შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
მიღების თარიღი 01.04.2012
ძალაში შესვლა 01.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №49-7
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016416
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2016
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| გიორგი კარბელაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე | ფავაზ ალ ფარაჰი სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტი |
| ნებისმიერი პუნქტი საქართველოში | ნებისმიერი შუალედური პუნქტი |
| ნებისმიერი პუნქტი ქუვეითში | ნებისმიერი შუალედური პუნქტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის შესახებ "საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის
საჰაერო მიმოსვლის შესახებ
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობა, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი.
აქვთ რა სურვილი ხელი შეუწყონ საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის განვითარებას და გაატარონ მაქსიმალური შესაძლო ზომები აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნით.
აქვთ რა სურვილი ისარგებლონ ამგვარი მომსახურებით, 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციისა და საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის სატრანზიტო შეთანხმების პრინციპებითა და დებულებებით.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებანი
ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:
a) „კონვენცია” ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ და მოიცავს ამ კონვენციის 90-ე მუხლის მიხედვით მიღებულ მის ნებისმიერ დანართს და კონვენციის ან მისი დანართების 90-ე და 94-ე მუხლის მიხედვით მიღებულ ნებისმიერ შესწორებას, მას შემდეგ, რაც აღნიშნული სახის დანართები და შესწორებები ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის შევა ძალაში;
b) „შეთანხმება” ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას, მის დანართს და ამ დანართისა ან შეთანხმების ნებისმიერ შესწორებას;
c) „საავიაციო ხელისუფლება” საქართველოსთან მიმართებაში ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ხოლო ქუვეითის სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს სამოქალაქო ავიაციის გენერალურ დირექტორატს, ან ორივე შემთხვევაში ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც აღჭურვილია უფლებამოსილებით, შეასრულოს ზემოაღნიშნული ხელისუფლებების კომპეტენციაში შემავალი ფუნქციები;
d) „დანიშნული ავიასაწარმო” ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარისადმი წერილობითი ფორმით დანიშნულ ავიასაწარმოს, რომელიც შეთანხმებულ საჰაერო მიმოსვლას განახორციელებს წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ მარშუტებზე;
e) „ტერიტორია” „საჰაერო მიმოსვლა”, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა”, და “არაკომერციული მიზნებით შეჩერება” –
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის აქვთ კონვენციის მე-2 და 96-ე მუხლებით განსაზღვრული მნიშვნელობა;
f) „ტევადობა” ნიშნავს:
I) საჰაერო ხომალდთან მიმართებაში, საჰაერო ხომალდის დატვირთვას მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე.
II) საჰაერო მომსახურებასთან დაკავშირებით, აღნიშნული მომსახურებისთვის გამოყენებული საჰაერო ხომალდის ტევადობას, გამრავლებულს დროის გარკვეულ პერიოდში ამ საჰაერო ხომალდის მიერ შესრულებული რეისების სიხშირეზე მთელ მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე.
g) „ტარიფი” ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას და იმ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც ეს ღირებულება მოქმედებს, სააგენტოსათვის და სხვა დამატებითი მომსახურებისათვის გადახდილი ანაზღაურებისა და პირობების ჩათვლით, მაგრამ არ ითვალისწინებს ფოსტის გადატანის ღირებულებასა და პირობებს;
h) „მარშრუტების განაწესი” ნიშნავს მარშრუტების განაწესს თანდართულს წინამდებარე შეთანხმებაზე. მარშრუტების განაწესი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და წინამდებარე შეთანხმების ყველა მითითება შეიცავს მითითებას მარშრუტების განაწესზე, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ სხვაგვარად არ არის წარმოდგენილი.
i) „მომხმარებლის გადასახდელი” ნიშნავს გადასახდელს, რომელიც უწესდება ავიასაწარმოებს, აეროპორტის, სააერნაოსნო ან საავიაციო უშიშროების ქონებით ან საშუალებებით სარგებლობისათვის.
მუხლი 2🔗
უფლებათა და უპირატესობათა მინიჭება
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ამ შეთანხმების მარშრუტების განაწესში (შემდგომში „შეთანხმებულ მომსახურებად” და „განსაზღვრულ მარშრუტებად” წოდებული) აღნიშნული რეგულარული საერთაშორისო მიმოსვლის მარშრუტების განხორციელების მიზნით, ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს.
2. წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო, დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული მომსახურების ექსპლუატაციისას სარგებლობს შემდეგი უფლებებით:
a) მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაფრენის გარეშე გადაფრენის უფლება;
b) ხსენებულ ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნით დაფრენის უფლებით; და
c) ხსენებულ ტერიტორიაზე განსაზღვრულ მარშრუტზე არსებულ პუნქტში ან პუნქტებში დაფრენის უფლებით, საერთაშორისო მგზავრთა ჩასხდომისა და/ან გადმოსხდომის, ტვირთის, ფოსტის ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის მიზნით.
3. ამ მუხლის პირველი (1) პუნქტი ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიაგადამზიდველს არ ანიჭებს უფლებას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, გასამრჯელოს საფასურად ან ქირით, ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი, ბარგი ან ფოსტა, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებების მიერ დროდადრო ერთობლივად შეიძლება იქნეს განსაზღვრული.
4. თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან პროცესების ან განსაკუთრებული და უჩვეულო გარემოებების გამო, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ძალუძს ჩვეულებრივი მარშრუტით განახორციელოს ხაზის ექსპლუატაცია, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ხაზის განუწყვეტლივ ექსპლუატაციას და ამ მიზნით მოახდენს მარშრუტების შესაბამის დროებით რეორგანიზაციას.
მუხლი 3🔗
დანიშვნა და უფლებამოსილება
1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ექნება უფლება წერილობით დანიშნოს და წარუდგინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო დაწესებული მარშრუტებით შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით და გააუქმოს ან შეცვალოს ეს დანიშვნები.
2. ამგვარი დანიშვნა ხორციელდება ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, რომელიც დასტურდება დიპლომატიური ნოტების გაცვლით.
3. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს მტკიცებულება იმისა, რომ ამ ავიასაწარმოს უნარი შესწევს შეასრულოს ხელშემკვრელი მხარის წესებითა და კანონებით გონივრულად დადგენილი ყველა ის მოთხოვნა, რომლებიც კონვენციის დებულებათა შესაბამისად გამოიყენება საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციისას ამ ხელისუფლების მიერ.
4. აღნიშნული სახის დანიშვნის მიღებისას, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები, მინიმალური პროცედურული დაგვიანებით, გასცემს შესაბამის უფლებამოსილებასა და ნებართვებს, იმის გათვალისწინებით, რომ:
a) ავიასაწარმო დაარსებულია ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და გააჩნია მოქმედი საექსპლუატაციო ლიცენზია ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;
b) ხელშემკვრელი მხარეები ახორციელებენ ეფექტურ მარეგულირებელ კონტროლს ავიასაწარმოებზე და ინარჩუნებენ საჰაერო ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე პასუხისმგებლობას.
5. როდესაც ავიასაწარმო ამგვარადაა დანიშნული და ნებართვით აღჭურვილი ამ მუხლის შესაბამისად, მას ნებისმიერ დროს შეუძლია შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის დაწყება წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად.
მუხლი 4🔗
გაუქმება, შეზღუდვა და პირობების დაწესება
1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ექნება უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს უარი უთხრას მინიჭებაზე ან შეუჩეროს ექსპლუატაციის ნებართვა, შეუზღუდოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა, ან ამ უფლებებით სარგებლობისას მოსთხოვოს მას ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ, იმ შემთხვევაში, როდესაც:
a) ავიასაწარმო არ არის დაარსებული ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე ან არ არის სერტიფიცირებული მისი კანონმდებლობის შესაბამისად; ან
b) შესაბამისი ხელშემკვრელი მხარე არ ახორციელებს ან არ ინარჩუნებს ავიასაწარმოს ეფექტურ მარეგულირებელ კონტროლს.
2. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ავიასაწარმო ვერ ახორციელებს უფლებების მიმნიჭებელი ხელშემკვრელი მხარის წესებსა და კანონებს ან წინამდებარე შეთანხმების პირობათა შესაბამისად ხელშემკვრელი მხარის მიერ მინიჭებულ უფლებამოსილებებს, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და უშიშროების მუხლებთან დაკავშირებით; გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაუყოვნებელი შეჩერება ან პირობების დაწესება აუცილებელია წესებისა და კანონების შემდგომი დარღვევის თავიდან ასაცილებლად ან უკავშირდება უსაფრთხოების ინტერესებს, ეს უფლება გამოიყენება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციების გამართვის შემდგომ.
3. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობის შემთხვევაში, ხელშემკვრელ მხარეთა სხვა უფლებები არ შეიზღუდება.
მუხლი 5🔗
აეროპორტისა და მოწყობილობების გადასახადი
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, თავისი კონტროლის ქვეშ, დააწესებს ან გასცემს ნებართვას რათა დაწესდეს გონივრული გადასახადი აეროპორტისა და მისი მოწყობილობებით სარგებლობისათვის.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, აეროპორტისა და მისი მოწყობილობების სარგებლობისათვის დაწესებული გადასახადები მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდისთვის არ უნდა იყოს იმაზე მეტი, რაც დაწესებული აქვს ამ სახელმწიფოს მის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდისათვის.
მუხლი 6🔗
განრიგების დამტკიცება
1. დანიშნულმა ავიაგადამზიდველმა, წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად, დაგეგმილი ფრენის განრიგი, მომსახურებისა და საჰაერო ხომალდის ტიპი უნდა წარუდგინოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეთანხმებული მომსახურების განხორციელების დაწყებამდე არაუგვიანეს ოცდაათი დღით ადრე. აღნიშნული ექვემდებარება შემდგომ ცვლილებებს, ისევე როგორც ცვლილებები ყოველი ზაფხულისა და ზამთრის განრიგებამდე.
2. განრიგების მიმღებ საავიაციო ხელისუფლებებს უფლება აქვთ თანხმობა განაცხადონ განრიგის დამტკიცებაზე ან შეთავაზონ მათი ცვლილება. ნებისმიერ შემთხვევაში, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება არ აქვთ განახორციელონ მომსახურება, შესაბამისი საავიაციო ხელისუფლებების მიერ განრიგების დამტკიცებამდე. აღნიშნული დებულება აგრეთვე ექვემდებარება შემდგომ ცვლილებებს.
მუხლი 7🔗
ინფორმაცია და სტატისტიკა
ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება მოთხოვნის საფუძველზე მიაწვდის მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას ისეთ პერიოდულ და სხვა სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გონივრულ ფარგლებში ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ამ შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად შეთანხმებულ ხაზებზე მიწოდებული ტევადობის განსახილველად. ასეთ მონაცემებში მოცემული იქნება მთელი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა შეთანხმებულ ხაზებზე ამ ავიასაწარმოების მიერ განხორციელებული გადაყვანა-გადაზიდვების დასადგენად.
მუხლი 8🔗
შესვლისა და გაფორმების რეგულირება
1. ერთი ხელშემკვრელი მხარის ძალაში მყოფი კანონები, წესები და რეგულაციები, რომლებიც ეხება საკუთარ ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდით მგზავრების, ეკიპაჟის, ტვირთისა და ფოსტის შესვლას ან ტერიტორიის დატოვებას (როგორიც არის შესვლის, გაფორმების, საემიგრაციო, საპასპორტო, საბაჟო და სანიტარიული წესები) გამოიყენება მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მგზავრების, ეკიპაჟების, ტვირთისა და ფოსტის მიმართ, მათი პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნის დროს.
2. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები, რომლებიც ეხება მის ტერიტორიაზე საერთაშორისო საჰაერო ნაოსნობისათვის დანიშნული საჰაერო ხომალდის ჩამოფრენას, გაჩერებას ან გამგზავრებას, ან ასეთი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას და ნავიგაციას მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას, ვრცელდება ორივე ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდზე, ეროვნებისდა განურჩევლად და გამოიყენება აღნიშნული საჰაერო ხომალდის მიერ ჩამოფრენისას, გამგზავრებისას და აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას.
3. ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალ მგზავრებზე, ბარგზე, ტვირთსა და ფოსტაზე ვრცელდება საბაჟო და/ან საემიგრაციო კონტროლი. პირდაპირი ტრანზიტის დროს ბარგი, ტვირთი და ფოსტა თავისუფლდება საბაჟო გადასახადებისაგან, შემოწმების გადასახადებისა და სხვა მსგავსი გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან.
მუხლი 9🔗
ტარიფების დადგენა
1. ხელშემკვრელ მხარეთა შორის შესაბამისი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის ტარიფებს ადგენენ დანიშნული ავიასაწარმოები გონივრულ საფუძველზე, ყველა გონივრული ფაქტორის გათვალისწინებით, ექსპლუატაციის ხარჯებისა და გონივრული სარგებლის ჩათვლით.
2. ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებამ არ უნდა მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს მათ მიერ ამ მუხლის პირველი (1) პუნქტის შესაბამისად დაწესებული ტარიფების წარდგენა. მიუხედავად ამისა, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს ჩაერიოს ტარიფებში, რათა:
a) თავიდან აიცილოს არაგონივრული დისკრიმინაციული ფასები ან მეთოდები;
b) დაიცვას მომხმარებლები არაგონივრულად მაღალი ან შემზღუდავი ფასებისაგან, რომელიც გამოწვეულია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით; და
c) დაიცვას ავიასაწარმოები ხელოვნურად დაბალი ფასებისაგან, რომელიც გამოწვეულია სუბსიდიების ან მხარდაჭერის შედეგია ან ნათლად ჩანს კონკურენციის შეზღუდვის განზრახვა.
3. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების მოთხოვნისას მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულმა ავიასაწარმოებმა უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია ტარიფების დადგენის შესახებ, იმ სახით და იმ ფორმით, როგორიც განსაზღვრულია აღნიშნული ხელისუფლების მიერ.
მუხლი 10🔗
საბაჟო და სხვა გადასახადებისაგან გათავისუფლება
1. ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლისთვის ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდ(ებ)ი, ისევე როგორც საჰაერო ხომალდის ბორტზე არსებული მისი რეგულარული მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები, საწვავის მარაგები, საცხებ-საპოხი საშუალებები და საჰაერო ხომალდის მარაგი (მათ შორის საკვები, სასმელი, თამბაქო), გათავისუფლდება ყველა სახის საბაჟო გადასახადისგან, შემოწმების და სხვა სახის მოსაკრებლებისა და გადასახადებისაგან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შემოსვლისას, იმ პირობით, რომ ასეთი მოწყობილობები და მარაგი დარჩება საჰაერო ხომალდის ბორტზე, სანამ არ მოხდება მისი რე-ექსპორტი.
2. საწვავის მარაგი, საცხებ-საპოხი მასალები, რეგულარული აღჭურვილობა და საჰაერო ხომალდის მარაგი, შეტანილი თითოეული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს სახელით ან ასეთი ავიასაწარმო(ები)ს მიერ ექსპლოატირებული საჰაერო ხომალდით, რომლის მიზანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელება, თავისუფლდება ყველა სახის ეროვნული გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, რაც მოიცავს საბაჟო მოსაკრებლებს და შემოწმების გადასახდელებს დაწესებულს პირველი ხელშემკვრელი მხარის მიერ იმ შემთხვევაში, თუ ეს მარაგი გამოყენებული უნდა იქნეს იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მგზავრობისას, სადაც ისინი იმყოფებიან. ზემოთ ხსენებული საგნები შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ შენახვას.
3. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდის ბორტზე არსებული ჩვეულებრივი საბორტო აპარატურა, სათადარიგო ნაწილები, საჰაერო ხომალდის მარაგები და საწვავისა და საპოხი მასალების მარაგები შეიძლება გადმოტანილ იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ სახელმწიფოს საბაჟო ორგანოს თანხმობით, რომელსაც შეუძლია მოითხოვოს, რომ ასეთი მასალები მოთავსებულ იქნეს აღნიშნული ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ იმ დრომდე, სანამ მოხდება მათი რეექსპორტი ან სხვაგვარად განკარგვა საბაჟო წესების შესაბამისად.
4. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მოძრავი ქონება, როგორიცაა საოფისე აღჭურვილობა, საკანცელარიო ნივთები, სამგზავრო დოკუმენტები, რაც მოიცავს სამგზავრო ბილეთებს, სამგზავრო სიებს, ისევე როგორც საჯარო გამოცემებს და გასაცემ ინვენტარს, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეტანისას უნდა გათავისუფლდეს ყველა სახის მოსაკრებლისაგან, შემოწმების გადასახადებისა და საბაჟო მოსაკრებლებისა და გადასახადებისაგან.
მუხლი 11🔗
ფინანსური დებულებები
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას, მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს მიანიჭოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ თავის ტერიტორიაზე მგზავრების, ბარგის, ფოსტის, ტვირთის გადაზიდვით ადგილობრივი დანახარჯების შედეგად დარჩენილი შემოსავლის თავისუფალი გადარიცხვის უფლება მოთხოვნის დროისათვის არსებული ვალუტის გადაცვლის ოფიციალური კურსით. როდესაც მხარეთა შორის გადახდების სისტემას არეგულირებს სპეციალური შეთანხმება, გამოიყენება აღნიშნული შეთანხმება.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო მეორე მხარის ტერიტორიაზე თავისუფლდება შემოსავლისა და ნებისმიერი სხვა მსგავსი გადასადისაგან შესრულებული შეთანხმებული მომსახურების შედეგად მიღებულ მოგებასა და სარგებელზე.
