„საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №290 |
|
2016 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ერთობლივი საზღვაო ოპერაციები – საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, მიმდებარე ზონაში, ტერიტორიულ ზღვაზე, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, მათ საჰაერო სივრცეში, კონტინენტურ შელფზე, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებები, საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული სიტუაციის შესახებ ერთიანი ოპერაციული სურათის შექმნის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის, გამოვლენისა და აღმოფხვრის, ასევე ძებნა-გადარჩენის ოპერაციების ჩატარების, ზღვის გარემოს დაცვის, ბუნებრივ და სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლის, კარანტინის მიზნით;
ბ) საზღვაო ინციდენტი – გემის ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ან ექსპლუატაციასთან დაკავშირებული არასასურველი საზღვაო მოვლენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი გემზე, გემის აფეთქება, მეჩეჩზე დაჯდომა, შეჯახება, გემის კორპუსის გაბზარვა, გემის კონსტრუქციული დაზიანება (ნახვრეტი გემის კორპუსის წყალქვეშა ნაწილში, მთავარი ძრავის მწყობრიდან გამოსვლა, გემზე არსებული საცხოვრებელი სადგომების მნიშვნელოვანი დაზიანება), გარემოს დაბინძურება, საზღვაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, გემის მართვადობის დაკარგვა, გემზე მყოფ ადამიანთა სიკვდილი, ჯანმრთელობის დაზიანება ან გემიდან გაუჩინარება, გემის დაღუპვა, უგზო-უკვლოდ დაკარგვა და ა. შ.;
გ) საზღვაო ვითარების გაცნობიერებულობა – საზღვაო სივრცესა და საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ ინფორმირებულობა, რამაც შესაძლებელია ზეგავლენა იქონიოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე ან ბუნებრივ გარემოზე;
დ) ერთიანი ოპერაციული სურათი – ზღვაზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის უზრუნველსაყოფად ერთობლივი დაგეგმვისათვის საჭირო ინფორმაციის ინტეგრირებული გამოსახულება;
ე) მონაწილე უწყებები – ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უწყებები.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ერთობლივი მართვის ცენტრი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) ბაზაზე ჩამოყალიბებული მართვის, კონტროლის, კომუნიკაციების, ზღვაზე დაკვირვების სენსორული ტექნოლოგიების, მონაცემთა ელექტრონული ბაზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ერთობლიობა.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. მშვიდობიან პერიოდში, როდესაც არ არსებობს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობას წარმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო საოპერაციო დონეზე მის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.“.
3. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მონაწილე უწყებათა მიერ განხორციელებული ერთობლივი საზღვაო ოპერაციების ხელშეწყობა;“.
4. მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
5. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უწყებათაშორისი საბჭოს ხელმძღვანელობას, ასევე მისი საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.“.
6. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71. ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული მხარდაჭერა
1. ოპერაციულ დონეზე ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეული).
2. მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეული:
ა) ხელს უწყობს ერთობლივი მართვის ცენტრისთვის დაკისრებული ამოცანების ეფექტიან და ჯეროვან განხორციელებას, მონაწილე უწყებათა კომუნიკაციას;
ბ) ახორციელებს ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ-სამართლებრივ დახმარებას;
გ) ახორციელებს ერთობლივი მართვის ცენტრში მონაწილე უწყებებისაგან ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, მათთვის გადაცემასა და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვას;
დ) ახორციელებს ერთობლივი მართვის ცენტრის საქმისწარმოების უზრუნველყოფას, ახდენს მიღებულ კორესპონდენციაზე დროულ რეაგირებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს ერთობლივი მართვის ცენტრის ცალკეულ დავალებებს;
ვ) ასრულებს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მხარდამჭერ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც იმავდროულად არის ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსი. მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეულის უფროსი ინიშნება სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 4 წლის ვადით.
4. მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეულის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის ერთობლივი მართვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე. მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე ინიშნება 2 წლის ვადით, სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ.“.
7. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობა
1. ერთობლივი მართვის ცენტრი ფუნქციონირებს 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში.
2. მშვიდობიან პერიოდში, ერთობლივი მართვის ცენტრი დღე-ღამის განმავლობაში ახორციელებს მორიგეობას, რომელშიც ჩართულნი არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. სხვა მონაწილე უწყებების სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მათი წარმომადგენლების ჩართვა სამორიგეო საქმიანობის შესრულებაში.
3. ერთობლივი მართვის ცენტრში მორიგეობის განმახორციელებელი პირის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მონაწილე უწყების უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსთან შეთანხმებით.
