საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 18.05.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №221
სარეგისტრაციო კოდი 480060000.10.003.019286
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,769 სიტყვა · ~14 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის კანონი 93% 25.03.2020 „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 24.04.1963 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის კანონი 92% 20.12.2018 „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 06.10.2017 „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 20.05.2015

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №221 2016 წლის 18 მაისი ქ. თბილისი საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „საკონსულო  საქმიანობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ  დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულება თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულება (შემდგომში - დებულება) აწესრიგებს საქართველოს  საპატიო კონსულის (შემდგომში - საპატიო კონსული) კანდიდატის შერჩევის, მისი დანიშვნის, მის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულების,  საქმიანობისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესს. მუხლი 2🔗. სამართლებრივი საფუძვლები 1.  საქართველოს საპატიო კონსულის  ხელმძღვანელობით, საკონსულო დაწესებულების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები,  საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, საერთაშორისო  ჩვეულებითი სამართალი,  „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს დადგენილება და საქართველოს სხვა  საკანონმდებლო და  კანონქვემდებარე აქტები. 2. ამ წესში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „საკონსულო  ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის, „საკონსულო  საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 3🔗.  საქართველოს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით გახსნილი  საკონსულო  დაწესებულების ხელმძღვანელები  საპატიო კონსული ექვემდებარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) და მოქმედებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების, ხოლო თუ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება (მათ შორის, აკრედიტაციის ქვეყნის ჩათვლით) - სამინისტროს მითითებებით,  სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი ტერიტორიული ან/და ფუნქციონალური დეპარტამენტების ხელმძღვანელობით (შემდგომში - ხელმძღვანელი დაწესებულებები). მუხლი 4🔗. საკოორდინაციო საბჭო საპატიო კონსულის კანდიდატურათა განხილვის, გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით საპატიო კონსულის საჭიროებების განსაზღვრის, საპატიო კონსულის საქმიანობის შეფასებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისათვის (შემდგომში - მინისტრი)  შესაბამისი დასკვნების მომზადების მიზნით, მინისტრის ბრძანებით იქმნება საპატიო კონსულების საქმიანობის საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საკოორდინაციო საბჭო), რომელსაც ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე. მუხლი 5🔗. საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების ფუნქციები და ამოცანები საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების ძირითადი  ფუნქციები და ამოცანებია: ა) მჭიდრო ურთიერთობის დამყარება ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან, საქართველოსათვის კონკრეტული  სახელმწიფოსა და საკონსულო ოლქის  პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე; ბ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან ან/და რეგიონთან სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული თანამშრომლობის განვითარება/გაღრმავება, ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის წახალისება; გ) საქართველოს ფიზიკური პირებისა და საქართველოში რეგისტრირებული  იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; დ)  სამინისტროს მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება. მუხლი 6🔗. საკონსულო ოლქის განსაზღვრა 1.  საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების საკონსულო ოლქის (შემდგომში - ოლქი) ფარგლებში შემავალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული  ერთეულები უნდა იყოს მომიჯნავე და არ უნდა შედიოდეს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით  შექმნილ საქართველოს სხვა საკონსულო დაწესებულების  ოლქში. 2. საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების ოლქი  მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება ემთხვეოდეს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში გახსნილ საქართველოს სხვა საკონსულო დაწესებულების ოლქს, რომელსაც ხელმძღვანელობს საშტატო თანამდებობაზე დანიშნული საკონსულო თანამდებობის პირი, თუ შესაბამისი ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამის წინააღმდეგი არ არის. 3.  საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით  შექმნილი საკონსულო დაწესებულება არ შეიძლება გაიხსნას იმ ქალაქში,  სადაც  არის განლაგებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება ან  საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით  საქართველოს სხვა საკონსულო დაწესებულება. 4. საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების კლასი შეიძლება იყოს მხოლოდ საკონსულო. თავი II. საპატიო კონსულობის კანდიდატის შერჩევა და გადაწყვეტილების მიღება მუხლი 7🔗.  წინადადებების მომზადება საპატიო კონსულის საჭიროების თაობაზე 1. საპატიო კონსულის საჭიროების თაობაზე წინადადებას ამზადებს და  საკოორდინაციო საბჭოს განსახილველად წარუდგენს  საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება, სამინისტროს  ცენტრალური აპარატის ტერიტორიული ან/და ფუნქციონალური  დეპარტამენტი. 2. საპატიო კონსულის საჭიროების თაობაზე  წინადადებაში მიეთითება: ა)  სახელმწიფო/გეოგრაფიული რეგიონი, სადაც აუცილებელია საპატიო კონსულის დანიშვნა; ბ) საპატიო კონსულის დანიშვნის აუცილებლობის დასაბუთება; გ) საპატიო კონსულის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის მიმართულებები; დ) ინფორმაცია საპატიო კონსულობის კანდიდატის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  3. საკოორდინაციო საბჭო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით   გათვალისწინებულ წინადადებას და  ამზადებს დასკვნას მინისტრისათვის წარსადგენად. 4. საკოორდინაციო საბჭოს დასკვნა, მინისტრის შესაბამის გადაწყვეტილებასთან ერთად, ეგზავნება საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას. მუხლი 8🔗. საპატიო კონსულობის კანდიდატის შერჩევა 1. მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია, შეარჩიოს საპატიო კონსულობის კანდიდატი (შემდგომში - კანდიდატი), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ დებულების მე-9 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება საქართველოს იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე/საკონსულო დაწესებულებაზე, რომელმაც საპატიო კონსულის საჭიროების თაობაზე წინადადების წარდგენისას, ასევე წარადგინა ინფორმაცია  კანდიდატის შესახებ. მუხლი 9🔗. საპატიო კონსულობის კანდიდატის მოთხოვნები 1. საპატიო კონსულობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს: ა) გამოირჩეოდეს შესაბამისი რეპუტაციით და სანდოობით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში; ბ) ჰქონდეს საერთაშორისო და ბიზნესურთიერთობების გამოცდილება; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უნდა უწყობდეს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას; დ) ჰქონდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეობა ან საქართველოს მოქალაქეობა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა; ე) ჰქონდეს კარგად ორგანიზებული საკონსულო დაწესებულების შექმნის შესაძლებლობა, რაც გულისხმობს შემდეგს: ე.ა) გააჩნდეს საკმარისი მატერიალური შესაძლებლობა იმისათვის, რომ მთლიანად დააფინანსოს საკონსულო დაწესებულების საქმიანობა; ე.ბ) ჰქონდეს საკონსულო დაწესებულების საქმიანობისათვის აუცილებელი შენობა ან საოფისე ფართობი ან შეეძლოს მისი ყიდვა ან დაქირავება იმ ქალაქში, სადაც იქნება საკონსულო დაწესებულების რეზიდენცია; ე.გ) გააჩნდეს მასზე დაკისრებული საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის შეძენის შესაძლებლობა; ე.