შპს „სტუდია მაესტრო“-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/18853-2015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/18853-2015

განჩინება

    საქართველოს სახელით

    გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

2016წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე : ლაშა ქოჩიაშვილი

სხდომის მდივანი: მარი კირვალიძე

განმცხადებელი :   შპს ,,სტუდია მაესტრო”

წარმომადგენელი :  ლევან გაჩეჩილაძე

მოთხოვნა:  გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა

კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს „სტუდია მაესტროს” დირექტორის ლევან გაჩეჩილაძის განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

   

გამოარკვია:

  2015 წლის 18 სექტემბერს შპს „სტუდია მაესტროს” დირექტორმა ეთერ გადაბაძემ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „სტუდია მაესტროს” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, შპს „სტუდია მაესტროს” განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში.

 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, გიორგი გაჩეჩილაძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ოქტომბრის განჩინება შპს „სტუდია მაესტროს” გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღების შესახებ და საქმე განცხადების დასაშვებობის ხელახლა შემოწმების მიზნით დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, შპს „სტუდია მაესტროს” ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა.

  2015 წლის 8 დეკემბერს შპს „სტუდია მაესტროს” დირექტორმა ეთერ გადაბაძემ ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა, შპს „სტუდია მაესტროს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 დეკემბრის განჩინებით შპს „სტუდია მაესტროს” განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.

  შპს „სტუდია მაესტროს” პარტნიორთა კრების 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით შეიცვალა საზოგადოების დირექტორი და ეთერ გადაბაძის ნაცვლად  შპს „სტუდია მაესტროს” დირექტორად დაინიშნა ლევან გაჩეჩილაძე. დირექტორის ცვლილება სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა 2016 წლის 7 მარტს.

  2016 წლის 14 მარტს შპს „სტუდია მაესტროს” დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შპს „სტუდია მაესტროს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა იმაზე მითითებით, რომ 2015 წლის 1-4 სექტემბერს შპს „სტუდია მაესტროს” პარტნიორთა კრებაზე საზოგადოების კაპიტალის 75% წილის მფლობელი პარტნიორების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, რასაც არ დაეთანხმა კაპიტალის 25% წილის მფლობელი პარტნიორი გიორგი გაჩეჩილაძე, რომელმაც პარტნიორებს შესთავაზა გადახდისუუნარობის თავიდან აცილების გეგმა. 2015 წლის 8 დეკემბერს შპს ,,სტუდია მაესტროსა” და შპს „მ-ინვესტმენტს” შორის დაიდო ხელშეკრულება სამაუწყებლო ეთერში რეკლამის განთავსების შესახებ, რომლის თანახმად, შპს ,,სტუდია მაესტრომ” 3201000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სანაცვლოდ გადასცა შპს „მ-ინვესტმენტს”  შპს „სტუდია მაესტროს” ეთერში მესამე პირების სასარგებლოდ სარეკლამო მომსახურების გაწევის უფლება. აღნიშნული ციფრი 53%-ით აღემატება შპს „სტუდია მაესტროს” 2015 წლის შემოსავალს, თანახმად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საიტზე გამოქვეყნებული საქართველოში მოქმედი ტელევიზიების შემოსავლების შესახებ ინფორმაციისა 2015 წლის პერიოდზე. შპს „სტუდია მაესტროს” პარტნიორის – გიორგი გაჩეჩილაძის დაკვეთით 2015 წლის 30 დეკემბერს საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ ,,BDO”-მ გასცა ანგარიში შპს ,,სტუდია მაესტროს”, ,,Hაუწორტჰ Iნტერნატიონალ შა”-ს და მაკა ასათიანს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი სესხის ისტორიის შესახებ, რომლის შესაბამისად სესხის მნიშვნელოვანი ნაწილი არ დასტურდება დოკუმენტურად. საზოგადოების მენეჯმენტი კომპანიის გადახდისუუნარობას ძირითადად ასაბუთებდა იმით, რომ კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა, დააკმაყოფილოს ძირითადი კრედიტორის, კაპიტალის 25% წილის მფლობელი პარტნიორის – მაკა ასათიანის მოთხოვნა სესხის თანხის სრულად ვადამდე ადრე დაბრუნების შესახებ. აუდიტორული კომანიის მიერ გაცემული ანგარიშის შესაბამისად, სესხის ოდენობა რეალურად იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამას თავად კრედიტორი და საზოგადოების ყოფილი მენეჯმენტი აცხადებენ. გარდა აღნიშნულისა, სესხის ხელშეკრულების მიხედვით, სესხის დაფარვის ვადა არის 2019 წლის ბოლო, ხოლო კრედიტორის მიერ სესხის ვადაზე ადრე დაბრუნება არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან და კანონის მოთხოვნებიდან. განმცხადებლის მითითებით სასეხო ხელშეკრულებებიდან საზოგადოებას 2016 წლის განმავლობაში მისაღები აქვს 2 000 000 აშშ დოლარი. 2016 წელს შპს ,,სტუდია მაესტროს” მისაღები შემოსავალი სრულად ფარავს საოპერაციო ხარჯებს და ვადამოსულ დავალიანებებს, რაც გამორიცხავს მის გადახდისუუნარობას. 2016 წლის 11 მარტს შპს ,,საკონსულტაციო კომპანია გვაზავა და პარტნიორების” აუდიტორმა ოთარ გვაზავამ გასცა დამოუკიდებელი აუდიტორის წერილი, რომლის მიხედვით შპს ,,სტუდია მაესტრო” ვერ ჩაითვლება გადახდისუუნაროდ. 2016 წლის მონაცემების საფუძველზე და აუდიტის დასკვნებზე დაყრდნობით აღმოფხვრილია შპს „სტუდია მაესტროს” გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა, რის გამოც უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

