შპს „თერჯოლაგაზი“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმის №2/3565-16 ( 330210316001252965 )
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2016 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს ,,თერჯოლაგაზი’’ (ს/კ 231962178)
დირექტორი: მალხაზ ალბორაშვილი
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,თერჯოლაგაზის’’ (ს/კ 231962178) დირექტორმა მალხაზ ალბორაშვილმა და მოითხოვა შპს ,,თერჯოლაგაზის’’ (ს/კ 231962178) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ საწარმოს მიმართ კრედიტორთა ვადამოსული ჯამური მოთხოვნა შეადგენს 2 717 922 (ორი მილიონ შვიდას ჩვიდმეტი ათას ცხრაასოცდაორი) ლარს. შპს ,,თერჯოლაგაზი’’ (ს/კ 231962178) აქტივების არარსებობის გამო ვერ ახერხებს დავალიანების გადახდას. საწარმოს არ გააჩნია ქონება; საბანკო ანგარიშებზე, რომელიც საწარმოს გახსნილი აქვს სს ,,საქართველოს ბანკსა’’ და სს ,,ლიბერთი ბანკში”, თანხა არ ერიცხება. ორგანიზაციას ჰყავს როგორც არაუზრუნველყოფილი კრედიტორები - სს ,,დელფი”, შპს ,,ბაგები სითი ჯგუფი”, სს ,,პარკ-პლეისი”, ისე, უზრუნველყოფილი კრედიტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური. საწარმო შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გამო ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ,,თერჯოლაგაზს’’ (ს/კ 231962178) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლო მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,თერჯოლაგაზის’’ (ს/კ 231962178)
მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით. ამასთან, თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორები გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ წარადგენდნენ, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 7 მარტს. აღნიშნული განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2016 წლის 7 მარტს, შპს ,,ბაგები სითი ჯგუფს”- 2016 წლის 9 მარტს, სს ,,პარკ-პლეისის” გაკოტრების მმართველს - აღსრულების ეროვნული ბიუროს (წარმომადგენელი ირაკლი წიკლაური) 2016 წლის 16 მარტს, ხოლო სს ,,დელფს” - 2016 წლის 19 აპრილს. ამასთან, სს ”დელფის” დირექტორმა განაცხადა, რომ მას არანაირი პრეტენზია არ აქვს შპს ”თერჯოლაგაზთან”. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს ,,თერჯოლაგაზის’’ (ს/კ 231962178) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
ის გარემოება, რომ შპს ,,თერჯოლაგაზის’’ (ს/კ 231962178) კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს ,,თერჯოლაგაზის’’ (ს/კ 231962178) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7-8, მე-19-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,თერჯოლაგაზი’’ (ს/კ 231962178) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. შპს ,,თერჯოლაგაზს’’ (ს/კ 231962178) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მოვალემ.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით, განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე: ბესიკ სისვაძე