„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№250
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 159, 30/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №250

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული დებულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონის ჩატარების შესახებ.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონის ჩატარების შესახებ“.

4. დებულების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) სარგებლობაში გადაცემისას აუქციონის ჩატარების წესსა და პირობებს.

2. ეს დებულება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთათვისაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემა გათვალისწინებულია „სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

 3. ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.

 4. ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით და სასყიდლით. სარგებლობის საწყის ფასს განსაზღვრავს სარგებლობის უფლებით გამცემი.

 5. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ინფორმაციას გადაცემიდან 1 თვეში წარუდგენენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.

 6. ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც ქონების სარგებლობის უფლებით გამცემს შესთავაზებს ქირის ყველაზე მაღალ ოდენობას, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, – ასევე აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (შემდგომში – სახელმწიფო ორგანოები) და საჯარო სამართლის იურიდიული პირები;

ბ) ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები – ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან საერთაშორისო ორგანიზაცია.

    მუხლი 3. აუქციონის ორგანიზება

1. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უძრავი ნივთი გადაეცემა სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით, იმ სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელსაც უძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან რომლის ბალანსზეც ირიცხება უძრავი ნივთი. იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთს სარგებლობაში გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მან ეს საკითხი ასევე უნდა შეუთანხმოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

2. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს მოძრავი ნივთი გადაეცემა სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, იმ სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან რომლის ბალანსზეც ირიცხება მოძრავი ნივთი. იმ შემთხვევაში, თუ მოძრავ ნივთს სარგებლობაში გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მან ეს საკითხი უნდა შეუთანხმოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ქონებას, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ქონებისა, სარგებლობაში გადასცემს სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე.

4. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ქონება აუქციონის გარეშე სასყიდლით ან უსასყიდლოდ შეიძლება გადაეცეს საქართველოს მთავრობის თანხმობით, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მუსიკალური ინსტრუმენტები თხოვების ფორმით აუქციონის გარეშე ფიზიკურ პირებს (შემსრულებლებს) გადაეცემათ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მოვლა-პატრონობის, რემონტის, რესტავრაციისა და გამართულ მდგომარეობაში ყოფნის და სხვა პირობით, რომელიც დგინდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

5. აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი აუქციონის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე უზრუნველყოფს აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი წესით.

6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის დასახელებას;

ბ) პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

გ) ქონების დასახელებას;

დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის გამართვის ვადას;

ე) ბეს, სავაჭრო ბიჯის სიდიდესა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი;

ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;

ზ) სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად.

7. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების შესახებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. აუქციონის ჩატარების თარიღის ან ნებისმიერი სხვა გამოქვეყნებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს აუქციონში მონაწილეებს. თუ აუქციონში მონაწილეთა რაოდენობა აღემატება ათს, მაშინ შეტყობინება უნდა განხორციელდეს იმ საშუალების გამოყენებით, რომლითაც მოხდა აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება.

9. აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები.“.

5. დებულების 32 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. დებულების 33 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონი იმართება მისი გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის მოწყობის დღის ჩათვლით და აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე);“;

გ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კერძო სამართლის იურიდიული პირი დამატებით წარადგენს შესაბამისი რეესტრიდან ამონაწერს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის დოკუმენტაციას.“.

7. დებულების 34 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სახელმწიფო ქონების დასახელებას, საწყისი ქირის ოდენობასა და ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი).“.

8. დებულების 34 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. აუქციონის შედეგების ოქმი და სრული დოკუმენტაცია გადაეცემა აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მას აუქციონის დასრულებიდან 10 დღეში.“.

9. დებულების მე-5, მე-6, მე-7, 71 და 72 მუხლები ამოღებულ იქნეს.

10. დებულების მე-8 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემთან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გააფორმოს ხელშეკრულება სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ.

3. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან არა უგვიანეს 15 კალენდარულ დღეში.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.“.

11. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 9. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა

1. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, აუქციონის ფორმით მიღებული ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მას ინფორმაცია ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების თაობაზე.

2. აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ვალდებულია, სარგებლობის უფლებით მიღებული უძრავი ნივთის სარგებლობის უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში.

3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება, აუქციონის ფორმით გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისათვის.

4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი ფორმით, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე შემდეგი წესით:

ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებათა შეუსრულებლობის (ასეთის არსებობისას) შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.

5. თუ ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემს უფლება აქვს, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს შეტანილი ბე არ უბრუნდება და არ აუნაზღაურდება ქონებაზე გაწეული დანახარჯები.“.

12. დებულების მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური