საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 16.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №94/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017168
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.08.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№94/ნ
2016 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
ამ ბრძანების დანართის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესი.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა
დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) შინაგანაწესი (შემდგომში - შინაგანაწესი) შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. შინაგანაწესი ვრცელდება სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებზე (შემდგომში - მოსამსახურე).
3. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო (შემდგომში - ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო) ვალდებულია სამსახურში მიღებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსამსახურეს, რომელმაც ხელმოწერით უნდა დაადასტუროს მისი გაცნობა დანართი №1-ით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველომ უნდა უზრუნველყოს მოსამსახურისათვის შინაგანაწესის ნებისმიერ დროს გაცნობის ხელმისაწვდომობა.
4. შინაგანაწესის მიზანია:
ა) სამსახურებრივი ქცევის მარეგულირებელი ზოგადი პრინციპების დამკვიდრება;
ბ) სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
გ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის გაზრდა;
დ) მოსამსახურეთა მიერ შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;
ე) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
ვ) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება;
ზ) მოსამსახურეთა კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა.
5. შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშაო დრო და შესვენების დრო;
ბ) დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე, ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, სამინისტროში ყოფნის წესი;
გ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებების მოსამსახურეებისთვის მიწოდების წესი;
დ) მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს გაცემის დრო და ადგილი;
ე) შვებულების გამოყენების წესი;
ვ) მოსამსახურის მივლინების წესი;
ზ) წახალისების ფორმებისა და პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი;
თ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ი) გარეგნული იერსახისა და ჩაცმის სტანდარტები;
კ) სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი;
ლ) მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა;
მ) გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი.
6. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველომ თითოეულ მოსამსახურეს უნდა გააცნოს სამინისტროს საკადრო პოლიტიკა, სამინისტროს მიერ დადგენილი ორგანიზაციული ქცევის წესები და საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის სამუშაოს აღწერილობა, ხოლო მოსამსახურე ვალდებულია, იხელმძღვანელოს აღნიშნული დოკუმენტებით.
მუხლი 2🔗.
სამუშაო დრო და შესვენების დრო
1. მოსამსახურის სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც იგი ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობანი.
2. მოსამსახურისათვის განსაზღვრულია 5-დღიანი სამუშაო კვირა (სამუშაო კვირაა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს კვირაში, რაც გულისხმობს 8-საათიან 5 სამუშაო დღეს.
3. სამუშაო დღის დასაწყისია 09:00 საათი, ხოლო დასასრული - 18:00 საათი.
4. სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დროა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე.
5. სამუშაო დროში არ შედის შესვენების პერიოდი, დასვენებისა (შაბათ - კვირა) და უქმე დღეები.
6. მოსამსახურეს, რომელსაც ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვი, ასევე, თუ არსებობს სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, უფლება აქვს, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სამსახურში გამოცხადდეს დადგენილზე ნახევარი საათით გვიან, რაც მოსამსახურის მიერ უნდა ანაზღაურდეს სამუშაო დღის დადგენილ დროზე ნახევარი საათით გვიან დასრულების ფორმით ან შესვენების ნახევარი საათით გვიან დაწყების პერიოდით.
7. სამინისტრო არ მუშაობს საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრულ უქმე დღეებსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
8. მოსამსახურეს, რომელიც მეძუძური დედაა და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 (ერთი) საათისა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ექვემდებარება ანაზღაურებას.
10. შაბათ-კვირას, სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ ან/და უქმე დღეებში სამინისტროში მოსამსახურის მუშაობა ნებაყოფლობითია.
მუხლი 3🔗.
სამუშაო დღის აღრიცხვა
1. მოსამსახურის სამუშაო ადგილზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების აღრიცხვა წარმოებს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მიერ, სპეციალური ტექნიკური საშუალებით, მოსამსახურისათვის გადაცემული ელექტრონული ბარათის (შემდგომში - ელექტრონული ბარათი) მეშვეობით.
2. სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში - შიდა აუდიტის დეპარტამენტი) საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნული დეპარტამენტის მოსამსახურეების სამუშაო ადგილზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების აღრიცხვას აწარმოებს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი.
3. ელექტრონული ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მოსამსახურემ წერილობითი ფორმით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის (Eflow) სისტემის მეშვეობით, დაუყოვნებლივ, უნდა აცნობოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს.
მუხლი 4🔗.
სამუშაოზე დაგვიანებით გამოცხადება. სამუშაოს გაცდენა
1. სამსახურში მოსამსახურე უნდა გამოცხადდეს დროულად. სამუშაო დღის დაწყებიდან არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) წუთით დაგვიანება ჩაითვლება საპატიოდ. აღნიშნულ დაგვიანებას არ უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, თუ მოსამსახურე იგვიანებს სამსახურში ან დროზე ადრე ტოვებს სამუშაო ადგილს, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ხელმძღვანელს, ხოლო ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს შეატყობინოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) მეშვეობით.
3. მოსამსახურის მიერ ხელმძღვანელისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს საქმის კურსში ჩაყენების მიუხედავად, თუ აღნიშნულმა ქმედებებმა მიიღო სისტემატური ხასიათი, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს წარდგინებით, მოსამსახურეზე შესაძლებელია გავრცელდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
4. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე სამუშაო ადგილზე გამოცხადდება ელექტრონული ბარათის გარეშე, იგი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) მეშვეობით.
5. თუ მოსამსახურეს არ შეუძლია გამოცხადდეს სამსახურში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის უშუალო ხელმძღვანელს, რის შემდეგაც მისი უშუალო ხელმძღვანელი/ ხელმძღვანელი ვალდებული არიან აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) მეშვეობით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურში დაბრუნებულმა მოსამსახურემ, 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) მეშვეობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს (შემდგომში - მინისტრი), საავადმყოფო ფურცელთან ერთად, უნდა წარუდგინოს განცხადება გაცდენილი დღის/დღეების საპატიოდ ჩათვლის თაობაზე.
7. წინასწარ უცნობი, მაგრამ საპატიო მიზეზით (ოჯახის წევრის გარდაცვალება, უბედური შემთხვევა და სხვა ობიექტური გარემოება) მოსამსახურის სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მის უშუალო ხელმძღვანელს, რის შემდეგაც მისი უშუალო ხელმძღვანელი/ ხელმძღვანელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) მეშვეობით.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურში დაბრუნებულმა მოსამსახურემ, დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს მოხსენებითი ბარათი მინისტრს, გაცდენილი დღის/დღეების საპატიოდ ჩათვლის თაობაზე.
9. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მოსამსახურე არ გამოცხადდა სამსახურში და აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული არ იყო ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო უფლებამოსილია მოხსენებითი ბარათი წარუდგინოს მინისტრს შემდგომი რეაგირების განხორციელების მიზნით.
მუხლი 5🔗.
დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე, ყოველი სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის წესი
1. შინაგანაწესის მე-
2 მუხლით განსაზღვრული სამუშაო დროის გარდა, მოსამსახურის მიერ შესრულებული სამუშაო (შემდგომში - ზეგანაკვეთური სამუშაო) ექვემდებარება ანაზღაურებას, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. მოსამსახურე, რომელიც უშუალო ხელმძღვანელის/ხელმძღვანელის დავალებით შეასრულებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს, უფლებამოსილია, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) მეშვეობით, მისი/ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათით წარუდგინოს მინისტრს შესრულებული სამუშაოს აღწერა, სამუშაო საათების მითითებით და ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურების ან დამატებითი დასვენების დროის მიცემის მოთხოვნით. შესრულებული სამუშაოს აღწერის მოსამსახურის მიერ წარდგენის შემთხვევაში, მოხსენებითი ბარათი დადასტურებულ უნდა იყოს უშუალო ხელმძღვანელის ვიზირებით.
3. წარდგენილი მოხსენებითი ბარათი მინისტრის მიერ რეზოლუციის დადების (თანახმა ვარ) შემთხვევაში, ეგზავნება სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს (ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში) ან ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს (დამატებითი დასვენების დროის მიცემის მოთხოვნის შემთხვევაში) შემდგომი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ბრძანებით.
5. ზეგანაკვეთური სამუშაოს საათობრივი ანაზღაურება მოხდება ხელფასის საშუალო საათობრივი განაკვეთის 1.5-ის ოდენობით.
მუხლი 6🔗.
სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებების მოსამსახურეებისათვის მიწოდების წესი
1. სამსახურებრივ საკითხებზე მოსამსახურეებზე განკარგულებები შესაძლებელია გაიცეს:
ა) ზეპირად;
ბ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. განკარგულება, რომელიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაძლებელია გაიცეს ხელმძღვანელის (მინისტრის, მინისტრის მოადგილის ან უშუალო ხელმძღვანელის) მიერ ზეპირსიტყვიერად ან სამუშაო მასალებზე ელექტრონულად დადებული რეზოლუციით.
3. განკარგულების ადრესატი ვალდებულია შეუდგეს დავალების შესრულებას განკარგულების გაცემის ან/და განკარგულების გამცემის მიერ განსაზღვრული მომენტიდან.
4. ამ მუხლის შესაბამისად გაცემული განკარგულებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოსამსახურისათვის.
მუხლი 7🔗.
მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს გაცემის დრო და ადგილი
მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო გაიცემა ყოველთვიურად, არაუგვიანეს მომდევნო თვის პირველი რიცხვისა, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 8🔗.
შვებულების გამოყენების წესი
1. მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით.
2. შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა შეთანხმდეს შესაბამის უშუალო ხელმძღვანელთან ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ან/და უშუალო ხელმძღვანელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს თანხმობის გაცემაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობა.
3. შვებულების შესახებ განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის/უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წინაშე, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) მეშვეობით.
4. მოსამსახურე უფლებამოსილია, სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან/და უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით, ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება.
მუხლი 9🔗.
მოსამსახურის მივლინების წესი
1. მოსამსახურის მივლინება ფორმდება ბრძანებით.
2. ქვეყნის ფარგლებში მივლინების შესახებ მიმართვა წარდგენილი უნდა იქნეს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის/უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წინაშე, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) მეშვეობით.
3. ქვეყნის ფარგლებში მივლინების შესახებ ბრძანების საფუძველზე, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, მოსამსახურეს უფორმებს სამივლინებო მოწმობას (დანართი №2).
მუხლი 10🔗.
წახალისების ფორმებისა და პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი
1.
მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალიწინებული წახალისების ფორმა.
2.
შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში,
საჯარო მოსამსახურის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
.
3.
ყველა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და წახალისების ფორმა
ფორმდება მინისტრის ბრძანებით და ინახება მოსამსახურის პირად საქმეში. ასევე აისახება ადამიანური რესურსების მართვის ავტორიზებულ სისტემაში.
4. მოსამსახურის მიერ შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლს ახორციელებს და შრომითი დისციპლინის დარღვევის შესახებ მინისტრს ინფორმაციას წარუდგენს შიდა აუდიტის დეპარტამენტი და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, კომპეტენციების შესაბამისად.
მუხლი 11🔗.
სამინისტროს თანამშრომელთა შეფასების სისტემა
1. სამინისტროს მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის, მოსამსახურეთა მუშაობის ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, ხორციელდება მოსამსახურეთა შეფასება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სამინისტროს თანამშრომელთა შეფასების სისტემის მიხედვით.
2. სამინისტროს თანამშრომელთა შეფასების სისტემის საფუძველზე მიღებული შედეგები შესაძლებელია მხედველობაში იქნეს მიღებული მოსამსახურეთა კანონმდებლობით დადგენილი წესით წახალისების და/ან მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების დროს.
მუხლი 12🔗.
შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები
1. სამინისტრო უზრუნველყოფს მოსამსახურის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და შრომითი საქმიანობისათვის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობებისა და გარემოს შექმნას.
2. მოსამსახურის მიერ უსაფრთხოების წესების/ნორმების დარღვევის შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებულ იქნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
მუხლი 13🔗.
კონფიდენციალური ინფორმაცია
1. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს მიღებული ინფორმაცია, რაც უკავშირდება სამინისტროს მუშაობას და რომლის გავრცელებას, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფას შესაძლებელია მოჰყვეს მნიშვნელოვანი ზიანი, არის კონფიდენციალური და თითოეული მოსამსახურე ვალდებულია მკაცრად დაიცვას ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და არ გაუმჟღავნოს ის სხვა პირებს. ამ ვალდებულების დარღვევა იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას.
2. მოსამსახურეს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მოვალეობა ეკისრება სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგაც. ასეთი ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში მას დაეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 14🔗.
მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა
1. სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი (შემდგომში – ეკონომიკური დეპარტამენტი).
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) განახორციელოს კონტროლი იმ ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე, რომელიც გადაცემული აქვს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის თაობაზე.
3. მოსამსახურე პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) ქონება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის;
ბ) ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის შესახებ აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს;
გ) არ გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა მოსამსახურეს ეკონომიკური დეპარტამენტის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.
4. სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის გამო მოსამსახურეს, რომლის ბრალეულობით გამოწვეულია ზიანი, ეკისრება პასუხისმგებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.
მუხლი 15🔗.
გარეგნული იერსახისა და ჩაცმის სტანდარტები
1. მოსამსახურე ვალდებულია ჰქონდეს მოწესრიგებული იერსახე და სამუშაო დღეებში ატაროს საქმიანი გარემოსათვის შესაფერისი სამოსი, სამსახურებრივი უფლებამოსილება განახორციელოს მოწესრიგებული ჩაცმულობით, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების შესაბამისად.
2. სამსახურში მისაღებია კლასიკური შარვლის, კაბის, ქვედაბოლოს, პერანგის და პიჯაკის ჩაცმა. სპორტული სტილის სამოსით/ფეხსაცმლით გამოცხადება დაუშვებელია.
3. მოსამსახურეს მოეთხოვება ყურადღება მიაქციოს პიროვნულ იერ-სახეს და ჰიგიენას.
4. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე ამ მუხლით განსაზღვრული ჩაცმის სტილის დარღვევით გამოცხადდება სამსახურში, მის მიმართ, მინისტრის წინაშე ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს წარდგინების საფუძველზე, შესაძლებელია გავრცელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
მუხლი 16🔗.
საინფორმაციო ხასიათის შეტყობინების მიწოდება
მოსამსახურეთა საინფორმაციო ხასიათის შეტყობინების მიწოდება ხორციელდება სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მოსამსახურეს ევალება თვალყური ადევნოს სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტას, რათა ფლობდეს შესაბამის ინფორმაციას.
მუხლი 17🔗.
მოხელის გამოსაცდელი ვადა
1. მოხელე თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა („საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი).
2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პიროვნული თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან.
3. გამოსაცდელ ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის და სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება შრომით სტაჟში.
4. მოხელის საქმიანობის შეფასება ხორციელდება გამოსაცდელი პერიოდის დასრულებამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე, უშუალო ხელმძღვანელის მიერ.
5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მოსამსახურის საქმიანობის შეფასების ფორმა (დანართი №3) წარედგინება ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს.
6. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო პირის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანების პროექტს ამზადებს შეფასების ფორმაში მითითებული დადებითი შედეგის შემთხვევაში (დადებით შედეგად ითვლება შეფასება 9-დან 18 ქულის ჩათვლით).
7. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოხელე თანამდებობიდან შეიძლება გათავისუფლდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 18🔗.
გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი
სამსახურიდან გათავისუფლებისას მოსამსახურე ვალდებულია გათავისუფლების თარიღის მითითებით დანართ №4-ში განსაზღვრულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში წარადგინოს დოკუმენტი – შემოვლის ფურცელი (დანართი №4) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების თაობაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება. სამსახურიდან გათავისუფლებისას მოსამსახურე ვალდებულია აგრეთვე შეავსოს „თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამსახურის კითხვარი“ (დანართი №5).
მუხლი 19🔗.
დასკვნითი დებულებები
1. შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს თითოეული მოსამსახურისათვის.
2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურეს შესაძლებელია დაეკისროს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
3. შინაგანაწესის გაცნობის ფორმა ინახება მოსამსახურის პირად საქმეში.
4. შინაგანაწესში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.