შპს „დ და გ ტექნოლოგი“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11818-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმის №2/11818-15 ( 330210315001012606 )

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2016 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი : შპს „დ და გ ტექნოლოგი” (ს/კ 205059149)

წარმომადგენელი (დირექტორი): მიხეილ ხიდირბეგიშვილი

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „დ და გ ტექნოლოგის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2015 წლის 19 ივნისს განცხადებით მიმართა შპს „დ და გ ტექნოლოგის” დირექტორმა მიხეილ ხიდირბეგიშვილმა. აღნიშნული განცხადების თანახმად, შპს „დ და გ ტექნოლოგის” ვალდებულებების ჯამი კრედიტორთა წინაშე შეადგენს 2912646,33 ლარს. მოვალეს უკვე რამდენიმე წელია შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა და არ აქვს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები. შპს „დ და გ ტექნოლოგის” ქონებას შეადგენს სს „საქართველოს ბანკში” არსებულ ანგარიშზე განთავსებული 982,07 ლარი. საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) სახელზე არანაირი უძრავი ქონება არ ირიცხება. რაც შეეხება მოძრავ ნივთებს, შსს მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) სახელზე ირიცხება 12 ერთეული მექანიკური სატრანპორტო საშუალება, რომლებზეც 2010 წლიდან რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის გირავნობა და აღმასრულებლის ან სასამართლოს მიერ გამოყენებული უფლებრივი შეზღუდვები. თუმცა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები რეალურად კომპანიაში არ იძებნება. ამასთან, შპს „დ და გ ტექნოლოგი” (ს/კ 205059149) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად რეგისტრირებულია შპს „როუდ ვესტის” (ს/კ 206279800) 100%-იანი წილის მესაკუთრედ, თუმცა ამ უკანასკნელ საწარმოს არანაირი აქტივი არ გააჩნია.

რაც შეეხება კრედიტორთან დაკავშირებულ ინფორმაციას, განმცხადებელმა განმარტა, რომ მოვალის ერთადერთი კრედიტორია სსიპ – შემოსავლების სამსახური, რომლის მიმართ დავალიანებაც შეადგენს 2912646,33 (ორი მილიონ ცხრაას თორმეტი ათას ექვსას ორმოცდაექვსი მთელი ოცდაცამეტი მეასედი) ლარს. სხვა კრედიტორები საწარმოს არ ჰყავს. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განმცხადებელმა მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების გარეშე მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის დანაწესით, 2015 წლის 6 ივლისის განჩინებით განცხადება მიიღო წარმოებაში და დაიწყო შპს „დ და გ ტექნოლოგის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება. ამ წარმოების ფარგლებში კრედიტორთაგან მოთხოვნა განაცხადა მხოლოდ სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და ის ამ იურიდიული პირის მტკიცებით შეადგენს 2 931 563,24 ლარს.

პირველ კრედიტორთა კრების ფორმატში 2015 წლის 11 სექტემბერს ჩატარდა სხდომა, სადაც მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლოსა და კრედიტორის წინაშე წარსდგა მოვალე შპს „დ და გ ტექნოლოგის” ქონების, ფინანსური მდგომარეობის, ვალდებულებების და უზრუნველყოფილი კრედიტორის შესახებ მოხსენებით. ამ მოხსენებით მეურვემ პრაქტიკულად დაადასტურა მოვალის მიერ განცხადებით მოწოდებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შპს „დ და გ ტექნოლოგის” აქტივი მხოლოდ 928,07 ლარის ოდენობით თანხას მოიცავს. მეურვე აღნიშნავს, რომ მან მოვალის უძრავ-მოძრავი ქონების მოძიების მიზნით განახორციელა მოქმედებები, თუმცა მოვალეს არ აღმოაჩნდა უძრავი ქონება, ხოლო რაც შეეხება შპს „დ და გ ტექნოლოგის” სახელზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით რეგისტრირებულ 16 მექნიკურ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად იმისა, რომ მოვალის მიმართ 2010 წლიდან მიმდინარეობს 8 სააღსრულებო წარმოება და ამ წარმოებათა გამო მოვალის სახელზე რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები გადაცემულია ძებნაზე, მათი მოძიება დღემდე ვერ მოხერხდა. მეურვე ასევე განმარტავს, რომ შპს „დ და გ ტექნოლოგის” არც დებიტორული მოთხოვნები გააჩნია. მეურვე ადასტურებს, რომ მოვალე არის 100%-იანი წილის მფლობელი შპს „როუდ-ინვესტში” (ს/კ 206279800), თუმცა 2015 წლის 11 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მეურვემ სასამართლოს ვერ მიაწოდა ამ აქტივის ღირებულებისა და საერთოდ მისი ლიკვიდურობის შესახებ ინფორმაცია (იხ. ს.ფ. 138-139, მოისმინეთ 2015 წლის 11 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი).

