აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/309
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება № 1-1/309    

2016 წლის 9 ივნისი

ქ.თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში ,,კომისია“) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის 11 მაისის (N01/1480) განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის შემდგომში ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში ,,სამინისტრო“) განცხადებით მომართა საქართველოს რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტრურის სამინისტრომ და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გზის მშენებლობის მიზნით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

● პროექტის მოკლე აღწერილობა:

,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ ხორციელდება E-60 ჩქაროსნული საავტომობილო გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის (ლოტი მე-2 კმ11+500. 30+000) მშენებლობა.

გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველომ მოიპოვა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი, შესაბამისად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, სატრანსპორტო სექტორის განვითარება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისთვის და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. საქართველო უმთავრესი პრიორიტეტია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის (კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის) და ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის (რუსეთსა და თურქეთს შორის) გაუმჯობესება. საქართველოს მთავრობამ აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო დერეფნის მოდერნიზაციაში მხარდაჭერა სთხოვა ევროპის საინვესტიციო ბანკს. კერძოდ, დახმარებისათვის მიმართა სამტრედია-გრიგოლეთის ახალი 4-ზოლიანი გზის პროექტის მხარდასაჭერად. 2009 წელს ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“ წარედგინა მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და რეკომენდებული მიმართულების გარემოსდაცვითი შეფასება. გზის ამ მონაკვეთმა უნდა უზრუნველყოს E-60 მაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის უწყვეტობა.

,,საავტომობილო გზების დეპარტამენტში“ 2014 წელს დამუშავებული ტექნიკური დავალების თანახმად, საავტომობილო გზა დაიყო 4 ლოტად:

· I ლოტი კმ0+000–კმ11+500

· II ლოტი კმ11+500–კმ30+000

· III ლოტი კმ30+000–კმ42+000

· IV ლოტი კმ42+000–კმ51+570

E-60 მაგისტრალი სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის II ლოტი (კმ 11+500–30+000) იწყება ჯაპანას ახლოს და სრულდება ლანჩხუთის ახლოს.

პროექტი მოიცავს ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობას. დასახელებული პროექტების განხორციელების მიზნით აუცილებელია, პროექტისათვის საჭირო სამშენებლო არეალის გამოთავისუფლება და სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირება.

პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პროექტისთვის გამოყენების ფარგლებში, შემუშავებულია „მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც მოიცავს ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი განსახლების პროცედურებს. გეგმის ფარგლებში, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ბიძინა ჯიბლაძესთან (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №27.04.45.095, მიწის ნაკვეთის ფართი 137 196 კვ.მ). მხარეთა შორის მოლაპარაკება ვერ შედგა საექსპროპრიაციო ქონების საკომპესაციო ღირებულებაზე შეუთანხმებლობის გამო.

ბიძინა ჯიბლაძის განმარტებით, ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ტბორს და საკომპესაციო ღირებულება უნდა განისაზღვროს შემოთავაზებულ თანხაზე მეტი ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, ბიძინა ჯიბლაძის განმარტებით, პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის შედეგად (საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს სატრანსპორტო კვანძი) მის საკუთრებაში რჩება მიწის ნაკვეთები, რომელიც სატბორე მეურნეობის მოსაწყობად ვერ გამოდგება. ხოლო იმისათვის, რომ მოეწყოს ტბორი საჭიროა მთელი რიგი სამუშაოების ჩატარება, მაგ: ტერიტორიის მოზვინვა, უნდა მოეწყოს მიწაყრილები (დამბა), გაიჭრას არხები და დაემატოს სადრენაჟე მილების სირგძე, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული და აღნიშნულის ანაზღაურებას ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ საკომპესაციო შეთავაზება არ ითვალისწინებს.

ბიძინა ჯიბლაძის მიერ წარმოდგენილია ინდ.მეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტი დავით რობაქიძის ექსპერტიზის დასკვნა (N009/0-1 დ.რ.), რომელშიც მითითებულია, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგოითში (ჯაპანა) გზების მშენებლობის შედეგად მოხდება ჯიბლაძის კუთვნილი თევსაშენი მეურნეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მოშლა-განადგურება. კერძოდ, მთლიანად ნადგურდება ამჟამად ფუნქციონირებადი ტბორის ტერიტორია - ს/კ 27.04.45.095, სადედე თევზის მოსათავსებელი ტბორი - ს/კ 27.04.45.088, მეორე დიდი ტბორის ნაწილი - ს/კ 27.04.45.093 და მის ჩრდილოეთ -აღმოსავლეთით დარჩენილი ტბორის ნაწილი - ს/კ 27.04.45.059, რომლის ფართიც შეადგენს 103 752.0 კვ.მ . ამასთან, ამჟამად არსებული თევზსაშენი მეურნეობის მესაკუთრისათვის გამოუსადეგარი ხდება მიწის ფართების ნაწილის, კერძოდ: ს/კ 24.04.45.088-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი ფართით 2591.0 კვ.მ; ს/კ 27.04.45.096-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი - ფართით 16 990.0 კვ.მ, ს/კ 27.04.45.095 რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ფართით 2833 კვ.მ; ს/კ 27.04.45.093 ფართით 3098.0 კვ.მ და 27.04.45.059 ფართთ 103 752.0, ვინაიდან ტბორის ნაწილების წყლით მომარაგების ან წყლით გაცვლის შესაძლებლობები გზების მშენებლობის შედეგად ფაქტობრივად გამოირიცხა.

