საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 10.06.2016
ძალაში შესვლა 13.06.2016
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-111
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.030.016146
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№01-111
2016 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამსახურის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 მარტის №66 ბრძანება.
3.
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 13 ივნისიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საიდუმლო საქმისწარმოების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისა და საიდუმლო კორესპონდენციაზე მუშაობის მართვის უზრუნველყოფა.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროში საიდუმლო დოკუმენტთბრუნვის სისტემატიზაცია, საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ბ) სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისა და შიდა ინფორმაციული წესრიგის უზრუნველყოფა;
გ) დადგენილი წესით სამინისტროს სახელზე შემოსული და სამინისტროდან გასული საიდუმლო კორესპონდენციის რეგისტრაცია, კლასიფიცირება, სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთათვის და თანამშრომლებისთვის დროული მიწოდება;
დ) იმ სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია, რომელთაც მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“;
ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების მიზნით საიდუმლო დოკუმენტებთან პირთა დაშვება;
ვ) საიდუმლო დოკუმენტებზე/სამუშაოებზე დასაშვებ პირთა გაფორმებაში მონაწილეობის მიღება, მასალების დროულად წარდგენა დაშვების გასაფორმებლად და მათი მოქმედების ვადის კონტროლის უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს იმ მოსამსახურეთა თანამდებობრივი ნომენკლატურების მომზადება, რომლებიც ექვემდებარება განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ცნობებთან დაშვებას;
თ) სამინისტროს მიერ საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას სამსახური უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს სამსახურის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია;
ბ) შესაბამისი უწყებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად;
გ) მოამზადოს ანგარიში სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) წარადგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ;
ე) წარადგენს წინადადებებს სამსახურის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) პასუხისმგებელია და ორგანიზებას უწევს სამინისტროს სისტემაში არსებული საიდუმლო კორესპონდენციის კლასიფიცირებისა და დოკუმენტთბრუნვის კოორდინაციის პროცესს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას;
ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;
კ) წარადგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;
ლ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.
4. სამსახურის დანარჩენ მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.
,