დ) საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეეძლოს ხელმძღვანელი დაწესებულებებიდან მივლინებულ პირთათვის სათანადო პირობების შექმნა; ვ) შეეძლოს საქართველოს ეროვნულ  თუ სხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებების/მიღებების დაგეგმვა და ორგანიზება. 2. კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს შემდეგ ფაკულტატიურ მოთხოვნებს: ა) თავისი საქმიანობით გარკვეული დამსახურება მიუძღვოდეს საქართველოს წინაშე; ბ) იცნობდეს: ბ.ა) საქართველოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას; ბ.ბ)  საქართველოს კულტურასა და ეროვნულ ტრადიციებს; გ) ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას. 3. დაუშვებელია, კანდიდატი: ა) იყოს სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების, მისიის, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობის, სავაჭრო ან სხვა სახის წარმომადგენლობის თანამშრომელი ან რაიმე მისიით სხვა სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პირი; ბ)  ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ან  დაწესებულებაში; გ) იყოს ცენტრალური ან ადგილობრივი  თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩეული პირი; დ) ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას; ე) იღებდეს ანაზღაურებას ადგილსამყოფელი სახელმწიფოსაგან; ვ) ირიცხებოდეს ადგილსამყოფელი ან მესამე სახელმწიფოს სამხედრო ან სხვა ფორმის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ან აქტიურ რეზერვში;   ზ) იყოს ნასამართლევი; თ) დანიშვნის დროისათვის იყოს სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ ან/და ძებნილი. მუხლი 10🔗. საპატიო კონსულობის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტები 1. კანდიდატის თაობაზე დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელს - მინისტრის მოადგილეს  წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა)  კანდიდატის მიერ შევსებულ ანკეტას;   ბ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლს; გ) სამოქმედო პროგრამას, რომელშიც აღწერილი იქნება საქმიანობის სფერო; დ) სულ მცირე, 3 რეკომენდაციას საქართველოს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ან/და საერთაშორისოდ აღიარებულ იმ სფეროს მოღვაწეთაგან, რომელშიც საპატიო კონსულმა უნდა განახორციელოს თავისი საქმიანობა; ე) განაცხადს ოლქის, საპატიო საკონსულო დაწესებულების ადგილმდებარეობის, მისამართისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ; ვ) კანდიდატის  ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელ საბანკო ან სხვა ფინანსურ დოკუმენტაციას; ზ) საპატიო საკონსულო დაწესებულების შენობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას (ადგილმდებარეობის შესახებ, ფოტოები, საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სხვა); თ) ცნობას ნასამართლეობის შესახებ; ი) ცნობებს, რომლითაც დასტურდება ამ დებულების მე-9 მუხლში ჩამოთვლილი მოთხოვნების არსებობა ან/და დაუშვებელი გარემოებების არარსებობა. 2. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია, მიმართოს მინისტრს,  დაუშვას გამონაკლისი და კანდიდატი გაათავისუფლოს ამ მუხლში ჩამოთვლილი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულებისაგან. 3. საკოორდინაციო საბჭო თავის დასკვნას კანდიდატის შესახებ  6 კვირის  ვადაში წარუდგენს მინისტრს. 4. კანდიდატის მიერ შესავსები ანკეტისა და მისი სამოქმედო პროგრამის ფორმები  მტკიცდება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 11🔗. საპატიო კონსულობის კანდიდატის განხილვა სხვა უწყებების მიერ 1. საპატიო კონსულობის კანდიდატის დოკუმენტების მიღებისთანავე, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტების გადაგზავნას, საქართველოს შესაბამის უწყებებთან დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით. 2. საპატიო კონსულობის კანდიდატის საკითხის განხილვა გრძელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთი თვის ვადაში მიღებული არ იქნება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უწყებების უარყოფითი დასკვნა. მუხლი 12🔗. საპატიო კონსულის დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღება 1. გადაწყვეტილებას საპატიო კონსულის დანიშვნაზე იღებს მინისტრი,   საკოორდინაციო საბჭოს დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში. 2. მინისტრი, თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად, დავალებას აძლევს სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს, უზრუნველყოს საპატიო კონსულის დანიშვნის გადაწყვეტილების ადგილსამყოფელ (მიმღებ) სახელმწიფოსთან შეთანხმება, ამ დებულების III თავით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. მუხლი 13🔗. საპატიო კონსულობის კანდიდატის საქმის განხილვის საერთო ვადა 1. საპატიო კონსულობის კანდიდატის საქმის განხილვის საერთო ვადა არის 3 თვე და იგი აითვლება ამ დებულების მე-10-მე-12 მუხლების შესაბამისად, დოკუმენტების საკოორდინაციო საბჭოსათვის  წარდგინების დღიდან. 2. საქმის განხილვის საერთო ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთ თვემდე ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემთხვევაში, ვადის გაგრძელების უფლება აღარ გამოიყენება და ამ კანდიდატის საქმის განხილვა დასრულებულად ჩაითვლება. მუხლი 14🔗. საპატიო კონსულის უფლებამოსილების ვადა 1. საპატიო კონსული ინიშნება უვადოდ. 2. საპატიო კონსულის დანიშვნასთან ერთად,  მისი ხელმძღვანელობით იხსნება საკონსულო დაწესებულება, ხოლო მისი უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე საკონსულო დაწესებულებაც წყვეტს საქმიანობას. თავი III. საპატიო კონსულობის კანდიდატის შეთანხმება, დანიშვნა და საკონსულო პატენტის გაცემა მუხლი 15🔗. ნოტის გაგზავნა 1. საპატიო კონსულის დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის დანიშვნაზე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობის მიღების მიზნით, სამინისტრო ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო უწყებას უგზავნის ნოტას,  საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების გახსნის და საპატიო კონსულად კონკრეტული პირის დანიშვნის თაობაზე თანხმობის თხოვნით. 2. ნოტაში ასევე აღინიშნება: ა) საპატიო კონსულის მეთაურობით საქართველოს საკონსულო დაწესებულების ადგილმდებარეობა; ბ)  ოლქი; გ)  „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“  ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით განსაზღვრულ რომელ საკონსულო ფუნქციებს შეასრულებს საპატიო კონსული. მუხლი 16🔗. თანხმობის ნოტა, საპატიო კონსულის დაშვება, პრივილეგიები  და იმუნიტეტი 1. იმ შემთხვევაში, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამ დებულების მე-15 მუხლში მითითებული ნოტის პასუხად სამინისტროს გაუგზავნის თანხმობის ნოტას, საპატიო კონსულის სახელზე სამინისტრო გასცემს საკონსულო პატენტს,  ამ დებულების მე-18 მუხლის თანახმად. 2.  იმ შემთხვევაში, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამ დებულების მე-15 მუხლში მითითებული ნოტის პასუხად გასცემს ეგზეკვატურას, სააკრედიტაციო ბარათს ან სხვაგვარი ფორმით დაუშვებს საპატიო კონსულს საკონსულო ფუნქციათა შესასრულებლად, საპატიო კონსულის დანიშვნის და შეთანხმების პროცედურა ჩაითვლება დასრულებულად და საპატიო კონსული უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ მისი დაშვების დღიდან. ასეთ შემთხვევაში, პატენტი გაიცემა მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოთხოვნისას. 3. საპატიო კონსულს, საკონსულო ფუნქციათა შესასრულებლად მისი დაშვების დღიდან  მისი უფლებამოსილების შეწყვეტამდე, აქვს ის პრივილეგიები და იმუნიტეტი, რაც განსაზღვრულია „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“  ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით. მუხლი 17🔗. საპატიო კონსულის დანიშვნის გაფორმება 1. საპატიო კონსულის დანიშვნის შეთანხმების შემდეგ მისი დანიშვნა ფორმდება მინისტრის ბრძანებით. 2. მინისტრის ბრძანებაში მიეთითება: ა) საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საქართველოს საკონსულო დაწესებულების გახსნა, ადგილსამყოფელი ქვეყანა და საკონსულო დაწესებულების ადგილმდებარეობა; ბ) ოლქი; გ) „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით განსაზღვრულ რომელ საკონსულო ფუნქციებს შეასრულებს საპატიო კონსული, მისი სამოქმედო პროგრამის გათვალისწინებით. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც საპატიო კონსული დაშვებულ იქნა ფუნქციათა შესასრულებლად, ამ დებულების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული წესით, საპატიო კონსულის დანიშვნის შესახებ ბრძანებაში მიეთითება, რომ მისი უფლებამოსილების დაწყების თარიღად ითვლება მის სახელზე ეგზეკვატურის ან სააკრედიტაციო ბარათის გაცემის ან/და  უფლებამოსილებათა შესასრულებლად დაშვების თარიღი. მუხლი 18🔗. საკონსულო პატენტი 1. საპატიო კონსულის დანიშვნის შესახებ მინისტრის ბრძანების ხელმოწერის შემდგომ, 2 კვირის ვადაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ამზადებს და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს უგზავნის საკონსულო პატენტს, რომელსაც ხელს აწერენ მინისტრი და სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი. 2. საკონსულო პატენტში აღინიშნება ამ დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაცია. 3. საკონსულო პატენტის ფორმას ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 19🔗. ეგზეკვატურის  ან/და სააკრედიტაციო ბარათის ასლის გაგზავნის ვალდებულება საპატიო კონსული და შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება ვალდებულნი არიან,  სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს მიღებიდან 2 კვირის ვადაში გაუგზავნონ ეგზეკვატურის ან/და სააკრედიტაციო ბარათის ასლი. მუხლი 20🔗. საკონსულო ატრიბუტიკის და ხელშეკრულების გაგზავნა 1. საპატიო კონსულის უფლებამოსილების დაწყებისთანავე, სამინისტრო საპატიო კონსულს უგზავნის: ა) საკონსულო ატრიბუტიკას, რაც მოიცავს: საქართველოს სახელმწიფო დროშას, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტს და აუდიოჩანაწერს, საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით საკონსულო დაწესებულების აბრას საკონსულო დაწესებულების დასახელებით, საპატიო კონსულის ბეჭედს, საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით საპატიო კონსულის ბლანკებს და სამინისტროს ოფიციალური დომენის შემცველი ელექტრონული საფოსტო მისამართის პარამეტრებს; ბ) მინისტრის მოადგილის  მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებას  2  პირად, რომელსაც ხელს მოაწერს საპატიო კონსული და ერთ პირს დაუბრუნებს სამინისტროს. 2. საკონსულო ატრიბუტიკა არის საქართველოს საკუთრება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ აბრასა და ბლანკებზე წარწერები კეთდება ქართულ და ინგლისურ ენებზე, აგრეთვე, შესაძლებელია, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ენაზე ან/და საკონსულო ოლქის რეგიონული სტატუსის მქონე ენაზეც, ხოლო საკონსულო ბეჭედზე წარწერა კეთდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. 4. ხელშეკრულება ორენოვანია: ქართული და ინგლისური. ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს მინისტრი. თავი IV. საპატიო კონსულის უფლებამოსილებათა განხორციელება და შეწყვეტა მუხლი  21🔗.  საპატიო კონსულის უფლებამოსილებათა განხორციელების ფარგლები და წესი 1. საპატიო კონსული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კეთილსინდისიერად, პატიოსნად, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვით და საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟის ასამაღლებლად. 2. საპატიო კონსულის ზოგადი უფლებამოსილებანი განსაზღვრულია „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით. 3. საპატიო კონსული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო პროგრამის შესაბამისად, ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის  ბრძანებისა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში. 4. საპატიო კონსულს არ ეზღუდება პირადი, მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, კანონმდებლობით და ამ დებულებით ნებადართული შემოსავლის მიღება. 5. საპატიო კონსული არ იმყოფება საქართველოს სახელმწიფო სამსახურში. საქართველო არ აგებს პასუხს საპატიო კონსულის იმ საქმიანობისათვის, რომელიც სცილდება საპატიო კონსულის ფუნქციებს. 6. საპატიო კონსული დაკისრებულ ფუნქციებს  ასრულებს პირადად. მუხლი 22🔗. საპატიო კონსულის ვალდებულებები საპატიო კონსული ვალდებულია: ა) ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში, არაუგვიანეს 31 იანვრისა, წარმოადგინოს საქმიანობის გეგმა, ხოლო იმავე წლის ბოლოს, არაუგვიანეს 31 დეკემბრისა - შესრულებული საქმიანობის ანგარიში; ბ) პერიოდულად ჩაატაროს ბიზნეს  და სხვა პროფესიული ფორუმები, საქართველოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სხვადასხვა წრის წარმომადგენელთა შეხვედრები, ასევე რეგულარულად გამართოს პრეზენტაციები, მრგვალი მაგიდები და სხვა სახის მსგავსი ღონისძიებები,  საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით; გ) ხელი