შპს „ზუგდიდავტოტრანსსერვისის“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1967-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/1967-16

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

 

2016  წლის 5 სექტემბერი

 

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გოჩა დიდავა

 

განმცხადებელი: შპს ,,ზუგდიდავტოტრანსსერვისი’’ (ს/კ 219995762)

დირექტორი: თამარ მუმლაძე.

მოთხოვნა -  გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ზუგდიდავტოტრანსსერვისის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

 

გამოარკვია

   

შპს ,,ზუგდიდავტოტრანსსერვისის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა თამარ მუმლაძემ და აღნიშნა შემდეგი: შპს ,,ზუგდიდავტოტრანსსერვისი’’ წარმოადგენს სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს და შპს ,,ფოთი-სამგზავროს“, შპს ,,მეგზევეს“ და შპს ,,ეგრისი 2002“-ის სამართალმემკვიდრე ორგანიზაციას. შპს ,,ზუგდიდავტოტრანსსერვისს’’ საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. ორგანიზაცია ასევე არ ფლობს წილს სხვა საწარმოში. შპს ,,ზუგდიდავტოტრანსსერვისის’’ სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება ,,რაფ 2203-01“. ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობა დაუდგენელია, შესაბამისად დაუდგენელია მისი ნარჩენი ღირებულება. შპს ,,ზუგდიდავტოტრანსსერვისს’’  არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება არ ერიცხება. კომპანიის უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით და ყადაღით. ორგანიზაციის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 28683.4 ლარს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ,,ზუგდიდავტოტრანსსერვისი’’ გადახდისუუნაროა.

 

განმცხადებელი ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად ითხოვს შპს ,,ზუგდიდავტოტრანსსერვისის’’ გაკოტრებას.

     

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

  

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

     

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

   

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.

  

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებისა ,,რაფ 2203-01“. ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობა დაუდგენელია, შესაბამისად, დაუდგენელია მისი ნარჩენი ღირებულება. (ცნობა მომსახურების სააგენტოდან და ცნობა საჯარო რეესტრიდან). საბანკო ანგარიშები კომპანიას გახსნილი აქვს ლიბერთი ბანკში, თუმცა თანხა არ ერიცხება (იხ. საბანკო ანგარიშების შესახებ გაცემული ცნობა და სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა). კომპანიას არ გააჩნია დებიტორული დავალიანება. ამავდროულად კომპანიას აქვს კრედიტორული დავალიანება 28683.4 ლარის ოდენობით, ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება არ ერიცხება(იხ.  შედარების აქტი).

 

აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები, ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.

   

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

  

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ,,ზუგდიდავტოტრანსსერვისს’’ (ს/კ 219995762) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;

 

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

 

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

 

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                             გოჩა დიდავა