარმოება-გავრცელების  გზით; დ) აფხაზეთის ახალგაზრდების კულტურულ-შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობა; ე) საგანმანათლებლო საქმიანობა ფილმის წარმოების სწავლების მიზნით. 2. კინოცენტრის საქმიანობის საგანია: ა)  მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური და საგანმანათლებლო ფილმების შექმნა; ბ) ქართულ-აფხაზურ კულტურასთან დაკავშირებული ფილმების მოძიება, აღდგენა, ჩვენება; გ) ქართულ-აფხაზურ კულტურასთან დაკავშირებული ფილმების ვიდეოთეკის შექმნა; დ)  ვიდეოთეკის ბაზაზე შექმნილი, მოძიებული, აღდგენილი ფილების საქართველოში არსებული არხებისადმი მიწოდება მათი ფართო საზოგადოების გაცნობის მიზნით, ამ მიზნით საქართველოს სამაუწყებლო არხებთან თანამშრომლობა; ე) საგანმანათლებლო ფილმების ფესტივალების მოწყობა; ვ) სასწავლო ცენტრების გახსნა და ფილმწარმოების სწავლების უზრუნველყოფა. 3. კინოცენტრის უფლებაა: ა) შემოქმედებით საქმიანობაში დამოუკიდებლობა და თავისუფლება; ბ) მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით სარგებლობა; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოქმედებითი საქმიანობის წარმართვა, რომელიც ემსახურება  წინამდებარე დებულების ძირითადი მიზნის მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  კანონმდებლობას; დ) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს საქმიანობის თავისუფლებას შემოქმედებით მიმართულებათა არჩევაში; ე) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით გახსნას და დააფინანსოს თავის სტრუქტურაში შემავალი ფილიალები ან წარმომადგენლობები; ზ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი პროგრამა და წარმართოს საქმიანობა; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს დამხმარე სახის სამეწარმეო საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), რომლის მიზანია კინოცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება, მუშაკთა სოციალური დაცვა, შრომის ეკონომიკური სტიმულირება, აგრეთვე კინოცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილება; ი) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, აგრეთვე კინოცენტრის დებულების შესაბამისად. 4. კინოცენტრი ვალდებულია: ა) წარმართოს საკუთარი საქმიანობა საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების,  სხვა ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე დებულების  შესაბამისად;  ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობები კანონმდებლობის შესაბამისად; გ) უზრუნველყოს თავის სარგებლობაში არსებული ქონების დაცვა-უსაფრთხოება ყველა წესის გათვალისწინებით; დ) აწარმოოს შემოქმედებითი და საფინანსო საქმიანობის ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს კინოცენტრის საშტატო ერთეულისა და სახელფასო ფონდის ოდენობა; ვ) შეიმუშაოს კინოცენტრის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. განსაზღვროს კინოცენტრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს შემოქმედებითი კადრების გაცვლასა და სხვა პროექტების განხორციელებას საზღვარგარეთის ქვეყნებთან. 5. კინოცენტრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 6. მე-5 პუნქტის  „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა. 7. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი მე-5 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში. მუხლი 3🔗. კინოცენტრის მართვა 1. კინოცენტრის მართვა ხორციელდება საქართველოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად. 2. კინოცენტრის მართვას ახორციელებს კინოცენტრის დირექტორი. 3. კინოცენტრის დირექტორს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 4. კინოცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება და ა.შ.) მის მოვალეობას ასრულებს კინოცენტრის ერთ-ერთი  თანამშრომელი კინოცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე. 5. კინოცენტრის დირექტორი: ა) უძღვება კინოცენტრის საქმიანობას და აწესრიგებს იმ საკითხებს, რომლებიც განეკუთვნება  კინოცენტრის გამგებლობის სფეროს; ბ)  პასუხისმგებელია კინოცენტრის საქმიანობაზე; გ)  შეიმუშავებს წლიურ ბიუჯეტს და სამუშაო გეგმებს; დ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას კინოცენტრის თანამშრომლების საქმიანობაზე; ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან  შეთანხმებით განსაზღვრავს და ამტკიცებს კინოცენტრის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კინოცენტრის თანამშრომლებს; ზ) მონაწილეობს კინემატოგრაფიის საკითხებზე გამართულ სახელმწიფო და სხვა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ღონისძიებებში; თ) დებს გარიგებებს დადგენილი წესით; ი)  აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; კ) ხელმძღვანელობს კინოცენტრის მიერ შექმნილი პროდუქციის წარდგენასა და გაყიდვას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ლ) ახდენს სპონსორების მეშვეობით ფინანსების მოზიდვას; მ) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას. 6. საჭიროების შემთხვევაში კინოცენტრს  შეიძლება ჰყავდეს: ა) სამხატვრო ხელმძღვანელი; ბ) სამხატვრო საბჭო. 7. კინოცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ა) კინოცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი არის პროფესიით კინორეჟისორი ან კინოს დარგში არანაკლებ 3 წლის  გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს კინოცენტრის დირექტორი; ბ) მონაწილეობს თანამშრომელთა მიღებასა და გათავისუფლების საკითხების განხილვაში, მათთვის საკონტრაქტო პირობების განსაზღვრაში, შინაგანაწესის მომზადებაში, საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრაში; გ) დირექტორთან ერთად, წარმართავს კინოცენტრის შემოქმედებით მოღვაწეობას და პასუხისმგებელია მის საშემსრულებლო ხარისხსა და საზოგადოებრივ რეპუტაციაზე; დ) დირექტორთან ერთად, ადგენს კინოცენტრის გეგმას და მონაწილეობს მის განხორციელებაში; ე) საქართველოს და საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას დირექტორის მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენს კინოცენტრს და იცავს მის ინტერესებს. დირექტორს  წარუდგენს რეკომენდაციას კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებით; ვ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს; ზ) ამყარებს შემოქმედებით ურთიერთობებს სხვა  ორგანიზაციებთან; თ) წარმართავს ფილმწარმოების სასწავლო პროცესს. 8. სამხატვრო საბჭო: ა) არის კინოს სფეროში განსაკუთრებული ღვაწლისა და გამოცდილების მქონე პირებით დაკომპლექტებული კინოცენტრის სათათბირო ორგანო; ბ) სამხატვრო საბჭოსთან განიხილება კინოცენტრის შემოქმედებითი განვითარების სტრატეგია, სამხატვრო ხელმძღვანელის/დირექტორის მიერ დასმული შემოქმედებითი საკითხები; გ) სამხატვრო საბჭოს მუშაობას კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს   სამხატვრო  ხელმძღვანელი; დ) სამხატვრო  ხელმძღვანელის წარდგინებების და კანდიდატებთან მოლაპარაკებების შემდეგ სამხატვრო საბჭოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას ამტკიცებს კინოცენტრის დირექტორი; ე) სამხატვრო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 5 წლის ვადით; ვ) სამხატვრო საბჭოს წევრები არ იღებენ შრომის ანაზღაურებას; ზ) სამხატვრო საბჭოს საჭიროების შემთხვევაში იწვევს კინოცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი  ან დირექტორი; თ)  სამხატვრო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. თანაბარი ხმების შემთხვევაში გადამწყვეტია სამხატვრო ხელმძღვანელის ხმა; ი)  სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმის სახით და წარედგინება კინოცენტრის დირექტორს; კ) სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილებები კინოცენტრის დირექტორისათვის  სარეკომენდაციო ხასიათისაა. მუხლი 4🔗. კინოცენტრის ქონება და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა 1. კინოცენტრის საკუთრებას წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრება და მის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივები.   2. კინოცენტრს უფლება აქვს, პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგოს როგორც კანონით ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად, ასევე პროდუქციის რეალიზაციიდან დარჩენილი შემოსავლები. აღნიშნული სახსრები, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ, მთლიანად ხმარდება კინოცენტრს. მუხლი 5🔗. კინოცენტრის დაფინანსების წყაროები 1. კინოცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით, ფასიანი მომსახურების გაწევით, შემოქმედებით შეკვეთებისა და სხვა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი; დ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კინოცენტრის შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად; ე) გრანტებისა და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავალი; ვ)  კინოცენტრის ეგიდით დაფინანსებული და წარმოებული  ფილმების დემონსტრაციის შედეგად მიღებული შემოსავლები;  ზ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები ხმარდება მხოლოდ კინოცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, მისი უფლებამოსილებისა და ფუნქციების აღსრულებას. მუხლი 6🔗. კინოცენტრის საქმიანობის ბუღალტრული ანგარიშგება და კონტროლი 1. კინოცენტრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 2. კინოცენტრი აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას და წარადგენს ანგარიშგებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. მიმდინარე წლის დასრულებამდე უფლებამოსილ ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგენს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს. მუხლი 7🔗. კინოცენტრის სახელმწიფო კონტროლი 1. კინოცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. კინოცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კინოცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.      მუხლი 8🔗. კინოცენტრის ლიკვიდაცია-რეორგანიზაცია 1. კინოცენტრის   ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია  ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.