შეუწყოს საქართველოში პოტენციური ინვესტორების ვიზიტებს და ტურისტების რაოდენობის ზრდას; დ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საკონსულო ოლქის ფარგლებში) აქტიურად ითანამშრომლოს მედიასაშუალებებთან საინფორმაციო კამპანიის წარმოების, სტატიების გამოქვეყნებისა და ინტერვიუების მეშვეობით  საქართველოს პოზიტიურად წარმოჩენისა და ქვეყნის თაობაზე ობიექტური ინფორმაციის გავრცელების მიზნით; ე) საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს სამინისტროს ან დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა; ვ) დაესწროს საპატიო კონსულების ყოველწლიურ შეკრებას, რომლის თაობაზეც ეცნობება ერთი თვით ადრე და წარმოადგინოს შუალედური ანგარიში. მუხლი 23🔗. საპატიო კონსულის მიერ სხვა ფუნქციებისა და განსაკუთრებული ვალდებულებების შესრულება 1. საპატიო კონსულმა, შესაძლებელია, შეასრულოს საკონსულო ფუნქციებიც, თუ ამას გადაწყვეტს სამინისტრო, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო პირობები შეუქმნას სამინისტროს მიერ ხსენებული ფუნქციების შესასრულებლად წარგზავნილ პირს. 2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია საპატიო კონსულს არ ჰქონდა განსაზღვრული დანიშვნის ბრძანებით, გაცემული საკონსულო პატენტით ან/და ხელშეკრულებით, სამინისტრო დადგენილი წესით მიიღებს თანხმობას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო უწყებისაგან და შემდგომ მის შესრულებას ბრძანებით დააკისრებს საპატიო კონსულს. 3. საპატიო კონსული ვალდებულია, ხელმძღვანელ დაწესებულებებს შეატყობინოს: ა) თუ 2 კვირაზე მეტი ხნით აპირებს დატოვოს საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელი ქალაქი; ბ) თუ მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას ან დაკარგავს თავის მოქალაქეობას; გ) თუ დადგება ამ დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება. მუხლი 24🔗. საპატიო კონსულის ანგარიშის განხილვა 1. საპატიო კონსულის მიერ შესრულებული საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში განსახილველად ეგზავნება სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ და ფუნქციონალურ  დეპარტამენტებს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დეპარტამენტები დასკვნას,  საპატიო კონსულის მიერ შესრულებული საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის შესახებ, წარუდგენენ საკოორდინაციო საბჭოს, რომელიც შეიმუშავებს საბოლოო დასკვნას საპატიო კონსულის წლიური საქმიანობის შესახებ. 3. საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის ფორმას ამტკიცებს მინისტრი. მუხლი  25🔗.  სამინისტროს თანამშრომლის მივლინება საპატიო კონსულის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს გადაწყვეტილებით, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამის წინააღმდეგი არ არის, საპატიო კონსულის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შესაძლებელია, საპატიო კონსულის მეთაურობით საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში თანამშრომლის როტაციის წესით სამუშაოდ მივლინება, რომლის ხარჯებიც ანაზღაურდება სამინისტროს მიერ. მუხლი  26🔗.  ურთიერთობა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან 1. საპატიო კონსულს, საკონსულო ფუნქციების შესრულებისას, შეუძლია მიმართოს თავისი საკონსულო ოლქის კომპეტენტურ ადგილობრივ ხელისუფლებას. 2. საპატიო კონსული ოფიციალურ ურთიერთობას ადგილსამყოფელი  სახელმწიფოს ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებთან ამყარებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან სამინისტროს მეშვეობით. მუხლი 27🔗. საკონსულო მოსაკრებლისა და საფასურის გადახდევინება იმ მოქმედების შესრულებისათვის, რომლისთვისაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია საკონსულო მოსაკრებლის  ან საფასურის გადახდა, საპატიო კონსული ახდევინებს  მოსაკრებლებს  და საფასურს ხელმძღვანელი დაწესებულებიდან მიღებული წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად. მუხლი 28🔗. დავების განხილვა საქართველოს საპატიო კონსულის მიერ თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოშობილ სადავო საკითხებზე საჩივრებს განიხილავს შესაბამისი ხელმძღვანელი დაწესებულება. მუხლი 29🔗. საპატიო კონსულის უფლებამოსილების შეწყვეტა 1. მინისტრის გადაწყვეტილებით, საპატიო