იგივე სასამართლო სხდომაზე კრედიტორის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ სსიპ – შემოსავლების სამსახურს მისცა შესაძლებლობა 15 დღის ვადის განმავლობაში საკუთარი ძალებით გადაემოწმებინა მოვალის აქტივთან დაკავშირებული გარემოებები (მოისმინეთ 2015 წლის 11 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი).

2015 წლის 29 სექტემბერს სსიპ – შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს წარუდგინა ამ სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის მოადგილე ჯაბა გაბუნიას მიერ 2014 წლის 30 მაისს გამოცემული №007-431 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, იგივე თანამდებობის პირის მიერ 2015 წლის 11 აგვისტოს გამოცემული №007-3272 ბრძანება ქონებაზე ყადაღის გაუქმების შესახებ და შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის მოადგილე ჯაბა გაბუნიას მისამართით შპს „დ და გ ტექნოლოგის” დირექტორის მიხეილ ხიდირბეგიშვილის მიერ 2015 წლის 11 მარტს შედგენილი განცხადება. ამ განცხადებაში მოვალე საწარმოს დირექტორი აღნიშნავს, რომ შპს „დ და გ ტექნოლოგი” იყო საგზაო კომპანია, მას საქმიანობა შეწყვეტილი აქვს 2009 წლიდან, არ გააჩნია ქონება, არ ფლობს წილებს და აქციებს და ჰყავს დებიტორი საგზაო სატრანსპორტო დეპარტამენტის სახით, რომლის დავალიანებაც შეადგენს 109000 ლარს (იხ. ს.ფ. 141-146).

2015 წლის 18 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო კვლავ წარსდგა სასამართლოს და კრედიტორის წინაშე მოხსენებით. მან განმარტა, რომ არ არსებობს დოკუმენტები, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ მოვალე შპს „დ და გ ტექნოლოგის” მოთხოვნის დადასტურებას, ხოლო თავად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მეურვის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, არ აღიარა შპს „დ და გ ტექნოლოგის” მიმართ რაიმე სახის დავალიანების არსებობა. მეურვე აცხადებს, რომ მოვალის რეალური, მოძიებული, დადასტურებული და ლიკვიდურობის მქონე აქტივი შედგება მხოლოდ თანხისაგან, რომლის ოდენობაც 982,07 ლარია. მიუხედავად მცდელობისა, თავად კრედიტორმაც ვერ უზრუნველყო განსხვავებული, დადასტურებაუნარიანი ინფორმაციის სასამართლოსათვის მიწოდება (იხ. ს.ფ. 147-148, 151, 159-160, მოისმინეთ 2015 წლის 18 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შპს „დ და გ ტექნოლოგის” განცხადება მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე დარჩა განუხილველი და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „დ და გ ტექნოლოგს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორები გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდნენ სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 18 თებერვალს, ხოლო სსიპ „შემოსავლების სამსახურს’’ კი ჩაჰბარდა 2016 წლის 19 თებერვალს; განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. აღნიშნული კი საფუძველია შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „დ და გ ტექნოლოგი” (ს/კ 205059149) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინების ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე გამოქვეყნება უზრუნველყოს მოვალე შპს ”დ და გ ტექნოლოგმა” (ს/კ 205059149) (ს/კ 202437611).

3. მოვალე შპს „დ და გ ტექნოლოგს” (ს/კ 205059149) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

 

მოსამართლე                                                                                            ბესიკ სისვაძე