განჩინებაში შესწორების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/15528- 16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2016 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი - ზვიად გადელია
მოთხოვნა - განჩინებაში შესწორების შეტანა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განჩინებაში შესწორების შეტანის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია სს „მუხრანი 98’’-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა ზვიად გადელიამ, რომელიც აღნიშნავს, რომ მოსამართლე მზია პატარაშვილი მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2004 წელს. მოსამართლის მოვალეობის შესრულებისას მზია პატარაშვილი იყო სს ,,მუხრანი 98’’-ის გაკოტრების მმართველი.
თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამართლის მიერ შესრულებულ სხდომის ოქმს რომელიც დათარიღებულია 2004 წლის 2 თებერვალს, თან ერთვის „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების 29-ე მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული რეზოლუცია დათარიღებული 2005 წლით.
რეზოლუციის თანახმად შემსრულებლად (დავალების მიმღები) მითითებულია რომან ხორავა (მოსამართლე, რომელსაც ზ/აღნიშნული გაკოტრების საქმე დაეწერა 2005 წელს). რეზოლუცია ხელმოწერილია (ხელმოწერა არ ირკვევა, მაგრამ ადმინისტრაციულად მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ზემდგომი ალბათ სასამართლოს თავმჯდომარეა), რეზოლუცია დათარიღებულია 2005 წლის წლით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს განმარტებას, რას ნიშნავს 2005 წელს სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუცია 2004 წლის 2 თებერვალს სასამართლოს სხდომის ოქმზე, რომლითაც იგი (სასამართლოს თავმჯდომარე) ყოფილი გაკოტრების მოსამართლის მიერ შესრულებულ საპროცესო დოკუმენტს დააწერს მოქმედ გაკოტრების მოსამართლეს.
განმცხადებელმა ზვიად გადელიამ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა უსწორობის გასწორება, კერძოდ: 2014 წლის 15 მაისის განჩინებით მოხდა უსწორობა და გასწორდა 2004 წლის 2 თებერვლის განჩინება და სხდომის ოქმი. აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. 2004 წლის 2 თებერვლის განჩინებასა და სხდომის ოქმში კვლავ დარჩა უსწორობა, კერძოდ, განჩინებასა და სხდომის ოქმის საფუძველზე კრედიტორთა კრებაზე (რომელიც უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების შესაბამისად 2004 წლის 6 ივლისს ჩატარდა და ესწრებოდა საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელი ლევან ჯღარკავა. ლევან ჯღარკავა 2004 წლის მარტიდან აღარ იყო საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი, მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტში და შესაბამისად მონაწილეობას ვერ მიიღებდა 2004 წლის 6 ივლისს ჩატარებულ კრებაში. გარდა ამისა გადმოცემული სს ,,მუხრანი 98’’-ის საგაკოტრებო საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით ცხადი ხდება, რომ 2004 წლის 6 ივლისს ჩატარებულ კრედიტორთა კრებაში არ მონაწილეობდა ლევან ჯღარკავა, 2004 წლის 6 ივლისს ჩატარებულ კრედიტორთა კრებაში მონაწილეობდა ვასილ კანანაძე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზვიად გადელიამ მოითხოვა 2004 წლის 6 ივლისის (უსწორობის გასწორებამდე 02.02.2004 წლის) განჩინებასა (ტ. 1, ს.ფ. 101) და სხდომის ოქმში ( ტ. 1, ს.ფ. 100) ლევან ჯღარკავას ნაცვლად ჩაიწეროს ვასილ კანანაძე.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადებები, საქმის მასალები, მიაჩნია რომ განცხადებები ერთად უნდა იქნეს განხილული. განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მ ე -5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები. კანონის ანალოგიის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. ამავე კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ლევან ჯღარკავას ნაცვლად უნდა მიეთითოს ლევან კანანაძე, ხოლო მოთხოვნაზე განმარტების თაობაზე, სხდომის ოქმზე რეზოლუციის დადებასთან დაკავშირებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან იგი არ არის ბუნდოვანი და არც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული ამგვარ საკითხზე განმარტების გაკეთება.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260- ე, 284 - 285- ე, 414- ე, 416- ე მუხლებით, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მ ე- 5 მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზვიად გადელიას განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. 2004 წლის 6 ივლისის (უსწორობის გასწორებამდე 02.02.2004 წლის) განჩინებასა (ტ.1, ს.ფ. 101) და სხდომის ოქმში (ტ.1, ს.ფ. 100) შევიდეს შესწორება და ლევან ჯღარკავას ნაცვლად მიეთითოს ვასილ კანანაძე.
3. სხდომის ოქმზე გაკეთებული რეზოლუციის განმარტებაზე ზვიად გადელიას ეთქვას უარი.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი