„2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე

მიღების თარიღი 24.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №5602-IIს
სარეგისტრაციო კოდი 010100000.09.001.016361
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/07/2016
matsne.gov.ge 5,943 სიტყვა · ~30 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი   ქუთაისი, 24 ივნისი 2016 წ. N5602-IIს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 99% 01.11.2023 „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 99% 30.06.2017 „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 99% 12.07.2021 „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 99% 12.06.2025 „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 99% 27.06.2024

დოკუმენტის ტექსტი

„2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება „2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესწავლას. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2012 წლის შემდეგ დამკვიდრებული საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის ახალი, საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი აფასებს საქართველოს კონსტიტუციით დაცული და სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებული თითოეული უფლებისა და თავისუფლების დაცვაში მიღწეულ პროგრესს, ადგენს პრობლემებს, მათ გადასაჭრელად შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და იღებს ზომებს ამ რეკომენდაციების პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ შესრულების უზრუნველსაყოფად. ეს პროცესი საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის მაქსიმალური პრევენციისა და აღმოფხვრისკენ არის მიმართული და ყველა სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას ემსახურება. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განახორციელა „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 3 ივლისის №3918-რს დადგენილებით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების საპარლამენტო კონტროლი და მოამზადა შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა. ამ პროცესის მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუციური გაძლიერება და საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანი განხორციელება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ასამაღლებლად. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში დეტალურად არის ასახული 2015 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება. იგი მოიცავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს. მათ შორისაა: სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრების უფლება, შრომის უფლება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება, ჯანმრთელობის დაცვის უფლება, ბავშვის უფლებები, სათანადო საცხოვრისის უფლება, სოციალური უზრუნველყოფის უფლება. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მიმოხილულია ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ ორგანოებში; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში; ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში; ეროვნულ უმცირესობათა, ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა, კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ პირთა, რეპატრიანტთა, ეკომიგრანტთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა, თავშესაფრის მაძიებელთა და სხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობა. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულია 2015 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეებზე განხორციელებული არაერთი პოზიტიური ცვლილება, რომლებმაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას, კერძოდ: ერთ-ერთი წარმატებული ღონისძიებაა საქართველოს პროკურატურის სისტემაში განხორციელებული რეფორმა − საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევისა და დანიშვნის წესის შეცვლა, პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ეფექტიანი სამართლებრივი გარანტიების შექმნა, საზოგადოების ინტერესებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბებისკენ მიმართული ზომების მიღება, ბრალდებულთა უფლებების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ახალი მიდგომების შემუშავება, არსებული საგამოძიებო და საპროკურორო პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ცალკეა აღნიშნული სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციისაკენ მიმართული ღონისძიებები, რომელთა თანამიმდევრული განხორციელების შედეგად დადგინდა პროპორციული და გონივრული სასჯელები, აგრეთვე მნიშვნელოვნად შემცირდა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი; გამორჩეულად დადებითი მოვლენაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, არასრულწლოვანთა მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. საპატიმრო სასჯელის გამოყენების მაჩვენებელიც უპრეცედენტოდ დაბალია. აღნიშნულის პროპორციულად გაიზარდა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების (განრიდებისა და მედიაციის) გამოყენების მაჩვენებლები და ასეულობით არასრულწლოვანს მიეცა ცხოვრების ნასამართლობის გარეშე  გაგრძელების შესაძლებლობა; საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ოჯახში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, რომლის საპასუხოდ სხვადასხვა ნაბიჯი გადაიდგა: ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით 2014-2015 წლებში ჩატარდა ძალადობის ფაქტების მასშტაბური კვლევა; პროკურატურამ ძალადობის 5 000-ზე მეტი ფაქტი შეისწავლა; მოხდა გამოძიების პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მათ აღმოსაფხვრელად ქმედითი ზომები იქნა მიღებული; მკაფიოდ განისაზღვრა სისხლის სამართლის პოლიტიკა; მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები გადამზადებულ იქნენ ოჯახში ძალადობის თემაზე; განხორციელდა სხვა ღონისძიებები; სამართლიანობის აღდგენის მიზნით 2015 წლის მარტში შეიქმნა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც აქტიურად იძიებს 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მომხდარ, სამართალწარმოების მიმდინარეობისას მოქალაქეთათვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევის, მათი ცემა-წამების, მათდამი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებს. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დაახლოებით 15 349 009 ლარის ღირებულების ქონება დაუბრუნდათ; პოზიტიურია სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული ცვლილება − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა; წინ გადადგმული ნაბიჯია ისიც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შედეგად შეიცვალა ე. წ. „ოდეერის“ (ОДР) ინსტიტუტის არსი; აღარ არსებობს უწყებათა განუსაზღვრელი წრე, რომლებმაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეიძლება განუსაზღვრელი სახისა და მოცულობის ინფორმაცია მიაწოდონ; პოზიტიურია ასევე მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომელიც 2016 წლის თებერვალში ამოქმედდა; საანგარიშო პერიოდში მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში შემუშავდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას და მათ საქმიანობაში ჩაურევლობის უფრო მყარ გარანტიებს ითვალისწინებს;  პენიტენციურ დაწესებულებებში წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის პრობლემა გამოწვევა აღარ არის. საქართველოს სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში წარმოადგინა რეკომენდაციები, რომელთა დროულ და ჯეროვან შესრულებაზე მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას იმ საკითხისადმი, რომ წამების, არასათანადო მოპყრობისა და წარსულში ჩადენილი სხვა ძალადობრივი სისტემური  დანაშაულების ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების მიზნით, აგრეთვე მომავალში საგამოძიებო ორგანოების მიმართ მეტი სანდოობის უზრუნველყოფის და ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტის წინაშე. აღნიშნული დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის სტრუქტურა, უფლებამოსილება და სხვა საკითხები განისაზღვრება კანონით. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების დეტალური შესწავლისა და განხილვის შედეგად საქართველოს პარლამენტი იზიარებს შემდეგ რეკომენდაციებს და ადგენს: 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, ზედდების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლიოს და შეისწავლოს საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაცია და დოკუმენტაცია. 2. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ: ა) უზრუნველყოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თითოეული ფაქტის დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება; ბ) უზრუნველყოს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გამოძიების პროცესში ძალადობრივი დანაშაულების (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144​1, 144​2 და 144​3 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების) სწორი კვალიფიკაციის საკითხს; უზრუნველყოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების მიხედვით გამოძიება. ეს საქმეები არ უნდა იქნეს კვალიფიცირებული იმ მუხლებით, რომლებიც უფრო მსუბუქ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს; გ) უზრუნველყოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144​1, 144​2 და 144​3 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების პენიტენციური დაწესებულების ან პოლიციის დაწესებულების ტერიტორიაზე ჩადენის შემთხვევაში გამოძიება საქართველოს პროკურატურამ აწარმოოს; დ) წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიებისა და სასამართლო პროცესების შედეგების გამჭვირვალობისათვის უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით; ე) უზრუნველყოს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა აწარმოონ სტატისტიკა იმ ჟურნალისტების შესახებ, რომელთა მიმართ მათი პროფესიული საქმიანობის გამო  დანაშაულებრივი ქმედებები იქნა ჩადენილი; ვ) უზრუნველყოს, რომ სამართალდამცველ პირებს შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების სწავლების მიზნით ჩაუტარდეთ ტრენინგები გამოხატვის თავისუფლების თაობაზე და დაკავების უფლებამოსილების გამოყენების შესახებ; ზ) დროულად დაასრულოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გაცემასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიმდინარე გამოძიება; თ) მიიღოს ზომები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, ამ დანაშაულის საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პრევენციისათვის; ი) უზრუნველყოს პროკურორთა მომზადება ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა დაკითხვის სპეციფიკის შესახებ; კ) უზრუნველყოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა დაკითხვის გაიდლაინების შემუშავება; ლ) გონივრულ ვადაში გამოიძიოს 2009 წლის 15 ივნისს და 2011 წლის 3 იანვარს მომხდარი და სხვა გახმაურებული ფაქტები დამნაშავეთა გამოვლენის და მათთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით; მ) დროულად დაასრულოს ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებულ საქმეებზე მიმდინარე გამოძიება. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ: ა) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მუდმივი სწავლება და გადამზადება წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აღმოფხვრისა და თავიდან აცილებისათვის; ბ) უზრუნველყოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პირის დაკავების კანონიერებაზე მკაცრი ზედამხედველობა განახორციელოს, ხოლო დისციპლინური გადაცდომის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; გ) უზრუნველყოს თითოეული სამედიცინო შემოწმების დროს დაკავებული პირის სხეულზე არსებული ყველა დაზიანების სრულყოფილი აღწერა და დოკუმენტირება სტამბოლის ოქმის შესაბამისად; დ) უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილებში პირთა განთავსებისას მათთვის არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების შესახებ ინფორმაციის ეფექტიანი ფორმით მიწოდება; ე) დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტების არსებობისას უზრუნველყოს დაკავებულ და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა დროული სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში − მათთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება;  ვ) უზრუნველყოს, რომ დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებააღკვეთილი პირი უზრუნველყოფილ იქნეს ყველა შესაბამისი საპროცესო გარანტიით; აღნიშნული პირის თავისუფლება და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად; ზ) უზრუნველყოს პოლიციის ყველა სამმართველოში და ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება; თ) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქესთან კომუნიკაციის დროს შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებისას სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების ვალდებულებისა და გაკეთებული ჩანაწერის შენახვის წესისა და ვადის განსაზღვრა; ი) უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მეშვეობით ვიდეოჩანაწერების გაკეთება და მათი გონივრული ვადით შენახვა; კ) უზრუნველყოს ყველა ვიდეოჩანაწერის გონივრული ვადით შენახვა; ლ) უზრუნველყოს დაკავებული პირისთვის მის მიერ საჩივრის წარდგენის უფლების შესახებ სათანადო ინფორმაციის მიწოდება; მ) უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში კონფიდენციალური საჩივრის წარდგენის მექანიზმის დანერგვა; ნ) უზრუნველყოს  შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დაკავებული პირის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებისას მის სხეულზე დაზიანების აღმოჩენის თაობაზე შეტყობინების საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის გაგზავნის შესახებ მკაფიო ინსტრუქციის განსაზღვრა; ო) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა სწავლება დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოებისათვის; პ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, მათ შორის, განახორციელოს შესაბამისი ინსპექტირება, დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოებისათვის; ჟ) უზრუნველყოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტებისა და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, რათა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის №9 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმას დაემატოს გრაფები მასში შემდეგი ინფორმაციის შესატანად: ოქმის შედგენის დრო, დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერა, რა ვითარებაში მოხდა პირის დაკავება, გასწია თუ არა პირმა დაკავებისას წინააღმდეგობა, გამოყენებული იქნა თუ არა იძულების პროპორციული ზომა და რა ფორმით იქნა გამოყენებული იძულების ზომა; რ) უზრუნველყოს სპეციალური პრევენციული ჯგუფისათვის პოლიციის სამმართველოებსა და დროებითი დაკავების იზოლატორებში არსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობა; ს) უზრუნველყოს ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება იზოლატორის საკნებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის და იზოლატორში განთავსებულ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ტ) უზრუნველყოს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად, სათანადო ბრძანების შესრულებისთვის პასუხისმგებელ სხვა უწყებებთან კოორდინირებული მუშაობა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებათა დასაცავად, რაც გულისხმობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დროულ იდენტიფიცირებას და მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევას საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით; მიიღოს ზომები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებათა დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ პოლიციის თანამშრომელთა უკეთესი ინფორმირებისათვის; უ) განახორციელოს ადეკვატური ღონისძიებები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მათხოვრობაზე დაყოლიების ან არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო ფაქტების პრევენციისთვის; ფ) უზრუნველყოს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება და უბნის ინსპექტორის როლის გაზრდა. უბნის ინსპექტორმა ადგილობრივი თემების (განსაკუთრებით − ეთნიკური უმცირესობების) წარმომადგენლებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია და შესთავაზოს კონსულტაციების გაწევა ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე; ქ) განახორციელოს ოჯახში ძალადობის ფაქტების არსებობისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განუხრელი შესრულების მონიტორინგი; ღ) უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა. 4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ: ა) უზრუნველყოს სტამბოლის ოქმის შესაბამისად სხეულის დაზიანებების აღრიცხვის ახალი ფორმის შემუშავება და დანერგვა მასში სხეულის დაზიანებების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის შესატანად, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებათა სამედიცინო პერსონალის ინტენსიური სწავლება პირისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტის იდენტიფიცირებისა და დოკუმენტირების შესახებ; ბ) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების, წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ამ დაწესებულებათა თანამშრომლების ცოდნის დონის ასამაღლებლად და უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად არსებული საჭიროებების შეფასების შედეგად შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავება და ამ პროგრამებში თანამშრომელთა სათანადო მონაწილეობა. სასწავლო პროგრამებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა უსაფრთხოება, მათ შორის, დინამიკური უსაფრთხოების კონცეფცია, აგრეთვე  დამნაშავეების ძალადობრივი ქცევის მართვა პრევენციისა და განმუხტვის ისეთი საშუალებებით, როგორებიცაა მოლაპარაკება და მედიაცია; გ) უზრუნველყოს ტრენინგების შედეგების ეფექტიანობისა და მდგრადობის შეფასების, აგრეთვე მიღებული ცოდნისა და შეძენილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების სუპერვიზიის ეფექტიანი მექანიზმის შექმნა;  დ) უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დეესკალაციის/უსაფრთხო ოთახში პირის მოთავსების მაქსიმალური გონივრული ვადის და აღნიშნული ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირის განსაზღვრა, აგრეთვე  ამ გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტის შემუშავება; ე) უზრუნველყოს დეესკალაციის/უსაფრთხო ოთახში პირის მოთავსებისას საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვა ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებით; ვ) უზრუნველყოს დეესკალაციის/უსაფრთხო ოთახში გაკეთებული ვიდეოჩანაწერების შეძლებისდაგვარად ხანგრძლივად შენახვა; ზ) გააძლიეროს მუშაობა რეგულარულად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და პირობების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად; თ) მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ზომები არაეფექტიანია, და იმ ხანგრძლივობით, რომელიც მკაცრად აუცილებელია კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით; ამასთანავე, უზრუნველყოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთება; ი) უზრუნველყოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მეშვეობით გაკეთებული ვიდეოჩანაწერების შენახვის გონივრული ვადის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრა; კ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში  სარეაბილიტაციო აქტივობების განსახორციელებლად; მაქსიმალურად შეუწყოს ხელი პენიტენციური დაწესებულების სოციალურ განყოფილებას, რათა დაგეგმოს და პატიმრების სათანადო მონაწილეობით ჩაატაროს ღონისძიებები. ამ ღონისძიებების დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პატიმრების ინტერესთა სფეროები, აგრეთვე აქტივობებში მათი მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად უფრო ხშირად უნდა იქნეს გამოყენებული წახალისების ფორმები; ლ) უზრუნველყოს, რომ დისციპლინური სახდელი გამოყენებულ იქნეს, როგორც უკიდურესი ღონისძიება; ამასთანავე, მისი გამოყენების შემთხვევაში პირს ოჯახთან კონტაქტი სრულად არ უნდა აეკრძალოს; მ) მიიღოს სათანადო ზომები №7 დაწესებულებაში პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით; ნ) მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა პატიმრებისთვის შეუფერხებლად იყოს ხელმისაწვდომი ექიმების მიერ დანიშნული ძირითადი მედიკამენტები. ამასთანავე, ექიმები პატიმრებისთვის დანიშნულების მიცემისას არ უნდა შეიზღუდონ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მედიკამენტებით, ხოლო პატიმრის მოთხოვნის შემთხვევაში მან, ექიმთან შეთანხმებით, საკუთარი ხარჯით, დაუბრკოლებლად უნდა მიიღოს ბრენდული სახელწოდებების მედიკამენტები. პენიტენციურ დაწესებულებაში აფთიაქის არარსებობისას მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ამ დაწესებულებაში მედიკამენტების ამანათით შეგზავნის წესი; ო) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა გაძლიერდეს სამოქალაქო ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მოქმედი სტანდარტების პენიტენციური ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში დანერგვის კონტროლი, შეიქმნას სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ეფექტიანი სისტემა, პენიტენციური ჯანმრთელობის დაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას მეტი ყურადღება დაეთმოს სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგებს, განხორციელდეს შესყიდვების პროცესის ეფექტიანი მართვა და ხარჯთეფექტიანობის ანალიზი. პენიტენციური ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხარისხის შეფასებისთვის წინასწარ განსაზღვრული, ვალიდური ინდიკატორები უნდა იქნეს გამოყენებული; პ) უზრუნველყოს პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის სკრინინგი, აგრეთვე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრებისთვის დროული და ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარების გაწევა; ჟ) უზრუნველყოს მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტების ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობა, აგრეთვე ადეკვატური ამბულატორიული მომსახურების დანერგვა; რ) უზრუნველყოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში სუიციდის პრევენციის პროგრამის დანერგვა; ს) უზრუნველყოს უსაფრთხოების მიზნით არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის, როგორც უკიდურესი და დროებითი ღონისძიების, გამოყენება; ტ) უზრუნველყოს, რომ ყველა არასრულწლოვან მსჯავრდებულს ჰქონდეს სათანადო განათლების, მათ შორის, უმაღლესი განათლების, მიღების შესაძლებლობა; უ) უზრუნველყოს, რომ გადაიხედოს და დაიხვეწოს ბავშვთა მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების პროცედურები ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რათა მოხდეს მათი გარე სამყაროსთან შეგუება და დედასთან განშორების დროს ბავშვთა ტრავმირება მინიმუმამდე შემცირდეს; ფ) უზრუნველყოს, რომ უვადო პატიმრებს მიეცეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ  აუცილებელ სარეაბილიტაციო  აქტივობებში, ხოლო სურვილის შემთხვევაში − დასაქმების შესაძლებლობა, აგრეთვე ხელი შეეწყოთ, რათა შეინარჩუნონ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა; ქ) განახორციელოს