2004−2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სამართლებრივი შეფასების და მათი განმეორების დაუშვებლობისა და სრული პრევენციის შესახებ

მიღების თარიღი 10.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №5432-IIს
სარეგისტრაციო კოდი 010100000.09.001.016351
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2016
matsne.gov.ge 1,682 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სალომე ზეინკლიშვილი, მარიამ ტაგანაშვილი, ანა ნაკანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 90% 27.12.2024 „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 89% 03.07.2015 ნატალია ფერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 89% 20.11.2024 „2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 89% 24.06.2016 საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 89% 19.10.2018

დოკუმენტის ტექსტი

2004−2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სამართლებრივი შეფასების და მათი განმეორების დაუშვებლობისა და სრული პრევენციის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 2004−2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სამართლებრივი შეფასების და მათი განმეორების დაუშვებლობისა და სრული პრევენციის შესახებ  1. საქართველოს პარლამენტი აღიარებს და ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2014 წლის 19 აგვისტოს დასკვნით შეფასებებში მოცემულ შემდეგ რეკომენდაციებს საქართველოს მე-4 პერიოდულ ანგარიშთან დაკავშირებით:    ა) სახელმწიფომ წარსულში მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტები, კერძოდ, დარღვევები, რომლებიც 2012 წლის არჩევნებამდე მოხდა, ისე უნდა გამოიძიოს, რომ თავიდან აიცილოს პოლიტიკური ანგარიშსწორება;    ბ) სახელმწიფომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღოს, რათა დარღვევების მსხვერპლნი უზრუნველყოფილი იყვნენ ეფექტიანი დაცვის საშუალებებით პაქტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;     გ) სახელმწიფომ დამნაშავეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა განახორციელოს და ბრალდებულებს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულთა თანაზომიერი სასჯელები უნდა განესაზღვროთ;   დ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეების სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების მიხედვით გამოძიება. ეს საქმეები არ უნდა იქნეს კვალიფიცირებული იმ დებულებებით, რომლებიც უფრო მსუბუქ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.     2. საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნითი შეფასებების (მათ შორის, რეკომენდაციების) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებლების რეკომენდაციების  შესასრულებლად, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ათასობით მოქალაქის განცხადებებსა და საჩივრებზე სამართლიანი რეაგირებისათვის მიზანშეწონილი იყო:      ა) წარსულში ჩადენილი დანაშაულების შესწავლა და ანალიზი;      ბ) სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება;    გ) სახელმწიფოს მიერ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის განმეორების დაუშვებლობისა და სრული პრევენციისათვის რეკომენდაციების შემუშავება.    3. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი „არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტების შესახებ“ (შემდგომ − სამუშაო ჯგუფი). სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი იყო წარსულში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევებზე რეაგირების, დარღვეული ადამიანის უფლებების აღდგენის და მომავალში ეფექტიანი პრევენციული ზომების მიღების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და ისეთი საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარანტიების შექმნა, რომლებიც გამორიცხავს ასეთი დანაშაულების ჩადენას.     4. სამუშაო ჯგუფს განესაზღვრა შემდეგი ამოცანები: წარსულში ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების საფუძვლიანი ანალიზი, მათი ჩადენის წინაპირობების, მიზეზების, მიზნების, მეთოდებისა და შედეგების გამოვლენა და ინტენსივობის, ტენდენციებისა და მასშტაბის დადგენა.   5. სამუშაო ჯგუფმა ზემოაღნიშნული ამოცანების შესასრულებლად შეისწავლა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში 2012 წლიდან შესული 6000-ზე მეტი განცხადება-საჩივარი წარსულში ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების შესახებ, გააანალიზა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ სპეციალურად შემუშავებული კითხვარით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, აგრეთვე შეისწავლა ფონდის „ღია საზოგადოება − საქართველო“ ორგანიზებით მომზადებული ანალიტიკური ანგარიში „საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის კვლევა (2003−12 წწ.)“. სამუშაო ჯგუფმა გაითვალისწინა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებები, სახელდობრ, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა თუ დასჯის წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებლის, მანფრედ ნოვაკის ანგარიში, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა თუ დასჯის წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებლის, ხუან მენდესის ანგარიში, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშები საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, საერთაშორისო ორგანიზაციების  − „ემნესტი ინთერნეშენალის“ და „ჰუმან რაითს ვოჩის“ და ადამიანის უფლებების დამცველი ადგილობრივი ორგანიზაციების კვლევები და ანგარიშები.    