შპს „ქობულეთის რაიონული საავადმყოფო“-ს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/4
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

№2/4               

ს ა ო ქ მ ო  გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

 

2016 წლის 16 მაისი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე – გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი – ნოდარ გიორგიძე

 

მოვალე : შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფო’

გაკოტრების მმართველი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი მიხეილ ნემსაძე

კრედიტორი : სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – მადონა გეწაძე

კრედიტორი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი – მიხეილ ნემსაძე

კრედიტორი – შპს ,,ავერსი ფარმა’’

წარმომადგენელი – პავლე თავხელიძე

მოსამართლე აცხადებს: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოსამართლე მოუსმენს მეურვეს, მხარეებს და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას კრედიტორთა მოთხოვნების აღიარების ან უარყოფის შესახებ.

2015 წლის 9 იანვრის განჩინებით შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’’ დირექტორის განცხადება მიღებულ იქნეს წარმოებაში. 2015 წლის 23 აპრილის განჩინებით კომპანიის მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.

2016 წლის 7 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’’ გაკოტრების მმართველმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით მიხეილ ლომთაძემ, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’’ გაკოტრების საქმის დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება ითხოვა.

საბოლოო ანგარიშის თანახმად, შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’’ ქონება აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ შეფასდა 109914 ლარად. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე კომპანიის ქონების რეალიზაციის შედეგად შესულმა თანხამ მთლიანობაში შეადგინა 5495,7 ლარი, საიდანაც დღგ-ის სახით შესაბამის სახაზინო ანგარიშზე გადაირიცხა 838,32 ლარი, მოვალე კომპანიის ქონების რეალიზაცია განხორციელდა მესამე აუქციონზე. ამასთან, შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’’ დებიტორის თამარ ცხომელიძის მიერ სრულად იქნა დაფარული კომპანიის წინაშე არსებული დავალიანება 1858 ლარი. ასევე სს ,,საზღვაო ჰოსპიტალმა’’ გადარიცხა დავალიანება 210 ლარის ოდენობით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’’ სს საქართველოს ბანკში ანგარიშზე განთავსებული აქვს 284,08 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაკოტრების მმართველის მიერ ამოღებული შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’’ ქონება ჯამში შეადგენს 7009,46 (5495,7-838,32)+(1858+210+284,08)=7009,46 ლარს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა შეადგენს 10,000 ლარს, შესაბამისად, აუქციონის შედეგად ამონაგები თანხა – 7009,46 ლარი უნდა გადაირიცხოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.

გაკოტრების მმართველი ითხოვს შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’ გაკოტრების საქმის დასრულებას.

კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველმა წარმოდგენილ ანგარიშს მხარი დაუჭირა, ხოლო კრედიტორი სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი დაეთანხმა წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს.

კრებაზე გამოცხადებული შპს ,,ავერსი პარმას’’ წარმომადგენელი პავლე თავხელიძე არ დაეთანხმა წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს.

სასამართლომ შეამოწმა შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’ გაკოტრების საქმის მასალები, გაეცნო წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს, მოუსმინა კრედიტორს და მიაჩნია, რომ შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’ მიმართ დაწყებული გაკოტრების საქმის წარმოება უნდა გამოცხადდეს დასრულებულად შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხების ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში გაკოტრების მმართველის ანგარიშით ირკვევა, რომ შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’ქონება რეალიზებულია.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’გაკოტრების მმართველის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საბოლოო ანგარიშის საფუძველზე შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’(ს/ნ 246954354, იურიდიული მისამართი: ქობულეთი, თბილისი ქ. №31), გაკოტრების საქმის წარმოება გამოცხადდეს დასრულებულად.

2. შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა) მიზნით განჩინება გაეგზავნოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს.

3. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს; განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11), თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე                                                                          გენადი მაკარიძე

 

სხდომის მდივანი                                                               ნოდარ გიორგიძე