შპს „ხელვაჩაურის ჩაის კომბინატის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
№2/1526
ს ა ო ქ მ ო გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
2016 წელი 16 მაისი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი - ნოდარი გიორგიძე
მოვალე : შპს ,,ხელვაჩაურის ჩაის კომბინატი’’
დირექტორი: შპს ,,დისკო’’
წარმომადგენელი - ზვიად კონცელიძე.
გაკოტრების მმართველი - სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო.
წარმომადგენელი - იაგო ქეშელაშვილი.
კრედიტორი : სსიპ - შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - მადონა გეწაძე.
2015 წლის 27 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით სასამართლო წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,ხელვაჩაურის ჩაის კომბინატის’’ დირექტორის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწების თაობაზე.
2015 წლის 5 ოქტომბერის განჩინებით შპს ,,ხელვაჩაურის ჩაის კომბინატის’’ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო, ამასთან შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი.
2016 წლის 8 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ხელვაჩაურის ჩაის კომბინატის’’ გაკოტრების მმართველმა სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით იაგო ქეშელაშვილმა, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და შპს ,,ხელვაჩაურის ჩაის კომბინატის’’ გაკოტრების საქმის დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება ითხოვა.
საბოლოო ანგარიშის თანახმად, შპს ,,ხელვაჩაურის ჩაის კომბინატის’’ქონებას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით შეადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალება მოსკვიჩი, გამოშვების წელი 1980 წელი. 25 დასახელება მოძრავი ნივთი და 2 დასახელება სასაქონლო -მატერიალურ მარაგი. აღნიშნული ქონების მოძიება ვერ მოხერხდა. ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს წერილის თანახმად, სასაქონლო -მატერიალური მარაგის დანაკლისის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. შპს ,,ხელვაჩაურის ჩაის კომბინატის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით კომპანიას ჰყავს 13 დებიტორი, აქედან ერთი არის სსიპ - შემოსავლების სამსახური (უფიქსირდება ბარათზე ზედმეტობა), რომელიც ამავე დროს არის კომპანიის კრედიტორი. დარჩენილი 12 დებიტორიდან 7 დებიტორის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. ხოლო 5 დებიტორიდან - შპს ,,მილისი’’ ლიკვიდირებულია, შპს - ჩაქვის ჩაი 2007’’და შპს ,,პრესტიჟი’’ უარყოფს შპს ,,ხელვაჩაურის ჩაის კომბინატის’’ მიმართ დავალიანების არსებობას. ვინაიდან შპს ,,ხელვაჩაურის ჩაის კომბინატის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დებიტორების შესახებ არსებობს მხოლოდ ბუღალტრული რეესტრი და სხვა ვერანაირი დოკუმენტი ვერ იქნა მოძიებული საწარმოს მოთხოვნების შესახებ, აღსრულების ეროვნული ბიურო მიიჩნევს, რომ დებიტორებისგან რაიმე თანხის ამოღება შეუძლებელია.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს ,,ხელვაჩაურის ჩაის კომბინატს’’ არ გააჩნია ქონება ან/და აქტივი, საიდანაც შეიძლება მოხდეს კრედიტორების დაკმაყოფილება, ითხოვს შპს ,,ხელვაჩაურის ჩაის კომბინატის’’ გაკოტრების საქმის დასრულებას.
კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველმა წარმოდგენილ ანგარიშს მხარი დაუჭირა, ხოლო კრედიტორი სსიპ - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი დაეთანხმა წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს.
სასამართლომ შეამოწმა შპს ,,ხელვაჩაურის ჩაის კომბინატის’’ გაკოტრების საქმის მასალები, გაეცნო წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს, მოუსმინა კრედიტორს და მიაჩნია, რომ შპს ,,ხელვაჩაურის ჩაის კომბინატის’’ მიმართ დაწყებული გაკოტრების საქმის წარმოება უნდა გამოცხადდეს დასრულებულად შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხების ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება, რომელიც ეკუთვნოდა გაუქმებულ საწარმოს, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ინფორმაციას აქვეყნებს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე. კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილებულა, უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს ასეთი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ამ კანონის 38-ე მუხლით განსაზღვრული წესით ქონების რეალიზაციას და ქონების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას ანაწილებს იმ კრედიტორთა შორის, რომლებმაც დადგენილ ვადაში მიმართეს, მათი მოთხოვნების რიგითობის გათვალისწინებით. თუ კრედიტორი დადგენილ ვადაში არ მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ან აუქციონზე ქონება არ გაიყიდა, ან კრედიტორმა უარი თქვა ქონების ნატურით საკუთრებაში მიღებაზე, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.
განსახილველ შემთხვევაში გაკოტრების მმართველის ანგარიშით და საქმეზე წარმოდგენილი დასკვნებით ირკვევა, რომ შპს ,,ხელვაჩაურის ჩაის კომბინატს’’ რაიმე სახის ქონება არ გააჩნია, შესაბამისად, შეუძლებელია კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ქონების რეალიზაციის გზით.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ხელვაჩაურის ჩაის კომბინატის’’ გაკოტრების მმართველის სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს საბოლოო ანგარიშის საფუძველზე შპს ,,ხელვაჩაურის ჩაის კომბინატის’’ (ს/ნ 248381816, იურიდიული მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, დაბა ხელვაჩაური, დავით აღმაშენებლის ქ. №60) გაკოტრების საქმის წარმოება გამოცხადდეს დასრულებულად.
2. შპს ,,ხელვაჩაურის ჩაის კომბინატის’’ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა) მიზნით განჩინება გაეგზავნოს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს.
3. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს; განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11), თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გ . მაკარიძე
სხდომის მდივანი ნ . გიორგიძე