შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 09.04.2015
ძალაში შესვლა 26.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №18/202
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016423
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2016
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| საქართველოს მთავრობის სახელით | თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით |
| კახა კალაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი | თანერ ილდიზი თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმება საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება „საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
პრეამბულა
საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში, ცალკეული „მხარედ“, ხოლო ერთობლივად „მხარეებად“ წოდებულნი),
ითვალისწინებენ რა, ორ ქვეყანას შორის არსებულ ღრმა ურთიერთობებსა და მჭიდრო მეგობრულ კავშირებს,
აღნიშნავენ რა, მხარეთა შორის ეკონომიკური და სოციალური თანამშრომლობის გააქტიურებისა და გაფართოების მნიშვნელობას,
სურვილს გამოხატავენ რა, გააძლიერონ თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, რომელიც ეფუძნება თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებს,
სრულად აცნობიერებენ რა, რომ ასეთი თანამშრომლობა აძლიერებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და სურთ რა, კიდევ უფრო განავითარონ არსებული ურთიერთობები ენერგეტიკის სფეროში,
თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განმარტებები
ძირითად ტერმინებს, რომლებიც გამოიყენება წინამდებარე შეთანხმებაში, მათ შორის პრეამბულაში, გააჩნიათ ქვემოთ მოცემული შემდეგი მნიშვნელობები:
1. „სამოქმედო გეგმა” წარმოადგენს სახელმძღვანელო მითითებას ერთობლივ ძალისხმევასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს ენერგორესურსების განვითარებას საქართველოში, წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლის თანახმად;
2. „შეთანხმება” ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც შეიძლება შესწორდეს ან სხვაგვარად შეიცვალოს;
3. „ხელმისაწვდომი გადასაცემი სიმძლავრე” ან “ATC” ნიშნავს NTC (ქსელის გამტარუნარიანობის) ნაწილს, რომელიც შემდგომი კომერციული საქმიანობებისათვის ყოველი გადანაწილების ფაზის შემდეგ რჩება ხელმისაწვდომი და შეთავაზებულია მომხმარებლებისათვის ასათვისებლად, როგორც აღნიშნული განმარტებულია 2012 წლის 20 იანვრის „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ახალციხე-ბორჩხას ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიით ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში“.
4. „კომპეტენტური ორგანოები” ნიშნავს სახელმწიფო ორგანოებს, რომლებიც განსაზღვრულნი არიან მხარეთა მიერ, წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის შესაბამისად.
5. „ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი” ნიშნავს სამუშაო ჯგუფს, რომელიც დაფუძნდება მხარეთა მიერ, და კოორდინირებას გაუწევს წინამდებარე შეთანხმების ყველა მუხლის იმპლემენტაციას.
6. „ENTSO-E” ნიშნავს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ევროპულ ქსელს.
