შპს „დამამზადებელი ხულოს“ - გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/716-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/716-16

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

2016  წლის 3 მაისი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი: შპს ,,დამამზადებელი ხულო’’ (ს/კ 248048081)

დირექტორი: შპს „დისკო“

წარმომადგენელი: ზვიად კონცელიძე.

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „დამამზადებელი ხულოს’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

 

გამოარკვია

 

2016 წლის20 აპრილს  შპს ,,დამამზადებელი ხულოს’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორის - შპს „დისკოს“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ზვიად კონცელიძემ და აღნიშნა შემდეგი: წლების მანძილზე საწარმო ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს, არ აქვს შემოსავლები და ფინანსური რესურსები არსებული კრედიტორული დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად. საზოგადოებას გააჩნია 4266 ლარის ოდენობით კრედიტორული დავალიანება, რომელთა გადახდის საშუალება საზოგადოებას არ გააჩნია. კრედიტორული დავალიანებებიდან 533 ლარი წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორულ დავალიანებას, ხოლო დანარჩენი - 3733 ლარი არაუზრუნველყოფილ კრედიტორულ დავალიანებას. კომპანიის აქტივები შეადგენს 1369 ლარს. შპს ,,დამამზადებელი ხულოს’’ უზრუნველყოფილი კრედიტორია სსიპ - შემოსავლების სამსახური თანხით - 533 ლარი. საზოგადოებას ბალანსზე ერიცხება 12 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომელთაგან 11 ერთეული სახეზე არ არის, რაზედაც საქმეები სხვადასხვა პერიოდში გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებში, ასევე საზოგადოების ბალანსზე ერიცხება 15 ერთეული ძირითადი საშუალება და 3 ერთეული სასაქონლო-მატერიალური მარაგი. 15 დასახელების ძირითადი საშუალებიდან 14 ერთეული სახეზე არ არის, ხოლო 3 ერთეული სასაქონლო-მატერიალური მარაგიდან 2 ერთეული სახეზე არ არის, რაზედაც საქმეები სხვადასხვა პერიოდში ასევე გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებში.

განმცხადებელი, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ითხოვს შპს ,,დამამზადებელი ხულოს’’ გაკოტრებას.

     

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო :

  

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება,ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში,მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერცერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე,ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე ერიცხება 12 ერთეული სატრანსპორტო საშუალება: 1. კამაზ-5320, ნარჩენი საბალანსო ღირებულება - 102 ლარი; 2. ავტომისაბმელი, ნარჩენი საბალანსო ღირებულება -  22,2 ლარი; 3. ზილ-133 (,,კრაკადილი’’), ნარჩენი საბალანსო ღირებულება - 76,9 ლარი; 4. კამაზ-43101, ნარჩენი საბალანსო ღირებულება -237,3 ლარი; 5. კამაზ-5320, ნარჩენი საბალანსო ღირებულება - 68,2 ლარი; 6. ტრაქტორი მტზ-82, ნარჩენი საბალანსო ღირებულება - 67,9 ლარი; 7. ტრაქტორი მტზ-82, ნარჩენი საბალანსო ღირებულება - 78,9 ლარი; 8. ავტომისაბმელი, ნარჩენი საბალანსო ღირებულება  - 27,6 ლარი; 9. კამაზ-53212, ნარჩენი საბალანსო ღირებულება - 252,3 ლარი; 10. კამაზ-5410, ნარჩენი საბალანსო ღირებულება  - 203,4 ლარი; 11. ავტომისაბმელი, ნარჩენი საბალანსო ღირებულება -76,1 ლარი; 12. მაზ-500, ნარჩენი საბალანსო ღირებულება -28 ლარი.

მოვალის განმარტებით, ზემოდასახელებული სატრანსპორტო საშუალებებიდან 11 ერთეული სახეზე არ არის, ხოლო დარჩენილი 1 ავტოსატრანსპორტო საშუალების - სატვირთო ავტომანქანის მაზ-500, სახ. ნომრით BAM526, ნარჩენი საბალანსო ღირებულებაა 28 ლარი. ამასთან, მოვალის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით კომპანიის ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური მარაგების საერთო ღირებულება არის 1369 ლარი, რომელთა შორის მოიაზრება ზემოდასახელებული ყველა სატრანსპორტო საშუალება და, ასევე, სახეზე არარსებული სხვა ქონება (იხ. შინაგან საქმეთა სამინისტროს 06.04.2016 წლის წერილი №MIA61600852973, მონაცემები ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების სახეობების და რაოდენობის შესახებ).

შპს ,,დამამზადებელი ხულოს’’ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის (ცნობა საჯარო რეესტრიდან). საბანკო ანგარიშები კომპანიას გახსნილი არ აქვს არცერთ ბანკში (იხ. საბანკო ანგარიშების შესახებ გაცემული ცნობა). კომპანიას არ გააჩნია დებიტორული დავალიანება. ამავდროულად, კომპანიას აქვს კრედიტორული დავალიანება 4266 ლარის ოდენობით, საიდანაც უზრუნველყოფილი კრედიტორული (საბიუჯეტო) დავალიანებაა 533 ლარი ლარი (იხ.  შედარების აქტი).

აღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება   კრედიტორთა მოთხოვნები,  ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც, ასევე, პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და

 

ა:

 

1. შპს ,,დამამზადებელი ხულოს“ (ს/კ 248048081) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე                                                        გ. მაკარიძე