6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვის კონსტიტუციური პრინციპის განუხრელად დაცვის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დაუშვებლობის და მათი განმეორების სრული პრევენციის მიზნით საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2015 წლის 10 თებერვლის სხდომაზე შექმნილი „არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტების შესახებ“ სამუშაო ჯგუფის მიერ წარსულში არსებული მანკიერი პრაქტიკის სამართლებრივი ანალიზის განხორციელების შედეგად, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მომზადებულ დასკვნაზე „წარსულის სამართლებრივი შეფასება და მომავლის პრევენციული რეკომენდაციები“ დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შესწავლილი და წარმოდგენილი სამართლებრივი მასალებისა და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე წარსულში (2004−2012 წლებში) მომხდარ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს აძლევს შემდეგ პოლიტიკურ და სამართლებრივ  შეფასებას:    ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა წამებას და მათდამი არაადამიანურ მოპყრობას საყოველთაო, სისტემური ხასიათი ჰქონდა;    ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა წამებას და მათდამი არაადამიანურ მოპყრობას ინტენსიური ხასიათი ჰქონდა;    გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა წამება და მათდამი არაადამიანური მოპყრობა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ იყო სანქციონირებული;    დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა წამება და მათდამი არაადამიანური მოპყრობა მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებას ემსახურებოდა;    ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა წამება და მათდამი არაადამიანური მოპყრობა საზოგადოებაში ტოტალური შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას ემსახურებოდა;    ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა წამება და მათდამი არაადამიანური მოპყრობა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი იყო;    ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოყენების შესახებ მითითებას ხშირად პროკურატურა გასცემდა და მათი გამოყენება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასურველი შედეგის მიღწევას ემსახურებოდა;    თ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა წამება და მათდამი არაადამიანური მოპყრობა ძალოვანი უწყებების მიერ სასურველი ჩვენების მიღების საშუალება, ქონებისა თუ წილების დათმობინების მარტივი გზა და საპროცესო შეთანხმების დადების იძულების ეფექტიანი მექანიზმი იყო;    ი) პროკურატურა, რომელსაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სრულყოფილად და ობიექტურად უნდა გამოეძიებინა, როგორც სამართლებრივი დაცვის მექანიზმი, არ ფუნქციონირებდა;    კ) სასამართლო ხელისუფლება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პროაქტიულად არ რეაგირებდა;  ლ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოვლენის და მათზე სათანადო რეაგირების თვალსაზრისით 2009−2012 წლებში ეფექტიანი არ იყო;    მ) ცალკეულ შემთხვევებში ადვოკატები არ ასაჩივრებდნენ მათ მიერ დასაცავ პირთა წამების და მათდამი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს;    ნ) ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქებაზე უარს ამბობდნენ.   7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:     საქართველოს კონსტიტუციის, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1984 წლის საერთაშორისო კონვენციის და 1987 წლის „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის“ პრინციპების შესაბამისად, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად:      ა) საქართველომ უნდა უზრუნველყოს ადამიანის პატივისა და ღირსების განუხრელი დაცვა, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა;    ბ) საქართველომ წვლილი უნდა შეიტანოს მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მიერ წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ გამოცხადებულ ბრძოლაში;      გ) საქართველომ უნდა მიიღოს ქმედითი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სასამართლო და სხვა ზომები მისი იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე წამების ფაქტების თავიდან ასაცილებლად;     დ) საქართველომ უნდა უზრუნველყოს ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტური პრინციპი და სხვა უმთავრესი ღირებულებების საწყისი;   ე) საქართველომ პატივი უნდა სცეს მისი იურისდიქციისადმი დაქვემდებარებული ადამიანების თანასწორ და ხელშეუვალ უფლებებს, ვინაიდან „ეს უფლებანი გამომდინარეობს ადამიანის პიროვნებისათვის დამახასიათებელი თანდაყოლილი ღირსებიდან“; „არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება, იქნება ეს ომის მდგომარეობა ან ომის საფრთხე, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა თუ ნებისმიერი სხვა სახის საგანგებო ვითარება, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წამების გასამართლებლად“;     ვ) საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ყოველთვის უნდა იყოს მკაცრი და შეურიგებელი ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური მთლიანობის, მისი პატივისა და ღირსების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის მიმართ;    ზ) საქართველოს პარლამენტი იღებს ვალდებულებას, მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ზომები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თავიდან აცილებისათვის, ასეთი დანაშაულების ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისა და მსხვერპლთა სათანადო დაცვისათვის ყველა სათანადო სამართლებრივი გარანტიის შესაქმნელად, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.     8. საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობას აძლევს შემდეგ რეკომენდაციებს:    ა) წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულების და სხვა ძალადობრივი დანაშაულების ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების მიზნით შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტის წინაშე, აგრეთვე შემუშავდეს ამ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლობის კონცეფცია;   ბ) დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებააღკვეთილი პირი უზრუნველყოფილ იქნეს ყველა შესაბამისი საპროცესო გარანტიით; აღნიშნული პირის თავისუფლება და ხელშეუხებლობა დაცული უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად;    გ) უზრუნველყოფილ იქნეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თითოეული ფაქტის დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება;   დ) განისაზღვროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულებისადმი ამნისტიისა და შეწყალების გამოყენების დაუშვებლობის შესახებ;     ე) უზრუნველყოფილ იქნეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია;    ვ) უზრუნველყოფილ იქნეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთათვის ეფექტიანი იურიდიული დახმარების გაწევა და მათი სამართლებრივი დაცვა;   ზ) პატიმრების მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების დოკუმენტირება უნდა ხდებოდეს სტამბოლის ოქმის მიხედვით; ამისთვის სამედიცინო პერსონალს შესაბამისი მომზადება უნდა ჰქონდეს;     თ) საგამოძიებო ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გამოძიების პროცესში ძალადობრივი დანაშაულების (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144​1, 144​2 და 144​3 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების) სწორი კვალიფიკაციის საკითხს; უზრუნველყოფილ იქნეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების მიხედვით გამოძიება. ეს  საქმეები არ უნდა იქნეს კვალიფიცირებული იმ მუხლებით, რომლებიც უფრო მსუბუქ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს;   ი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144​1, 144​2 და 144​3 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების პენიტენციური დაწესებულების ან პოლიციის დაწესებულების ტერიტორიაზე ჩადენის შემთხვევაში გამოძიება საქართველოს პროკურატურამ აწარმოოს;    კ) წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიებისა და სასამართლო პროცესების შედეგების გამჭვირვალობისათვის უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით;   ლ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილებში, პატიმრობის დაწესებულებებსა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პირთა განთავსებისას უზრუნველყოფილ იქნეს მათთვის არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების შესახებ ინფორმაციის ეფექტიანი ფორმით მიწოდება;   მ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილებში, პატიმრობის დაწესებულებებსა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტების არსებობისას უზრუნველყოფილ იქნეს პირთა (ბრალდებული, მსჯავრდებული) დროული სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში − მათთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება;      ნ) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ფსიქიატრიული შემოწმება და შესაბამისი მკურნალობა მხოლოდ მის სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული; განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს მისი საუკეთესო ინტერესები, შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნული ღონისძიების სასამართლოს თანხმობით განხორციელება;     ო) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ფიზიკური დაზიანების მიღების ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში მოხდეს მისი ფოტოდოკუმენტირება; ამისთვის სამედიცინო პერსონალი შესაბამისი ტექნიკური საშუალებით უნდა იყოს აღჭურვილი;    პ) უზრუნველყოფილ იქნეს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეოჩაწერის მაქსიმალურად სრულად განხორციელება. ვიდეოჩანაწერი გონივრული ვადით − სულ მცირე 24 საათის განმავლობაში უნდა ინახებოდეს. ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ პირისადმი შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში საპროცესო ღონისძიებები შედეგიანად განხორციელდეს;   ჟ) უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაზრდა წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის თავიდან აცილებისათვის, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისა და მათი გამოძიებისათვის, აგრეთვე ასეთი დანაშაულების მსხვერპლთა ინტერესების დაცვის გაუმჯობესებისათვის;   რ) პენიტენციურ სისტემაში შეიქმნას შიდა მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი; ამისთვის მოხდეს არსებული მექანიზმის შეფასება და ოპტიმიზაცია, ფუნქციების დახვეწა, სამუშაო მეთოდების, მარეგულირებელი ჩარჩოსა და ანგარიშვალდებულების სქემების გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციების შესაბამისად;    ს) სასამართლოს წინაშე წარდგენილი ბრალდებულის/განსასჯელის სახეზე ან სხეულზე წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის ნიშნების არსებობისას ან იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული გარემოებები პირისადმი არასათანადო მოპყრობის შესახებ გონივრული ეჭვის საფუძველს იძლევა, სასამართლომ მოითხოვოს გამოძიების დაწყება და სავარაუდო მსხვერპლის სათანადო დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფა;    ტ) აეკრძალოთ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და საჯარო სამსახურში დასაქმება იმ პირებს, რომლებიც სასამართლოს განაჩენით ცნობილი არიან დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144​1, 144​2 და 144​3 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის (წამება, წამების მუქარა ან/და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) ჩადენაში;    უ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს დადგენილება და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა „წარსულში (2004−12 წლებში) ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური დანაშაულის შესახებ“ გააცნოს საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს.   9. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შესწავლილი და გაანალიზებული ყველა მასალა საგამოძიებო ორგანოებს გადაეცემა.     10. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმანანა კობახიძე ქუთაისი, 10 ივნისი 2016 წ. N5432-IIს