7. „ESCO” ნიშნავს სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს”, რომელიც სათანადოდ არის შექმნილი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
8. „GSE” ნიშნავს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას”, რომელიც წარმოადგენს საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორს. იგი ფლობს და აკონტროლებს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ნაწილს, ასევე ახორციელებს დისპეტჩერიზაციას და აკონტროლებს საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას;
9. „საერთაშორისო შეთანხმება” ნიშნავს საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც გაფორმებულია საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის და/ან საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მიერ სხვა სახელმწიფოებთან და/ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან/ორგანიზაციებთან, წერილობითი ფორმით და რეგულირდება საერთაშორისო სამართლის თანახმად, რომელიც გამოხატულია ერთიანი დოკუმენტით ან ორი ან მეტი შესაბამისი დოკუმენტით, განურჩევლად მისი დანიშნულებისა;
10. „გრძელვადიანი გეგმა” ნიშნავს ათ (10)-წლიან გეგმას, რომელიც ერთობლივად მომზადებულია მხარეთა TSO-ების(გადაცემის სისტემის ოპერატორები) მიერ, გადამცემი ქსელის განვითარების მიზნით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე რეგიონებში (რომელიც მოიცავს თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთდამაკავშირებელ ხაზებს) და რომელიც რეგულარულად ახლდება მხარეთა TSO-ების მიერ და მტკიცდება კომპეტენტური ორგანოების მიერ, მე-8 მუხლის „d“ ქვეპუნქტის თანახმად;
11. „შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა” ნიშნავს თითოეული შესაბამისი მხარის კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს, რომელიც შეადგენს მთლიან სამართლებრივ რეჟიმს და მოიცავს კონსტიტუციას, კანონებს, საერთაშორისო შეთანხმებებს, დადგენილებებს, რომელთაც კანონის ძალა აქვს, კანონქვემდებარე აქტებს, რეგულაციებს, დადგენილებებს და სხვა მარეგულირებელ ადმინისტრაციულ აქტებს;
12. „ქსელის გამტარუნარიანობა” ან „NTC“ ნიშნავს ელექტროენერგიის გაცვლის მთლიან პროგრამას (ახალციხე-ბორჩხას ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის მეშვეობით) ორ, ურთიერთდაკავშირებულ გადამცემ სისტემას შორის, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი გადამცემი სისტემების მიერ გარკვეული დროის პერიოდისათვის აქტიური სიმძლავრის ნაკადის მიმართულებით დაწესებულ უსაფრთოხების სტანდარტებს, როგორც განმარტებულია 2012 წლის 20 იანვრის „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ახალციხე-ბორჩხას ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში“.
13. „სახელმწიფო უფლებამოსილი ორგანო” ნიშნავს რომელიმე მხარის ნებისმიერ და ყველა ეროვნულ თუ ადგილობრივ დაწესებულებას, მათ შორის, სამინისტროებს, დეპარტამენტებს, ადმინისტრაციულ ორგანოებს, აღმასრულებელ და მარეგულირებელ ორგანოებს, სააგენტოებს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს;
14. „TEIAS” ნიშნავს თურქეთის ელექტროენერგიის გადაცემის კორპორაციას, რომელიც წარმოადგენს თურქეთის გადაცემის სისტემის ოპერატორს, ფლობს და აკონტროლებს თურქეთის გადაცემის სისტემას და ახორცილებს თურქეთის რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატიული დისპეტჩერიზაციის კონტროლს;
15. „TETAS” ნიშნავს თურქეთის ელექტროენერგიით ვაჭრობისა და ხელშემკვრელ კომპანიას –
კომპანიას, რომელიც სათანადოდ არის შექმნილი თურქეთის რესპუბლიკის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და რომელიც ჩართულია ელექტროენერგიით ვაჭრობის საკითხებში, თურქეთის რესპუბლიკაში და აღასრულებს სხვა ფუნქციებს, რომელიც განსაზღვრულია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით;
16. „გადამცემი სისტემა“ ნიშნავს მაღალი ძაბვის სახელმწიფო გადამცემ სისტემას, რომელიც მოიცავს მასთან დაკავშირებულ ყველა ინფრასტრუქტურულ ერთეულს;
17. „გადამცემი სისტემის ოპერატორი” ან „TSO” ნიშნავს იურიდიულ პირს, რომელიც სათანადოდ არის უფლებამოსილი და პასუხისმგებელია თითოეული შესაბამისი მხარის გადამცემი სისტემის მუშაობასა და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული სისტემის განვითარებაზე და უზრუნველყოფს სისტემის გრძელვადიან ფუნქციონირებას ისე, რომ მან დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის გადაცემისათვის საჭირო გონივრული მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ინტერპრეტაცია
1. წინამდებარე შეთანხმების დაყოფა მუხლებად, პუნქტებად და სხვა ნაწილებად და სათაურების გამოყენება ემსახურება მხოლოდ მითითებების მოხერხებულობას და გავლენას არ ახდენს შინაარსზე ან ინტერპრეტაციაზე.
2. თუ სხვაგვარად არ არის აღნიშნული, მითითება კონკრეტულ მუხლზე ან პრეამბულაზე, ეხება წინამდებარე შეთანხმების კონკრეტულ მუხლს ან პრეამბულას.
3. ტერმინები „წინამდებარე შეთანხმება“, „აქედან გამომდინარე“, „ამასთან“ და მსგავსი ფორმულირება მიეკუთვნება წინამდებარე შეთანხმებას და არა რომელიმე კონკრეტულ მუხლს, პარაგრაფს ან აღნიშნული შეთანხმების რომელიმე ნაწილს.
4. თუ სპეციალურად სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ან თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, სიტყვებს, რომელიც მოცემულია მხოლობით რიცხვში, გააჩნიათ მრავლობითი რიცხვის მნიშვნელობა და პირიქით.
5. სიტყვები, რომელიც გამოხატავს კონკრეტულ სქესს, განკუთვნილია ყველა სქესისთვის.
6. თითოეული მითითება შეთანხმებაზე ან დოკუმენტზე, ნებისმიერ დროს, უნდა განიხილებოდეს როგორც მითითება შესაბამის შეთანხმებაზე ან დოკუმენტზე, რომელშიც შესაძლოა შესულია ცვლილება ან დამატება მისი პირობების შესაბამისად.
7. თუ წინამდებარე შეთანხმებაში მითითება კეთდება პერიოდზე ან დროის პერიოდებზე, თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, საეჭვო პერიოდის ათვლის დროდ უნდა ჩაითვალოს ასეთი პერიოდის პირველი დღის შუაღამე და დასრულების თარიღად, აღნიშნული პერიოდის დასრულების უკანასკნელი დღის შუაღამე.
მუხლი 3🔗
მიზანი
1. წინამდებარე შეთანხმების მიზანს წარმოადგენს მხარეთა შორის ორმხრივი სამეცნიერო, ტექნიკური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი, ადმინისტრაციული და კომერციული თანამშრომლობის ხელშეწყობა ენერგეტიკის სფეროში, კერძოდ ენერგორესურსების, მწვანე ენერგიის და ენერგოეფექტურობის, ელექტროენერგიით ვაჭრობის სფეროში, ასევე, თანამშრომლობას ელექტროენერგიის გადაცემის ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ელექტროენერგიის გადაცემის სფეროში, თანამშრომლობა ელექტროენერგიისა და ENTSO-E ინტეგრაციის პროცესის შესახებ ცოდნის/გამოცდილების გაზიარების კუთხით, თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში.
2. წინამდებარე შეთანხმების მიზნის მისაღწევად, მხარეებმა, თავიანთი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, უნდა ითანამშრომლონ შემდეგ სფეროებში:
a) ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება თავიანთი ენერგოსექტორის განვითარების, მათ შორის ENTSO-E ინტეგრაციის პროცესის კუთხით;
b) ადამიანური რესურსების ტრენინგი ენერგოსექტორის ტექნიკურ საკითხებში;
c) ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და მარეგულირებელ საკითხებში;
d) გამოცდილებისა და შეფასების გაზიარება, განსკუთრებით სახელმწიფო ორგანოებსა და მხარეთა კერძო პირებს შორის (რომლებიც მოღვაწეობენ ენერგეტიკის სფეროში) პარტნიორობის განმტკიცების გზით;
e) სემინარების, კონფერენციების, გამოფენებისა და სხვა შეხვედრების ერთობლივი ორგანიზება, რომელიც უკავშირდება ენერგეტიკის სფეროს, და
f) ერთობლივი კვლევების ორგანიზება ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, აღნიშნულით ვაჭრობისა და გადატვირთვის მართვის, სიმძლავრის სასისტემო რეზერვისა და მოთხოვნის პროგნოზის კუთხით.
3. მხარეები თანხმდებიან, განახორციელონ ყველა საჭირო ზომა წინამდებარე შეთანხმების შესრულების მიზნით.
