სს „პანსიონატი მზიური“-ს გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1044
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

№2/1044

 

საოქმო განჩინება

 საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

2016 წლის 10 ივნისი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი - ნოდარი გიორგიძე

 

განმცხადებელი : სს ,,პანსიონატი მზიური’

გაკოტრების მმართველი: სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - მიხეილ ლომთაძე

კრედიტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - მადონა გეწაძე

 

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების მმართველის სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის მიხეილ ლომთაძის გაკოტრების ანგარიში (მოხსენება) სს ,,პანსიონატ მზიურის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და აღნიშნავს შემდეგს:

 

2015 წლის 6 ივლისის განჩინებით განმცხადებლის სს ,,პანსიონატ მზიურის’’ (დირექტორი ირაკლი ცეცხლაძე) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში.

 

2015 წლის 14 აგვისტოს განჩინებით სს ,,პანსიონატ მზიურის’’ მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო, ამასთან, შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი.

 

2016 წლის 18 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,პანსიონატ მზიურის’’ გაკოტრების მმართველმა სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით მიხეილ ლომთაძემ და სს ,,პანსიონატ მზიურის’’ რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა. გაკოტრების მმართველის განმარტებით სს ,,პანსიონატ მზიურს’’ საკუთრებაში ქონება არ გააჩნია, კომპანიას უფიქსირდება მხოლოდ დებიტორული მოთხოვნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ 27303 ლარის ოდენობით. სამინისტროს 2015 წლის 18 აგვისტოს წერილით ირკვევა, რომ მას სს ,,პანსიონატ მზიურის’’ მიმართ დავალიანება არ ერიცხება. ამასთან, მოვალის საბუღალტრო დოკუმენტაციაში დებიტორული მოთხოვნის წარმოშობის თარიღად მითითებულია 1999-2005 წლები, რაც გულისხმობს, რომ გასულია სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

წარმოდგენილ მოთხოვნას კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველმა მხარი დაუჭირა.

 

სსიპ - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი დაეთანხმა წარმოდგენილ ანგარიშს (იხ. წერილი და სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეამოწმა სს ,,პანსიონატი მზიურის’ გაკოტრების საქმის მასალები, გაეცნო წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს, მოუსმინა კრედიტორებს და მიაჩნია, რომ სს ,,პანსიონატ მზიურის’’ მიმართ დაწყებული გაკოტრების საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხების ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

 

აღნიშნული ნორმის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველს წარმოადგენს მოვალე საწარმოს ქონების რეალიზება, რაც ემსახურება რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში გაკოტრების მმართველის ანგარიშით ირკვევა, რომ სს ,,პანსიონატ მზიურს’’ რაიმე სახის ქონება არ გააჩნია, შესაბამისად, შეუძლებელია კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ქონების რეალიზაციის გზით.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 

აღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ გაკოტრების საქმის წარმოება ემსახურება დაიცვას როგორც კრედიტორის, ისე მოვალის ინტერესები. იმ შემთხვევაში, როდესაც თავიდანვე ცალსახად ნათელია, რომ მოვალე არათუ კრედიტორების მოთხოვნების, არამედ საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი ვერ უზრუნველყოფს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მოვალე გაკოტრებულად ცხადდება, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში რომელიმე კრედიტორმა არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 15 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,პანსიონატ მზიურის’’ დირექტორმა და მიუთითა, რომ საზოგადოებას გააჩნია კრედიტორული დავალიანება 143 334,75 ლარის ოდენობით, საიდანაც 139 734,75 ლარი წარმოადგენს საბიუჯეტო დავალიანებას (უზრუნველყოფილ კრედიტორს). საზოგადოებას უძრავ-მოძრავი ქონება საკუთრებაში არ ერიცხება. შპს ,,პანსიონატ მზიურის’’ საბანკო ანგარიში გახსნილი არ აქვს არცერთ ბანკში. საწარმოს აქტივს (დებიტორული დავალიანება) შეადგენს დებიტორული დავალიანება 27 303 ლარი. განმცხადებელმა ითხოვა სს ,,პანსიონატ მზიურის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ირკვეოდა, რომ საზოგადოების ვალი 27 303 ლარის ოდენობით აქვს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში. 2016 წლის 18 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,პანსიონატ მზიურის’’ გაკოტრების მმართველმა სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით მიხეილ ლომთაძემ და აღნიშნა, რომ კომპანიას უფიქსირდება მხოლოდ დებიტორული მოთხოვნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ 27303 ლარის ოდენობით, თუმც აღნიშნულ დავალიანებას უარყოფს თავად მოვალე (სამინისტროს 2015 წლის 18 აგვისტოს წერილი). ამასთან, საბუღალტრო დოკუმენტაციაში დებიტორული მოთხოვნის წარმოშობის თარიღად მითითებულია 1999-2005 წლები, რაც გულისხმობს, რომ გასულია სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

 

ამდენად, ამ ეტაპზე უტყუარად არის დადასტურებული, რომ სს ,,პანსიონატი მზიური’’ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი.

 

 ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

 

განსახილველ შემთხვევაში უტყუარად დასტურდება, რომ სს ,,პანსიონატ მზიურის’’ გაკოტრების საქმის წარმოების მიმდინარეობის დროს გამოვლინდა გარემოებები, რაც განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველია, კერძოდ, სს ,,პანსიონატი მზიური’’ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,პანსიონატ მზიურის’’ მიმართ დაწყებული გაკოტრების საქმის წარმოება უნდა შეწყდეს და გაუქმდეს საზოგადოების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 

ამასთან, ვინაიდან სს ,,პანსიონატ მზიურის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მიმდინარეობს 2015 წლის 6 ივლისიდან, მეურვის და გაკოტრების მმართველის მიერ დადგენილი იქნა ყველა კრედიტორი, რომელთაც გაეგზავნათ შეტყობინებები, კრედიტორების მიერ წარმოდგენილი იქნა მოთხოვნები, რომლებიც განხილულია, სასამართლოს მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კრედიტორებისათვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოსადგენად საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განსაზღვრის საფუძველი აღარ არსებობს, სს ,,პანსიონატი მზიური’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს საწარმოს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს ,,პანსიონატ მზიურის“ (ს/ნ 248385778), იურიდიული მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, დაბა მახინჯაური) მიმართ შეწყდეს გაკოტრების საქმის წარმოება.

2. გაუქმდეს სს ,,პანსიონატ მზიურის’’ (ს/ნ 248385778) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

3. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს; განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს’’ ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე, იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11).

 

 

მოსამართლე                                                  გ. მაკარიძე

სხდომის მდივანი                                          ნ. გიორგიძე