„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2015)“ შეთანხმება
მიღების თარიღი 20.04.2016
ძალაში შესვლა 13.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №24/77
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016421
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017) შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2019)“ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2020) შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2015)“ შეთანხმება
შეთანხმება
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ
(2015)
საქართველოს მთავრობა
და
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების სულისკვეთებით,
ესწრაფვიან რა, განამტკიცონ და გააღრმაონ მეგობრული ურთიერთობები პარტნიორული ფინანსური თანამშრომლობით,
აცნობიერებენ რა, რომ ამ ურთიერთობების შენარჩუნება ამ შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს,
მიზნად ისახავენ რა, ხელი შეუწყონ საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას,
2015 წლის 24 სექტემბერს გამართული სამთავრობო მოლაპარაკებების ოქმზე დაყრდნობით
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
(1) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას, ან ორივე მთავრობის მიერ ერთობლივად შესარჩევ სხვა მიმღებ მხარეს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) მიიღოს შემდეგი თანხები:
1. ფინანსური დახმარება მაქსიმუმ 1.000.000 (სიტყვიერად: ერთი მილიონი) ევროს ოდენობით, მე-2 პუნქტის პირველ ქვეპუნქტში აღნიშნული პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის;
2. ფინანსური დახმარება მაქსიმუმ 2.000.000 (სიტყვიერად: ორი მილიონი) ევროს ოდენობით, მე-2 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში აღნიშნული პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის;
3. ფინანსური დახმარება მაქსიმუმ 2.000.000 (სიტყვიერად: ორი მილიონი) ევროს ოდენობით პროექტისათვის „აჭარის სოფლების წყლით მომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა”.
(2) გარდა ამისა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას ან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით შესარჩევ სესხის მიმღებ სხვა მხარეს:
1. პროექტისათვის „საფინანსო სექტორის ხელშეწყობა საქართველოში” მიიღოს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური თანამშრომლობის სტანდარტული სესხი მაქსიმუმ 5.000.000 (სიტყვიერად: ხუთი მილიონი) ევროს ოდენობით, რომელიც გამოიყოფა განვითარების სფეროში ოფიციალური თანამშრომლობის ფარგლებში,
2. პროექტისათვის „ნარჩენების კლიმატისათვის უსაფრთხო მართვა II” მიიღოს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხი მაქსიმუმ 30.000.000 (სიტყვიერად: ოცდაათი მილიონი) ევროს ოდენობით, რომელიც გამოიყოფა განვითარების სფეროში ოფიციალური თანამშრომლობის ფარგლებში, და
3. პროექტისათვის „ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II” მიიღოს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხი მაქსიმუმ 100.000.000 (სიტყვიერად: ასი მილიონი) ევროს ოდენობით, რომელიც გამოიყოფა განვითარების სფეროში ოფიციალური თანამშრომლობის ფარგლებში,
თუ დადასტურდა პროექტების დაფინანსების მიზანშეწონილობა განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით, მომავალშიც უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს კრედიტუნარიანობა და საქართველოს მთავრობა მე-2 პუნქტის პირველ, მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებში დასახელებული პროექტებისათვის გასცემს სახელმწიფო გარანტიას იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არ წარმოადგენს სესხის მიმღებს.
(3) პირველ პუნქტში და მე-2 პუნქტის პირველ ქვეპუნქტში აღნიშნული პროექტები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეიცვალოს სხვა პროექტებით. მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებში აღნიშნული პროექტები არ შეიძლება შეიცვალოს სხვა პროექტებით.
(4) იმ შემთხვევაში, თუ მოგვიანებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) მიიღოს დამატებითი სესხები ან ფინანსური დახმარებები ამ მუხლის მე-2 პუნქტში დასახელებული პროექტების მომზადებისათვის, ან მიიღოს დამატებითი ფინანსური დახმარებები ამ მუხლის მე-2 პუნქტში დასახელებული პროექტების განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის, მაშინ ასევე გამოყენებას ჰპოვებს წინამდებარე შეთანხმება.