მუხლი 4🔗
წინამდებარე შეთანხმების კავშირი
შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასთან
იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვადები და პირობები წინააღმდეგობაშია რომელიმე მხარის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასთან, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვადები და პირობები გამოიყენება აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში.
მუხლი 5🔗
კომპეტენტური ორგანოები და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი
1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, მხარეები ნიშნავენ შემდეგ კომპეტენტურ ორგანოებს:
- საქართველოს მთავრობის მხრიდან –
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო; და
- თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან –
თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
2. მხარეებმა უნდა დააფუძნონ ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი, რათა კოორდინირება გაუწიონ წინამდებარე შეთანხმების განხორციელებას და ხელი შეუწყონ მხარეთა შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას. ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება მონაცვლეობით, მინიმუმ წელიწადში ერთხელ.
მუხლი 6🔗
ენერგორესურსების, მწვანე ენერგიის და
ენერგოეფექტურობის გამოყენება
1. მხარეები თანხმდებიან, ითანამშრომლონ ენერგორესურსების, მწვანე ენერგიის და ენერგოეფექტურობის სფეროში.
2. მხარეებმა უნდა განსაზღვრონ ბიზნესშესაძლებლობები ენერგორესურსების, მწვანე ენერგიის და ენერგოეფექტურობის სფეროში და ხელი შეუწყონ ორივე მხარის სახელმწიფო ორგანოებსა და ინვესტორებს იმუშაონ ერთობლივად, ენერგორესურსების, მწვანე ენერგიის და ენერგოეფექტურობის სფეროში არსებული პროექტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით.
3. მხარეებმა, რომლებიც განიხილავენ, საქართველოს ენერგორესურსების, ასევე განახლებადი ენერგორესურსების გამოყენებას მომდევნო 15 წლის განმავლობაში, უნდა ითანამშრომლონ ამ მხრივ, შესაბამისი პროექტების განხორციელების მიზნით. ამგვარი თანამშრომლობა ითვალისწინებს ახალი თაობის საწარმოების გამოყენებას და, ასევე, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ვაჭრობის გამარტივებას, ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების გზით, როგორიცაა ელექტროენერგიის გრძელვადიანი ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელიც შესაბამისობაშია ENTSO-E წესებთან. ასევე, ელექტროენერგიის სისტემების პირობების ხელმისაწვდომობას, რაც უნდა ითვალისწინებდეს ფინანსურ და სამართლებრივ გარემოებებს, რომელიც უკავშირდება ზემოაღნიშნული ელექტროენერგიის შესყიდვასა და მათ გამომუშავებას ახალი საწარმოების მეშვეობით, რომელიც უნდა შეიქმნას საქართველოში.
4. ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფმა უნდა მოამზადოს სამოქმედო გეგმა, რათა ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს საქართველოში ენერგორესურსების განვითარებას და დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს მოცემული სამოქმედო გეგმა კომპეტენტურ ორგანოებს. კომპეტენტური ორგანოების მიერ სამოქმედო გეგმის დამტკიცების პროცედურა უნდა დასრულდეს 2016 წლის ბოლომდე.
მუხლი 7🔗
ელექტროენერგიით ვაჭრობა
1. მხარეები აცხადებენ თავიანთ ერთობლივ მიზანს, გააძლიერონ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ელექტროენერგიის ბაზრებს შორის თანამშრომლობა. სწორედ ამ მიზნით, მხარეები თანხმდებიან, დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები:
a) განავითარონ სიმძლავრის აუქციონის პლატფორმების ურთიერთკავშირები ორივე ქვეყანაში, რომელიც ეფუძნება იმავე პროგრამულ უზრუნველყოფას, რაც გამოიყენება თურქეთში;
b) 2015 წლის მაისიდან მხარეთა TSO-ებმა უნდა დაასრულონ დაგეგმვის, სიმძლავრის გაანგარიშების/განსაზღვრის, დაგეგმვისა და სიმძლავრის განაწილების პროცედურები ასინქრონულ პარალელურ რეჟიმში მუშაობისთვის, ისე როგორც ეს ხორციელდება სინქრონულ პარალელურ რეჟიმში მუშაობისას თურქეთში.
2. იმ მიზნით, რომ გაძლიერდეს მხარეთა შორის ელექტროენერგიით ვაჭრობა, სხვა კომერციული ორგანიზაციების არსებული და სამომავლო უფლებებისა და ვალდებულებების შელახვის გარეშე, TETAS ასევე წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ სათანადოდ უფლებამოსილ პირს, რათა აწარმოოს ვაჭრობა ქართულ უწყებებთან (მათ შორის, ESCO-თან), ელექტროენერგიის შესახებ მოკლე და/ან გრძელვადიანი ნასყიდობის ხელშეკრულებების დადების გზით. წინამდებარე მუხლი საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს, ან არ უნდა ზღუდავდეს რომელიმე სხვა პირის უფლებებს, განახორციელოს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა ერთმანეთთან და TETAS-ისგან დამოუკიდებლად და არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც აღნიშნული უფლების შეზღუდვა.
მუხლი 8🔗
ახალი გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარება
მხარეები თანხმდებიან, რომ თურქეთ-საქართველოს ურთიერთდამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება უნდა მოიცავდეს ქვემოთ მოცემულ ძირითად ეტაპებს:
a) ძირითადი პოზიციების შეჯერება, რომ ელექტროენერგიის ურთიერთდამაკავშირებელი ნებისმიერი გადამცემი ხაზი, უნდა იყოს მხარეთა TSO-ების კონტროლის ქვეშ. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთდამაკავშირებელი ხაზების ფუნქციონირების განმავლობაში, უნდა გამოიყენებოდეს საერთო და არადისკრიმინაციული წესები, რომელიც დადგენილია საერთაშორისო შეთანხმებებითა და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით;
b) ახალციხე-თორთუმის 400კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და დამატებით მუდმივი დენის ჩანართი არაუგვიანეს 2016 წლისა;
c) ბათუმი-მურათლის 154კვ. ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის, მუდმივი დენის ჩანართის პროექტთან ერთად, შემდგომი რეალიზაციის ხელშეწყობა ბათუმში;
d) მხარეთა TSO-ების მიერ გადამცემი ქსელის განვითარების გრძელვადიანი გეგმის ერთობლივად მომზადება, მათ შორის, ურთიერთდამაკავშირებელ ხაზებთან დაკავშირებით, რომლებიც მდებარეობს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე რეგიონებში, არაუგვიანეს 2016 წლისა და მხარეთა TSO-ების მიერ მისი რეგულარულად განახლების უზრულნველყოფა და გრძელვადიანი გეგმის წარდგენა კომპეტენტური ორგანოებისათვის, დასამტკიცებლად. კომპეტენტური ორგანოების მიერ გრძელვადიანი გეგმის დამტკიცების პროცედურა უნდა დასრულდეს 2016 წლის ბოლომდე და როდესაც დამტკიცდება კომპეტენტური ორგანოების მიერ, TSO-ები ჩაითვლებიან უფლებამოსილად, აღასრულონ მოცემული გრძელვადიანი გეგმა.
მუხლი 9🔗
ელექტროენერგიის გადაცემა
1. მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ ელექტროენერგიის გადაცემის სფეროში, შემდეგ საკითხებში:
a) ელექტროგადამცემ ქსელთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებში, კერძოდ, ჭკვიანი ქსელის ტექნოლოგიებში გამოცდილების ურთიერთგაცვლა;
b) ექსპორტ-იმპორტის პოტენციალის გამოყენების ხელშეწყობა მხარეთა შორის;
c) სიმძლავრის განაწილება ურთიერთდამაკავშირებელ ხაზებზე უნდა განხორციელდეს „წლით ადრე”, „თვით ადრე” და ”დღით ადრე” პრინციპის შესაბამისად;
d) გამოცდილების გაზიარება იმ მიზნით, რომ მოხდეს გადაცემის სისტემის ოპერატორების ორგანიზაციული სტრუქტურის განახლება;
e) ტექნიკური თანამშრომლობა ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის მშენებლობის, ექსპლუატაციისა და მასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებში;
f) მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ უფლებამოსილ კომპანიებს შორის ავარიულ სიტუაციებში დახმარების გაწევის თაობაზე ხელშეკრულების ხელმოწერა არა უგვიანეს 2015 წლისა.
