შპს „ბათუმის თამბაქოს კომბინატის“ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/2032
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
2016 წლის 9 სექტემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი /მოვალე/ – შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატი’’
( საიდენტიფიკაციო კოდი – 245415313)
დირექტორი/ლიკვიდატორი - ედუარდ ფუტკარაძე
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ.
განიხილა შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის’’ დირექტორის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ედუარდ ფუტკარაძემ და აღნიშნა, რომ შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატი’’ წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100 %-იანი წილობრივი მონაწილოებით არსებულ საწარმოს, რომლის პარტნიორის უფლებამოსილებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატში’’ შექმნილია რთული ფინანასური მდგომარეობა, საწარმო წლების მანძილზე ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს, არ აქვს შემოსავლები და ფინანსური რესურსი არსებული კრედიტორული დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად. საზოგადოებას გააჩნია 3 145 152 ლარის კრედიტორული დავალიანება (01.01.2016 წლის მდგომარეობით), რომელთა გადახდის საშუალება საზოგადოებას არ გააჩნია. კრედიტორული დავალიანებიდან 2 694 708 ლარი წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორულ დავალიანებას, რომელიც 22.08.2016 წლის მდგომარეობით შეადგენს 2 757 489 ლარს. კომპანიის აქტივი შეადგენს 817 521 ლარს. საზოგადოებას ბალანსზე ერიცხება 1 ერთეული სატრანსპორტო საშუალება ავტომანქანა ზილ მმზ, მოდელი 4502, გამოშვების წელი – 1989, ძრავის №307531, შასის №2850473, სახელმწიფო ნომერი 2775 გრბ, რომელიც შსს 01.09.2016 წ. წერილის მიხედვით რეგისტრირებული არ არის საწარმოს საკუთრებაში, თუმცა წერილის მიხედვით შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატს’’ ერიცხება 2 ერთეული სატრანსპორტო საშუალება გაზ 3102, სახელმწიფო ნომრით BAB262) და კამაზ 4310 სახელმწიფო ნომრით BAT518). ავტომანქანა გაზ 3102 დაკარგულია და ზიანის ანაზღაურება დაკისრებული აქვს ლიკვიდატორ ედუარდ ფუტკარაძეს, ხოლო კამაზ 4310 რეალიზებულია ადრეულ წლებში. კომპანიას საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,ბანკ რესპუბლიკაში’’, თუმცა თანხა არ ერიცხება. კომპანიას გააჩნია 105 პირის მიმართ 450 444 ლარის სხვა არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება. კომპანიას 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 96 პირის მიმართ გააჩნია 817 083 ლარის დებიტორული დავალიანება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, განმცხადებელმა მოითხოვა შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის’’ გაკოტრება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „ბათუმის თამბაქოს კომბინატის’’ განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-19, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განმცხადებლის – შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის’’ (დირექტორი/ლიკვიდატორი ედუარდ ფუტკარაძე) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
2 . მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.
4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
5 . იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.
6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ.
8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
9 . განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2016 წლის 24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, დარბაზი №3).
11. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ არაუგვიანეს 2016 წლის 20 სექტემბრისა, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.
12 . განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11) .
მოსამართლე გენადი მაკარიძე