მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 07.06.2016
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016023
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/06/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.06.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია საქართველოს საარჩევნო კოდექსი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოების წესი
დოკუმენტის ტექსტი
მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის
დადგენილება №3
2016 წლის 7 ივნისი
ქ. ბათუმი
მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნების დანიშვნის დღიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ცნობამდე დროის მონაკვეთით.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეარჩილ მიქელაძეაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანითამარა ხოზრევანიძე
დანართი
მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესი
პარტიას, რომელსაც არ გააჩნია რეგისტრაცია ცესკოში, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უსკოს უნდა წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული აქტიური საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა არანაკლებ 3000 მხარდამჭერთა ხელმოწერა.
კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობას განკარგულებით ადგენს უსკო, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისი მუხლით დადგენილი ნორმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლის საფუძველზე.
მხარდამჭერთა სიები უსკოში/საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენისთანავე ილუქება პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის თანდასწრებით, რაც დასტურდება როგორც უსკოს შესაბამისი სამსახურის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლის, ისე პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ლუქზე ხელმოწერების დატანებით.
მხარდამჭერთა სიების შემოწმების დროს უსკოს შესაბამისი სამსახური/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს ლუქის მთლიანობას და ხსნის ლუქს, რის შემდგომაც უსკოს შესაბამისი სამსახური/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლის მიერ თანმიმდევრობით მოწმდება მხარდამჭერთა ხელმოწერები შემდეგი წესით:
1.
მხარდამჭერთა ხელმოწერები შესრულებული უნდა იყოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულებით დამტკიცებული ნიმუშის ბლანკზე.
1.1. კომისიაში, მხარდამჭერთა სიების დაუდგენელი ნიმუშის ბლანკზე წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ხელმოწერები არ დაექვემდებარება შემოწმების პროცედურებს.
1.2. ბლანკის მე-2 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული მხარდამჭერის სახელი და გვარი (ჯერ სახელი და შემდეგ გვარი) ბათილია ხელმოწერა, თუ მითითებულია მხარდამჭერი ამომრჩევლის; ა) მხოლოდ სახელი; ბ) მხოლოდ გვარი; გ) გვარი და მხოლოდ სახელის ინიციალი; დ) სახელი და მხოლოდ გვარის ინიციალი; ე) მხოლოდ ინიციალები.
1.3. ბლანკის მე-3 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული დაბადების რიცხვი, თვე (აღინიშნება ორნიშნა რიცხვით) და წელი (აღინიშნება ოთხნიშნა რიცხვით). (მაგ: 29.02.2001).
1.4. ბლანკის მე-4 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და 7-ნიშნა ნომერი/მოქალაქის პირადობის მოწმობის (რომელშიც არ არის მითითებული მისამართი) 9-ნიშნა ნომერი/საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი და პირადი 11-ნიშნა ნომერი.
1.5. ბლანკის მე-5 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული მისამართი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მფლობელთა შემთხვევაში - მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რომელიც მითითებულია შესაბამისი პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში;
ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის/საქართველოს მოქალაქის პასპორტის მფლობელთა შემთხვევაში (რომელშიც არ არის მითითებული მისამართი)- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ (შემდგომში - „სააგენტო“) მონაცემთა ბაზის შესაბამისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
1.6. ბლანკის მე-6 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული ხელმოწერის თარიღი (მაგ.21.03.2016.), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს. ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება უსკოს შესაბამის სამსახურში/საოლქო საარჩევნო კომისიაში.
1.7. ბლანკის მე-7 გრაფაში უნდა იყოს ამომრჩევლის ხელმოწერა.
1.8. საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი უფლებამოსილია შერჩევითობის პრინციპით მხარდამჭერთა მონაცემები გადაამოწმოს ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში.
1.9. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მონაცემი არ არის, არასრულად ან არასწორად არის მითითებული, აღნიშნული სტრიქონი გადაიხაზება და ხელმოწერა ბათილად ჩაითვლება, ხოლო ბლანკზე მიეთითება დარჩენილ ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა.
1.10. ბლანკზე „ხელმოწერის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი“, სრულად უნდა იყოს მითითებული: სახელი, გვარი (ჯერ სახელი და შემდეგ გვარი), მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერა, ბლანკის შევსების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), რომელიც უნდა ემთხვეოდეს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს.
1.11. ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის რომელიმე მონაცემის შეუვსებლობის ან არასრულად შევსების შემთხვევაში აღნიშნულ ბლანკზე შესრულებული ხელმოწერები მთლიანად ბათილდება, გადაეხაზება ჯვარედინი ხაზი და ზედ დაეწერება „0“.
2.
ყველა აღნიშნული ქმედების შემდეგ, უნდა დაითვალოს შემოწმების შედეგად დარჩენილი ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა და შედგეს აქტი.
3.
თუ გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა დარჩენილი ხელმოწერების რაოდენობა შეესაბამება დადგენილ ოდენობას, უსკოს შესაბამისი სამსახური/საოლქო საარჩევნო კომისია ამზადებს დასკვნას პარტიის/საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობის თაობაზე.
4.
თუ გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კანონით დადგენილ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, დგება აქტი, პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს უბრუნდება მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი და 2 (ორი) დღე ეძლევა ხარვეზის შესავსებად.
5.
კანონით დადგენილ ვადაში წარმოდგენილი შესწორებული/დადგენილ ოდენობამდე შესავსებად აუცილებელი ხელმოწერები კვლავ მოწმდება ზემოთ აღნიშნული წესით. ბლანკზე მითითებული ხელმოწერის თარიღი უნდა ემთხვეოდეს მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების შესწორების შედეგად გაბათილებული ნაწილის გადაცემისა და შესწორებული სიების შემოტანის თარიღს შორის პერიოდს.
6.
თუ შემოწმების შემდეგ, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა შეესაბამება დადგენილ ოდენობას, უსკოს შესაბამისი სამსახური/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ამზადებს დასკვნას პარტიის/კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობის თაობაზე, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში - დასკვნას კანონთან შეუსაბამობის თაობაზე.