2. იმავე წესებისა და პროცედურების შესაბამისად, რომელიც გამოყენებულია ENTSO-E-ში, TSO-ები ითანამშრომლებენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთდამაკავშირებელ ხაზზე NTC/ATC გაანგარიშების კუთხით და ამ მიზნით გაცვლიან ტექნიკურ მონაცემებს.
3. TSO-ები განახორციელებენ ერთობლივ კვლევებს, სისტემაში არსებულ სარეზერვო სიმძლავრესთან დაკავშირებით, 2015 წლის ბოლომდე.
მუხლი 10🔗
თანამშრომლობა ENTSO-E ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით
1. თურქეთის TSO გაუზიარებს საქართველოს TSO-ს თავის გამოცდილებას ENTSO-E ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური და სამართლებრივი საკითხების შესახებ.
2. საქართველოს მთავრობის დაინტერესების და შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში და მას შემდეგ, რაც თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა გახდება ENTSO-E-ს წევრი, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა მხარს დაუჭერს საქართველოს ენერგოსისტემის ინტეგრაციის პროცესს ENTSO-E-ში, ENTSO-E-ს წესების შესაბამისად.
მუხლი 11🔗
ელექტროენერგიის დავალიანება
საქართველოს მთავრობა აცნობიერებს თავის ელექტროენერგიის დავალიანებას თურქეთის რესპუბლიკის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1990 და 2011 წლების პერიოდში. აღნიშნული შეთანხმებით მხარეები თანხმდებიან, რომ 20 წლის განმავლობაში, დაწყებული იმ კალენდარული წლიდან რომელიც მოსდევს წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერას, საქართველოს მთავრობა გამოიწვევს და უზრუნველყოფს, რომ ESCO-მ, ზემოაღნიშნული ვალის დაფარვის მიზნით, TETAS-ს მიაწოდებს 1 000 000 000 კვტ.სთ ელექტროენერგიას ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში, როგორც ფასდაკლებულ ვალს, რაც შეთანხმებულია მხარეთა მიერ. TETAŞ-მა და ESCO-მ ხელი უნდა მოაწერონ ოქმს, რომელიც მოიცავს ასეთი ფასდაკლებული ვალის გადახდასთან დაკავშირებულ დეტალებს. მას შემდეგ, რაც ფასდაკლებული ვალი სრულად მიეწოდება TETAS-ს, ვალი, რომელიც გააჩნია საქართველოს თურქეთის რესპუბლიკასთან მიმართებით, ზემოაღნიშნული პერიოდისთვის, ჩაითვლება, რომ დაფარულია სრულად.
მუხლი 12🔗
ხარჯები
1. ხარჯები, რომელიც უკავშირდება წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ აქტივობებს, ექვემდებარება შესაბამისი სახსრების ხელმისაწვდომობას, თითოეული მხარის საბიუჯეტო მოთხოვნებისა და შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.
2. როდესაც განსაკუთრებული დაფინანსების საჭიროება განისაზღვრება მხარეთა მიერ, რაც საჭიროა წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ცალკეული აქტივობის განსახორციელებლად, მხარეებმა წერილობით უნდა ჩამოაყალიბონ საჭირო დაფინანსების ვადები და პირობები, საერთაშორისო შეთანხმებებისა და თითოეული მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 13🔗
კონფიდენციალურობა
1. შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეიმუშაონ და გამოიყენონ კონფიდენციალურობის შესახებ სათანადო პირობები და გარემოებები, რომელიც უკავშირდება წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული თანამშრომლობის შედეგებს. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული თანამშრომლობის შედეგები მხარეთა მიერ დაცულ უნდა იქნეს კონფიდენციალურად.