ს/კ 27.04.45.088-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი და ს/კ 27.04.45.096, ს/კ 27.04.45.095, ს/კ 27.04.45.094, ს/კ 27.04.45.093, ს/კ 27.04.45.059 რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართებს და მათ აქვთ თევზსაშენის ტბორის სახე, რაც დასტურდება მათი ფაქტობრივი დადგენილი დღევანდელი მდგომარეობით, მათივე არსებობით ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, მიმდებარე და შიგა გრუნტის მდგომარეობით და თვით გეოლოგიური აზომვითი ნახაზებითაც. თევზსაშენი მეურნეობის მესაკუთრის ბიძინა ჯიბლაძეს ამჟამად არსებული ტბორების ნაწილზე, რომელიც დარჩება სახელმწიფოს მიერ ნაწილის წაღების შემდეგ მოუწევს ე/წ დამბების მოწყობა, მიწის ფართებზე ს/კ 27.04.45.093 და ს/კ 27.04.45.089 და ამისათვის მას მოუხდება მინიმუმ 23 353.0 კუბ.მ დატკეპნილი სახით გრუნტის შეტანა მეურნეობის ტერიტორიაზე და ამასთან ის დაკარგავს 4049 კვ.მ მიწის ფართს დამბების მოსაწყობი ტერიტორიის შესაბამისად.

წარმოდგენილი განცხადება განხილულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველი კომისიის სხდომებზე. ,,სამინისტრომ“ შეისწავლა განცხადება, ,,კომისიის“ სხდომის მასალები, ,,კომისიის“ მიერ დაინტერესებული პირებისათვის დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ საექპროპრიაციო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში (საკადასტრო კოდი N27.04.45.095) და საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი შეადგენს 137 193 კვ.მ-ს. მიწის ნაკვეთის დანიშნულებაა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) და მასზე განთავსებულია 1-სართულიანი შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 49 კვ.მ.

,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ წარმოდგენილი ინვეტარიზაციის ფორმით და ფოტო-სურათებით დასტურდება, რომ ბიძინა ჯიბლაძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მრავალწლიანი ნარგავები, ერთწლიანი კულტურა - სიმინდი, ლობიო და განთავსებულია ხის ჯიხური.

,,საავტომობილო გზების დეპარტამენტმა“ მოქალაქე ბიძინა ჯიბლაძეს საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული ქონების სანაცვლოდ სათანადო ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე შესთავაზა საკომპესაციო და სარეაბილიტაციო თანხა 735 569 ლარის ოდენობით. მიწის ღირებულება - 411 588 ლარი, შენობა-ნაგებობის ღირებულება 297 029 ლარი, მრავალწლიანი ნარგავების ღირებულება 4095 ლარი, ერთწლიანი კულტურის საკომპესაციო თანხა 21 900 ლარი, მძაფრი ზემოქმედების კომპესაცია 957 ლარი, რაზედაც ბიძინა ჯიბლაძემ უარი განაცხადა.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“

სამინისტრო ყურადღებას მიაქცევს ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტსა“ და ბიძინა ჯიბლაძის შორის შეუთანხმებლობის მიზეზებსა და მოქალაქის პრეტენზიებს, რომელიც ძირითადად შეეხება 2 საკითხს: 1) საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ტბორს და არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ არ არის შეთავაზებული სათანადო კომპესაცია. 2) საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის შემდეგ მოქალაქეს საკუთრებაში რჩება მიწის ნაკვეთები, რომელთაც სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას ვერ შეძლებს დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშეც.

,,სამინისტრო“ მიუთითებს წარმოდგენილი პრეტენზიების შინაარსობრივ მხარეზე და მიაჩნია, რომ მათი განხილვა და გადაწყვეტა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას შემდეგ გარემოებათა გამო:

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.“

ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით , ,,თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ,,ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.“

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.“

საჯარო რეესტრის ამონაწერით საექსპროპრიაციო ქონება წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ ნიგოითში (დაზუსტებული ფართობი 137 196.00 კვ.მ საკადასტრო კოდი 27.04.45.095.). ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველი ,,კომისიის“ სხდომაზე და ,,კომისიის“ მიერ მხარეთათვის განსაზვრულ დამატებით დროში არ იქნა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა, რომ საექპროპრიაციო მიწის ნაკვეთზე მესაკუთრე ბიძინა ჯიბლაძეს გააჩნია სატბორე მეურნეობა. ამასთან, ,,სამინისტრომ„ გაანალიზა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დადგენილად მიიჩნია, რომ ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ ვერ ხერხდება საექსპროპრიაციო ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა და არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, მხარეთა შორის უთანხმოება, რომელიც ძირითადად შეეხება საკომპესაციო ღირებულების განსაზღვრის საკითხს (იგულისხმება როგორც საექსპროპრიაციო ქონების ღირებულება, ისე ბიძინა ჯიბლაძის საკუთრებაში დარჩენილი მიწის ნაკვეთების სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებისათვის გასაწევი სამუშაოები) უნდა გადაწყდეს საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველი კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში მდებარე ბიძინა ჯიბლაძის (26001003637) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი N27.04.45.095, საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 137 196 კვ.მ , მიწის ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), მიწის ნაკვეთზე განთავსებულია 1-სართულიანი შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 49 კვ.მ.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

ნიკოლოზ გაგუა