მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.05.2016
ძალის დაკარგვა 18.03.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №61/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016197
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 15.03.2024
დოკუმენტის ტექსტი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№61/04
2016 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის თანდართული წესი დანართ №1-თან ერთად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი
მუხლი 1🔗. წესის მიზანი და მოქმედების სფერო
,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) მოიცავს ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებს განმარტებას, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დამატებით მოსაწოდებელი ინფორმაციის წარმოდგენის წესს.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დისტანციური ზედამხედველობის (შედგომში: დისტანციური ზედამხედველობა) მიზანია, საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში ეროვნული ბანკი) მიერ დადგენილი წესით, შეფასდეს კონკრეტულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში (შემდგომში – მისო) არსებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, ასევე, მისოს შიდა კონტროლის სისტემის ადეკვატურობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გატარდეს შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.
დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი მისოები ეროვნულ ბანკს აწვდიან ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და ვადებში.
იმ შემთხვევაში, თუ მისო ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე რეგისტრაციას გაივლის როგორც კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი, მასზე გავრცელდება ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
ბ) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, ინდივიდუალური მეწარმე;
გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ;
დ) რეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) არარეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) რეგისტრირებული – შექმნილი - იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე - ფიზიკური პირის შემთხვევაში;
ზ) კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს მისოს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით;
თ) საბლანკო სესხი – სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს გირაო ან იპოთეკა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან ღირებულების მიუხედავად იგი არ არის სწორად რეგისტრირებული;
ი) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა.
მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებები
ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება მისოს მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება მისოს მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად.
ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
ანგარიშგება უნდა მოიცავდეს კლიენტების სასარგებლოდ და კლიენტების დავალებით საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ გარიგებებს (ოპერაციებს). უცხოურ ვალუტაში განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, გარიგების შესრულების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.
ანგარიშგების არც ერთ ველში არ აისახება ინფორმაცია მისოს მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ კლიენტისგან მიღებული საკომისიოს, ასევე ჯარიმების, საურავების და დარიცხული პროცენტების (სარგებლის) შესახებ.
ანგარიშგების ფორმებში ასევე არ აისახება ინფორმაცია მისოს მიერ კომერციულ ბანკსა (გამონაკლისს წარმოადგენს ამ წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათალისწინებული შემთხვევა) და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან დადებული გარიგებების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გარიგება დადებულია საყურადღებო, საეჭვო ან/და არაკოოპერირებად ზონაში რეგისტრირებულ პირთან.
ანგარიშგებაში მიკროლიზინგისა და ფაქტორინგის შესახებ აისახება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარიგების თანხების ოდენობა, ხოლო სესხების გაცემის და მოზიდული სახსრების შემთხვევაში მხოლოდ ათვისებული თანხების შესახებ ინფორმაცია და არ მოიცავს რესტრუქტურიზებულ სესხებს. სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ფორმაში აისახება კლიენტის მიერ რეფინანსირების შედეგად და თავდაპირველად ათვისებულ თანხების ოდენობას შორის სხვაობა.
ჯგუფური სესხის შესახებ საკრედიტო ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, ფორმაში ინფორმაცია აისახება ყველა მსესხებლის შესახებ, ხოლო ათვისებული თანხა მიეთითება ერთ–ერთი მსესხლებლის (რომელიც უფრო მაღალი რისკის მატარებელია) მონაცემებში.
ვალუტის როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შემთხვევაში აისახება მხოლოდ კლიენტისაგან მიღებული თანხის ოდენობა.
ერთი მისოს კლიენტებს შორის გარიგების (ოპერაციის) განხორციელებისას, ინფორმაცია აისახება ორივე მათგანის ჭრილში.
ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-13 მუხლის 25-ე და 26-ე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
იმ შემთხვევაში თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.
მუხლი 4🔗. ანგარიშგების ფორმები
ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს:
ა) ინფორმაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესახებ (ფორმა№1)
ბ) ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2);
გ) ინფორმაცია პროდუქტების/გარიგებების შესახებ (ფორმა №3);
დ) ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №4);
ე) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №5);
ვ) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობის შესახებ (ფორმა №6);
ზ) ინფორმაცია ფულადი გზავნილის სისტემების შესახებ (ფორმა №7);
თ) ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №8);
ი) ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №9);
კ) ინფორმაცია განხორციელებული ინვესტიციების და ნასესხები სახსრების შესახებ (ფორმა №10);
ლ) სტატისტიკური ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგაზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №11);
მ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №12);
ნ) ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №13);
ო) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №14);
პ) ინფორმაცია საეჭვო ზონების შესახებ (ფორმა №15);
ჟ) ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა №16);
რ) ინფორმაცია საფინანსო ინსტიტუტებთან დაკავშირებული გარიგებების შესახებ.
(ფორმა №17).
მუხლის 5. ინფორმაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესახებ (ფორმა№1)
ანგარიშგების ფორმა მოიცავს მისოს დასახელებას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ(ებ)ის (10% და მეტი), ბენეფიციარი მესაკუთრე პირ(ებ)ის, დირექტორ(ებ)ის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის, საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ფილიალების, შვილობილი საწარმოების (ფინანსური ინსტიტუტების), საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული წარმომადგენლობების, ასევე ეროვნული ბანკის ბოლო შემოწმების თარიღის (ადგილზე ინსპექტირების) და მინიჭებული რისკის დონის შესახებ ინფორმაციას.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ბენეფიციარი მესაკუთრე პირების, დირექტორების, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციის ასახვისას, მიეთითება საიდენტიფიკაციო მონამცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მოქალაქეობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და რეგისტრაციის ქვეყანა).
საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალების არსებობის შემთხვევაში მიეთითება მათი რაოდენობა და ადგილმდებარეობა (ქვეყნების ჩამონათვალი).
საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმომადგენლობების და შვილობილი საწაროების (ფინანსური ინსტიტუტების) არსებობის შემთხვევაში მიეთითება მათი დასახელება და ადგილმდებარეობა (ქვეყნების ჩამონათვალი).
ფორმაში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვით.
მუხლი 6🔗. ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა№2)
ანგარიშგების ფორმა შედგება ფაქტორებისა და ქვეფატორებისგან. რისკის დონეების და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
ანგარიშგების ფორმის შევსების მიზნით, მისომ უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.
ანგარიშგების ფორმა მოიცავს კლიენტი იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს, მათ შორის, იმ პირების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საქმიან (სახელშეკრულებო) ურთიერთობაში იმყოფებიან მისოსთან და საანგარიშო პერიოდში არ განუხორციელებიათ ტრანზაქციები, ასევე, იმ პირების შესახებ მონაცემებს, რომლებთანაც საანგარიშო პერიოდში შეწყდა საქმიანი (სახელშეკრულებო) ურთიერთობა.
კლიენტთა ბაზა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომელთა მიმართაც მისოს გააჩნია სასესხო ვალდებულება, გარდა იმ კომერციული ბანკებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი საყურადღებო/საეჭვო/არააკოოპერირებად ზონებში.
იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობის მიუხედავად, თუ მისოს კლასიფიცირებული ჰყავს კლიენტები რეზიდენტობის და რისკის დონეების მიხედვით, აღნიშნული პირების და მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს შესაბამის ველებში.
მუხლი 7🔗. ინფორმაცია პროდუქტების/გარიგებების შესახებ (ფორმა№3)
ანგარიშგების ფორმაში აისახება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გარიგებების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
მთლიანი ბრუნვის მონაცემებში, ველში „სულ“ აისახება ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლით გათვალისწინებულ საქმიანობებთან დაკავშირებული გარიგებების (მათ შორის, ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდების და საყოფაცხოვრებო მომსახურების გადახდების, ასევე, ფორმაში მითითებული გარიგებების) საერთო რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
საბლანკო სესხების შესახებ ინფორმაცია, არ მოიცავს განვადების და საკრედიტო ბარათების შესახებ მონაცემებს.
ფორმაში აისახება ინფორმაცია სესხების შესახებ, რომელთა უზრუნველყოფას წარმოადგენს ძვირფასი ლითონები, ქვები, ანტიკვარიატი ან/და ხელოვნების ნიმუშები.
თუ სესხის უზრუნველყოფა არის შერეული (მოიცავს, მაგალითად, ფასიან ქაღალდებს და ძვირფას ლითონებს), სესხის მოცულობა აისახება ფორმით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ–ერთ ქვეფაქტორში.
ანგარიშგების ფორმაში არ აისახება ინფორმაცია ძვირფასი ლითონებით, ქვებით, ანტიკვარიატით, ხელოვნების ნიმუშებით ან/და ფასიანი ქაღლდებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ, თუ სესხი ამავდროულად უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, ან გირავნობის სხვა ნებისმიერი საგნით.
უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები, მოიცავს ინფორმაციას სესხების შესახებ, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს მესამე პირთა უძრავი ქონება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირი არის კლიენტის ოჯახის წევრი, ან იურიდიული პირის დამფუძნებელი/დამფუძნებლის ოჯახის წევრი.
იმ შემთხვევაში, თუ სესხი ერთდროულად უზრუნველყოფილია ძვირფასი ლითონებით, ქვებით, ანტიკვარიატით, ხელოვნების ნიმუშებით ან/და ფასიანი ქაღლდებით და ამ მუხლის მე–7 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებით, მონაცემები აისახება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ ინფორმაციაში.
ნასესხები სახსრების შესახებ ინფორმაცია მოიცავს საყურადღებო/საეჭვო/არაკოოპერირებად ზონებში რეგისტრირებული პირებისგან მისოს მიერ მიღებულ სესხებს (მათ შორის რეალიზებულ თამასუქებს).
ფორმაში აისახება ინფორმაცია ობლიგაციების შესახებ, რომელთა რეალიზაცია ხდება კერძო შეთავაზების გზით და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აისახება დამოუკიდებელ რეგისტრატორთან.
ანგარიშგების ფორმაში მოცემული მაღალრისკიანი პროდუქტების/გარიგებების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მხოლოდ იდენტიფიცირებული კლიენტების მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემებს, ხოლო ინფორმაცია კლიენტის იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებული გარიგებების შესახებ აღირიცხება დიფერენცირებულად –შესაბამის ქვეფაქტორში.
იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებულ გარიგებებში არ აისახება ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდების და საყოფაცხოვრებო (ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, დასუფთავების, სატელეკომუნიკაციო) მომსახურების გადახდების შესახებ.
მუხლი 8🔗. ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა№4)
ანგარიშგების ფორმაში აისახება საანგარიშო პერიოდში, კლიენტების მიერ და მათ სასარგებლოდ, როგორც იდენტიფიცირებული, ასევე იდენტიფიკაციის გარეშე, უნაღდო ფორმით განხორციელებული ჩარიცხვა-გადარიცხვის ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით.
ქვეყნების მიხედვით ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია აისახება კონტრაგენტის მომსახურე ფინანსური ინსტიტუტის ადგილმდებარეობის მიხედვით.
ველში ,,ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნების/ტერიტორიების მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
ფორმაში, დამატებით, დიფერენცირებულად აისახება ინფორმაცია იდენტიფიკაციის გარეშე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული გარიგებების შესახებ.
ანგარიშების ფორმა მოიცავს ინფორმაციას მხოლოდ იმ ოპერაციების შესახებ, რომელთა განხორციელებისას მისო არ წარმოადგენს ტრანზაქციის მხარეს (თანხის გამგზავნს (გარიგების ინიციატორს) და საბოლოო მიმღებს).
მუხლი 9🔗. ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №5)
ანგარიშგების ფორმაში, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს გარიგებები.
ანგარიშგების ფორმა მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ განხორციელებული გარიგებების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს პირის მიერ და მის სასარგებლოდ, ამ წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით, როგორც გზავნილის სისტემით, ასევე, უნაღდო ანგარიშსწორების სხვა ფორმით განხორციელებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ტრანზაქციებს.
სვეტში „სხვა“ აისახება ინფორმაცია კლიენტების სასარგებლოდ და კლიენტების დავალებით განხორციელებული იმ გარიგებების (პროდუქტის/მომსახურების ტიპის) შესახებ, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ფორმის სხვა სვეტებით.
ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია პირთა შესახებ, რომელთა რეგისტრაციის ქვეყნები/ტერიტორიები არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობის მიუხედავად, თუ მისოს გააჩნია კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ინფორმაცია უნდა აისახოს ამავე ფორმაში რეზიდენტობის მიხედვით.
ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომელთა მიმართაც მისოს გააჩნია სასესხო ვალდებულება, გარდა იმ კომერციული ბანკებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი საყურადღებო/საეჭვო/არააკოოპერირებად ზონებში.
მუხლი 10🔗. ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობის შესახებ (ფორმა №6)
ანგარიშგების ფორმაში აისახება რეზიდენტობის მიხედვით იმ კლიენტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქმიან ურთიერთობაში იმყოფებიან მისოსთან, მიუხედავად იმისა, განხორციელდა, თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ გარიგება საანგარიშო პერიოდში. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა მისოსთან.
ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომელთა მიმართაც მისოს გააჩნია სასესხო ვალდებულება, გარდა იმ კომერციული ბანკებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი საყურადღებო/საეჭვო/არააკოოპერირებად ზონებში.
ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია პირთა შესახებ, რომელთა რეგისტრაციის ქვეყნები/ტერიტორიები არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობის მიუხედავად, თუ მისოს გააჩნია კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ინფორმაცია უნდა აისახოს ამავე ფორმაში რეზიდენტობის მიხედვით.
მუხლი 11🔗. ინფორმაცია ფულადი გზავნილის სისტემების შესახებ (ფორმა №7)
ანგარიშგების ფორმა მოიცავს მისოში არსებული თითოეული ფულადი გზავნილის სისტემის მეშვეობით განხორციელებული გარიგებების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას.
ანგარიშგების ფორმაში, ასევე უნდა აისახოს ფულადი ფულადი გზავნილის სისტემების მიხედვით ტრანზაქციების როგორც დღიური, ასევე ერთჯერად ლიმიტი (სისტემის) ეროვნულ ვალუტაში.
მუხლი 12🔗. ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №8)
ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაციაც განხორციელდა ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად (მათ შორის რეზიდენტი მესამე პირების/შუამავლების მეშვეობით იდენტიფიცირებული კლიენტების შესახებ).
ფორმაში აისახება მონაცემები იმ ორგანიზაციის შესახებ (რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), რომელსაც დაეყრდნო მისო პირის იდენტიფიკაციისას, ასევე ამ ფორმით იდენტიფიცირებული კლიენტების რაოდენობა და განხორციელებული გარიგებების შესახებ მონაცემები.
კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ტრანზაქცია. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყვიტეს ურთიერთობა მისოსთან.
მუხლი 13🔗. ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №9)
ანგარიშგების ფორმა მოიცავს მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ასევე, სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობისა და გარიგებების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.
პირების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა, თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ტრანზაქცია. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც მისოსთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო კომპანიებს, ასევე საადვოკატო, საბუღალტრო, აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს.
ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირების შესახებ ინფორმაციის ასახვის დროს ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ონლაინსამორინეების და აზარტული თამაშების მომწყობი პირების, ტოტალიზატორების შესახებ ინფორმაცია.
ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან, ანტიკვარულ ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობა, ასევე მოიცავს აუქციონის მომწყობ პირებს, ლომბარდებს, ძვირფასეულობის, ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებს.
ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ეწევიან ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ინფორმაცია ფორმაში აისახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ მისოს მომსახურებით სარგებლობა ხდება ხსენებული საქმიანობის მიზნებისთვის.
ანგარიშგების ფორმაში არ აისახება ხელოვანი პირების და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირების შესახებ ინფორმაცია.
ფორმაში არ აისახება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომლთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის და ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, გარდა არაკოოპერირებად, საყურადღებო ან საეჭვო ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა.
ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა საქმიანობას ქიმიური ნივთიერებებით ვაჭრობა ან/და წარმოება წარმოადგენს, არ მოიცავს საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქციის მწარმოებელ ან/და რეალიზატორ კომპანიებს.
ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, მოიცავს გრანტების, საქველმოქმედო და ჰუმანიტარული დახმარების გამცემ პირებს, რელიგიურ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფონდებს, ფედერაციებს, ასოციაციებს და სხვ.
ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, არ მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს, უცხო ქვეყნის საელჩოებსა და საკონსულოებს, ავტორიტეტულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს (EBRD, WB, IMF და სხვ.) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს.
ფორმაში გათვალისწინებული სპორტული კლუბები მოიცავს საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა მსგავსი ტიპის კლუბებს, გარდა სპორტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსებისა.
ფორმაში არ აისახება ინფორმაცია იმ საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების შესახებ, რომლებიც შექმნილნი არიან საქართველოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით.
ფორმაში აისახება ინფორმაცია დეველოპერული კომპანიების შესახებ, რომელთა საქმიანობას უძრავი ქონების პროექტების მართვა და რეალიზება წარმოადგენს.
ფორმაში აისახება ინფორმაცია ჰოლდინგური კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა ან კონტროლია.
ფორმაში აისახება ინფორმაცია აქტივების მმართველი კომპანიების შესახებ, რომლებიც ახდენენ კლიენტების სახსრების (მათ შორის, საპენსიო დანაგროვთა) მართვასა და ინვესტირებას.
ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ სატრასტო კომპანიების შესახებ, რომლებიც ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესებისათვის მოქმედებს როგორც ფიდუციარი, აგენტი ან მინდობილი მესაკუთრე (trustee), იმ მიზნით, რომ მოახდინონ აქტივების ადმინისტრირება, მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის.
ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა, გარდა კომერციული ბანკებისა.
სესხის გამცემი ორგანიზაციები მოიცავს ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა არის სესხის გაცემა (მათ შორის, ონლაინსესხის გამცემი პირები), გარდა კომერციული ბანკებისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა, საკრედიტო კავშირებისა, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტებისა.
იმ პირების გარიგებების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, აისახება როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი გარიგების, ასევე კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული გარიგებების ჯამური მოცულობა.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინასური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებაში გარიგების მონაწილე მხარე არის ერთდროულად რამდენიმე კლიენტი, რაოდენობრივ მაჩვენებელში ფიქსირდება ყველა მათგანი და როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი გარიგების, ასევე მათ მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული გარიგებების ჯამური მოცულობა.
გარიგების დადების მცდელობის საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგების გაგზავნის შემთხვევაში, გარიგების მოცულობაში აისახება როგორც ამ კონკრეტული გარიგების თანხა, ასევე გარიგების მონაწილე კლიენტ(ებ)ის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული გარიგებების თანხების ჯამური მოცულობა.
ფორმაში, რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები, რომელთა სადამფუძნებლო სტრუქტურა ვერტიკალურ ჭრილში, მოიცავს იურიდიული პირების ორ ან მეტ დონეს.
მისოს მიერ ფორმაში ასევე ასახული უნდა იქნეს მის მიერ, საქმიანობის მიხედვით, მაღალი რისკის მატარებლად განსაზღვრული კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ კრიტერიუმი განსხვავდება ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგან.
თუ კლიენტი ერთდროულად არის ფორმით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ–ერთ ფაქტორში. გამონაკლისს წარმოადგენენ ფაქტორები - ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, ,,რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“ და ,,პირები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირები რეგისტრირებულნი არიან საყურადღებო/საეჭვო/არაკოოპერირებად ზონებში“, სადაც დაშვებულია ფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემების განმეორება. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი, ამავდროულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ორივე ფაქტორში.
თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდროულად შეესაბამება ფაქტორებს - ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, ,,პირები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირები რეგისტრირებულნი არიან საყურადღებო/საეჭვო/არაკოოპერირებად ზონებში“ და ,,რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, ინფორმაცია აღირიცხება სამივე ფაქტორში.
მუხლი 14🔗. ინფორმაცია განხორციელებული ინვესტიციების და ნასესხები სახსრების შესახებ (ფორმა №10)
ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია მისოს მიერ იურიდიული და ფიზიკური პირებისგან ნასესხები სახსრების, ასევე მისოს მიერ სხვა საწარმოთა კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ.
ფორმაში აისახება მხოლოდ იმ კრედიტორი ფიზიკური/იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია, რომელთაგან საანგარიშო პერიოდში მოზიდულ იქნა 100 000 (ასი ათასი) ლარის ეკვივალენტი მოცულობის და მეტი ოდენობის ფულადი სახსრები.
ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ საწარმოთა შესახებ, რომელთა კაპიტალშიც მისო საანგარიშო პერიოდში ფლობს, ან ფლობდა წილს (კაპიტალში ინვესტიციის თანხის ოდენობის მითითებით).
რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება/კოდი უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების/კოდის იდენტური.
მუხლი 15🔗. სტატისტიკური ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგაზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №11)
ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.
საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ ინფორმაცია აისახება დიფერენცირებულად, იმის მითითებით, თუ რა ნიშნით მოხდა ანგარიშგების საეჭვო სტატუსით გაგზავნა.
მუხლი 16🔗. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №12)
ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.
ფორმაში მიეთითება ტრანზაქციის სტატუსი, გარიგების/პროდუქტის ტიპი (ვალუტის კონვერტაცია, ფულადი გზავნილის სისტემით თანხის მიღება და სხვ.), კლიენტის რეზიდენტობა (ქვეყნის კოდის მითითებით) და შემთხვევების რაოდენობა.
რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური.
ფორმაში ასევე მიეთითება ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა ანგარიშგების საეჭვო სტატუსით გაგზავნა.
მუხლი 17🔗. ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №13)
ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც, საანგარიშო პერიოდში, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დაედო ყადაღა.
ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა გარიგებების აღსრულებაც შეჩერდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე საანგარიშო პერიოდში.
ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია პირთა შესახებ, რომელთა რეგისტრაციის ქვეყნები/ტერიტორიები არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
მუხლი 18🔗. ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №14)
ანგარიშგების ფორმაში აისახება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ადგილზე შემოწმების, ასევე დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად განსაზღვრული რეკომენდაციები და მათი შესრულების მდგომარეობა.
ანგარიშგების ფორმაში უნდა აისახოს თოთოეული რეკომენდაცია, დადგენილი შესრულების ვადა, შესრულების მდგომარეობა, გატარებული ზომები და შესრულების თარიღი.
თითოეული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ფორმაში აღწერილი გატარებული ზომების შესახებ ინფორმაცია, გარკვევით უნდა ასახავდეს მისოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.
მუხლი 19🔗. ინფორმაცია საეჭვო ზონების შესახებ (ფორმა №15)
ანგარიშგების ფორმაში აისახება ქვეყანა, ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მისოს მიერ მიჩნეულ იქნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ (ქვეყნის კოდის მითითებით).
ანგარიშგების ფორმაში უნდა აისახოს ინფორმაცია ქვეყნის, ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის საეჭვო ზონად კლასიფიცირების თარიღის, იმ საფუძვლებისა და წყაროს შესახებ, რომლის გათვალისწინებითაც მოხდა მისი საეჭვო ზონად მიჩნევა.