2. თუ მხარეს სურს გაუმჟღავნოს მესამე მხარეს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული თანამშრომლობის შედეგები, წინასწარი წერილობითი თანხმობა უნდა იქნეს მოპოვებული მეორე მხარისაგან.
3. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული თანამშრომლობის შედეგები შესაძლოა გამოქვეყნდეს მხოლოდ მხარეთა ორმხრივი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
4. მიუხედავად წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტისა ან ვადის გასვლისა, მხარეებზე სავალდებულოდ ვრცელდება წინამდებარე მუხლის პირობები და მოვალეობები უვადოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული სხვაგვარად არის წერილობით შეთანხმებული მხარეთა შორის.
მუხლი 14🔗
დავების მოგვარება
1. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან, გამოყენებასა ან განხორციელებასთან დაკავშირებით, უნდა მოგვარდეს მეგობრულად, მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.
2. თუ მხარეებს არ შეუძლიათ დავების მოგვარება დიპლომატიური არხების მეშვეობით ოთხმოცდაათი (90) დღის განმავლობაში, ნებისმიერმა მხარემ, მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ სადავო საგანი წარუდგინოს სპეციალურად შექმნილ (ad hoc) საარბიტრაჟო სასამართლოს, აღნიშნული დავის საბოლოო და სავალდებულო გადაწყვეტის მიზნით. შეტყობინება უნდა მოიცავდეს განცხადებას მოთხოვნის აღწერასთან დაკავშირებით და სამართლებრივი დაცვის საშუალებას (მათ შორის, დეკლარატორული დაცვა) და, ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებულ ფინანსურ საკითხს.
3. ასეთი, სპეციალურად შექმნილი (ad hoc) საარბიტრაჟო სასამართლო, უნდა დაკომპლექტდეს შემდეგნაირად:
(a) მხარემ, რომლის მიერ არის ინიცირებული საქმისწარმოება, უნდა დანიშნოს სასამართლოს ერთი წევრი და აცნობოს დავის მეორე მხარეს მისი დანიშვნის შესახებ, მეორე მხარის მიერ, წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში;
(b წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 60 დღის განმავლობაში, მეორე მხარემ უნდა დანიშნოს ერთი წევრი. თუ დანიშვნა ვერ განხორციელდება გაწერილი ვადის განმავლობაში, მხარე, რომელმაც წამოიწყო საქმისწარმოება, უფლებამოსილია, წინამდებარე მუხლის მე-2 პარაგრაფით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან ოთხმოცდაათი (90) დღის განმავლობაში მოითხოვოს, რომ დანიშვნა განხორციელდეს წინამდებარე მუხლის მე-3 (d) პუნქტის შესაბამისად;
(c) მესამე წევრი, რომელიც არ უნდა იყოს რომელიმე მხარის ეროვნების ან ამ ქვეყნის მოქალაქე, უნდა დაინიშნოს მხარეთა მიერ. აღნიშნული წევრი იქნება სასამართლოს თავმჯდომარე. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან ას ორმოცდაათი (150) დღის განმავლობაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან მესამე მხარის დანიშვნასთან დაკავშირებით, დანიშვნა უნდა განხორციელდეს წინამდებარე მუხლის მე-3 (d) პუნქტის შესაბამისად, რომელიმე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ასეთი შეტყობინების მიღებიდან 180 დღის განმავლობაში;
(d) მოთხოვნა დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება წინამდებარე პუნქტის შესაბამისად, უნდა განხორციელდეს საერთაშორისო მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალური მდივნის მიერ, ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. თუ გენერალურ მდივანს არ შეუძლია წინამდებარე ამოცანის შესრულება, დანიშვნა უნდა განხორციელდეს ბიუროს პირველი მდივნის მიერ. თუ ეს უკანასკნელიც ვერ ასრულებს აღნიშნულ ამოცანას, დანიშვნა უნდა განხორციელდეს რანგობრივად უფროსი მოადგილის მიერ;
(e) დანიშვნები, რომელიც ხორციელდება წინამდებარე მუხლის 3 (a) - (d) პუნქტების შესაბამისად, უნდა განხორციელდეს დასანიშნი წევრების შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებით, იმ საკითხებში, რომელსაც მოიცავს წინამდებარე შეთანხმება;
