შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკი’’-ის გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2221
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

№2/2221

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საოქმო განჩინება

 

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

2016 წლის 4 აგვისტო

ქ. ქუთაისი

 

მოსამართლე - გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი - ნოდარი გიორგიძე

 

განმცხადებელი : შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკი’

გაკოტრების მმართველი: სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო.

წარმომადგენელი - მიხეილ ლომთაძე

კრედიტორი - სსიპ - შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - მადონა გეწაძე

 

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების მმართველის სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის მიხეილ ლომთაძის გაკოტრების ანგარიში (მოხსენება) შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და აღნიშნავს შემდეგს:

 

2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით განმცხადებლის - შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის’’ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში.

 

2016 წლის 8 თებერვლის განჩინებით შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის’’ მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო, ამასთან შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი.

 

2016 წლის 1 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის’’ გაკოტრების მმართველმა - სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით იაგო ქეშელაშვილმა და შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის’’ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.

 

გაკოტრების მმართველის განმარტებით, შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის’’ ქონებას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით შეადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალება კამაზი, საბჭოთა სახელმწიფო ნომრით -15-33-გრგ. აღნიშნული ქონების მოძიება ვერ მოხერხდა. კომპანიის ყოფილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული ავტომანქანა არ იძებნება და საქმე გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებისათვის. შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს მუხაესტატეს განყოფილების წერილის თანახმად, დაკარგული მანქანის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება, აღნიშნულთან დაკავშირებით ყოფილ დირექტორთან შედგა გასაუბრების ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ სატრანსპორტო საშუალება 1993-1995 წლებში ყაჩაღური გზით იქნა გატაცებული, რაზეც იმავე დღეს დაიწყო გამოძიება ოზურგეთის რაიონულ განყოფილებაში, თუმცა მანქანის მოძიება ვერ მოხერხდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წერილობითი მიმართვა ორჯერ გაეგზავნა მუხაესტატეს რაიონულ განყოფილებას გამოძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, თუმცა წერილობითი პასუხი არ მიუღიათ. შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის’’ მიერ მიწოდებული ინფორმაციით, რაც შემდეგ გადამოწმებულ იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, კომპანიას სხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის’’ მიერ მიწოდებული ინფორმაციით კომპანიას ჰყავს დებიტორები, მათ შორის, შემოსავლების სამსახური, რომელიც ასევე წარმოადგენს შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის’’ კრედიტორს. დებიტორულ მოთხოვნაში იგულისხმება ზედმეტობა, რომელიც უფიქსირდება კომპანიას ბარათზე. დარჩენილი 3 დებიტორიდან ერთი არის Contitrdade AG წარმომადგენლობა საქართველოში, რომელსაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება დებიტორული დავალიანების შესახებ, თუმცა აღნიშნული კომპანიის მოძიება ვერ მოხერხდა. ასევე დებიტორებს წარმოადგენენ: ქობულეთის რაიონული გამგეობა (მოთხოვნის წარმოშობის თარიღი 1993წ.) და შპს - პრესტიჟი (მოთხოვნის წარმოშობის თარიღი 1998 წ.). აღნიშნული დებიტორები უარს აცხადებენ დავალიანების დაფარვაზე იმ მოტივით, რომ მათ არანაირი მტკიცებულებები არ მოეპოვებათ და აღნიშნულის თაობაზე მათთვის უცნობია. შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის’’ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დებიტორების შესახებ არსებობს მხოლოდ ბუღალტრული რეესტრი და სხვა არანაირი დოკუმენტი მოძიებული ვერ იქნა. შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო მიიჩნევს, რომ რაიმე თანხის ამოღება შეუძლებელია.

 

წარმოდგენილ მოთხოვნას კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველმა მიხეილ ლომთაძემ მხარი დაუჭირა.

 

სსიპ - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი დაეთანხმა წარმოდგენილ ანგარიშს (იხ. წერილი და სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეამოწმა შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის’’ გაკოტრების საქმის მასალები, გაეცნო წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს, მოუსმინა კრედიტორებს და მიაჩნია, რომ შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის’ მიმართ დაწყებული გაკოტრების საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხების ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

 

აღნიშნული ნორმის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველს წარმოადგენს მოვალე საწარმოს ქონების რეალიზება, რაც ემსახურება რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში გაკოტრების მმართველის ანგარიშით ირკვევა, რომ შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის’’ რაიმე სახის ქონება არ გააჩნია, შესაბამისად, შეუძლებელია კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ქონების რეალიზაციის გზით.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 

აღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ გაკოტრების საქმის წარმოება ემსახურება დაიცვას როგორც კრედიტორის, ისე მოვალის ინტერესები. იმ შემთხვევაში, როდესაც თავიდანვე ცალსახად ნათელია, რომ მოვალე არათუ კრედიტორების მოთხოვნების, არამედ საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი ვერ უზრუნველყოფს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მოვალე გაკოტრებულად ცხადდება, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში რომელიმე კრედიტორმა არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 7 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის’’ დირექტორმა და მიუთითა, რომ საზოგადოებას გააჩნია კრედიტორული დავალიანება 155 704 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის საშუალებაც არ გააჩნია, კრედიტორული დავალიანებიდან 60 754 ლარი წარმოადგენს უზრუნველყოფილ (საგადასახადო-საბიუჯეტო) კრედიტორულ დავალიანებას. კომპანიის აქტივები შეადგენს 44 621 ლარს. საზოგადოებას უძრავი ქონება საკუთრებაში არ ერიცხება. შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკს’’ საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს სს ლიბერთი ბანკში, თუმცა თანხა არ ერიცხება. საწარმოს დებიტორულ დავალიანებას შეადგენს ჯამში - 39480 ლარს. განმცხადებელმა ითხოვა შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ირკვეოდა, რომ საზოგადოების კრედიტორული დავალიანება იყო 155 704 ლარი განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში. 2016 წლის 1 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის’’ გაკოტრების მმართველმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით იაგო ქეშელაშვილმა, და აღნიშნა, რომ კომპანიას ბალანსზე უფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალება კამაზი, საბჭოთა სახელმწიფო ნომრით -15-33-გრგ, რომლის მოძიებაც ვერ ხერხდება, ასევე კომპანიას უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნები, რომელთა მოძიება და ამოღება შეუძლებელია.

 

ამდენად ამ ეტაპზე უტყუარად არის დადასტურებული, რომ შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკი’’ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი.

 

 ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

 

განსახილველ შემთხვევაში უტყუარად დასტურდება, რომ შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის’’ გაკოტრების საქმის წარმოების მიმდინარეობის დროს გამოვლინდა გარემოებები, რაც განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველია, კერძოდ, შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკი’’ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის’’ მიმართ დაწყებული გაკოტრების საქმის წარმოება უნდა შეწყდეს და გაუქმდეს საზოგადოების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 

ამასთან, ვინაიდან შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მიმდინარეობს 2015 წლის 11 დეკემბრიდან, მეურვის და გაკოტრების მმართველის მიერ დადგენილი იქნა ყველა კრედიტორი, რომელთაც გაეგზავნათ შეტყობინებები, კრედიტორების მიერ წარმოდგენილ იქნა მოთხოვნები, რომლებიც განხილულია, სასამართლოს მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კრედიტორებისათვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოსადგენად საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განსაზღვრის საფუძველი აღარ არსებობს, შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკი’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს საწარმოს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის“ (ს/ნ 246953845), იურიდიული მისამართი: ქობულეთის რაიონი, სოფელი ქაქუთი) მიმართ შეწყდეს გაკოტრების საქმის წარმოება.

2. გაუქმდეს შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის“ (ს/ნ 246953845) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

3. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს; განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს’’ ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11).

 

მოსამართლე                                                  გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი                                         ნოდარ გიორგიძე

მ/თანაშემწე                                                    ი. ლოსაბერიძე