თუ საეჭვო ზონად მიჩნეულ იქნა ქვეყანა/ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მოცემულია ანგარიშგების შესაბამის ფორმებით განსაზღვრული ქვეყნების ჩამონათვალში, ფორმაში დასახელება უნდა მიეთითოს სიაში არსებული დასახელების იდენტურად.
მუხლი 20🔗. ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა №16)
ანგარიშგების ფორმაში აისახება მხოლოდ იმ პროდუქტების, ასევე, მომსახურების მიწოდების საშუალებების (არხის) შესახებ ინფორმაცია, რომელიც მისოს მიერ მიჩნეულ იქნა მაღალი რისკის მატარებლად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით (საწყისი რისკის გათვალისწინებით).
ანგარიშგების ფორმაში მითითებული ინფორმაცია გარკვევით უნდა ასახავდეს პროდუქტის/მიწოდების არხის აღწერილობას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არსებულ რისკებსა და იდენტიფიცირებული რისკების მიტიგაციის მიზნით მისოს მიერ განსაზღრულ ზომებს.
მუხლი 21🔗. ინფორმაცია საფინანსო ინსტიტუტებთან დაკავშირებული გარიგებების შესახებ (ფორმა №17)
ფორმაში აისახება ინფორმაცია მისოს მიერ კომერციულ ბანკთან, ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან, ასევე სხვა მისოსთან ნაღდი ფორმით განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ.
ფორმაში ასევე აისახება მისოს სალაროში ვალუტის გადამცვლელი პუნქტისა და სხვა მისოს მიერ ნაღდი ფორმით განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის გარიგებების შესახებ ინფორმაცია.
გარიგებების მოცულობაში აისახება მხოლოდ პირის მიერ შეტანილი ნაღდი ფულის ოდენობა.
მუხლი 22🔗. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დამატებით წარმოსადგენი ინფორმაცია
ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, კონტროლის სისტემის დისტანციური შეფასების მიზნით, მისო ეროვნულ ბანკს წარუდგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით მისოში არსებულ ყველა პოლიტიკა–პროცედურას და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა ხდება ამ წესის 23-ე მუხლით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
პოლიტიკა–პროცედურები და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობა არ საჭიროებს საანგარიშო პერიოდების მიხედვით განმეორებით წარმოდგენას, თუ მასში არ არის განხორციელებული რაიმე სახის ცვლილება, ხოლო ცვლილების შემთხვევაში იგზავნება მხოლოდ განახლებული ინფორმაცია.
მისოსგან სხვა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.
ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს კითხვარის სახით, რომლის ფორმას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.
მუხლი 23🔗. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები
მისო ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის:
ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) - არაუგვიანეს 31 ივლისისა;
ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) - არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.
ამ წესის 22-ე მუხლით გათალისწინებულ პოლიტიკა–პროცედურებს და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას მისო წარადგენს ანგარიშგებასთან ერთად.
კონკრეტული მისოს ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, მისოს მენეჯმენტში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ანგარიშგების ან/და დამატებითი ინფორმაციის ვადაზე ადრე გამოთხოვა. ამასთან, ანგარიშგების/ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს მისოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.
მუხლი 24🔗. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი
მისო ამ წესის 23-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფორმით წარუდგენს ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge
მისო ამ წესის 23-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფორმით წარუდგენს ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge
ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში, ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ელექტრონული ფორმისა და ფორმულების დაცვით, რომლის დარღვევაც დაუშვებელია.
მუხლის 25. გარდამავალი დებულებები
მისოს მიერ ამ წესით გათალისწინებული ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის პირველადი წარმოდგენა განხორციელდეს არაუგვიანეს 2017 წლის 31 იანვრისა, სადაც აისახება 2016 წლის მეორე ნახევრის მონაცემები.
ანგარიშგებით გათვალისწინებული მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №9) ინფორმაციის წარმოდგენა მოხდეს 2017 წლის პირველი ნახევარი წლის ანგარიშგებაში.