(f) მხარეებს შორის საპირისპიროზე შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო წესებად გამოიყენება UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული სხვაგვარადაა დარეგულირებული მხარეების ან არბიტრების მიერ. საარბიტრაჟო სასამართლო გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით;
(g) საარბიტრაჟო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დავა წინამდებარე შეთანხმებისა და საერთაშორისო სამართლის მოქმედი ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად;
(h) არბიტრაჟის გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულოა შესასრულებლად მხარეებისათვის;
(i) საარბიტრაჟო სასამართლოს ხარჯები და, მათ შორის, მისი წევრებისთვის განკუთვნილი ანაზღაურებაც, თანაბრად ნაწილდება მხარეებზე. თუმცა, საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, დააკისროს რომელიმე მხარეს ხარჯების უფრო მეტი წილის ანაზღაურება;
(j) თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, საარბიტრაჟო სასამართლო შეიკრიბება ჰააგაში და გამოიყენებს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს შენობა-ნაგებობებს;
(k) გადაწყვეტილების ასლი შეინახება სამდივნოში, რომელიც უზრუნველყოფს მის საზოგადოდ გასაჯაროებას.
მუხლი 15🔗
ცვლილებები
წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერ დროს, შესაძლოა, შეტანილ იქნეს ცვლილებები მხარეთა ორმხრივი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ცვლილებები ძალაში შედის იმავე სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად, რომელიც გაწერილია წინამდებარე შეთანხმების მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად.
მუხლი 16🔗
ინტელექტუალური საკუთრება
მხარეებმა, თავიანთი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე, უნდა უზრუნველყონ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ეფექტური დაცვა, რომელიც გადაეცემათ ან წარმოიშობა წინამდებარე შეთანხმების შედეგად. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, ინტელექტუალური საკუთრება განიმარტება ისევე, როგორ აღნიშნული გათვალისწინებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის კონვენციის მე-2 (viii) მუხლით და რომელიც დადებულია 1967 წლის 14 ივლისს და რომელშიც ცვლილებები შეტანილია 1979 წლის 28 სექტემბერს.
მუხლი 17🔗
შეთანხმების ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და შეწყვეტა
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის, მხარეთა მიერ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, იმ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან, რომლითაც აცნობებენ ერთმანეთს, რომ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო თავიანთი შიდა სამართლებრივი პროცედურები დასრულებულია.
2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება 20 (ოცი) წლის ვადით და გრძელდება ავტომატურად, მომდევნო 5 (ხუთი) წლის პერიოდით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთი მხარე წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, შეატყობინებს მეორე მხარეს, თავისი განზრახვის შესახებ, მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე შეთანხმებას, აღნიშნული თავდაპირველი ან ნებისმიერი შემდგომი ხუთწლიანი პერიოდის ამოწურვამდე 3 (სამი) თვით ადრე.
3. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტამ გავლენა არ უნდა მოახდინოს იმ საქმიანობასა და პროექტებზე რომელიც მიმდინარეობს ან დასრულდა წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად.
ხელმოწერილია ქ. სტამბულში, 2015 წლის 9 აპრილს, ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. შეთანხმების ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
კახა კალაძე
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
თანერ ილდიზი
თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი