შპს „ქართული წისქვილის კომპანიის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/8587-2015
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
2016 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, მარი კირვალიძის მდივნობით, შპს „ქართული წისქვილის კომპანიის“ კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს „ქართული წისქვილის კომპანიის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მაისის განჩინებით შპს ,,ქართული წისქვილის კომპანიის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.
2015 წლის 24 ივნისს შპს „ქართული წისქვილის კომპანიის“ კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა კრედიტორის - სს „ბანკ რესპუბლიკის” მოთხოვნა, დამტკიცდა კრედიტორთა რეესტრი და კრედიტორის გადაწყვეტილებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი”.
2016 წლის 10 მაისს შპს „ქართული წისქვილის კომპანიის“ გაკოტრების მმართველმა – შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენმა” საბოლოო ანგარიშით მომართა სასამართლოს და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.
სასამართლომ შეისწავლა მოვალის გაკოტრების ანგარიში, მოისმინა გაკოტრების მმართველისა და კრედიტორების პოზიცია, მიაჩნია, რომ შპს „ქართული წისქვილის კომპანიის“ მიმართ უნდა დასრულდეს გაკოტრების საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი საბოლო ანგარიშით და თანდართული დოკუმენტებით დადგენილია, რომ შპს ,,ქართული წისქვილის კომპანიის“ ერთადერთ აქტივს წარმოადგენდა დებიტორული დავალიანება ზედმეტად გადახდილი გადასახადის სახით. კერძოდ: ქონების გადასახადის ნაწილში - 188 151,66 ლარს, მოგების გადასახადის ნაწილში - 72,86 ლარს, ხოლო მიწის გადასახადის ნაწილში - 10,49 ლარს. ვინაიდან, კომპანიის დავალიანება ბიუჯეტის მიმართ შეადგენს - 45 709,72 ლარს, აღნიშნული დავალიანების ურთიერთგაქვითვის შედეგად, შემოსავლების სამსახურის მიერ შპს „ქართული წისქვილის კომპანიისთვის“ დაბრუნებული იქნა 142 564,82 ლარი. აღნიშნული თანხა განაწილდა შემდეგი სახით: გაკოტრების მმართველის მიერ გაღებული განჩინების გამოქვეყნების ხარჯი – 40 ლარი, გაკოტრების მმართველის ანაზღაურება - 5900 ლარი დღგ-ის ჩათვლით. მეურვის ანაზღაურება – 10 000 ლარი; ნათია კობახიძის, როგორც საბუღალტრო დოკუმენტაციის მონიტორინგის და საგადასახადო შემოწმების ხელშეწყობის მიზნით ასანაზღაურებელი თანხა – 625 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) და სს ,,ბანკ რესპუბლკის” მიმართ ასანაზღაურებელი თანხა - 126 112 ლარი და 82 თეთრი.
ამდენად, გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილია საბოლოო ანგარიში, რასაც ეთანხმება კრედიტორი და აღნიშნული გარემოება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნტის შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დასრულდეს შპს ,,ქართული წისქვილის კომპანიის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება და გაუქმდეს შპს ,,ქართული წისქვილის კომპანიის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404863689) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. მოვალის ანგარიშზე არსებული თანხა განაწილდეს გაკოტრების მმართველოს საბოლოო ანგარიშის შესაბამისად.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა შპს ,,ქართული წისქვილის კომპანიის“ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან ან გაცნობიდან 5(ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი