საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.06.2016
ძალის დაკარგვა 26.02.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №67/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017141
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 06.05.2010
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№67/ნ
2016 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 06 მაისის №36/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა
დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში
სტაჟირების გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის რეგულირების სფერო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში (შემდგომში – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრი) და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში – საჯარო სამართლის იურიდიული პირი), გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
სტაჟირების მიზანი
სტაჟირების მიზანს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადება, სტაჟიორების პროფესიული ზრდა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და განვითარება.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, ამ წესით რეგულირებული საქმიანობა, ანაზღაურების გარეშე;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;
გ) სტაჟირების გავლის მსურველი - პირი, რომელიც ელექტრონულად, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის/სხვა მსგავსი ტიპის ალტერნატიული საშუალებით ან მატერიალური სახით, აკეთებს განაცხადს სტაჟირების გავლის თაობაზე.
მუხლი 4🔗.
სტაჟიორი
სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და:
ა) აქვს უმაღლესი/პროფესიული განათლება იმ მიმართულებით, რომელიც განსაზღვრულია კანდიდატებისათვის დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებით, ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, სამინისტროს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფში/საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულში/საგანმანათლებლო რესურსცენტრში, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება;
ბ) იღებს უმაღლეს/პროფესიულ განათლებას იმ მიმართულებით, რომელიც განსაზღვრულია კანდიდატებისათვის დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებით, ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, სამინისტროს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფში/საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულში/საგანმანათლებლო რესურსცენტრში, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება.
მუხლი 5🔗.
სტაჟიორთა რაოდენობა
1. სტაჟიორთა რაოდენობა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში, საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არ უნდა აღემატებოდეს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის/საგანმანათლებლო რესურსცენტრის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა 50% - ს.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სტაჟიორთა რაოდენობა კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე აღინიშნება სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) ჩატარების შესახებ განცხადებაში.
თავი II
სტაჟიორთა შესარჩევი კომისია
მუხლი 6🔗.
სამინისტროში სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე
1. სამინისტროში კონკურსს, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა, ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ შექმნილი სტაჟიორთა შესარჩევი კომისია/კომისიები (შემდგომში – კომისია).
2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და არანაკლებ 2 (ორი) წევრისგან, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. კომისიის წევრები თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე.
3. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელსაც არ აქვს ხმის უფლება.
4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში.
5. კომისიის მდივანი აგვარებს კონკურსთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს, ადგენს კომისიის სხდომათა ოქმებს, აწარმოებს საჭირო დოკუმენტაციას და ამზადებს სხვა შესაბამის მასალას.
6. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
7. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
8. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის დამსწრე წევრები და კომისიის მდივანი.
9. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.
10. სამინისტროს სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის თემატიკას/საკვალიფიკაციო მოთხოვნებს განსაზღვრავს კომისია.
მუხლი 7🔗.
საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე
1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში სტაჟიორთა შერჩევა ხდება კონკურსის წესით, რომელსაც ატარებს შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია.
2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ფორმა, ვადა, თემატიკა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, რაც აღინიშნება კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადებაში.
თავი III
კონკურსის გავლა, სტაჟიორის მიღება
მუხლი 8🔗.
განაცხადი კონკურსზე
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტაჟირების გავლის მსურველმა, ელექტრონულად, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის/სხვა მსგავსი ტიპის ალტერნატიული საშუალებებით უნდა გააკეთოს განაცხადი სტაჟირების გავლის თაობაზე.
2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში განაცხადების მიღებისა და განხილვის ვადას განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია. აღნიშნული ვადა მიეთითება კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში.
მუხლი 9🔗.
კონკურსის ეტაპები
1. კონკურსი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა) განაცხადების გადარჩევა;
ბ) ტესტირება;
გ) გასაუბრება.
2. კონკურსის ეტაპებთან დაკავშირებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რაც აისახება შესაბამის ოქმში.
მუხლი 10🔗.
კონკურსის საორგანიზაციო საკითხები
1. სამინისტროს აპარატში სტაჟიორთა მიღების პროცედურებსა და სტაჟირების გავლას საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო (შემდგომში – ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო), ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების/საგანმანათლებლო რესურსცენტრების შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/პირი.
2. კონკურსის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, მათ შორის, სტაჟირების გავლის მსურველთა განაცხადების გადარჩევას (წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმებას) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი და საჯარო სამართლის იურიდიული პირების/საგანმანათლებლო რესურსცენტრების შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი/სტრუქტურული ერთეულის შესაბამისი თანამშრომელი.
3. სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა დოკუმენტაციის წარდგენა და რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის ან სხვა მსგავსი ტიპის ალტერნატიული საშუალებებით კონკურსის გამოცხადებიდან არანაკლებ 10 (ათი) დღის განმავლობაში.
4. კომისიის წარდგინების საფუძველზე, მინისტრი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იღებს სტაჟირების გავლის მსურველის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ბრძანებით. ბრძანებაში მიეთითება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, საგანმანათლებლო რესურსცენტრი ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირის სათანადო სტრუქტურული ერთეული, სადაც დაინიშნება სტაჟიორი, ასევე სტაჟიორის ხელმძღვანელი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სტაჟირების გავლის პროცესს.
5. სტაჟირების გავლის მსურველი, რომელიც კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიის თავმჯდომარის მიერ წარდგენილია სტაჟიორად დასანიშნად ან სტაჟიორად უნდა დაინიშნოს ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) რეზიუმე (დანართი №1);
გ) 2 ფოტო სურათი 3/4-ზე და ერთი - CD ფორმატზე ჩაწერილი;
დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ე) რეკომენდაცია.
მუხლი 11🔗.
კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადება
1. სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს სამინისტრო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან საგანმანათლებლო რესურსცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის და/ან სხვა მსგავსი ტიპის ალტერნატიული საშუალებით.
2. კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს მონაცემებს:
ა) იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის დასახელებას, სადაც ცხადდება კონკურსი;
ბ) კონკურსის თემატიკის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კონკურსის ეტაპების შესახებ;
გ) მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობის შესახებ.
3. კომისიის გადაწყვეტილებით, დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც.
4. კონკურსის პირველი ეტაპი უნდა ჩატარდეს კონკურსის გამოცხადებიდან არაუადრეს 10 (ათი) დღისა, ხოლო ყოველი მომდევნო ეტაპი − წინა ეტაპის დასრულებიდან გონივრულ ვადაში.
მუხლი 12🔗.
კონკურსის პირობები
1. ტესტირების ეტაპზე არ დაიშვება სტაჟირების გავლის მსურველი, რომელიც ვერ გადალახავს განაცხადების გადარჩევის ეტაპს.
2. თუ კონკურსი მოიცავს ტესტირების ეტაპს, გასაუბრების ეტაპზე არ დაიშვება სტაჟირების გავლის მსურველი, რომელიც ვერ გადალახავს ტესტირების ეტაპს.
3. ტესტის გადალახვისათვის საჭირო მინიმალური ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იღებს კომისია. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით.
4. ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს - სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, ხოლო საჯარო სამარათლის იურიდიული პირების ან საგანმანათლებლო რესურსცენტრების შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ პირი.
5. სტაჟირების გავლის მსურველს კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს მის ჩატარებამდე 2 (ორი) დღით ადრე მაინც.
6. სტაჟირების გავლის მსურველის სტაჟირების გავლისათვის წინასწარ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის, მოტივაციის, მისი პიროვნული/პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების მიზნით, ტარდება გასაუბრება.
7. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, ხოლო საჯარო სამარათლის იურიდიული პირების ან საგანმანათლებლო რესურსცენტრების შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/პირი, კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს ყოველ სტაჟირების გავლის მსურველს მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ.
8. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან კომისია ვერ შეარჩევს დადგენილი მოთხოვნების შესაბამის კანდიდატს.
მუხლი 13🔗.
დავის გადაწყვეტა
დავები, რომლებიც წარმოიშობა კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 14🔗.
სტაჟიორის დანიშვნა კონკურსის გავლის გარეშე
1. სტაჟირების გავლის მსურველის მატერიალური ფორმით წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, მინისტრი უფლებამოსილია, პირი კონკურსის გარეშე წარადგინოს საგანმანათლებლო რესურსცენტრში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სტაჟიორად დასანიშნად. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი წარდგენილ პირს სტაჟიორად ნიშნავს წარდგენიდან 10 (ათი) დღის ვადაში. მინისტრის მიერ პირის კონკურსის გარეშე სტაჟიორად წარდგენისას სტაჟირების ვადა განისაზღვრება მინისტრის წარდგინებით.
2. კონკურსის გავლის გარეშე, სტაჟიორის მიღება, სამინისტროს აპარატში შესაძლებელია მინისტრის ბრძანებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წერილობითი დასაბუთების წარდგენისა და სტაჟირების გავლის მსურველის მატერიალური ფორმით წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე.
3. მინისტრის მიერ პირის კონკურსის გავლის გარეშე სტაჟიორად დანიშვნის შემთხვევაში, სტაჟირების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
4. მინისტრის უფლებამოსილება, კომისიის წარდგინების საფუძველზე, ასევე კონკურსის გავლის გარეშე პირის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დელეგირებულ იქნეს მინისტრის მოადგილეზე.
თავი IV
სტაჟიორის უფლება-მოვალეობანი
მუხლი 15🔗.
სტაჟიორის უფლებები
სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) ხელმძღვანელის თანხმობით, გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (მიმდინარე და საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში;
გ) გაეცნოს დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, კონკრეტული მიმართულების საკითხებზე რეაგირებისათვის საჭირო შესაბამის პროცედურებს;
დ) მიმართოს ხელმძღვანელს მისი სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ან საგანმანათლებლო რესურსცენტრში გადაყვანის შესახებ;
ე) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, მიმართოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, ხოლო საჯარო სამარათლის იურიდიული პირების ან საგანმანათლებლო რესურსცენტრების შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირს.
მუხლი 16🔗.
სტაჟიორის ვალდებულებები
1. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) სტაჟიორად დანიშვნიდან, არაუგვიანეს 2 (ორი) კვირისა, საფუძვლიანად გაეცნოს დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას;
ბ) სტაჟირების გავლის პროცესში ზედმიწევნით დაიცვას დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები;
გ) მითითებულ ვადებში შეასრულოს ყველა კანონიერი დავალება, რომელიც მას მიეცემა ხელმძღვანელის მიერ;
დ) კონტაქტი იქონიოს იმ დაწესებულების თანამშრომლებთან, სადაც გადის სტაჟირებას;
ე) დაიცვას აღნიშნული წესით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა და სხვა აქტები, რომლებიც, მათი შინაარსის გათვალისწინებით, სრულად ან ნაწილობრივ შეიძლება ვრცელდებოდეს სტაჟიორზე;
ვ) სტაჟირების გავლის პროცესში, ასევე სტაჟირების დასრულების შემდეგ არ გაავრცელოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია სამინისტროს საქმიანობასთან და მისთვის ცნობილი გახდა სტაჟირების გავლის პროცესში;
ზ) გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას, იზრუნოს მისთვის გადაცემული ნივთების მოვლაზე;
თ) სტაჟირების გავლის ადგილზე გამოცხადდეს და სტაჟირების ადგილი დატოვოს ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული სტაჟირების გავლის გრაფიკის შესაბამისად.
2. კონტროლს სტაჟიორის მიერ მისი მოვალეობების შესრულებაზე ახორციელებს სტაჟიორის ხელმძღვანელი.
თავი V
სამინისტროს/ საჯარო სამართლის იურიდიული პირის / საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოვალეობები
მუხლი 17🔗.
სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოვალეობები
1. სამინისტრო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან საგანმანათლებლო რესურსცენტრი სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად/განსავითარებლად.
2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების ან საგანმანათლებლო რესურსცენტრების შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ პირი:
ა) უზრუნველყოფს სტაჟიორისათვის დაწესებულების სტრუქტურის გაცნობას და წარუდგენს სტაჟიორს თავის ხელმძღვანელს;
ბ) სტაჟიორის დანიშვნიდან 2 (ორი) კვირის შემდეგ, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი, ხოლო საჯარო სამარათლის იურიდიული პირების ან საგანმანათლებლო რესურსცენტრების შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი ხვდება სტაჟიორს/სტაჟიორებს და მასთან/მათთან ერთად განიხილავს დაწესებულებაში სტაჟირების გავლის პროცესს, ხოლო სტაჟირების პერიოდის დასრულებამდე ორი კვირის განმავლობაში უზრუნველყოფს სტაჟირების გავლის პროცესით კმაყოფილების კვლევის ჩატარებას პროცესის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით.
3. სტაჟიორის ხელმძღვანელი:
ა) უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას, აკონტროლებს მის მიერ ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს სტაჟიორს თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელების პროცესში;
ბ) აცნობს სტაჟიორს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას და აღნიშნული ქვედანაყოფის/ერთეულის სტრუქტურას, საქმიანობის სფეროსა და სპეციფიკას;
გ) აძლევს სტაჟიორს შესასრულებელი სამუშაოს მიმართულებას და განუსაზღვრავს კონკრეტულ ვადას, აწვდის საქმიანობასთან დაკავშირებით დროულ და სწორ ინფორმაციას.
მუხლი 18🔗.
სტაჟიორის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანა
1. მინისტრი/საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი უფლებამოსილია, სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წარდგინების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი წარმატებით გაივლის სტაჟირებას.
2. სტაჟიორის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.
თავი VI
სტაჟირების ვადა
მუხლი 19🔗.
სტაჟირების ხანგრძლივობა
1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 (ერთი) თვიდან 12 (თორმეტი) თვემდე ვადით;
2. მინისტრი უფლებამოსილია, სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული სტაჟიორისთვის სტაჟირების ვადის გაგრძელების თაობაზე, სტაჟიორის/მისი ხელმძღვანელის დადებითი შეფასების საფუძველზე. სტაჟირების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის ფარგლებში.
მუხლი 20🔗.
სტაჟირების შეწყვეტა
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სტაჟირების პერიოდში, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ 5 (ხუთი) დღის განმავლობაში, სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა ან ხშირი არყოფნა, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს;
გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
დ) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა;
ე) შესაბამისი დაწესებულების/სტრუქტურული ქვედანაყოფის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია;
ვ) სტაჟიორის გარდაცვალება.
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი საკუთარი ინიციატივით ან სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წინადადების საფუძველზე. საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში, შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
3. სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი 3 (სამი) დღის ვადაში სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირების ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფლებამოსილ პირს აბარებს იმ მატერიალურ ფასეულობას, რაც მას სტაჟირების გავლის პერიოდში გადაეცა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 21🔗.
სტაჟირების დასრულება
1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, სტაჟიორის ხელმძღვანელი აფასებს სტაჟიორს დანართი №3-ით გათვალისწინებული სტაჟიორის შეფასების ფორმის მიხედვით.
2. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, როდესაც საბოლოო შეფასება განისაზღვრება არანაკლებ 22 ქულით, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
3. სერტიფიკატის ფორმა განსაზღვრულია ამ წესის დანართი №4 შესაბამისად, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში მტკიცდება შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ბრძანებით.