კონსულს უფლებამოსილება შეუწყდება: ა) გარდაცვალებისას; ბ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ ეგზეკვატურის გაუქმებისას, არასასურველ პიროვნებად (persona non grata) ცნობისას ან/და სხვა ფორმით საქართველოს საპატიო კონსულად დაშვების გაუქმებისას; გ) პირადი განცხადებით; დ) საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ე) თუ საპატიო კონსული, არაერთგზის მითითების მიუხედავად, თავს არიდებს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ვ) თუ საპატიო კონსულმა არ შეასრულა ამ დებულების 21-ე-23-ე მუხლებით დადგენილი ვალდებულებები; ზ) ამ დებულების 24-ე მუხლით განსაზღვრული საკოორდინაციო საბჭოს საბოლოო დასკვნა უარყოფითია; თ) დადგა ამ დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოება; ი) ჩაიდინა ისეთი ქმედება, რაც აშკარად და ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, აკნინებს საქართველოს საერთაშორისო ცნობადობას ან მიუღებელია მორალური ღირებულებების თვალსაზრისით; კ) ბრალდებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანაშაულში მაშინ, როდესაც ბრალდების საქმეს წარმოებაში მიიღებს სასამართლო. 2. სამინისტრო არ არის ვალდებული, განუმარტოს საპატიო კონსულს საკონსულო პატენტის გაუქმების მიზეზები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“-„კ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მიზეზების  არსებობისას, აგრეთვე  „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნული მიზეზისას, თუ ამის თაობაზე საქართველოს მხარეა ვალდებული,  შეატყობინოს მეორე მხარეს საპატიო კონსულის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, სამინისტრო დადგენილი წესით აცნობებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო უწყებას. მუხლი 30🔗. პროცედურები საპატიო კონსულის უფლებამოსილების შეწყვეტისას 1. იმ შემთხვევაში, თუ საპატიო კონსულს შეუწყდა უფლებამოსილება: ა) საპატიო კონსული ვალდებულია, დააბრუნოს საკონსულო ატრიბუტიკა; ბ) საპატიო კონსული ვალდებულია, შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას გადასცეს მატერიალური და  ელექტრონული საქმისწარმოება, ელექტრონული ფოსტით მიმოწერა და ყველა სხვა დოკუმენტი, რაც შეიქმნა მის მიერ საკონსულო ფუნქციათა განხორციელებისას; გ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო უწყებას ეცნობება ნოტით,  საპატიო კონსულის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. 2. საპატიო კონსულის გარდაცვალების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პროცედურები შესრულდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობისა და დამკვიდრებული ჩვეულების შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პროცედურების შესრულების კონტროლის ვალდებულება ეკისრება დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს. მუხლი 31🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ინფორმირება საპატიო კონსულის უფლებამოსილებათა დაწყების და შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, მათ შორის, დიპლომატიური პროტოკოლის და პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის გავრცელებას სახელმწიფო უწყებებსა და ფართო საზოგადოებაში. თავი V. გარდამავალი დებულებები მუხლი 32🔗. მოქმედი საპატიო კონსულების უფლებამოსილების ვადა იმ საპატიო კონსულების უფლებამოსილება, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა არ აქვთ ამოწურული ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღისათვის, ჩაითვალოს უვადოდ გაგრძელებულად, რის თაობაზეც სამინისტრომ უნდა აცნობოს შესაბამის ადგილსამყოფელ სახელმწიფოებს. მუხლი 33🔗. მიმდინარე საქმეების განხილვა 1. ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღისათვის საპატიო კონსულების დანიშვნის მიმდინარე საქმეების განხილვა შეჩერებულია და გაგრძელდება   მხოლოდ ყველა დოკუმენტის ამ დებულებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნოტა უკვე გაგზავნილია შეთანხმებისათვის ადგილსამყოფელ სახელმწიფოში. 2. იმ შემთხვევაში, თუ საპატიო კონსულების დანიშვნის მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ნოტა გაგზავნილია ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, მიმდინარე საქმე ამავდროულად მოყვანილ უნდა იქნეს ამ დებულებით განსაზღვრულ პროცედურებთან შესაბამისობაში.