  2016 წლის 15 მარტს, კრედიტორთა კრებაზე, შპს „სტუდია მაესტროს” დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ მოითხოვა შპს ,,სტუდია მაესტროს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა, რასაც დაეთანხმა მეურვე.

  სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ შპს „სტუდია მაესტროს” მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

  საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შპს „სტუდია მაესტროს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ სასამართლოსათვის მომართვის საფუძველი იყო საწარმოს მოსალოდნელი გადახდისუუნარობა, განმცხადებლის მითითებით 2015 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით საზოგადოების ჯამური ვალდებულებები შეადგენდა 54 325 435 ლარს და 49 თეთრს, საიდანაც ერთ-ერთი კრედიტორის და პარტნიორის – მაკა ასათიანის მიმართ არსებული სასესხო დავალიანების თანხა იყო 42 271 494 ლარი, შპს „სტუდია მაესტროს” აქტივი განისაზღვრებოდა 9 068 741 ლარით და 45 თეთრით, უარყოფითი იყო შემოსავლის დინამიკა და გართულებული იყო კომპანიის ფუნქციონირებისათვის საჭირო მიმდინარე ხარჯების დაფარვა. განცხადებას თან ერთვის აუდიტორული კომპანიის ,,ბაკაშვილი და კომპანია” აუდიტორული დასკვნა.

 დადგენილია, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების სასამართლოში წარმოდგენის შემდეგ, 2015 წლის 8 დეკემბერს შპს ,,სტუდია მაესტროსა” და შპს „მ-ინვესტმენტს” შორის დაიდო ხელშეკრულება სამაუწყებლო ეთერში რეკლამის განთავსების შესახებ, რომლის თანახმად, შპს ,,სტუდია მაესტრომ” 3 201 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სანაცვლოდ გადასცა შპს ,,მ-ინვესტმენტს” შპს „სტუდია მაესტროს” ეთერში მესამე პირების სასარგებლოდ სარეკლამო მომსახურების გაწევის უფლება. საზოგადოების დირექტორის მითითებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ციფრი 53%-ით აღემატება შპს „სტუდია მაესტროს“ 2015 წლის შემოსავალს.

 საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 26 დეკემბრით დათარიღებული სესხის ხელშეკრულებებით, საიდანაც გამომდინარე ვალდებულებები გახდა სასამართლოსათვის გადახდისუუნარობის განცხადებით მომართვის საფუძველი, დადგენილია, რომ სესხის დაფარვის ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 31 დეკემბრამდე (ტომი 1; ს.ფ. 26-48). შპს ,,საკონსულტაციო კომპანია გვაზავა და პარტნიორების” 2016 წლის 11 მარტის წერილის მიხედვით, განხილულ იქნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია ,,BDO”-ს ანგარიში, აუდიტორული კომპანიის ,,ბაკაშვილი და კომპანია“ აუდიტორული დასკვნა, 2015 წლის 08 დეკემბერს შპს ,,სტუდია მაესტროსა” და შპს „მ-ინვესტმენტს” შორის დადებული ხელშეკრულება, შპს “სტუდია მაესტროს” დირექტორის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, რის საფუძველზეც შპს ,,სტუდია მაესტრო” არ შეიძლება ჩაითვალოს გადახდისუუნაროდ. კერძოდ, საოპერაციო ხარჯებზე გადასახდელი თანხების და ვადამოსული კრედიტორული დავალიანებების გათვალისწინებით, საჭირო ფულადი სახსრები შეადგენს 6001530 აშშ დოლარს (3675000+2326530), ხოლო მისაღები ფულადი თანხები შეადგენს 6077180 აშშ დოლარს, საიდანაც მომსახურებიდან მისაღებია 3777180 აშშ. დოლარი, დებიტორული დავალიანებებიდან – 300 000 აშშ დოლარი და სასესხო ხელშეკრულებით 2016 წელს მისაღები არის 2 000 000 აშშ დოლარი, რაც 75650 აშშ დოლარით აღემატება გასაცემ თანხებს.

  შპს „სტუდია მაესტროს” დირექტორის განცხადებით, მოვალეს შეუძლია ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად, ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას, რასაც ეთანხმება შპს „სტუდია მაესტროს” კაპიტალის 55% წილის მფლობელი პარტნიორი გიორგი გაჩეჩილაძე და ეთანხმება მეურვე.

  ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან, ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.    

  ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობა არის მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა, ხოლო ,,ბ“ პუნქტის მიხედვით, მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი მოვალე არის მოვალე, რომელიც სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში უახლოეს მომავალში გახდება ან შესაძლებელია გახდეს გადახდისუუნარო. ამავე კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.

  „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვის გადაწყვეტილებას იღებს მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი უფლებამოსილებას ანიჭებს საწარმოს დირექტორს, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება გაითხოვოს მისი წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე.

  ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს მომრიგებელი საბჭოს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი ან ეს საფუძველი აღმოიფხვრა განცხადების შეტანის შემდეგ ან მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად.

  განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კრედიტორთა პირველ კრებამდე და მომრიგებელი საბჭოს შექმნამდე აღმოფხვრილია შპს „სტუდია მაესტროს” მიმართ გადახდისუუნარობის საფუძველი და მოვალეს შეუძლია ვალი დაფაროს კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად, რაც, კანონის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია. რაც შეეხება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას მომრიგებელი საბჭოს მიერ, იმის გათვალისწინებით, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი უფლებამოსილებას ანიჭებს საწარმოს დირექტორს მომრიგებელი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, გაკოტრების საქმის წარმოება კი, კანონის თანახმად, სრულდება მოვალის ქონების რეალიზაციით და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებით ან ქონების ერთიანი კომპლექსის სახით შემძენის პარტნიორად რეგისტრაციით, რა შემთხვევაშიც არსებული პრაქტიკით კრედიტორთა მოთხოვნები სრულად ვერ კმაყოფილდება, მოვალის და კრედიტორების ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის პრინციპიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც აღარ არსებობს შპს „სტუდია მაესტროს” გადახდისუუუნარობის საფუძველი კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმებამდე და მომრიგებელი საბჭოს შექმნამდე, და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი უფლებამოსილებას ანიჭებს განმცხადებელს გამოითხოვოს გადახდისუუნარობის განცხადება, შპს „სტუდია მაესტროს” დირექტორის ლევან გაჩეჩილაძის განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-14, მე-16 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და დაადგინა:

1. შეწყდეს შპს „სტუდია მაესტროს” (ს/ნ 236080557) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

2. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ჩაბარებიდან 5(ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                ლაშა ქოჩიაშვილი