დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №405
სარეგისტრაციო კოდი 010340000.10.003.019470
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.08.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმისწარმოების ინსტრუქციისა და უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №405
2016 წლის 18 აგვისტო
ქ. თბილისი
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 32 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს დოკუმენტების სპეციალური შტამპით – „აპოსტილით“ დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოებს, დამოწმებას დაქვემდებარებულ დოკუმენტებსა და დამოწმების პროცედურას.
2. ამ წესის შესაბამისად, აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი ექვემდებარება იმ სახელმწიფოებში გამოყენებას, რომლებიც მიერთებული არიან „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციას.
მუხლი 2🔗. აპოსტილით დამოწმებისას დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტურობა.
თავი II
აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტები და დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოები
მუხლი 3🔗
1. ამ წესის შესაბამისად, აპოსტილით მოწმდება შემდეგი დოკუმენტები:
ა) სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;
გ) სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;
დ) სანოტარო აქტები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;
ვ) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამადასტურებელი დამოწმების ფურცელი;
ზ) აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანი.
2. აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება როგორც დოკუმენტის დედანი, ისე დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი.
3. დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში, მათი ავთენტურობის დადასტურებას.
4. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული ასლის აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტის დამოწმების ფურცელზე ან დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში, მათი ავთენტურობის დადასტურებას.
მუხლი 4🔗. აპოსტილით დამოწმებას არ ექვემდებარება:
ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები;
ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) გაცემული დოკუმენტები;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია საბაჟო და კომერციულ ოპერაციებთან;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი ასლი, გარდა გამცემი ორგანოს მიერ დამოწმებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლისა;
ე) სამხედრო ბილეთი;
ვ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი) და მართვის მოწმობა;
ზ) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ქვითრები;
თ) სანოტარო აქტები – ასლის დედანთან სისწორისა და ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორის ნამდვილობის დამოწმება;
ი) ნორმატიული აქტები.
მუხლი 5🔗
1. საქართველოში დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოები არიან:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) – აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებულ ყველა დოკუმენტზე, რომელთა დამოწმებაც არ განეკუთვნება სხვა ორგანოს კომპეტენციას;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებულ/გაცემულ დოკუმენტებზე.
2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანის აპოსტილით დამოწმებას ახორციელებს ამ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანო (შემდგომში – უფლებამოსილი ორგანო).
თავი III
დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების წესი
მუხლი 6🔗
1. აპოსტილით დამოწმება ხორციელდება ნებისმიერი პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც მიმართავს აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილ შესაბამის ორგანოს (შემდგომში – დაინტერესებული პირი).
2. აპოსტილით დამოწმება ხორციელდება დამცავი საშუალებებით აღჭურვილი თვითწებადი ქაღალდის დოკუმენტზე დაკვრით ან შტამპის დასმით.
3. აპოსტილის ტექსტი უნდა იყოს მკაფიოდ და გარკვევით შესრულებული ქართულ და ინგლისურ ენებზე.
მუხლი 7🔗
1. საზღვარგარეთ მყოფი პირი უფლებამოსილია, განცხადება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ წარადგინოს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.
4. ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის დაწესებული საფასურის/ბაჟის გადახდა დასტურდება საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით.
5. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის/ბაჟის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში, მის წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრება დამატებითი ვადა არა უმეტეს ერთი თვისა, რის თაობაზეც ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე, რომლის მითითებაც სავალდებულოა. ქვითრის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
8. განმცხადებლის მოთხოვნით, აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი შეიძლება გაიცეს განცხადებაში მითითებულ პირზე ან გაეგზავნოს განმცხადებელს ფოსტით. საფოსტო ხარჯებს ანაზღაურებს განმცხადებელი.
მუხლი 8🔗. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების, განაცხადში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ან/და წერილობითი შეტყობინების ოფიციალური გაცნობის (გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის) გზით. განმცხადებელთან კომუნიკაცია დამატებით შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (განაცხადში ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში. თუ განცხადება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ წარდგენილია ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ფოსტის მითითება სავალდებულოა).
მუხლი 9🔗
1. უფლებამოსილი ორგანოები ამოწმებენ, ექვემდებარება თუ არა დოკუმენტი აპოსტილით დამოწმებას.
2. თუ დოკუმენტი ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას, შესაბამისი ორგანოები ადგენენ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას, ხელმომწერის უფლებამოსილებას, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში, მათ ავთენტურობას.
3. უფლებამოსილი ორგანოები ვალდებულნი არიან, დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განახორციელონ განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 10🔗
1. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:
ა) დოკუმენტზე ტექსტის ამოკითხვა შეუძლებელია (ძნელად გასარკვევია);
ბ) დოკუმენტები ხელმოწერილია ფანქრით;
გ) დოკუმენტის ასლები დაუმოწმებელია;
დ) დოკუმენტებში დაფიქსირებულია დაუმოწმებელი შესწორებები ან შეინიშნება გაყალბების ნიშნები;
ე) ვერ ხერხდება საჭირო ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის მოძიება ან ვერ დგინდება დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება ან/და ბეჭდის ან შტამპის ავთენტურობა;
ვ) დოკუმენტზე შეინიშნება მასთან კავშირის არმქონე მინაწერი, ბეჭედი ან შტამპი;
ზ) აშკარაა, რომ დოკუმენტი ფორმით ან შინაარსით არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან/და გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია შეჩერდეს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის გათვალისწინებული ვადა, არა უმეტეს 2 თვის ვადით.
მუხლი 11🔗
1. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) დოკუმენტი, რომელზეც უნდა დაისვას აპოსტილი;
ბ) დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოების მიხედვით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2. გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის/ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის/ბაჟის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და უფლებამოსილ ორგანოს აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.
მუხლი 12🔗
1. უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებელი პირი ადარებს დოკუმენტებზე შესრულებულ ხელმოწერას და ამ დოკუმენტზე არსებულ ბეჭედს ან შტამპს სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის/ლეგალიზაციისათვის საჭირო მონაცემთა ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) არსებული ბეჭდების, შტამპებისა და ხელმოწერების ნიმუშებთან.
2. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში არ ინახება შესაბამისი ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუში, აპოსტილი შეიძლება დასმულ იქნეს დოკუმენტზე, მხოლოდ სათანადო ნიმუშების მიღების შემდეგ.
3. თუ აპოსტილით დასამოწმებლად წარდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა არ შეესაბამება მონაცემთა ბაზაში არსებული შესაბამისი ხელმოწერის ნიმუშს, აპოსტილით დამოწმება შეიძლება განხორციელდეს დოკუმენტის გამცემი ორგანოს/დაწესებულების მიერ შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში.
4. თუ შესაბამისი დაწესებულებიდან ვერ ხერხდება აპოსტილით დასამოწმებლად წარდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის ან/და ხელმომწერი პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დოკუმენტის აპოსტილით დამმოწმებელი ორგანო უფლებამოსილია, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, დაადგინოს აპოსტილით დასამოწმებელ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ბეჭდის ან შტამპის ავთენტურობა და განახორციელოს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება, რის შესახებაც გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება.
მუხლი 13🔗. დაუშვებელია აპოსტილის ტექსტში ცვლილების შეტანა.
მუხლი 14🔗
1. აპოსტილით დამოწმების ფაქტი რეგისტრირდება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით არსებულ სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც აღინიშნება:
ა) რიგითი ნომერი, რომელსაც პასუხობს აპოსტილის შტამპი;
ბ) აპოსტილის შემსრულებელი ორგანოს დასახელება და აპოსტილის დასმის თარიღი;
გ) შედგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა.
2. მატერიალური ფორმით არსებული სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.
3. ელექტრონული ფორმით არსებულ სარეგისტრაციო ჟურნალს უნდა ჰქონდეს სათანადო პროგრამული მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს მის გამართულ წარმოებას, მონაცემთა ავთენტურობას, უსაფრთხოებას და დაცვას არასანქცირებული წვდომისაგან.
4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, აპოსტილის შემსრულებელი პასუხისმგებელი პირი ვალდებულია გადაამოწმოს, შეესაბამება თუ არა აპოსტილში აღნიშნული მონაცემები სარეგისტრაციო ჟურნალში არსებულ მონაცემებს.
მუხლი 15🔗. აპოსტილის ელექტრონული და მატერიალური სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრავენ უფლებამოსილი ორგანოები.
თავი IV
აპოსტილის ფორმა და მისი დასმის წესი
მუხლი 16🔗
1. აპოსტილი არის თვითწებადი ქაღალდი, რომელზეც დატანილია 10X10 ზომის შტამპი შესაბამისი ტექსტით (დანართი №1).
2. აპოსტილის ქვეშ შესაძლოა მიეთითოს საჯარო დაწესებულების ელექტრონული გვერდის მისამართი, სადაც განთავსებულია აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების შესახებ მონაცემთა ბაზა.
მუხლი 17🔗
1. აპოსტილი დაისმება დოკუმენტზე არსებულ თავისუფალ ადგილზე ან მის მეორე გვერდზე ან მასზე დამაგრებულ ჩანართზე.
2. ჩანართი მიკერებული უნდა იქნეს დოკუმენტზე ლენტით, რომელთა განცალკევება დაზიანების გარეშე შეუძლებელი იქნება. აღნიშნული წესი გამოიყენება მაშინაც, თუ დოკუმენტს მყარი გარეკანი აქვს.
3. უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ, ჩანართისათვის გამოიყენონ სპეციალური ქაღალდი.
თავი V
პასუხისმგებლობა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დარღვევისთვის
მუხლი 18🔗
1. აპოსტილის შემსრულებელი პასუხისმგებელია აპოსტილის არასწორად შესრულების ან ამ წესის რაიმე ფორმით დარღვევისათვის, კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტს არ გააჩნია იურიდიული ძალა.
3. იმ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არიან მიერთებული „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციას, ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ლეგალიზაციის წესები.
დანართი №1
APOSTILLE
(Convention de La Haye du 5 octobre 1961)
1. ქვეყანა /Country: საქართველო /Georgia
მოცემული ოფიციალური დოკუმენტი /This public document
2. ხელმოწერილია /has been signed by:--------------------------------- --------- ------------------
------------------/----------------------------------------------------------------------- --- ----------
3. რომლის თანამდებობაც არის / acting in the capacity of: -------------- ------------------ -----
----------------/-------------------------------------------------- -- ------------------------------------
------------------------------------------------------------------ -- -------------------------------------
4. დამტკიცებულია / bears the seal/stamp of ------------- ----------- ------------------------------
---------------------------/---------------------------------- ---- ---------------------------------------
---------------------------------------------------------- ---- -------------------------------------------
ბეჭდით / შტამპით
დამოწმებული /Certified
5. ადგილი / at: 6. თარიღი / the --------------------
7. დამოწმებულია /by:
8. № -------------
9. ბეჭდის / შტამპის ადგილი /Seal/stamp
10. ხელმოწერა/ signature
თვითწებადი ქაღალდი დაფარულია ოთხი სხვადასხვა ტიპის ექსკლუზიური, გილიოშური დამცავი ბადით, რომლის ხაზების ნაწილი მიკრო ტექსტია. დამცავი ბადე შესრულებულია ასლის გადაღების საწინააღმდეგო და მანათობელი საღებავით.
წარწერები „საქართველო“ და „Georgia“ შესრულებულია უხილავი საღებავით.