მუხლი 12🔗
ტექნიკური და კომერციული წარმომადგენლობა
1. ერთი ხელშეკმვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს ჰქონდეს თავისი წარმომადგენლობა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
2. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი კანონებისა და წესების შესაბამისად, რომელიც ეხება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლას, ცხოვრებასა და დასაქმებას, შეიყვანოს და ჰყავდეს მმართველი, კომერციული, ტექნიკური, ოპერატიული და სხვა სახის სპეციალისტები, რომლებიც საჭიროა საჰაერო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს ეროვნული კანონებისა და წესების, ნაცვალგებისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპის საფუძველზე, უფლება აქვთ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გაყიდონ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ნებისმიერ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, უშუალოდ ან მისი აგენტების მეშვეობით და ნებისმიერი პირი იქნება უფლებამოსილი იყიდოს ასეთი გადაყვანა-გადაზიდვა.
4. გენერალური აგენტის ან გენერალური გაყიდვების აგენტის დანიშვნის შემთხვევაში, იგი დანიშნული უნდა იქნეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი კანონებისა და წესების შესაბამისად.
მუხლი 13🔗
ტევადობის პირობები
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ექნებათ სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობა, საჰაერო მომსახურება განახორციელონ მხარეთა შესაბამის ტერიტორიებს შორის წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის პირველი (1) პარაგრაფის შესაბამისად დაწესებულ ნებისმიერ მარშრუტზე.
2. დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებული საჰაერო მომსახურების უპირატესი მიზანია მგზავრთა გადაყვანის, ფოსტისა და ტვირთის გადაზიდვის შესაფერისობისათვის არსებული და გონივრული მოთხოვნების ტევადობის პირობების განსაზღვრა, რომელიც წარმოშობილია იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან ან განსაზღვრულია იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიისთვის, რომელმაც დანიშნა ავიასაწარმო. მესამე სახელმწიფოდან წინასწარ განსაზღვრული საერთაშორისო მიმოსვლისთვის თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს დატვირთვის ან გადმოტვირთვის უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არსებულ პუნქტში უნდა იყოს შესაბამისობაში ამ მიმოსვლის პრინციპებთან, რომლებსაც ექნებათ დამატებითი ხასიათი და ტევადობა დაკავშირებული იქნება:
a) ავიასაწარმოთა განმსაზღვრელი ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებსა და დადგენილ მარშრუტებზე განსაზღვრულ პუნქტებს შორის მიმოსვლის მოთხოვნებთან;
b) გადაყვანა-გადაზიდვის მოთხოვნებთან, რომელ არეალშიც მოძრაობს ავიასაწარმო მარშრუტის ეკონომიკური ექსპლუატაციისათვის;
c) ავიასაწარმოს ექსპლოატაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას რთავს დანიშნულ ავიასაწარმოებს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის ტევადობა და სიხშირე განსაზღვრონ საბაზრო და კომერციული მდგომარეობის გათვალისწინებით. არცერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება ცალმხრივად არ ზღუდავს ტევადობას, სიხშირეს ან მიმოსვლის რეგულარობას, ან საჰაერო ხომალდის ტიპს ან ტიპებს, რომელიც ექსპლუატირებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს შეზღუდვა ამ შეთანხმებისა და კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრული ერთგვაროვანი პირობების შესაბამისად.
მუხლი 14🔗
ფრენის უსაფრთხოება
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებულ ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან ან მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში. ასეთი კონსულტაციები ტარდება ამგვარი თხოვნით მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
2. თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად, ერთი ხელშემკვრელი მხარე გამოავლენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ეფექტურად არ ინარჩუნებს და არ წარმართავს უსაფრთხოების სტანდარტებს იმ ნებისმიერ სფეროში, რომელიც უთანაბრდება ამ დროისათვის კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, პირველი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ატყობინებს ამ ვითარების შესახებ და იმ ზომებზე, რაც ამ მინიმალური სტანდარტების შესასრულებლად არის საჭირო და მეორე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიების გატარება. თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს თხუთმეტი (15) დღის ან შესაძლო შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში, ეს მდგომარეობა იქნება ამ შეთანხმების მე-4 მუხლის გამოყენების საფუძველი.
3. მიუხედავად იმ ვალდებულებებისა, რაც დადგენილია კონვენციის 33-ე მუხლში, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ექსპლუატირებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ და რომელიც ახორციელებს მიმოსვლას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, შეიძლება, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნის დროს, შემოწმდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ბორტზე ან საჰაერო ხომალდის ირგვლივ, რათა გაირკვეს საჰაერო ხომალდისა და მისი ეკიპაჟის დოკუმენტთა ვარგისიანობა და საჰაერო ხომალდისა და მისი შემადგენლობის (ამ მუხლში „შემოწმება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”) რეალური მდგომარეობა, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს არამიზანშეწონილ შეფერხებას.
4. თუ ნებისმიერი ამგვარი შემოწმება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან მთელი რიგი ამგვარი შემოწმებებისა გამოიწვევს:
a) სერიოზულ ეჭვს, რომ საჰაერო ხომალდი და მისი ექსპლუატაციის პირობები არ შეესაბამება კონვენციის მიერ იმ დროისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან
b) სერიოზულ ეჭვს, როცა არსებობს კონვენციის მიერ იმ დროისათვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტური შენარჩუნებისა და წარმართვის ნაკლოვანება, ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას კონვენციის 33-ე მუხლის მიზნებისთვის, შეუძლია თავისუფლად დაასკვნას, რომ მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც გაცემული საჰაერო ხომალდების და საჰაერო ხომალდების ეკიპაჟების მოწმობები და ლიცენზიები აღიარებულია ვარგისად ან მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც საჰაერო ხომალდი არის ექსპლუატირებული, არ უთანაბრდება ან არ შეესაბამება კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო(ები)ს წარმომადგენლების მიერ უარყოფილ იქნება საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებაზე შემოწმების უფლება იმავე ავიასაწარმოს წარმომადგენლების მიერ წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისუფლად შეუძლია წამოჭრას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ეჭვები და გამოიტანოს დასკნები ამავე პუნქტის შესაბამისად.
6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას შეაჩეროს ან შეცვალოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს საექსპლუატაციო უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ პირველი ხელშემკვრელი მხარე დაასკვნის, რომ ფრენის უსაფრთხოებაზე შემოწმების, მთელი რიგი შემოწმებების ან ამგვარი შემოწმების უარყოფის ან კონსულტაციის და სხვაგვარი საქმიანობის უფლების უარყოფის შედეგად, ავიასაწარმოს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება.
7. ერთი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი მოქმედება ამ მუხლის მე-2 ან მე-6 პუნქტების მიხედვით ვერ გაგრძელდება, როგორც კი ამ მოქმედების განხორციელების საფუძველი შეწყვეტს არსებობას.
მუხლი 15🔗
სერტიფიკატები და ლიცენზიები
ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ, მისი კანონებისა და წესების შესაბამისად, გაცემული ან და ძალაში მყოფი ფრენის ვარგისობის სერტიფიკატები, კვალიფიკაციის სერტიფიკატები და ლიცენზიები, მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ იქნება აღიარებული ვარგისად ამ შეთანხმებით ნაკისრი მომსახურების განხორციელებისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი სერტიფიკატების ან ლიცენზიების გაცემისა და ვარგისად ჩათვლის მოთხოვნები აღემატება ან უტოლდება კონვენციის შესაბამისად უკვე ჩამოყალიბებულ ან შესაძლო ჩამოსაყალიბებელ მინიმალურ სტანდარტებს.
მუხლი 16🔗
საავიაციო უშიშროება
1. საერთაშორისო სამართლით მინიჭებული მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთმანეთის მიმართ ვალდებულებას, დაიცვან უკანონო ქმედებათა ჩარევისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროება, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული მათი უფლებებისა და ვალდებულებების ზოგადი ხასიათის შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ, სახელდობრ: „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ”, 1963 წლის 14 სექტემბერს ტოკიოში ხელმოწერილი; „საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ,“ 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი, „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ,“ 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციების დებულებებისა და ამ უკანასკნელზე დამატებული „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ,” 1988 წლის 24 თებერვალს ხელმოწერილი ოქმის დებულებათა; 1991 წლის 1 მარტს ქ. მონრეალში ხელმოწერილი „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ, მათი გამოვლენის მიზნით" კონვენციის შესაბამისად და ნებისმიერ ავიაციის უშიშროებასთან დაკავშირებული სხვა კონვენციით, რომლის მხარეებიც გახდებიან მხარეები.
2. ხელშემკვრელი მხარეები, მოთხოვნის შემთხვევაში, ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და აეროსანავიგაციო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ამგვარი უკანონო ქმედებები და ნებისმიერი სხვა მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.
3. ხელშემკვრელი მხარეები ორმხრივი ურთიერთობებისას იმოქმედებენ საავიაციო უშიშროების სტანდარტების შესაბამისად და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებული და კონვენციის დამატებებად წოდებული რეკომენდირებული პრაქტიკის შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ისინი მათ მიერ გამოიყენება და მოსთხოვენ მათ რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ ტერიტორიაზე და მათ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, იმოქმედონ საავიაციო უშიშროების ამ დებულებათა შესაბამისად. ამ პუნქტში საავიაციო უშიშროების სტანდარტებზე მითითება მოიცავს ნებისმიერ განსხვავებას, რომელიც შეტყობინებულია შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის მიერ.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე ეფექტური ღონისძიების გატარებას, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი, შეამოწმოს მგზავრები და ხელბარგი, და ჩაატაროს ეკიპაჟის, ტვირთის (მათ შორის, საბარგულში მოთავსებული ბარგის) და საჰაერო ხომალდის მარაგის შესაბამისი შემოწმება ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-ჩატვირთვისას და მუქარის გაზრდის შემთხვევებში უშიშროების ამ ღონისძიებების მისადაგებას შექმნილ ვითარებასთან. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ მის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს მეორე ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება მოსთხოვოს (3) პუნქტში აღნიშნული სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დებულებების შესრულება, რომლებიც აუცილებელია ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესასვლელად, ტერიტორიის დასატოვებლად ან ტერიტორიაზე ყოფნისათვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ასევე, დადებითად იმოქმედებს მეორე ხელშემკვრელი მხარის თხოვნის უშიშროების გონივრულ, სპეციალურ ღონისძიებათა გატარების თაობაზე კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით.
5. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან ასეთი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და აეროსანავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების დროს ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გამარტივებით, რომლებიც მიმართულია ამ ინციდენტის ან მუქარის სწრაფად აღკვეთისაკენ სიცოცხლისათვის მინიმალური საფრთხის შექმნის თანაზომიერად.
მუხლი 17🔗
კონსულტაციები და ცვლილებები
1. ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებები, საჭიროების შემთხვევაში, გაუცვლიან ერთმანეთს შეხედულებებს, რათა მიაღწიონ მჭიდრო თანამშრომლობას და თანხმობას წინამდებარე შეთანხმების გამოყენების ყველა ასპექტში.
2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს კონსულტაციების გამართვა წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით. ამგვარი კონსულტაციები დაიწყება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მოთხოვნის მიღების დღიდან 60 დღის განმავლობაში. ასეთი კონსულტაციების შედეგად წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება მიღებულ იქნება თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ შესაბამისი პროცედურების შესაბამისად და შევა ძალაში მათი დამტკიცების თაობაზე დიპლომატიური ნოტების გაცვლის დღიდან.
მუხლი 18🔗
სადავო საკითხების მოგვარება
1. ხელშემკვრელ მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმებისა და მისი დანართის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის წამოჭრის შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეები, პირველ რიგში, შეეცდებიან მოლაპარაკების გზით გადაჭრან აღნიშნული საკითხები.
2. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას მოლაპარაკებების გზით დავის წარმოშობიდან 60 დღის განმავლობაში, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე დავა გადასაწყვეტად შეიძლება გადაეცეს პიროვნებას, ორგანოს ან საარბიტრაჟო ტრიბუნალს. საარბიტრაჟო ტრიბუნალი შედგება:
a) თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს არბიტრს. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე 60 დღის ვადაში ვერ დანიშნავს არბიტრს, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრი დაინიშნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტის მიერ;
b) მესამე არბიტრი, რომელიც იქნება მესამე სახელმწიფოს მოქალაქე და უხელმძღვანელებს საარბიტრაჟო ტრიბუნალს, უნდა დაინიშნოს:
(i) ხელშემკვრელ მხარეთა შორის შეთანხმებით;
(ii) თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ შეთანხმდებიან მესამე არბიტრის დანიშვნაზე 60 დღის განმავლობაში, მას ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის თხოვნით ნიშნავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი.
3. საარბიტრაჟო ტრიბუნალი მიიღებს გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით. ასეთი გადაწყვეტილება სავალდებულო იქნება ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე გასწევს თავისი წევრის ისევე, როგორც საარბიტრაჟო პროცესში თავისი წარმომადგენლის მონაწილეობის ხარჯებს; თავმჯდომარისა და ნებისმიერი სხვა ხარჯები თანაბრად განაწილდება ხელშემკვრელ მხარეებს შორის. ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით საარბიტრაჟო ტრიბუნალი განსაზღვრავს თავის პროცედურებს.
4. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე ან მის მიერ დანიშნული ავიასაწარმო არ შეასრულებს არბიტრაჟის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას, მეორე ხელშემკვრელ მხარეს თანხმობის მიღწევამდე შეუძლია შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გაუუქმოს დავასთან დაკავშირებული ნებისმიერი უფლება და პრივილეგია, რომელიც მან მიანიჭა წინამდებარე შეთანხმებით.
მუხლი 19🔗
მოქმედების შეწყვეტა
თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობით შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება. იმავდროულად, ამგვარი შეტყობინების ასლი გაეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. ასეთი შეტყობინების არსებობისას წინამდებარე შეთანხმების მოქმედება შეწყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან 12 თვის შემდეგ, თუკი ხელშემკვრელ მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე შეტყობინება არ იქნა გაუქმებული ამ პერიოდის გასვლამდე. თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ მისი ასლის მიღებიდან 14 დღის შემდეგ.
მუხლი 20🔗
რეგისტრაცია
წინამდებარე შეთანხმება, მისი დანართი და მისი ყველა ცვლილება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში დარეგისტრირდება საქართველოს მხარის მიერ.
მუხლი 21🔗
სათაურები
წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებულ თითოეული მუხლის სათაურს აქვს მითითებისა და მოხერხებულობის მიზანი და არ გამოხატავს განმარტებას, შეზღუდვას ან ამ შეთანხმების ფარგლების აღწერას.
მუხლი 22🔗
ძალაში შესვლა
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი მოთხოვნების დასრულების თარიღის მომდევნო თვის პირველ დღეს, რომლებიც აღნიშნული მოთხოვნების დასრულების თაობაზე ერთმანეთს შეატყობინებენ დიპლომატიური ნოტების გაცვლის გზით.
ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვლება საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ 1996 წლის 26 ნოემბერს ხელმოწერილი არსებული შეთანხმება.
ამის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერნი და შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია ქ. ქუვეითში, 2012 წლის 1 აპრილს, ორ დედნად ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმებებისა და დანართის განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობის სახელით
_______________________ _______________________
გიორგი კარბელაშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
ფავაზ ალ ფარაჰი
სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტი
დანართი 1
მარშრუტების განაწესი
1. მარშრუტები, რომელზედაც საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო განახორციელებს საჰაერო მიმოსვლას სრული კომერციული უფლებებით, ორივე მიმართულებით:
ნებისმიერი პუნქტი საქართველოში
ნებისმიერი შუალედური პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი ქუვეითში
ნებისმიერი პუნქტი საზღვრებს გარეთ
2. მარშრუტები, რომელზედაც ქუვეითის სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო განახორციელებს საჰაერო მიმოსვლას სრული კომერციული უფლებებით, ორივე მიმართულებით:
ნებისმიერი პუნქტი ქუვეითში
ნებისმიერი შუალედური პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი საქართველოში
ნებისმიერი პუნქტი საზღვრებს გარეთ
შენიშვნა:
i. ავიასაწარმო(ები)ს სურვილით შუალედური და საზღვრებს მიღმა მდებარე პუნქტები შეიძლება გამოტოვებულ იქნეს ნებისმიერი ან ყველა რეისის დროს;
ii. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს შეუძლიათ ისარგებლონ მეხუთე ჰაერის თავისუფლებით ნებისმიერ ან ყველა შუალედურ და საზღვრებს მიღმა მდებარე პუნქტებზე.
დანართი 2
ზიარი კოდის გამოყენება
შეთანხმებულ მარშრუტებზე მომსახურების განხორციელებისას ან მათზე უფლებების ფლობისას, ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ნებისმიერ ავიასაწარმოს შეუძლია გააფორმოს შეთანხმებები კოდის ერთობლივი გამოყენების შესახებ:
- ამავე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან;
- მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან;
- მესამე ქვეყნის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მესამე ქვეყანა ნებას რთავს ან უშვებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებსა და სხვა ავიასაწარმოებს შორის მესამე ქვეყნიდან/ქვეყანაში ან მისი გავლით მომსახურების შესრულებას;
იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ხელშეკრულებით დაკავშირებული ყველა ავიასაწარმო:
- ფლობს შესაბამის უფლებამოსილებას;
- ხვდება იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ასეთი შემთხვევებისთვის, ისეთი, როგორიცაა მგზავრთა დაცვისა და ინფორმირების ვალდებულება;
- მის მიერ გაყიდულ ბილეთებთან დაკავშირებით, გაყიდვის პუნქტებში ნათლად განუმარტოს მომხმარებელს, თუ რომელ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან შეუძლია მომხმარებელს ხელშეკრულების დადება.
ყველა შეთანხმება ზიარი კოდის გამოყენების შესახებ უნდა წარედგინოს ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს მის განხორციელებამდე.