(5) პირველ პუნქტში დასახელებული ფინანსური დახმარებები, რომლებიც გამოიყოფა პროექტების მომზადებისა და თანმდევი ღონისძიებებისათვის, შეიცვლება სესხით, თუ ისინი გამოყენებული არ იქნება ასეთი ღონისძიებებისათვის.
მუხლი 2🔗
(1) პირველ მუხლში აღნიშნული თანხების გამოყენება, მათი გამოყოფის პირობები, ასევე შემსრულებლისათვის პროექტის განხორციელების დაკისრების პროცედურა განისაზღვრება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და სესხისა და ფინანსური დახმარების მიმღებ მხარეებს შორის დასადები ხელშეკრულებებით, რომლებიც რეგულირდება გერმანიაში მოქმედი კანონმდებლობით.
(2) პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული თანხების გამოყოფაზე თანხმობა უქმდება, თუ თანხმობის გაცემის წლიდან შვიდი წლის განმავლობაში არ გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები სესხებისა და დაფინანსების შესახებ. ამ თანხებს ვადა ეწურება 2022 წლის 31 დეკემბერს.
(3) საქართველოს მთავრობა, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არ არის სესხის მიმღები, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით დასადები ხელშეკრულებების საფუძველზე, სესხის მიმღების ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს, რომ რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიმართ ყველა სახის ანგარიშსწორება განხორციელდება ევროში.
(4) საქართველოს მთავრობა, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არ არის ფინანსური დახმარებების მიმღები, უზრუნველყოფს თანხის დაბრუნების თაობაზე რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის შესაძლო პრეტენზიების დაკმაყოფილებას, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით დასადები ხელშეკრულებების საფუძველზე.
მუხლი 3🔗
(1) საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს ყოველგვარი გადასახადისა და სხვა ოფიციალური მოსაკრებლისაგან, რომლებიც საქართველოში წარმოიშვება მე-2 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებასთან დაკავშირებით.
(2) საქართველოს მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მიმღები მხარე არ გადაიხდის პირველ მუხლში აღნიშნული პროექტების ფარგლებში საქართველოში წარმოშობილ გადასახადებსა და სხვა მოსაკრებლებს ამ შეთანხმებაში აღნიშნული სესხებისა და ფინანსური დახმარებების თანხებიდან (აქ: KfW-ის მეშვეობით გამოყოფილი თანხებიდან).
მუხლი 4🔗
აღნიშნული სესხებისა და ფინანსური დახმარებების გამოყოფიდან გამომდინარე, პირებისა და საქონლის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით ტრანსპორტირებისას, საქართველოს მთავრობა მგზავრებსა და მიმწოდებლებს ანიჭებს სატრანსპორტო ფირმების არჩევის თავისუფლებას, არ მიმართავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც გამორიცხავენ ან გააძნელებენ იმ სატრანსპორტო ფირმების თანასწორუფლებიან მონაწილეობას, რომელთა ადგილსამყოფელი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშია და საჭიროების შემთხვევაში გასცემს ამ სატრანსპორტო ფირმების მონაწილეობისათვის სათანადო ნებართვებს.
მუხლი 5🔗
(1) ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც საქართველოს მთავრობა აცნობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ. განმსაზღვრელია შეტყობინების მიღების დღე.
(2) გაეროს ქარტიის 102-ე მუხლის თანახმად, ამ შეთანხმების დარეგისტრირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში განხორციელდება დაუყოვნებლივ, მისი ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის მხრიდან. შეთანხმების მეორე მხარეს გაეგზავნება შეტყობინება რეგისტრაციის განხორციელების შესახებ გაეროს სარეგისტრაციო ნომრის მითითებით გაეროს სამდივნოს დასტურის შემდეგ.
შესრულებულია თბილისში, 2016 წლის 20 აპრილს ორ დედნად, თითოეული გერმანულ და ქართულ ენაზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
.