საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.08.2016
ძალაში შესვლა 01.09.2016
ძალის დაკარგვა 26.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №491
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.034.016567
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ამირანაშვილი | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს №491 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 26.01.2018
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№491
2016 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლის მე-6 პუნქტის, 56-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ც“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ამირანაშვილი
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის პირობებსა და პროცედურებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სააგენტოს მოსამსახურე (შემდგომში – მოსამსახურე) – სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობისა და სამოქალაქო შემადგენლობის მოსამსახურე (მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი);
ბ) სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობის მოსამსახურე – სააგენტოს მეხანძრე-მაშველი და მაშველი (შემდგომში – მეხანძრე-მაშველი/მაშველი), რომელიც, შესაბამისად, უშუალოდ ახორციელებს ხანძრის პროფილაქტიკას და აქრობს ხანძარს, ატარებს სამაშველო სამუშაოებს და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, ახორციელებს საგანგებო სიტუაციის პრევენციას და მასზე რეაგირებას, მართავს და ორგანიზებას უწევს ამ ღონისძიებებს;
გ) სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობის მოსამსახურე – მოსამსახურე, რომელიც ასრულებს სააგენტოს საქმიანობის საფინანსო, ლოჯისტიკურ, სამართლებრივ, ორგანიზაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ან/და სხვა მხარდამჭერ ფუნქციებს, რომელიც არ ითვალისწინებს ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების უშუალო შესრულებას;
დ) სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე – მეხანძრე-მაშველი/მაშველი, აგრეთვე, სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობის მოსამსახურე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება;
ე) სააგენტოს სამოქალაქო პირი – სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული პირი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), რომელსაც არ აქვს მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდება.
მუხლი 3🔗. სააგენტოში სამსახურის გავლის პრინციპები
1. სააგენტოში სამსახურს საფუძვლად უდევს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და გამჭვირვალობის პრინციპები.
2. სააგენტოს მოსამსახურე ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა მახასიათებლებისა.
მუხლი 4🔗. სააგენტოს საშტატო ნუსხა და საშტატო თანამდებობა
1. სააგენტოს საშტატო ნუსხა წარმოადგენს სააგენტოს დირექტორის, სააგენტოს დირექტორის მოადგილეების, სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული დანაყოფების საშტატო ერთეულთა ერთობლიობას.
2. საშტატო ერთეული წარმოადგენს სააგენტოს მუდმივი ამოცანების განსახორციელებლად საჭირო მოსამსახურის შესაბამის საშტატო თანამდებობას.
3. სააგენტოს საშტატო ნუსხაში მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობას მიეთითება თითოეული საშტატო ერთეულის შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდება, ხოლო სამოქალაქო შემადგენლობის საშტატო ერთეულს მიეთითება „სამოქალაქო პირი“.
4. სააგენტოს საშტატო ნუსხას, მინისტრის თანხმობით, ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.
5. მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობებს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი.
თავი II
სააგენტოში მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამუშაოდ მიღება
მუხლი 5🔗. სააგენტოში მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნები
1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღება ქმედუნარიანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) ფლობს სახელმწიფო ენას;
გ) მიაღწია 18 წელს;
დ) მიღებული აქვს არანაკლებ სრული ზოგადი განათლება;
ე) პიროვნული და საქმიანი თვისებების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების გათვალისწინებით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების შესრულება;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
2. სააგენტოში მეხანძრე-მაშველის/მაშველის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მისაღებ მოსამსახურეს უმაღლესი განათლება, მოეთხოვება იმ შემთხვევაში, თუ იგი:
ა) ინიშნება სააგენტოს საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე, რომელიც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს საშუალო, უფროს ან უმაღლეს სპეციალურ წოდებას;
ბ) ინიშნება სააგენტოს სახანძრო-სამაშველო/სამაშველო დანაყოფში განყოფილების უფროსზე უფრო მაღალ თანამდებობაზე.
3. სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ მეხანძრე-მაშველის/მაშველის იმ თანამდებობაზე, რომელიც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს საშუალო სპეციალურ წოდებას, სრული ზოგადი განათლების მქონე პირი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, მინისტრის თანხმობით კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) დასაბუთებული წარდგინებით.
მუხლი 6🔗. სააგენტოში მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიღების წესი
სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მეხანძრე-მაშველის/მაშველის თანამდებობაზე მოსამსახურე ინიშნება სპეციალური კონკურსის შედეგად.
მუხლი 7🔗. სპეციალური კონკურსი
1. სპეციალური კონკურსი ტარდება სააგენტოს მეხანძრე-მაშველის და მაშველის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისთვის.
2. სააგენტოში მისაღები მეხანძრე-მაშველის და მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
3. სააგენტოში მეხანძრე-მაშველის/მაშველის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურის გარეშე, სახელმწიფო სპეციალური წოდებით შეიძლება დაინიშნოს:
ა) მეხანძრე-მაშველი და მაშველი – ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის/გადაყვანის შემთხვევაში, თუ აღნიშნული დანიშვნა/გადაყვანა გულისხმობს იმავე ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების განხორციელებას;
ბ) კადრების განკარგულებაში აყვანილი პირი – იმავე ან სააგენტოს სხვა დანაყოფში იმავე, ტოლფას, მაღალ ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის დროს;
გ) მეხანძრე-მაშველი და მაშველი – უფრო მაღალ ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის (გადაადგილების) შემთხვევაში;
დ) მეხანძრე-მაშველი და მაშველი – სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად თანამდებობაზე აღდგენის, ხოლო ასეთის შეუძლებლობისას ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში.
მუხლი 8🔗. ფიცი
1. სააგენტოში დანიშვნისას/მიღებისას მეხანძრე-მაშველი/მაშველი დებს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცს.
2. მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტს ხელს აწერს თანამდებობაზე დანიშნული მეხანძრე-მაშველი/მაშველი.
3. მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიერ ხელმოწერილი ფიცი ინახება მის პირად საქმეში.
მუხლი 9🔗. მეხანძრე-მაშველის/მაშველის თანამდებობაზე დანიშვნის/მიღების გაფორმება
1. მეხანძრე-მაშველის/მაშველის სააგენტოში დანიშვნა/მიღება ფორმდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. მეხანძრე-მაშველის/მაშველის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს და დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელს, გვარს, მამის სახელსა და პირად ნომერს;
ბ) სააგენტოს იმ დანაყოფის დასახელებას, რომელშიც პირი თანამდებობაზე ინიშნება/მიიღება;
გ) თანამდებობის დასახელებას;
დ) თანამდებობაზე დანიშვნის თარიღს;
ე) გამოსაცდელ ვადას, თუ პირი თანამდებობაზე ინიშნება გამოსაცდელი ვადით.
3. მეხანძრე-მაშველის/მაშველის სააგენტოში დანიშვნის/მიღების ან სააგენტოდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. აღნიშნული წესით გამოცემული აქტი მოსამსახურისათვის ჩაბარებულად ითვლება მის მიერ უშუალოდ გაცნობის ან აქტის ფოსტის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში მისამართზე ჩაბარების მომენტიდან.
მუხლი 10🔗. პროფესიული მომზადება
1. მეხანძრე-მაშველი/მაშველი სააგენტოში მიღებისას ან მიღების შემდეგ გადის შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, სპეციალური გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსს/პროგრამას.
2. მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
მუხლი 11🔗. გამოსაცდელი ვადა
1. სპეციალურ კონკურსში გამარჯვებული პირი შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მეხანძრე-მაშველის/მაშველის უშუალო ხელმძღვანელი ამოწმებს გამოსაცდელი ვადით მიღებული მეხანძრე-მაშველის/მაშველის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობას.
3. სამსახურებრივი უფლებამოსილების ნებისმიერი საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ჩერდება მეხანძრე-მაშველის/მაშველის გამოსაცდელი ვადის დინება. მეხანძრე-მაშველის/მაშველის გამოსაცდელი ვადა ითვლება სამსახურის სტაჟში.
4. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული მეხანძრე-მაშველის/მაშველის:
ა) თანამდებობრივი გადაადგილება (გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების დროს), აგრეთვე, მისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრება;
ბ) დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან, გარდა მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობის შემთხვევაში.
5. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე მეხანძრე-მაშველის/მაშველის ხელმძღვანელი ადგენს გამოსაცდელი ვადის შედეგების შეფასების აქტს, რომელიც დგება წერილობითი ფორმით და დაერთვება მოსამსახურის პირად საქმეს. გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, აგრეთვე სპეციალური შემოწმების უარყოფითი შედეგების გამო მეხანძრე-მაშველი/მაშველი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება თანამდებობიდან.
6. გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მეხანძრე-მაშველზე/მაშველზე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ვრცელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 552 და 553 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.
მუხლი 12🔗. სამსახურის ვადა
1. მეხანძრე-მაშველი/მაშველი სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა და 57-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებისა.
2. მეხანძრე-მაშველი/მაშველი განსაზღვრული ვადით შეიძლება მიღებულ იქნეს:
ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის) შემცვლელი დროებით არმყოფი მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;
ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით.
თავი III
სააგენტოში სამოქალაქო პირის მიღება,
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
მუხლი 13🔗. სააგენტოში სამოქალაქო პირის მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნები
1. სააგენტოს მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამოქალაქო პირად მიიღება ქმედუნარიანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) ფლობს სახელმწიფო ენას;
გ) მიაღწია 18 წელს;
დ) აქვს უმაღლესი განათლება;
ე) პიროვნული და საქმიანი თვისებების, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების შესრულება.
2. ის საშტატო ერთეულთა ჩამონათვალი, რომელზეც შეიძლება დანიშნულ იქნეს სრული ზოგადი განათლების მქონე სამოქალაქო პირი, განისაზღვრება მინისტრის თანხმობით, სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
მუხლი 14🔗. სააგენტოში სამოქალაქო პირის მიღების წესი
1. სააგენტოს მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამოქალაქო პირი მიიღება კონკურსის გარეშე, გასაუბრების საფუძველზე.
2. სააგენტოში სამოქალაქო პირის მიღებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ ღონისძიებებს ახორციელებს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.
3. სამოქალაქო პირმა სააგენტოში მიღებისას სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მოთხოვნით უნდა გაიაროს ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა.
4. სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო სამოქალაქო პირის სააგენტოში მიღებისას უზრუნველყოფს მის მიმართ სპეციალური შემოწმების ჩატარებას.
5. სამოქალაქო პირის სპეციალური შემოწმება ტარდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სამოქალაქო პირის სააგენტოში მიღებისას ვრცელდება ამ წესის მე-9, მე-11 და მე-12 მუხლებით დადგენილი წესი.
მუხლი 15🔗. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
1. სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პირი, რომელსაც პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სააგენტოში მიიღება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით.
3. სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.
4. უცხოელი სააგენტოს მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად ან სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურედ.
თავი IV
სამსახურში მიღებასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ზოგადი შეზღუდვები
მუხლი 16🔗. სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლისათვის დადგენილი შეზღუდვები
მოსამსახურედ სააგენტოში არ მიიღება:
ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;
გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის/ცნობის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. ამ სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
ზ) პირი, რომელმაც სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო;
თ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მშვილებელს, მეუღლეს, შვილს, ნაშვილებს, გერს, დას, ძმას;
ი) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;
კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;
ლ) 60 წელს მიღწეული პირები;
მ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ წესის სხვა მოთხოვნებს.
მუხლი 17🔗. სამსახურებრივი შეუთავსებლობა
მოსამსახურის მიერ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა) შესასრულებლად დგინდება შემდეგი შეზღუდვები:
ა) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, მათ შორის, მეხანძრე-მაშველს/მაშველს უფლება არ აქვს, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან საჯარო/კერძო დაწესებულებაში ეკავოს სხვა თანამდებობა;
ბ) სააგენტოს სამოქალაქო პირს უფლება აქვს შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს მხოლოდ იმავე დაწესებულებაში;
გ) სააგენტოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებს, აგრეთვე სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურეებს უფლება აქვთ, სააგენტოს დირექტორის წერილობითი თანხმობით, ეკავოთ სხვა თანამდებობა ან/და ასრულებდნენ სხვა ანაზღაურებად სამუშაოს იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან.