სათანადო ღონისძიებები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს რეფორმირებისათვის, რათა იგი ჩამოყალიბდეს ეფექტიან მექანიზმად, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის, უვადო პატიმრების მიმართ; ღ) უზრუნველყოს, რომ პატიმრების მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის დოკუმენტირება ხდებოდეს სტამბოლის ოქმის მიხედვით; ამისთვის სამედიცინო პერსონალს შესაბამისი მომზადება უნდა ჰქონდეს;  ყ) უზრუნველყოს პატიმრობის დაწესებულებებსა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პირთა განთავსებისას მათთვის არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების შესახებ ინფორმაციის ეფექტიანი ფორმით მიწოდება; შ) პატიმრობის დაწესებულებებსა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტების არსებობისას უზრუნველყოს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დროული სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში − მათთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება;  ჩ) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ფსიქიატრიული შემოწმება და შესაბამისი მკურნალობა, რაც მხოლოდ მის სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული; განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს მისი საუკეთესო ინტერესები, შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნული ღონისძიების სასამართლოს თანხმობით განხორციელება; ც) უზრუნველყოს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ფიზიკური დაზიანების მიღების ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში მოხდეს მისი ფოტოდოკუმენტირება; ამისთვის სამედიცინო პერსონალი შესაბამისი ტექნიკური საშუალებით უნდა იყოს აღჭურვილი;  ძ) უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეოჩაწერის მაქსიმალურად სრულად განხორციელება.  ვიდეოჩანაწერი გონივრული ვადით − სულ მცირე 24 საათის განმავლობაში უნდა ინახებოდეს. ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ პირისადმი შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში საპროცესო ღონისძიებები შედეგიანად განხორციელდეს; წ) უზრუნველყოს, რომ პენიტენციურ სისტემაში შეიქმნას შიდა მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი; ამისთვის უნდა მოხდეს არსებული მექანიზმის შეფასება და ოპტიმიზაცია, ფუნქციების დახვეწა, სამუშაო მეთოდების, მარეგულირებელი ჩარჩოსა და ანგარიშვალდებულების სქემების გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციების შესაბამისად; ჭ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა ფსიქოლოგმა და სოციალურმა მუშაკმა გააძლიერონ პენიტენციური დაწესებულების სამეურნეო ნაწილში დასაქმებულ პატიმრებთან მუშაობა მათ მიმართ პატიმართა ნდობის გაზრდის, აგრეთვე პატიმართა თვითიზოლაციისა და თვითდაზიანების თავიდან აცილების მიზნით. მნიშვნელოვანია პატიმრებთან საუბარი პენიტენციური დაწესებულებისთვის სპეციფიკური, არაფორმალური წესების მავნე ზეგავლენის შესახებ, რომელიც განაპირობებს პატიმართა მიმართ ძალადობას, მათ შეურაცხყოფას, სტიგმატიზაციას და გარიყვას; ხ) უზრუნველყოს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში საკვების მომზადებისას გათვალისწინებული იქნეს პატიმართა კულტურული და რელიგიური თავისებურებები; ჯ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პატიმრებისთვის თანაბრად და სრულად  იყოს ხელმისაწვდომი პენიტენციური ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება. ამასთანავე, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს პატიმრებისთვის პენიტენციური ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების შესახებ ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდება და სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში ენობრივი ბარიერის აღმოფხვრა; ჰ) უზრუნველყოს ეტაპობრივად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნისათვის და ვიდეოპაემნისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა; ჰ​1) უზრუნველყოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მიერ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სატელეფონო საუბრის უფლებით სრულყოფილად სარგებლობა; ჰ​2) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცული იქნეს კორესპონდენციის კონფიდენციალურობა; ჰ​3) მიიღოს ზომები, რათა ყველა პატიმრისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა საჭირო საკანონმდებლო აქტი, აგრეთვე ინფორმაცია პატიმრის უფლებებისა და მოვალეობების და მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურების შესახებ; ჰ​4) უზრუნველყოს სოციალური მუშაკის როლის გაზრდა. სოციალურმა მუშაკმა პატიმარს პენიტენციურ დაწესებულებაში მიღების შემდეგ, უახლოეს რამდენიმე დღეში დეტალურად უნდა აუხსნას  მისი უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურების შესახებ, განუმარტოს სოციალური მუშაკის კომპეტენცია და გადასცეს ყველა საჭირო ძირითადი დოკუმენტი; სოციალურმა მუშაკმა სათანადო პერიოდულობით, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად უნდა იმუშაოს პატიმრებთან მათი უფლებებისა და მოვალეობების, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე; ჰ​5) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა პატიმრებმა სრულყოფილად განახორციელონ მოთხოვნის/საჩივრის შეტანის უფლება; ჰ​6) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დროს პატიმარს მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია საჩივრების ყუთით სარგებლობის შესახებ; ჰ​7) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებს აეკრძალოთ მათთვის კონფიდენციალური კონვერტის გადაცემისას კონვერტის ნომრის და პატიმრის სახელისა და გვარის ჩანიშვნა; ჰ​8) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა აიკრძალოს მსჯავრდებულისთვის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის, აგრეთვე კონფიდენციალურ საჩივარზე გაცემული პასუხის შემცველი კონვერტის გახსნილ მდგომარეობაში გადაცემა; ჰ​9) მიიღოს ყველა საჭირო ზომა პატიმრებისათვის გაცემული პასუხების შემცველი დახურული კონვერტების კონფიდენციალურად გადასაცემად, ისე, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებს არ ჰქონდეთ პასუხების წაკითხვის შესაძლებლობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა; ჰ​10) უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა სწავლება და სწავლების შედეგად შეძენილი პროფესიული უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენებაზე მკაცრი კონტროლის განხორციელება; ჰ​11) უზრუნველყოს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ წლის განმავლობაში სათანადო სიხშირით, პროაქტიულად განახორციელოს მონიტორინგი ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში.  5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: ა) შეისწავლოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი პირების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი და განსაზღვროს განსახორციელებელი ღონისძიებები; ბ) შეისწავლოს ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისათვის ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების გაზრდის საკითხები; გ) სქესის ნიშნით დისკრიმინაციის გამორიცხვის მიზნით უახლოეს პერიოდში გადახედოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობისა და თანამდევი გასაცემლის მიღების წესს; დ) დაგეგმოს და განახორციელოს ღონისძიებები გენდერული ნიშნით სქესის სელექციის პრევენციისათვის, მათ შორის, გამართოს საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში; ე) ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისათვის გააძლიეროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაცია და თანამშრომლობა; ვ) უზრუნველყოს სოციალური მუშაკების როლისა და ჩართულობის გაზრდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისთვის; ზ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თავშესაფრის მომსახურების ხელმისაწვდომობა; თ) უზრუნველყოს გადამდები ინფექციური დაავადების მქონე პირთათვის მომსახურების მიწოდება ინდივიდუალური საცხოვრისისა თუ ცალკე თავშესაფრის მოწყობით; ი) შეიმუშაოს და დანერგოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) მომსახურების სტანდარტი; კ) უზრუნველყოს რისკის შეფასების გამართული და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული სისტემის (შესაბამისი ინსტრუმენტების) დანერგვა; ლ) საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით განიხილოს შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ სასამართლო-ფსიქიატრიულ განყოფილებაში ფსიქიატრიული დახმარების გაწევის დიფერენცირებული რეჟიმების დანერგვის მიზანშეწონილობის საკითხი; მ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა საიზოლაციო პალატების სათანადოდ, სპეციალურად აღჭურვამდე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფამდე არცერთი პაციენტის მიმართ არ იქნეს გამოყენებული იზოლაცია;  უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს პაციენტის იზოლაცია მისი დასჯის ან/და ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალისთვის დაკისრებული მოვალეობების შემსუბუქების მიზნით; ნ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა სოციალურმა მუშაკებმა მეტი ყურადღება მიაქციონ არასრულწლოვან პაციენტებს და ხშირად ჰქონდეთ მათთან კომუნიკაცია მათი საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად; ო) მიიღოს ყველა ზომა,  რათა სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული ხანში შესული ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტთა მოთხოვნილებები; პ) ხელი შეუწყოს ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალის რეგულარულ სწავლებას ადამიანის უფლებების დაცვის, აჟიტირებული პაციენტის მართვის, მის მიმართ არაძალისმიერი დეესკალაციის და ფიზიკური შეზღუდვის ზომების გამოყენების შესახებ; ჟ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა შორის ძალადობის თავიდან აცილებისათვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, შექმნას სათანადო ნორმატიული ბაზა; რ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დაუყოვნებლივ იქნენ სტაციონარიდან გაწერილი ის პაციენტები, რომელთა მიმართაც არ არსებობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სამართლებრივი საფუძველი; ს) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა თანდათანობით დამკვიდრდეს პაციენტისთვის ფსიქიატრიული დახმარების მხოლოდ  მისი თანხმობით გაწევის მოდელი; ტ) გადადგას თანამიმდევრული ნაბიჯები, რათა სტაციონირების შემთხვევების შესამცირებლად უზრუნველყოფილ იქნეს ჰოსპიტალგარეშე სამსახურების ინტენსიური განვითარება; უ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა ხანგრძლივი დაყოვნების, ე. წ. „უვადო“ პაციენტების მოვლისა და რეაბილიტაციის სპეციფიკური, დიფერენცირებული პროგრამების შესამუშავებლად, რათა თანდათან აღდგეს მათი დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები; ფ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დაიწყოს იმ პაციენტების, განსაკუთრებით − ოჯახების მიერ უგულებელყოფილი  პაციენტების, ფსიქიკური საჭიროებებისა და სოციალური მდგომარეობის თანამიმდევრული შეფასება, რომლებსაც გრძელვადიანი მკურნალობა უტარდებათ, და ეს პაციენტები რესოციალიზაციის მიზნით თანდათანობით იქნენ გადაყვანილი დაცულ საცხოვრისებში; ქ) უზრუნველყოს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთოს ხანგრძლივი, თემზე დაფუძნებული, რეზიდენტული ზრუნვის (დაცული საცხოვრისის) მომსახურებაზე (საწოლების შექმნაზე); ღ) უზრუნველყოს სათანადო ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სახელმწიფო ზედამხედველობის და პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის სისტემის გადახედვა; ყ) შეიმუშაოს ფსიქიატრიული დაწესებულებების საბაზისო მედიკამენტების ნუსხა, რომელშიც მოცემული იქნება ახალი თაობის, მაღალი ხარისხის მედიკამენტების ჩამონათვალი; უზრუნველყოს ამ მედიკამენტების ხელმისაწვდომობა ყველა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში; შ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა სტაციონარში ფსიქიატრიული დახმარების ხარისხის ასამაღლებლად უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების აკურატული შეგროვება, რეჰოსპიტალიზაციის ინდიკატორის უკეთესი აღწერა და მკურნალობის გამოსავლების სტანდარტების განსაზღვრა; ჩ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ღონისძიებები ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად; ც) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს, რათა ფსიქიატრიული დახმარების სისტემა თანდათანობით გადავიდეს სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მომსახურების ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მიწოდების მოდელზე; ძ) უზრუნველყოს პაციენტების გარკვეულ რაოდენობაზე ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალის მინიმალური რაოდენობის განსაზღვრა; წ) გაითვალისწინოს აღდგენის (recovery) ბიოფსიქოსოციალური ასპექტები და განავითაროს ფსიქოსოციალური ინტერვენციები; უზრუნველყოს მკურნალობის სქემებში შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა; ჭ) განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მომსახურების განვითარებას, არსებული სტანდარტის დაცვას; უზრუნველყოს პაციენტთა შესაძლებლობების გაზრდა, მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების აღდგენა და განვითარება; ხ) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სოციალური მომსახურების სააგენტოსთან კოორდინაცია და მჭიდრო თანამშრომლობა პაციენტების სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად; ჯ) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალის ინფორმირება/სწავლება ქმედუნარიანობის სამართლებრივი რეფორმის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო  ცვლილებების თაობაზე, აგრეთვე იმავე რეფორმის ფარგლებში მისთვის განსაზღვრული ვალდებულების დროული შესრულება და შესაბამისი პროცედურების დაჩქარება; ჰ) უზრუნველყოს შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირის მშობლის უფლების დასაცავად; ჰ​1) შეიმუშაოს სახელმძღვანელო სამსახურში მიღების დროს ყველა პირისადმი თანასწორი მოპყრობის შესახებ; ჰ​2) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის 13 დეკემბრის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ ნაკისრი ვალდებულებების შრომის კანონმდებლობაში სრულად ასახვისათვის; ჰ​3) აწარმოოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჯარო და კერძო სექტორებში დასაქმების შესახებ სტატისტიკა; ჰ​4) შეიმუშაოს ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების შესახებ; უზრუნველყოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამები ადეკვატურად ითვალისწინებდეს ამ პირთა დასაქმების საჭიროებებს; ჰ​5) განახორციელოს ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების მიერ მათთვის მომსახურების მიწოდების რეგულარული მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მათზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს; ჰ​6) მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებამდე ორგანიზაციას მოსთხოვოს სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენა შემოთავაზებული მომსახურების ხარისხისა და ადეკვატურობის წინასწარი შეფასების უზრუნველსაყოფად; ჰ​7) შეაფასოს ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის რისკფაქტორები ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად; უზრუნველყოს ამ დაწესებულებებში ბენეფიციართა მიმართ არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა სახის ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება, მათზე ადეკვატური რეაგირება და ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემის შექმნა; ჰ​8) დაგეგმოს და რეგულარულად განახორციელოს ღონისძიებები ხანდაზმულთა რეზიდენტული დაწესებულებების პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად; ჰ​9) უზრუნველყოს ხანდაზმულთა რეზიდენტული დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება, კონფიდენციალურობის მოთხოვნების დაცვა, მათ შორის, შესაბამისი ინფორმაციის გამჟღავნებამდე ბენეფიციარისგან და მისი კანონიერი წარმომადგენლისგან წერილობითი თანხმობის მიღების პრაქტიკის დანერგვა; ჰ​10) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალებში უკუკავშირისა და გასაჩივრების მექანიზმის გამართულად ფუნქციონირება და ანონიმური უკუკავშირის მიწოდება; ჰ​11) უზრუნველყოს ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებებისთვის კვების მინიმალური სტანდარტის შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტით დამტკიცება; ჰ​12) უზრუნველყოს ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები საჭირო რაოდენობის სამედიცინო პერსონალით (ექიმი, ექთანი) არსებული სტანდარტის მიხედვით და განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობები; ჰ​13) უზრუნველყოს ხანდაზმულთა სახლებში ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის ობიექტური საჭიროებების განსაზღვრა როგორც ამ სახლებში მათი ჩარიცხვისას, ისე ეტაპობრივად; ჰ​14) უზრუნველყოს ბავშვთა ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამაში ჩართული ოჯახების უკეთესი ინფორმირება ბავშვთა უფლებების დაცვის, განსაკუთრებით − ძალადობის, ექსპლუატაციისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე ბავშვთა რთული ქცევის მართვისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ; ჰ​15) აქტიურად განახორციელოს რეგიონებში მინდობით აღმზრდელ ოჯახებში განთავსებულ ბავშვთათვის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის, მათი განათლების და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის მონიტორინგი; ჰ​16) უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმანური კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა პანსიონებში სახელმწიფო სოციალური მუშაკების მიერ ბავშვებისა და მათი ოჯახების შეფასება, რაც ხელს შეუწყობს ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განსაზღვრას; ჰ​17) უზრუნველყოს, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა უზრუნველყოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვა, მათ შორის, ამ პროცესში არასრულწლოვნის მიერ საკუთარი აზრის დაფიქსირება; ჰ​18) უზრუნველყოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისას არასრულწლოვნის მიმართ ოჯახის წევრების ფიზიკური/ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და მოახდინოს კანონით განსაზღვრული რეაგირება, აგრეთვე უზრუნველყოს ამ პროცესში არასრულწლოვნის ინტერესების მაქსიმალურად დაცვისათვის სოციალური მუშაკის აქტიური მონაწილეობა და, საჭიროების  შემთხვევაში, არასრულწლოვნისათვის ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდება; ჰ​19) უზრუნველყოს სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი ინფორმირება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ; ჰ​20) უზრუნველყოს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში პასუხისმგებელ უწყებებთან სისტემური რეფერირება; ჰ​21) უზრუნველყოს, რომ მომსახურების მიმწოდებლებმა უზრუნველყონ „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების №3 დანართით გათვალისწინებული პირის მოთავსების და გაყვანის აღრიცხვა, აგრეთვე  პირის დროებითი გაყვანის აღრიცხვა ამ  ბრძანების შესაბამისად; ჰ​22) უზრუნველყოს, რომ მომსახურების მიმწოდებლებმა უზრუნველყონ დასაქმებული პირების გადამზადება ტექნიკური რეგლამენტის − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების პირველი მუხლით (ინფორმაცია მომსახურების შესახებ (სტანდარტი №1)) გათვალისწინებული დოკუმენტაციის სათანადო წესით წარმოების შესახებ;  ჰ​23) უზრუნველყოს სოციალურ მუშაკთა/მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღმზრდელთა კვალიფიკაციის ამაღლება ინდივიდუალური განვითარების გეგმისა და მომსახურების ინდივიდუალური გეგმის სრულყოფილად  წარმოებისათვის; ჰ​24) უზრუნველყოს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ბენეფიციართან კომუნიკაციის მეშვეობით არაფორმალურ აქტივობებთან დაკავშირებით მისი ინტერესებისა და საჭიროებების გამოკვეთა და ამის საფუძველზე ინდივიდუალური განვითარების გეგმაში კონკრეტული აქტივობების გათვალისწინება; ჰ​25) უზრუნველყოს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში ჩარიცხვის წესის შესაბამისად  წარმოდგენილი  სამედიცინო დოკუმენტაციის, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფ. №IV–100/ა), სრულყოფილად წარმოება; ჰ​26) უზრუნველყოს სახელმწიფო ზრუნვის სისტემის ბენეფიციართა და მათი ბიოლოგიური ოჯახების წევრთა მიერ უკუკავშირისა და გასაჩივრების უფლებით სარგებლობა მათი სისტემატური ინფორმირებით, წესების გამარტივებით, უკუკავშირის ანონიმური კითხვარების გამოყენებით, წამოჭრილი პრობლემების სისტემატური, ინტერაქტიული განხილვით და შესაბამისი პროცედურების დადგენით; ჰ​27) უზრუნველყოს ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მოსამზადებლად ინდივიდუალური განვითარების გეგმაში კონკრეტული აქტივობების გათვალისწინება და ამ პროცესზე ზედამხედველობა; ჰ​28) უზრუნველყოს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისთვის ბავშვთა და მოზარდთა სრულფასოვანი, დაბალანსებული კვების საკითხებზე ტრენინგების მომზადება და ჩატარება; ჰ​29) უზრუნველყოს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარები დამატებითი რესურსებით, აგრეთვე შესაბამის აქტივობებში ბავშვთა ჩართვა მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით; ჰ​30) უზრუნველყოს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში ბავშვების ემოციური და სოციალური განვითარებისათვის თანაბრად პოზიტიური გარემოს შექმნა ტექნიკური რეგლამენტის − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარებზე ზრუნვის პროცესზე ზედამხედველობის გაძლიერებით და მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით; ჰ​31) განახორციელოს საგანგებო ღონისძიებები დუშეთის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, შეისწავლოს ამ სახლიდან ბენეფიციართა გადინების საკითხი; სახლის ერთადერთი ბენეფიციარის შემთხვევა უნდა განიხილონ შესაბამისმა სამსახურებმა ბავშვზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მისაღებად; ჰ​32) განახორციელოს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, დაავადებათა პრევენცია და ბენეფიციართა რეაბილიტაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით; განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ქრონიკული დაავადების შემთხვევებს; ჰ​33) უზრუნველყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშემწყობი ტრენინგმოდულის შექმნა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში აღსაზრდელთა და აღმზრდელთა ერთობლივი მონაწილეობით ტრენინგების ჩატარება; უზრუნველყოს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო  ლიტერატურით; ჰ​34) უზრუნველყოს ბავშვის მიმართ ძალადობის და ბავშვის უგულებელყოფის პრევენცია, ბავშვზე ზრუნვის ნებისმიერ დონეზე  ბავშვის მიმართ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის და მისი ტრავმირების ფსიქოფიზიკური შედეგების იდენტიფიცირება, ბავშვის ძალადობის მსხვერპლად აღიარება და მისი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა; ჰ​35) უზრუნველყოს ბავშვზე ზრუნვის ზედამხედველობის გაძლიერება სოციალური სამსახურების გაძლიერებით და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვით; ჰ​36) უზრუნველყოს ბავშვის მიერ ზრუნვის ფორმების (მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, მინდობით აღზრდა, რეინტეგრაცია, გაშვილება) ხშირი ცვლის პრევენცია, მისი ძალადობისგან დაცვა; ჰ​37) უზრუნველყოს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციართა ინდივიდუალური ჰიგიენური დანიშნულების ნივთების ჰიგიენურად დაცულ პირობებში შენახვა და თითოეული ნივთის მესაკუთრის იდენტიფიცირება; ჰ​38) უზრუნველყოს დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში დედათა პროფესიულ კურსებში მონაწილეობა და მეტად იზრუნოს მათ დასაქმებაზე; ჰ​39) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დიაგნოზის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში განთავსებისას სარეაბილიტაციო ცენტრების ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინება; ჰ​40) უზრუნველყოს ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის (დაუზუსტებელი შემთხვევების ჩათვლით) მსხვერპლ ბავშვთა და რთული ქცევის მქონე ბავშვების ინდივიდუალური მულტიდისციპლინური შეფასება და მართვა ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის აქტიური და დინამიკური მონაწილეობით; ჰ​41) უზრუნველყოს იმ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების რემონტი, კეთილმოწყობა და ინვენტარის შევსება, რომლებიც ბავშვებს სათანადო საცხოვრებელ პირობებს ვერ უქმნიან. 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ: ა) უზრუნველყოს დევნილების განსახლების შესახებ  უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმში გადაწყვეტილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლების მითითება; ბ) უზრუნველყოს სამართლებრივი აქტით დევნილი ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების დადგენის პროცედურების მოწესრიგება და შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრა; გ) უზრუნველყოს ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლებიც გამოავლენს აუცილებელი ფინანსური დახმარების მიმღებ ჯგუფს; დ) უზრუნველყოს, რომ ყოველ დევნილ ოჯახს, რომელიც წარადგენს განაცხადს საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის მოთხოვნით, მიენიჭოს უნიკალური კოდი და შემდეგ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სწორედ ამ უნიკალური კოდების მითითებით გამოქვეყნდეს ინფორმაცია დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულების შესახებ. 7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ: ა) უზრუნველყოს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების გაგრძელება და გაძლიერება იმ რეგიონებში, სადაც ეროვნული უმცირესობები კომპაქტურად არიან დასახლებული, − როგორც მუნიციპალიტეტების ცენტრებში, ისე სოფლებში; ბ) უზრუნველყოს საქართველოს ყველა რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურების, აგრეთვე სკოლების მასწავლებლებისა და  დირექტორების სისტემატური გადამზადება ძალადობის, მათ შორის, ბულინგისა და ადრეულ ასაკში ქორწინების, ფაქტების იდენტიფიცირებისა და თავიდან აცილების და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესახებ; გ) უზრუნველყოს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია აქტიურად მიეწოდოს შესაბამის ორგანოებს, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას; ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევაში განახორციელოს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით გათვალისწინებული კოორდინაცია რეფერირების მონაწილე სუბიექტებთან; დ) გააძლიეროს მუშაობა სპეციალური პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით რეგიონებში; ე) განახორციელოს სკოლამდელი განათლების რეფორმის მომზადებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება, რაც შესაბამისი კანონის ამოქმედების აუცილებელი წინაპირობაა.  8. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ყველა შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობით მოამზადოს სათანადო ცვლილებები, რათა შეიქმნას  გარემოზე ზემოქმედების შეფასების იმგვარი სისტემა (გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი (გზშ) დაქვემდებარებული საქმიანობების ჩათვლით), რომ უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობასთან დაკავშირებული ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. 9. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ: ა) ხელი შეუწყოს ქალთა ჩართულობას სოფლის განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე; ბ) გააანალიზოს დაგეგმილი პროგრამები და პრიორიტეტების განსაზღვრისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს გენდერული ასპექტების გათვალისწინებას. 10. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მოკლე ვადაში შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს კონფლიქტებით დაზარალებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა. 11. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ: ა) განახორციელოს სათანადო ღონისძიებები „ოფიციალურ დოკუმენტებთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენციის რატიფიცირებისათვის საჭირო პროცედურების დასაწყებად; ბ) განახორციელოს სათანადო ღონისძიებები ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლის (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება) რატიფიცირებისათვის საჭირო პროცედურების დასაწყებად; გ) გამოიყენოს თავის ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელშეკრულებო ორგანოები მეტად ჩაერთონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესწავლაში. 12. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ: ა) უზრუნველყოს, რომ პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეთა ხელშეკრულებებში გაუქმდეს პირგასამტეხლოს შესახებ პირობა, და მეტი აქცენტი გააკეთოს სამხედრო მოსამსახურის მოტივაციის ამაღლებასა და სამხედრო ფასეულობებზე, რათა სამხედრო სამსახურში დარჩენა არა ფინანსურ სანქციებთან, არამედ პირის სურვილთან იყოს დაკავშირებული; ბ) უზრუნველყოს, რომ პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და სამსახურიდან ამორიცხვის შესახებ ბრძანებები დასაბუთებული იყოს და მათში პირის დათხოვნის მიზეზი ყოველთვის იყოს მითითებული; გ) უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №441 ბრძანების „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლთან შესაბამისობა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ბინა სარგებლობაში ნებისმიერ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცეს და, ამ ბრძანებაში ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ბინის სარგებლობაში გადაცემა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის რეკომენდაციაზე არ იყოს დამოკიდებული. 13. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გააგრძელოს და მოკლე ვადაში დაასრულოს თბილისის სომხური და აზერბაიჯანული თეატრების რეაბილიტაცია. 14. მუნიციპალიტეტების ორგანოებმა: ა) უზრუნველყონ, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისას გასაუბრების ეტაპზე სრულყოფილად შედგეს გასაუბრების ოქმები, რომლებშიც სრულად იქნება ასახული კანდიდატებისთვის დასმული კითხვები და მათზე გაცემული პასუხები, აგრეთვე კომისიის წევრებმა კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმები წინასწარ დაადგინონ და შეავსონ სათანადო შეფასების ფორმები ამ კრიტერიუმებთან კანდიდატთა შესაბამისობის თაობაზე,  ხოლო კომისიის გადაწყვეტილება კანდიდატის მიერ მიღებულ შეფასებას დაეფუძნოს; ბ) უზრუნველყონ, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრების მითითებით, რომლებიც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია; გ) უზრუნველყონ, რომ საჯარო მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო მოხელე საკუთარი განცხადებით ითხოვს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას, დეტალურად იქნეს შესწავლილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის, სამსახურიდან პირადი განცხადებით გათავისუფლების მიზეზები, და მათი შესაბამის სამართლებრივ აქტში ასახვისას მიეთითოს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები, რომლებიც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია; დ) უზრუნველყონ, რომ ხელი შეეწყოს საკრებულოს დონეზე გენდერული თანასწორობის საკითხებისთვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის შექმნასა და მდგრადობას, აგრეთვე გაფართოვდეს გამგეობის დონეზე  არსებული გენდერული თანასწორობის საკითხებისთვის პასუხისმგებელი პირების უფლებამოსილებანი, საქმიანობის არეალი და რესურსები; ე) უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სატრანსპორტო საშუალებებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის ადაპტირება; ვ) უზრუნველყონ, რომ ახალი მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების შეძენისას გათვალისწინებულ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები; ზ) უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ავტოსადგომებზე სპეციალური ადგილების გამოყოფა; თ) უზრუნველყონ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მომუშავე მძღოლების ინფორმირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების შესახებ; ი) უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სივრცის მოწყობის მარეგულირებელი სამშენებლო სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვა და მათ აღსრულებაზე ზედამხედველობა; კ) უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმით დადგენილი ვალდებულების დროული შესრულება; ლ) უზრუნველყონ რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნისა და ამოქმედების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ან/და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მონაწილეობა; მ) უზრუნველყონ ზემოაღნიშნული საბჭოების შემადგენლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ორგანიზაციების წარმომადგენლების თანაბარი მონაწილეობა; ნ) უზრუნველყონ, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არსებობს უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის საჭიროება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მსგავსად, განისაზღვროს უსახლკარო პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურები; ო) უზრუნველყონ უსახლკარობის მონიტორინგის მიზნით მონაცემთა ბაზის წარმოება და აღნიშნული ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ხელმისაწვდომობა; პ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი ვალდებულებების შესრულების მიზნით, იმ რეგიონებში, სადაც უსახლკარო პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფა პრობლემაა, ძალისხმევა მიმართონ ინფრასტრუქტურული რესურსის შესაქმნელად, რომელიც შესაძლებელს გახდის მიუსაფარი პირების უსახლკარობისგან დაცვას; ჟ) დაიწყონ მუშაობა თავშესაფრებში განთავსებულ ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამების დასანერგად, რომლებიც ხელს შეუწყობს მიუსაფარ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას; რ) უზრუნველყონ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ისეთი სოციალური პროგრამების შეთავაზება, რომლებშიც ბენეფიტები მხოლოდ დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებზე არ იქნება მორგებული და რომლებიც შედარებით მაღალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების საჭიროებებსაც გაითვალისწინებს; ს) უზრუნველყონ ხელმისაწვდომობის სტანდარტების აღსრულებისა და ზედამხედველობის ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავება; ტ) უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სივრცის მოწყობის პროცესში ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა, აგრეთვე ისეთი სამსახურის განსაზღვრა, რომელიც ხელმისაწვდომობის სტანდარტების აღსრულებისა და მონიტორინგის ეფექტიანი ბერკეტებით (რეპრესიული, პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს ნებართვის გაცემაზე უარს, ინსპექტირებას, დაჯარიმებას და სხვა ღონისძიებების გამოყენებას) იქნება აღჭურვილი; უ) უზრუნველყონ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირამდე − მოხუცებულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატამდე „ჩემი ოჯახი“ მისასვლელი გზის კეთილმოწყობა, რათა ხანდაზმულებს მიეცეთ თემში გადაადგილების შესაძლებლობა და, საჭიროების შემთხვევაში, გაეწიოთ გადაუდებელი დახმარება; ფ) უზრუნველყონ მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მცხოვრებ ხანდაზმულთა საჭიროებების შესწავლა; ქ) უზრუნველყონ ხანდაზმულთა ინტერესების გათვალისწინებით მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში ასახვა; ღ) უზრუნველყონ, რომ ადგილობრივი პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურება ხანდაზმულთა განსაკუთრებულ საჭიროებებზე თვისებრივად ორიენტირებული გახდეს. 15. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ: ა) განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები სისხლის სამართლის საქმეთა გონივრულ ვადაში განსახილველად, მათ შორის, უზრუნველყოს სასამართლოში მოსამართლეების და სხვა საჯარო მოხელეების საკმარისი რაოდენობის განსაზღვრა და მათი თანამდებობაზე დანიშვნა; ბ) უზრუნველყოს იმ განცხადებებისა და საჩივრების დროული, ობიექტური და სრულყოფილი შესწავლა, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენას ეხება, აგრეთვე მოახდინოს მათზე რეაგირება. 16. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და საერთო სასამართლოებმა: ა) უზრუნველყონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მოსამართლეების მიერ გამოტანილი დადგენილებების დასაბუთებულობის ხარისხის ამაღლება; ბ) უზრუნველყონ, რომ სასამართლომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების დროს დეტალურად შეამოწმოს პირის დაკავების კანონიერების საფუძვლები და პატიმრობა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას; ბრალდებულის მიმალვის რისკის გასანეიტრალებლად სასამართლომ იმსჯელოს პატიმრობის გამოყენების ალტერნატივის სახით მისთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩამორთმევის დამატებითი ვალდებულების დაკისრების შესახებ; გ) უზრუნველყონ, რომ სასამართლომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების დროს დეტალურად, შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეისწავლოს ბრალდებულის ან იმ პირის მატერიალური მდგომარეობა, რომელმაც გირაოს თანხა უნდა გადაიხადოს; დ) უზრუნველყონ, რომ სასამართლოს წინაშე წარდგენილი ბრალდებულის/განსასჯელის სახეზე ან სხეულზე წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის ნიშნების არსებობისას ან იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული გარემოებები პირისადმი არასათანადო მოპყრობის შესახებ გონივრული ეჭვის საფუძველს იძლევა, სასამართლომ მოითხოვოს გამოძიების დაწყება  და  სავარაუდო მსხვერპლის სათანადო დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფა. 17. საქართველოს სახალხო დამცველმა მის მიერ წარმოდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში უფრო სიღრმისეულად გააანალიზოს  მოქალაქეთა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დარღვევის ზრდისა და კლების ტენდენციები წინა წლების მონაცემებთან შედარებით; საქართველოს პარლამენტისთვის მომზადდეს შესაბამისი შედარებითი ანალიზი კანონმდებლობით დადგენილი წესით; რეკომენდაციების მომზადების დროს დეტალურად იქნეს შესწავლილი ყველა ფაქტი, რომლებსაც ეყრდნობა რეკომენდაციები, შემდეგ კი ეს ფაქტები ზუსტად იქნეს აღრიცხული და გაანალიზებული ანგარიშში. 18. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მონიტორინგი გაუწიოს „2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული ფაქტების თავიდან აცილებისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში წარედგინოს 2017 წლის 1 მარტამდე. 19. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი ქუთაისი, 24 ივნისი 2016 წ. N5602-IIს