შპს „დამამზადებელი ხულოს“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „დამამზადებელი ხულოს“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
საქმე №2/716-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
2016 წლის 27 ივნისი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი:
შპს ,,დამამზადებელი ხულო’’ (ს/კ 248048081)
დირექტორი:
შპს „დისკო“
წარმომადგენელი:
ზვიად კონცელიძე.
მოთხოვნა -
გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „დამამზადებელი ხულოს’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი,გამოარკვია:
2016 წლის 20 აპრილს შპს ,,დამამზადებელი ხულოს’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორის - შპს „დისკოს“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ზვიად კონცელიძემ და აღნიშნა შემდეგი: წლების მანძილზე საწარმო ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს, არ აქვს შემოსავლები და ფინანსური რესურსები არსებული კრედიტორული დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად. საზოგადოებას გააჩნია 4266 ლარის ოდენობით კრედიტორული დავალიანება, რომელთა გადახდის საშუალება საზოგადოებას არ გააჩნია. კრედიტორული დავალიანებებიდან 533 ლარი წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორულ დავალიანებას, ხოლო დანარჩენი 3733 ლარი არაუზრუნველყოფილ კრედიტორულ დავალიანებას. კომპანიის აქტივები შეადგენს 1369 ლარს. შპს ,,დამამზადებელი ხულოს’’ უზრუნველყოფილი კრედიტორია - სსიპ - შემოსავლების სამსახური თანხით - 533 ლარი. საზოგადოებას ბალანსზე ერიცხება 12 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომელთაგან 11 ერთეული სახეზე არ არის, რაზედაც საქმეები სხვადასხვა პერიოდში გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებში, ასევე საზოგადოების ბალანსზე ერიცხება 15 ერთეული ძირითადი საშუალება და 3 ერთეული სასაქონლო-მატერიალური მარაგი. 15 დასახელების ძირითადი საშუალებიდან 14 ერთეული სახეზე არ არის, ხოლო 3 ერთეული სასაქონლო-მატერიალური მარაგიდან 2 ერთეული სახეზე არ არის, რაზედაც საქმეები სხვადასხვა პერიოდში ასევე გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებში.
განმცხადებელი ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად ითხოვს შპს ,,დამამზადებელი ხულოს’’ გაკოტრებას.
განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის შევსების შემდეგ, სასამართლოს 2016 წლის 3 მაისის განჩინებით შპს ,,დამამზადებელი ხულოს’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,დამამზადებელი ხულოს’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 მაისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 20 მაისს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,დამამზადებელი ხულო’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,დამამზადებელი ხულოს’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,დაადგინა:
1. შპს ,,დამამზადებელი ხულო’’ (ს/ნ 248048081)
გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,დამამზადებელი ხულოს’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2.
განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3.
განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გ. მაკარიძე