მუხლი 18🔗. სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები
1. მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება. მას შეუძლია მხოლოდ ფლობდეს აქციებსა და წილს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსამსახურე არ უნდა იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოს წევრი.
მუხლი 19🔗. პარტიული საქმიანობის შეზღუდვა
მოსამსახურეს უფლება არა აქვს იყოს პოლიტიკური გაერთიანებების წევრი ან/და თავის სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებდეს პარტიული საქმიანობისათვის.
მუხლი 20🔗. გაფიცვაში, შეკრებაში ან/და მანიფესტაციაში მონაწილეობა
მოსამსახურეს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს გაფიცვაში, შეკრებაში ან/და მანიფესტაციაში.
თავი V
მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები
მუხლი 21🔗. მოსამსახურის უფლებები
მოსამსახურეს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვს:
ა) გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი უფლება-მოვალეობები, მიიღოს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;
ბ) დადგენილი წესით მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რომლებიც საჭიროა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის;
გ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში/სპეციალურ კონკურსში;
დ) დაწინაურდეს დადგენილი წესით სააგენტოს შესაბამის თანამდებობაზე;
ე) გაიაროს საკვალიფიკაციო სწავლებები, რომლებიც სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
ვ) გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, თუ იგი თვლის, რომ ამით იზღუდება მისი კანონიერი უფლებები და ილახება მისი ღირსება.
მუხლი 22🔗. მოსამსახურის მოვალეობები
1. მოსამსახურე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების გარდა, ვალდებულია:
ა) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამსახურებრივი ინსტრუქციებით განსაზღვრული სამსახურებრივი მოვალეობები, აგრეთვე, მითითებები;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დროულად და განუხრელად შეასრულოს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, სააგენტოს დირექტორის, ხელმძღვანელის, მათ შორის, უშუალო უფროსის კანონიერი მითითებები/დავალებები;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დროულად განიხილოს მიმართვები, საჩივრები და განცხადებები;
დ) დაიცვას სამსახურებრივი ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
ე) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;
ვ) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თავიდან აიცილოს სამსახურებრივ და პირად ინტერესთა კონფლიქტი.
2. მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი განკარგულება (დავალება), იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთი განკარგულების შესრულება არ განეკუთვნება მის ფუნქციებს და მისი შესრულება აუცილებელია, საჯარო დაწესებულების ფუნქციონირების ინტერესების გათვალისწინებით, საგანგებო სიტუაციის დროულად თავიდან ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან დასაცავად.
3. მოსამსახურეს უფლება აქვს, უარი განაცხადოს განკარგულების (დავალების) შესრულებაზე, თუ:
ა) განკარგულება (დავალება) ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
ბ) განკარგულების (დავალების) გაცემა სცილდება განკარგულების (დავალება) გამცემის უფლებამოსილებას;
გ) განკარგულების (დავალების) შესრულება საჭიროებს განსხვავებულ კომპეტენციას ან/და პროფესიულ უნარებს, რომლებიც მას არ გააჩნია;
დ) განკარგულების (დავალების) შესრულება საზიანოა მისი ჯანმრთელობისათვის;
ე) განკარგულების (დავალების) შესრულება გამოიწვევს დანაშაულებრივი ქმედების ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას.
4. განკარგულების (დავალების) კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მოსამსახურე ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ აცნობოს განკარგულების (დავალების) გამცემს ან/და ზემდგომ უფროსს.
5. დაუშვებელია წინასწარი შეცნობით მოსამსახურის მიერ მართლსაწინააღმდეგო განკარგულების (დავალების) შესრულება. ამგვარი განკარგულების (დავალების) შემთხვევაში, მოსამსახურემ უარი უნდა თქვას განკარგულების (დავალების) შესრულებაზე და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. მოსამსახურეზე, რომელიც უარს ამბობს შეასრულოს უკანონო განკარგულება (დავალება), არ გავრცელდება დისციპლინური ან სხვა სახის სახდელი.
6. უკანონო განკარგულების (დავალების) შესრულება სააგენტოს მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ამასთან, დგება უკანონო განკარგულების (დავალების) გამცემი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.
თავი VI
თანამდებობრივი და სამსახურებრივი გადაადგილება,
მივლინება
მუხლი 23🔗. თანამდებობრივი გადაადგილება
1. მოსამსახურის გადაყვანა ზემდგომ, ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია:
ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას;
ბ) მოსამსახურის ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანისას;
გ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებისას;
დ) პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე;
ე) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;
ვ) მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის/ცნობის საფუძველზე;
ზ) შეფარდებული დისციპლინური სახდელის გამო.
2. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება ფორმდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, გადაადგილების საფუძვლის მითითებით. ბრძანება უნდა გაეცნოს აღნიშნულ მოსამსახურეს. დასაშვებია ბრძანების გაცნობა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით.
3. თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა არსებობდეს მოსამსახურის თანხმობა, ხოლო სხვა შემთხვევებში წინასწარ უნდა ეცნობოს მას.
4. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაცია), მისი პროფესიული უნარ-ჩვევების და გამოცდილების გათვალისწინებით.
5. მოსამსახურე თანამდებობაზე დაწინაურებამდე (ქვეგანყოფილების უფროსად და უფრო მაღალ თანამდებობაზე) შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი გარემოებების არსებობის ფაქტზე.
6. უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკავებულია (დაკომპლექტებულია) უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება ტოლფას თანამდებობაზე ან მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე.
მუხლი 24🔗. ტოლფასი თანამდებობა
1. თანამდებობა ტოლფასია, თუ დანაყოფის სახელწოდების მიუხედავად, დასაკავებელი თანამდებობა შეიცავს მოსამსახურის მიერ დაკავებული ან ბოლო დაკავებული თანამდებობის იდენტურ დასახელებას, მათ შორის:
ა) სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელის თანამდებობის ტოლფასია სხვა სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელის თანამდებობა;
ბ) სტრუქტურულ/ტერიტორიულ დანაყოფში შემავალი სამმართველოს, სამსახურის, განყოფილების, ქვეგანყოფილების უფროსის თანამდებობის ტოლფასია შესაბამისად სხვა სტრუქტურულ/ტერიტორიულ დანაყოფში შემავალი სამმართველოს, სამსახურის, განყოფილების, ქვეგანყოფილების უფროსის თანამდებობა.
2. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის შემთხვევაში თანამდებობა ტოლფასია, თუ დასაკავებელი თანამდებობა შეიცავს მოსამსახურის მიერ დაკავებული ან ბოლო დაკავებული თანამდებობის თანაბარ ზღვრულ წოდებას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 25🔗. მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება (მივლენა) ტერიტორიულად სხვა ადგილზე
1. მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება (მივლენა) ტერიტორიულად სხვა ადგილზე ხდება სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სააგენტოს დირექტორის ბრძანებით:
ა) სამუშაოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას ან/და სხვა სტრუქტურულ/ტერიტორიულ დანაყოფში არაუმეტეს 6 თვისა;
ბ) სამსახურის მიზნებიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე, ტერიტორიულად სხვა ადგილას, სხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა, თუ მოსამსახურის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის.
2. მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა ან/და სხვა პროფესიულ მომზადებას ან თუ მისი შესრულება შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც, სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში, დასტურდება შესაბამისი სამედიცინო ცნობით.
3. სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით შეიძლება დარეგულირდეს მოსამსახურის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების საკითხებიც.
მუხლი 26🔗. სამსახურებრივი მივლინება
1. სამსახურებრივი მივლინება ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ „შსს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში“ „მივლინების“ შესაბამისი გრაფის შევსებით, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში – სათანადო სამსახურებრივი ბარათის/პატაკის მატერიალური დოკუმენტის წარდგენით. მივლინების პერიოდში მივლინების ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება შესაბამისი თანამდებობა, გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებისა.
2. საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებისას მივლინებაში მყოფ მოსამსახურეს შეუწყდება მივლინება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინიშნება იმავე თანამდებობაზე ან იმავე დანაყოფში სხვა თანამდებობაზე.
3. მოსამსახურის მივლინების გაფორმების წესი განისაზღვრება მინისტრის მიერ.
4. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსამსახურე გაემგზავრება მივლინებაში ზემდგომი უფროსის ზეპირი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, შესაბამისი წერილობითი სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს, როგორც წესი, სამი სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 27🔗. დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრება
1. მოსამსახურისთვის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის) დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრება, მათ შორის ისეთის, რომელიც არ განეკუთვნება მის კომპეტენციას, შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
ა) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე;
ბ) დროებით არმყოფი მოსამსახურის შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევს დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას;
გ) მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
2. მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) დროებითი ფუნქცია-მოვალეობა შესაძლებელია დაეკისროს დამატებით, ძირითად სამსახურებრივ მოვალეობასთან შეთავსებით ან მოსამსახურე შესაძლებელია დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრებისას გათავისუფლდეს ძირითადი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.
3. მოსამსახურეს უფლება აქვს უარი განაცხადოს დროებითი ფუნქცია-მოვალეობის შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა ან/და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც, სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში, დასტურდება შესაბამისი სამედიცინო ცნობით.
4. მოსამსახურისათვის დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრება შესაძლებელია კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 5 თვისა. დროებითი ფუნქცია-მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება იმ მოსამსახურის თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა.
5. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ახორციელებს დამატებით ფუნქცია-მოვალეობებს, ეძლევა დროებით არმყოფი მოსამსახურისათვის/შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგო (სხვაობა), თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს, ხოლო თუ სამსახურში არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელი მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოზე, მაშინ შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი სარგო.
თავი VII
მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის
დროებით შეჩერება
მუხლი 28🔗. სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერება
1. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის (გარდა შრომით ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.
2. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით ჩერდება:
ა) მოსამსახურის წერილობითი განცხადების (პატაკის) საფუძველზე, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი (არაუმეტეს 5 დღისა);
ბ) შვებულების დროს;
გ) მისი კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
დ) დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე. ამ შემთხვევაში სააგენტოსათვის შესაბამისი წინასწარი შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მოსამსახურეს;
ე) დისციპლინური წარმოებისას, მოსამსახურის სამსახურიდან დროებით ჩამოშორების შემთხვევაში;
ვ) თანამდებობიდან დროებით გადაყენების შემთხვევაში;
ზ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოსამსახურის მოთავსებისას, თუ მოსამსახურეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა. ამ შემთხვევაში სააგენტოსათვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მოსამსახურეს ან/და მომსახურების გამწევ შესაბამის ორგანიზაციას;
თ) მოსამსახურისთვის სხვა ფუნქცია-მოვალეობების დროებით დაკისრებისას, როდესაც ხდება მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისაგან გათავისუფლება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
3. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში, სამსახურებრივი ურთიერთობიდან ჩამოაშორებს უშუალო უფროსი. მას არ ეძლევა ხელფასი სამსახურიდან ჩამოშორების მთელ პერიოდში.
4. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერება ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართლებრივი აქტი გამოიცემა მხოლოდ მოკლევადიანი შვებულების, ანაზღაურების გარეშე შვებულების, აგრეთვე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულების გაფორმებისას.
5. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერების პერიოდში, მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო), დანამატები და სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 29🔗. თანამდებობიდან დროებით გადაყენება
1. მოსამსახურე, სასამართლოს განჩინების, საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის ან სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან, სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების ან ჩამოშორების შესახებ.
2. თანამდებობიდან დროებით გადაყენების შემთხვევაში მოსამსახურეს დროებით უჩერდება სამსახურებრივი უფლებამოსილება.
3. თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. მოსამსახურეს, გამართლების შემთხვევაში, აუნაზღაურდება იძულებითი განაცდური ხელფასი და სხვა დანამატები არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მოსამსახურეს უფლება აქვს უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და თანამდებობაზე აღდგენაზე/ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნაზე.
4. თანამდებობიდან გადაყენებულ მოსამსახურეს ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და სამსახურის სხვა ქონება. თანამდებობიდან გადაყენების მთელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ პირს ეკრძალება შესაბამისი სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ტარება.
თავი VIII
მეხანძრე-მაშველის/მაშველის კადრების განკარგულებაში აყვანა
მუხლი 30🔗. მეხანძრე-მაშველის/მაშველის კადრების განკარგულებაში აყვანა
1. მეხანძრე-მაშველი/მაშველი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით:
ა) პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე, მინისტრის თანხმობის შემთხვევაში;
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება;
გ) სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
2. მოსამსახურე შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
3. კადრების განკარგულებაში აყვანილი მეხანძრე-მაშველი/მაშველი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
4. კადრების განკარგულებაში აყვანა გულისხმობს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
5. მეხანძრე-მაშველი/მაშველი, რომელსაც დროებით შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, მისივე თანხმობით უნდა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ეს მოსამსახურე აყვანილ იქნება კადრების განკარგულებაში. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულებაში მყოფი პირი, ასევე დროებითი შრომისუუნარობის გამო სამსახურში არმყოფი მეხანძრე-მაშველი/მაშველი კადრების განკარგულებაში აყვანიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, მისივე თანხმობით, უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში – ტოლფას თანამდებობაზე.
მუხლი 31🔗. კადრების განკარგულებაში აყვანილი მეხანძრე-მაშველის/მაშველის სოციალური დაცვის გარანტია
კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, მეხანძრე-მაშველს/მაშველს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.
მუხლი 32🔗. კადრების განკარგულებაში აყვანილი მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის მოვალეობის დაკისრება
კადრების განკარგულებაში აყვანილ მეხანძრე-მაშველს/მაშველს, მისივე თანხმობით, შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება არაუმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით, რა დროსაც ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება ფულადი სარგო (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო), ამასთან, ამ მოსამსახურეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება მიეცეს პრემია.
თავი IX
მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტა
მუხლი 33🔗. სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლები
1. სააგენტოს სამოქალაქო პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, ხოლო მეხანძრე-მაშველის/მაშველის თანამდებობიდან გათავისუფლება და სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას.
2. სააგენტოს სამოქალაქო პირი შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლდეს:
ა) პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე;
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;
გ) სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ლიკვიდაციის გამო;
დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო;
ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო;
ვ) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო;
ზ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის/ცნობის შესაბამისად;
თ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ი) გარდაცვალების გამო;
კ) გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო;
ლ) სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში;
მ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო;
ნ) სამსახურის ვადის გასვლის გამო;
ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
3. მეხანძრე-მაშველი/მაშველი, გარდა მუხლის მე-2 პუნქტით გათვალიწინებული საფუძვლებისა, აგრეთვე შეიძლება გათავისუფლდეს ან/და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან:
ა) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
ბ) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;
გ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი მოთხოვნის შემთხვევაში;
დ) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო.
4. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების სამსახურიდან გათავისუფლება ხდება სამსახურის ვადის გასვლის გამო, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით.
5. მოსამსახურის დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს დირექტორი ან ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში მინისტრი. სააგენტოს დირექტორის და სააგენტოს დირექტორის მოადგილეების დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
მუხლი 34🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე
1. მეხანძრე-მაშველი/მაშველი პირადი პატაკის საფუძველზე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და დაითხოვება სამსახურიდან, ხოლო სამოქალაქო პირი პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
2. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურის დაუყოვნებლივი გათავისუფლება საფრთხეს უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების ანდა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების (პატაკი) რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღის ვადაში.
3. სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მოსამსახურეს უფლება აქვს, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება. ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.
მუხლი 35🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა დისციპლინური გადაცდომისათვის
სააგენტოს სამოქალაქო პირი შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო მეხანძრე-მაშველი/მაშველი აგრეთვე დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომისათვის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 36🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო
სააგენტოს სამოქალაქო პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო მეხანძრე-მაშველი/მაშველი აგრეთვე დაითხოვება სამსახურიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც მას შეეფარდა სასჯელი ჩადენილი დანაშაულისათვის. სააგენტოს სამოქალაქო პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო მეხანძრე-მაშველი/მაშველი აგრეთვე დაითხოვება სამსახურიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს.
მუხლი 37🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო
სააგენტოს სამოქალაქო პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო მეხანძრე-მაშველი/მაშველი აგრეთვე დაითხოვება სამსახურიდან ამ წესის მე-17-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული შეუთავსებლობის, ასევე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო.
მუხლი 38🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა მოქალაქეობის შეწყვეტის გამო
სააგენტოს სამოქალაქო პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო მეხანძრე-მაშველი/მაშველი აგრეთვე დაითხოვება სამსახურიდან დაუყოვნებლივ, თუ მას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 39🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით
1. სააგენტოს სამოქალაქო პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო მეხანძრე-მაშველი/მაშველი აგრეთვე დაითხოვება სამსახურიდან, თუ იგი აირჩიეს ან დანიშნეს სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სააგენტოს სამოქალაქო პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო მეხანძრე-მაშველი/მაშველი აგრეთვე დაითხოვება სამსახურიდან სხვა თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის დღიდან.
მუხლი 40🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო
1. სააგენტოს სამოქალაქო პირი შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო მეხანძრე-მაშველი/მაშველი აგრეთვე დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან, თუ იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის მანძილზე 6 თვის განმავლობაში (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) არ ცხადდებოდა სამსახურში და შესაბამისი სამედიცინო დასკვნის/ცნობის საფუძველზე მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას, ამასთან, შეუძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისი სხვა შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანა.
2. სააგენტოს სამოქალაქო პირი შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო მეხანძრე-მაშველი/მაშველი აგრეთვე დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდშიც, თუ გასულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ვადა და არ არსებობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სხვა შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანის შესაძლებლობა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მეხანძრე-მაშველი/მაშველი სამინისტროს სსიპ – ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დასკვნის შესაბამისად თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და დაითხოვება სამსახურიდან, ხოლო სამოქალაქო პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სამედიცინო ცნობის შესაბამისად.
მუხლი 41🔗. გათავისუფლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო
მოსამსახურეს, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო, მეორე დღიდან სამსახური ეთვლება შეწყვეტილად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 42🔗. გათავისუფლება გარდაცვალების გამო
მოსამსახურეს გარდაცვალების მეორე დღიდან სამსახური ეთვლება შეწყვეტილად.
მუხლი 43🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა გამოსაცდელი ვადის გასვლის და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო
1. გამოსაცდელი ვადის გასვლის და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სააგენტოს სამოქალაქო პირი დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდება, ხოლო მეხანძრე-მაშველი/მაშველი აგრეთვე სამსახურიდან დაითხოვება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მისი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების არსებობის შემთხვევაში.
2. გამოსაცდელი ვადის გასვლის და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაკავებული თანამდებობიდან სააგენტოს სამოქალაქო პირის გათავისუფლების, ხოლო მეხანძრე-მაშველის/მაშველის აგრეთვე სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არის გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის უშუალო ხელმძღვანელის მიერ შედგენილი შეფასების აქტი.
მუხლი 44🔗. გათავისუფლება და დათხოვნა შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო
მეხანძრე-მაშველი/მაშველი თავისუფლდება თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ შესაბამისი ნორმატიული სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს მეხანძრე-მაშველის/მაშველის გათავისუფლებას/დათხოვნას.
მუხლი 45🔗. გათავისუფლება ანდა დათხოვნა სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების გამო
სააგენტოს სამოქალაქო პირი შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო მეხანძრე-მაშველი/მაშველი აგრეთვე დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან მისი მუშაობის პერიოდში სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 46🔗. გათავისუფლება სამსახურის ვადის გასვლის გამო
1. სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით სამსახურიდან თავისუფლდება მოსამსახურე, რომელიც:
ა) თანამდებობაზე დანიშნული იყო გარკვეული ვადით;
ბ) განსაზღვრული ამოცანის შესასრულებლად, გარკვეული ვადით იყო მიღებული შრომითი ხელშეკრულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი ურთიერთობა წყდება სამსახურის ვადის გასვლის მეორე დღეს.
3. თანამდებობაზე გარკვეული ვადით დანიშნული მოსამსახურე არ თავისუფლდება სამსახურიდან, თუ იგი სამსახურის ვადის გასვლამდე ახალი ვადით იქნა დანიშნული იმავე ან სხვა თანამდებობაზე. სამსახურიდან არ გათავისუფლდება აგრეთვე სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მასთან შრომითი ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში.
მუხლი 47🔗. გათავისუფლება შტატების შემცირების, რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის დროს
სამოქალაქო პირი, რომელიც თანამდებობიდან თავისუფლდება შტატების შემცირებისას, რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ლიკვიდაციისას, მიეცემა საკომპენსაციო თანხა ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
მუხლი 48🔗. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების/დათხოვნის სამართლებრივი შედეგები
1. სააგენტოს სამოქალაქო პირი სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების, თანამდებობიდან უკანონოდ დაქვეითების შემთხვევაში ექვემდებარება თანამდებობაზე აღდგენას და ეძლევა იძულებით განაცდური.
2. მეხანძრე-მაშველი/მაშველი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე წოდების უკანონოდ ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარება თანამდებობაზე აღდგენას, ეძლევა იძულებით განაცდური და უბრუნდება ჩამორთმეული წოდება.
3. წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან/და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.
4. მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე.
5. აღდგენილ მოსამსახურეებს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ გათავისუფლების/დათხოვნის ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების/დათხოვნის თარიღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი.
მუხლი 49🔗. მეხანძრე-მაშველის/მაშველის დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო და წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო
1. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება მეხანძრე-მაშველის/მაშველის დათხოვნა.
2. მეხანძრე-მაშველი/მაშველი, მისივე თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო, თუ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნული პირისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესაძლებლობას.
თავი X
სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება
მუხლი 50🔗. სააგენტოში დადგენილი წოდება
1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოში დაწესებულია სახელმწიფო სპეციალური წოდება.
2. სააგენტოში სახელმწიფო სპეციალური წოდება ენიჭება მხოლოდ მეხანძრე-მაშველს და მაშველს (გარდა სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), რომლებიც, შესაბამისად, უშუალოდ ახორციელებენ ხანძრის პროფილაქტიკას და აქრობენ ხანძარს, ატარებენ საავარიო-სამაშველო სამუშაოებს/სამაშველო სამუშაოებს, ახორციელებენ საგანგებო სიტუაციის პრევენციას და მასზე რეაგირებას, მართავენ და ორგანიზებას უწევენ ამ ღონისძიებებს.
3. სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს მხოლოდ თანამიმდევრობით. სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურის გამოტოვებით დაუშვებელია.
4. წოდებების მინიჭება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) უმცროს და საშუალო სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ანიჭებს სააგენტოს დირექტორი (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);
ბ) უფროსს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ანიჭებს მინისტრი, სააგენტოს დირექტორის წარდგინებით;
გ) უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.
5. პირველად საშუალო სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ანიჭებს მინისტრი.
6. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ, მოსამსახურეს ენიჭება უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება.
7. უფროსი და უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს.
მუხლი 51🔗. წოდებები სამსახურში მიღებისას და დათხოვნისას
1. სააგენტოში იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება, პირს ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტის წოდება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება არ ენიჭება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში.
3. სამინისტროდან, სამხედრო და სხვა სახელმწიფო სამსახურიდან სამხედრო და სპეციალური წოდებით დათხოვნილ მოსამსახურეებს, სააგენტოში მიღების შემდეგ და მათთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების/გათანაბრების შემთხვევაში, მორიგ წოდებაზე წარდგენისას, მათ მიერ დათხოვნამდე წოდებაში ნამსახურობის პერიოდი ეთვლებათ წოდებით ნამსახურობის საერთო ვადაში.
4. მოსამსახურეს, რომელმაც სამსახურიდან დათხოვნამდე იმსახურა მინიჭებული წოდებით დადგენილი ვადა და მისანიჭებელი მორიგი წოდება დაკავებული თანამდებობის ზღვრულ წოდებას აღემატებოდა, მაშინ მას სააგენტოში იმ თანამდებობაზე მიღებისას, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება, შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება.
5. დათხოვნისას მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო სამსახურის სტაჟი და გასულია მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება (გარდა პოლკოვნიკის სპეციალური წოდებისა), ამავე წესით დადგენილი განათლების ცენზის და თანამდებობრივი ზღვრული წოდების მიუხედავად.
მუხლი 52🔗. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სპეციალურ აღრიცხვაზე აყვანა
სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან, რის შემდეგაც მოსამსახურე იმყოფება სამინისტროს სპეციალურ აღრიცხვაზე.
მუხლი 53🔗. მოსამსახურეთა მორიგი წოდებები
1. მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდებით სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ.
2. მოსამსახურის მორიგი წოდების მისანიჭებლად სამინისტროს/სააგენტოს შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი მოსამსახურის უშუალო უფროსის წარდგინების საფუძველზე ამზადებს შესაბამისი ბრძანების პროექტს.
3. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭებამდე მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.
4. მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადა, მორიგი წოდება არ მიენიჭება.
5. სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სახელმწიფო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.
6. უკანონოდ გათავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას, იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში.
მუხლი 54🔗. სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად
1. სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის გავლისათვის დადგენილია ვადა, გარდა უმცროსი სპეციალური წოდებებისა.
2. სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება წოდების მინიჭების შესახებ ბრძანებაში მითითებული თარიღიდან.
3. უმაღლესი სპეციალური წოდების მისანიჭებლად სააგენტოში სამსახურის ვადა არ წესდება. აღნიშნული წოდებების მინიჭება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინისტრის წარდგინებით.
4. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი, მოსამსახურეს ეთვლება მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში, გარდა ამ წესის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თანამდებობიდან გადაყენებულ მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში ჩაეთვლება მხოლოდ გამართლების შემთხვევაში.
მუხლი 55🔗. წოდებების ვადამდე მინიჭება
1. განსაკუთრებული დამსახურების ან ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების უფლება აქვს მინისტრს
.
2. ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებამდე მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.
3. სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების შემთხვევაში განსაკუთრებულ დამსახურებად ითვლება:
ა) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულება;
ბ) სააგენტოს მიერ წარმატების მიღწევაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა;
გ) სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულება.
4. წოდების ვადამდე მინიჭება სამსახურის გავლის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ ორჯერ, სხვა სახელმწიფო უწყებაში ვადამდე მინიჭებული წოდებების ჩათვლით.
5. სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება სამსახურის გავლის პერიოდში დაიშვება მხოლოდ ორჯერ, სხვა სახელმწიფო უწყებაში ვადამდე მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდებების ჩათვლით.
მუხლი 56🔗. წოდების ჩამორთმევა და წოდების აღდგენა
1. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება შეიძლება ჩამოერთვას მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით.
2. მოსამსახურის გამართლების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სახელმწიფო სპეციალური წოდება უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ წოდების მინიჭების უფლება.
3. გამართლებულ პირებს სამსახურში აღდგენისას, გაცდენილი წლების გათვალისწინებით, ენიჭებათ წოდება ადრინდელ წოდებაზე ერთი საფეხურით მაღლა, თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდება.
მუხლი 57🔗. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ასაკობრივი შეზღუდვა
1. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკია:
ა) უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 55 წელი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 65 წელი.
2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დადებითი სამედიცინო დასკვნისას, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, საკუთარი სურვილით, მინისტრის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით.
თავი XI
სააგენტოში სამსახურის გავლის სხვა პირობები
მუხლი 58🔗. სააგენტოს შინაგანაწესი
1. სააგენტოს შინაგანაწესს ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობით.
2. შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;
ბ) სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენების და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დღეს, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ სამსახურში ყოფნის პირობები და წესი;
დ) სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული ბრძანების/მითითების მოსამსახურეთათვის გაცნობის წესი;
ე) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ვ) მოსამსახურის მიერ სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი;
ზ) სამსახურებრივი მივლინებისა და შვებულების გაფორმების წესები;
თ) მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი;
ი) სააგენტოსა და მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
მუხლი 59🔗. სამუშაო დრო
1. მოსამსახურის სამუშაო დრო არის კალენდარული დროის ნაწილი, რომლის განმავლობაშიც იგი ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება.
2. მოსამსახურეთათვის, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დადგენილია ხუთდღიანი სამუშაო კვირა. მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა დღეში არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს, ხოლო კვირაში – 40 საათს.
3. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის და მაშველის სამუშაო დროსი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს, ხოლო ცვლებს შორის დასვენება უნდა იყოს არანაკლებ 12 საათისა. მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის დგინდება არანორმირებული სამუშაო დღე.
4. სამუშაოს დაწყების, დასრულებისა და შესვენების დრო, ასევე დასვენების დღეები განისაზღვრება სააგენტოს შინაგანაწესით. ცვლაში მომუშავე მოსამსახურეების სამუშაო დრო ასევე განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით ან სხვა აქტებით.
5. მოსამსახურის ხელმძღვანელს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია დაადგინოს განსხვავებული სამუშაო რეჟიმი.
მუხლი 60🔗. შვებულება
1. მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე. შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ. წლის ბოლოს აღებული შვებულება შესაძლებელია გაგრძელდეს მომდევნო წელს. მომდევნო წელს გაგრძელებული შვებულება ჩაითვლება წინა წლის შვებულებად.
2. სამინისტროს სისტემაში, მათ შორის, საგენტოში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 კალენდარული დღით, 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე პირთათვის – 40 კალენდარული დღით.
3. მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არაუმეტეს ერთი წლისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. მოსამსახურეს შვებულების უფლება წარმოეშობა სააგენტოში მიღებიდან/დანიშვნიდან 11 თვის შემდეგ. უშუალო უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ამ უფლებით სარგებლობა აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
5. შვებულებაში გასვლის რიგითობას განსაზღვრავს სააგენტოს დანაყოფის ხელმძღვანელი.
6. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია შვებულების შეწყვეტა და მოსამსახურის გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად. გამოძახების შემთხვევაში, მოსამსახურეს შეიძლება აუნაზღაურდეს ტრანსპორტირების ხარჯები, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, ასევე შვებულებიდან დარჩენილი დღეები მიეცემა იმავე წელს.
7. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს შვებულება არ მიეცემა.
8. შვებულების გაფორმება ხორციელდება ამ წესის 29-ე მუხლის შესაბამისად.
9. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები არ ვრცელდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებზე.
მუხლი 61🔗. შვებულება პროფესიული განვითარებისათვის
მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამის პროგრამაში მონაწილეობისათვის შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება 5 წელიწადში ერთხელ 3 თვემდე ვადით.
მუხლი 62🔗. მოკლევადიანი შვებულება
გადაუდებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო საკითხების, დაქორწინების, ოჯახური პირობების და სხვა საპატიო მიზეზის გამო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი (ანაზღაურებადი) შვებულება 10 დღის ხანგრძლივობით. მოკლევადიანი შვებულების დღეები არ შედის მორიგ ყოველწლიურ შვებულებაში.
მუხლი 63🔗. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
1. მოსამსახურისათვის ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილების გამო შვებულების მიცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. მოსამსახურე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო.
მუხლი 64🔗. სამსახურის გავლა განსაკუთრებული რეჟიმის, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს
1. სააგენტოში, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის/სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით, შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. განსაკუთრებული რეჟიმის დროს მოსამსახურეები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ, სამსახურებრივი ფუნქციის განხორციელების ადგილას. სამუშაო ადგილის დატოვება შეიძლება მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვის საფუძველზე.
2. მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის დროს შეიძლება მოსამსახურე გამოძახებულ იქნეს შვებულებიდან (გარდა ავადმყოფობისა, ასევე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა).
მუხლი 65🔗. მოსამსახურეთა წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. მოსამსახურეთა წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
2. ფასიანი საჩუქრის სახით – სასაჩუქრე მედლის, მედალიონის ან/და სამკერდე ნიშნის ნიმუშებს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 66🔗. მოსამსახურეთა ფორმა
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოსამსახურეები ატარებენ სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელს, რომლის ნიმუშებსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. მოსამსახურეს სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
3. მოსამსახურეთა მიერ ფორმის ტანსაცმლის ტარებისა და სამსახურებრივი პირადობის მოწმობის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 67🔗. სოციალური უზრუნველყოფა
მოსამსახურის სოციალური უზრუნველყოფა ხორციელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
თავი XII
სააგენტოში სტაჟირების გავლა
მუხლი 68🔗. სტაჟირება
1. მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევისა და მომზადების მიზნით, სააგენტოში პირი შეიძლება მიღებულ იქნეს სტაჟიორად.
2. სტაჟირების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 3 თვის ვადით. სააგენტოს დირექტორის თანხმობით, შესაძლებელია სტაჟირების ვადის გაგრძელება.
მუხლი 69🔗. სტაჟიორის თანამდებობაზე დანიშვნა
1. პირის სტაჟიორად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლებელია განხილულ იქნეს მისი თანამდებობაზე დანიშვნის ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიღების საკითხი.
2. სააგენტოში სტაჟირების გავლის წესი რეგულირდება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
თავი XIII
გარდამავალი დებულებები
მუხლი 70🔗. რეორგანიზაცია
1. სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურს აგრძელებენ ის მოსამსახურეები, რომლებიც 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობენ სააგენტოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდება და 2016 წლის 1 სექტემბრის შემდგომ მუშაობას აგრძელებენ სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობაში, მათზე ვრცელდება მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის ამ წესით დადგენილი სამსახურის გავლის მოთხოვნები, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები.
2. მოსამსახურეებისათვის, რომლებიც 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობენ სააგენტოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდება და 2016 წლის 1 სექტემბრის შემდგომ მუშაობას აგრძელებენ სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობაში, ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდების დადგენის მიზნით, სააგენტოს საშტატო ნუსხაში სამოქალაქო შემადგენლობის საშტატო ერთეულებს შენიშვნის სახით მიეთითება თანამდებობის შესაბამისი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდება.
3. მოსამსახურე, რომელებიც 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობს სააგენტოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება და 2016 წლის 1 სექტემბრის შემდგომ მუშაობას აგრძელებს სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობაში, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის, წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების და ზღვრული ასაკის მიღწევის გამო სამსახურიდან დაითხოვება მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
4. მოსამსახურე, რომელიც 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობს სააგენტოში და 2016 წლის 1 სექტემბრის შემდგომ მუშაობას აგრძელებს სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობაში მეხანძრე-მაშველის/მაშველის საშტატო თანამდებობაზე და მიაღწია სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის ამ წესით დადგენილ ზღვრულ ასაკს, ენიჭება შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდება და კურატორი მინისტრის მოადგილის წარდგინებით, მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა წოდებისთვის დადგენილი ზღვრული ასაკის ზევით 5 წლამდე ვადით, მაგრამ არაუმეტეს 60 წლის ასაკის მიღწევამდე.
მუხლი 71🔗. სპეციალური კონკურსის გარეშე დანიშვნა
მეხანძრე-მაშველი/მაშველი, რომელიც 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობდა სააგენტოში და 2016 წლის 1 სექტემბრის შემდგომ სამსახურს გააგრძელებს სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობაში, ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის გარეშე.