4. ერთობლივი მართვის ცენტრში მორიგეობის განმახორციელებელი პირის ფუნქციებია:
ა) საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, გემებისა და მათი ტვირთების, ეკიპაჟების, მგზავრების შესახებ მონაცემთა ინტეგრირებული ელექტრონული ბაზების წარმოება, ერთიანი ოპერაციული სურათის უზრუნველყოფა, საეჭვო აქტივობის იდენტიფიცირება და ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმირება;
ბ) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და საქართველოს საზღვაო ტერმინალებში არსებული ვითარების შესწავლა, ტენდენციებისა და ანომალიების გამოვლენა და მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
გ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ნავსადგურებში შემომავალ და გამსვლელ გემებთან დაკავშირებული ყოველგვარი დოკუმენტაციის შესწავლა სიზუსტის და სისრულის თვალსაზრისით.
5. ერთობლივი მართვის ცენტრში მონაწილე უწყებების მიერ დანიშნული წარმომადგენლები/ექსპერტები:
ა) მშვიდობიან პერიოდში ერთვებიან ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო დღის განმავლობაში;
ბ) გადადიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე:
ბ.ა) კრიზისული სიტუაციების დროს – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად;
ბ.ბ) საომარი მდგომარეობის დროს – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ განსაზღვრული სამუშაო რეჟიმის შესაბამისად.
6. მონაწილე უწყების წარმომადგენელი/ექსპერტი:
ა) ვალდებულია, შეასრულოს ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსის დავალებები, რომლებიც გამომდინარეობს ცენტრის საქმიანობიდან;
ბ) ერთობლივი მართვის ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის ან/და ერთობლივი საზღვაო ოპერაციის ჩატარებისას ვალდებულია ფლობდეს ზუსტ მონაცემებს თავის უწყებაში არსებულ რესურსებთან დაკავშირებით და ჰქონდეს კომუნიკაცია უწყების ხელმძღვანელებთან. კონკრეტულ საზღვაო ინციდენტთან ან ერთობლივ საზღვაო ოპერაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილე უწყების წარმომადგენელი ვალდებულია ცენტრის უფროსს აცნობოს თავისი უწყების პოზიცია;
გ) ხელს უწყობს უწყებათაშორის თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას, „საიმედო, ღია და დახურული კავშირების ორგანიზების გეგმისა და ერთობლივი მართვის ცენტრის მონაწილე უწყებების წარმომადგენელთა/ექსპერტთა მიერ ინფორმაციის დამუშავების, მონაწილე უწყებებისაგან ინფორმაციის მიღების, ასევე მათთვის გადაცემისა და ინფორმაციის უსაფრთხოების წესის“ შესაბამისად;
დ) უზრუნველყოფს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების კოორდინაციისა და ერთიანი ოპერაციული სურათის შექმნის მხარდაჭერას ყოველდღიურ რეჟიმში და კონკრეტულ საზღვაო ინციდენტზე რეაგირების დროს;
ე) მონაწილეობას იღებს ცენტრის საქმიანობის სფეროში შესაძლებლობების განვითარების მიზნით ერთობლივი სწავლებების ორგანიზებაში;
ვ) აწარმოებს საზღვაო ინციდენტზე რეაგირების პროცედურულ ნუსხას, კონკრეტული რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში ცენტრის ხელმძღვანელ პირებს უწევს პროფილურ-ექსპერტულ დახმარებას;
ზ) მონაწილეობს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების დაგეგმვისა და შესრულების სტანდარტული საოპერაციო პროცედურების ერთობლივ სწავლებათა და ზღვაზე კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავების პროცესში.
7. ერთობლივი მართვის ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, კომუნიკაცია ჰქონდეს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზღვაო სუბიექტებსა და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
8. ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გამოიძახოს მონაწილე უწყებათა წარმომადგენლები/ექსპერტები, ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით. თუ მათ ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლიათ ცენტრში გამოცხადება/მუშაობა, მონაწილე უწყებათა ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან, ჩაანაცვლონ ისინი სხვა წარმომადგენლებით/ექსპერტებით.“.
8. მე-11 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მონაწილე უწყებებმა, არაუგვიანეს 2016 წლის პირველი ივლისისა, უზრუნველყონ ერთობლივი მართვის ცენტრში საკუთარი წარმომადგენლების/ექსპერტების დანიშვნა.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2016 წლის 20 ივლისამდე, ერთობლივი მართვის ცენტრის მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეულის სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობაში ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, უზრუნველყოს ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.“.
|