აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/497
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება № 1-1/497

 

2016 წლის 15 სექტემბერი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმაკომისიამ განიხილა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2016 წლის 05 აგვისტოს №04/3094 და 23 აგვისტოს №04/3422 განცხადებები სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ (წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში თათია ფიფიას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ 47.02.32.202) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და 

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დავალებით შპს ,,ენერგოტრანსი“ ახორციელებს ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ხდება ჯვარის ელექტროქვესადგურის (500/220 კვ) და ხორგა-ჯვარის ელექტროქვესადგურების დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების (500 კვ და 220 კვ) მშენებლობა. აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტს და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს. პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KFW და ევროსაბჭოს სამეზობლო საინვესტიციო ფონდის NIF დაფინანსებით.

პროექტი მოიცავს დაახლოებით 2X8 კმ სიგრძის 500 კვ გადამცემი ხაზის მშენებლობას, 500 კვ ,,კავკასიონის“ ხაზის შეჭრით და დაახლოებით 60 კმ (220 კვ) ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ჯვარიდან ხორგაში, რაც გულისხმობს ახალი 220 კვ ორჯაჭვა ეგხ-ს მიერთებას ხორგის 220 კვ და ჯვარის 500 კვ ქვესადგურთან. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ახალი 500/200 კვ ქვესადგურის მშენებლობა ჯვარში – ქვესადგურის 500 კვ მხარის მოწყობა ამომრთველის ერთნახევარი სქემით, ორი დიაგონალით. 220 კვ მხარის მოწყობა ორი სალტით, სალტეთა მაერთით და ექვსი სახაზო უჯრედით, 500/220 კვ 3X167 მვა ტრანსფორმატორების ერთი ჯგუფით და თანმხლები სამშენებლო სამუშაოები და მომსახურება.

მითითებული პროექტის მიზანია: 220 კვ ქსელის იმედიანობის გაზრდა და დასავლეთ საქართველოს ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია; ფოთის თიზის მოთხოვნილი სიმძლავრის 450 მგვტ უზრუნველყოფა; თურქეთში გადასაცემი 350 მგვტ სიმძლავრის უზრუნველყოფა; ეგხ „კავკასიონით” გადასაცემი და მისაღებ სიმძლავრეებზე სრული კონტროლის უზრუნველყოფა; დამატებითი შესაძლებლობის შექმნა ენგურის, ხუდონის და სხვა ასაშენებელი ჰიდროეელქტროსადგურების ელექტროენერგიის 500 კვ ქსელის საშუალებით ახალციხის ქვესადგურში მიწოდება და შესაბამისად 500 კვ-იანი საქსელო მეურნეობის განვითარება; მდინარე ენგურის აუზის ზედა საფეხურების პერსპექტიული ჰესების სიმძლავრის გატანა; მაღალი ძაბვის ქსელის საიმედოობის და სტაბილურობის გაზრდა.

პროექტის განხორციელებით მიიღება შემდეგი დადებითი შედეგი: მოქნილი და მომგებიანი ენერგოგაცვლის ქსელის შექმნა დასავლეთ საქართველოში; ამასთან, ჯვარი-ხორგას პროექტის განხორციელება საგრძნობლად გააუმჯობესებს საერთაშორისო და ადგილობრივი მომსახურების ხარისხს და საიმედოობას; ეგხ „კავკასიონით“ გადასაცემი და მისაღებ სიმძლავრეებზე სრული კონტროლის უზრუნველყოფა; პროექტის განხორციელება მომხიბვლელს გახდის ინვესტორებისათვის ენგურის ხეობაში ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურებისათვის ინვესტირებას.

პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა მოქალაქე თათია ფიფიას (პ/ნ 51001024944) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 47.02.32.202, მდებარე წალენჯიხის რაიონი, სოფელი ლია) ნაწილის გამოსყიდვა, ხოლო დარჩენილ ნაწილზე სერვიტუტის ხელშეკრულების გაფორმება.

მესაკუთრეს წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპესაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მან უარი განაცხადა.

ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოება აფერხებს პროექტის განხორციელებას, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, შპს ,,ენერგოტრანსმა“ წერილობით მიმართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინაშე ექსპროპრიაციის პროცედურების დაწყების შუამდგომლობისათვის.

2016 წლის 05 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით (N04/3094) მომართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და მოითხოვა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში თათია ფიფიას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 47.02.32.202) სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შუამდგომლობა და მითითებული პროექტის განხორციელების მიზნით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შპს ,,ენერგოტრანსი“ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დავალებით ახორციელებს ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ხვდება ჯვარის ელექტროქვესადგურის (500/220 კვ) და ხორგა-ჯვარის ელექტროქვესადგურის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების (500 კვ და 220 კვ) მშენებლობა.

განსახორციელებელი პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულია საექსპროპრიაციო უძრავი ქონება _ მდებარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელი ლია ს/კ 47.02.32.202.

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ დასახელებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა თათია ფიფია (პ/ნ51001024944), დაზუსტებული მიწის ნაკვეთის ფართობი 2764.00 კვ.მ (დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო, სახნავი).

დადგენილია, რომ შპს ,,ენერგოტრანსმა“ მესაკუთრეს შესთავაზა პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის 398 კვ.მ ნებაყოფლობით გამოსყიდვა (საკომპესაციო თანხა 1254 ლარი). მესაკუთრეს ასევე შეეთავაზა დარჩენილ ფართობზე სერვიტუტი და სამუშაობის წარმოების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება (საკომპენსაციო თანხა 1056 ლარი, სასოფლო-სამეურნეო კულტურების განადგურებისათვის გასაცემი საკომპენსაციო თანხა 1269 ლარი, მრავალწლიანი ნარგავების განადგურებისათვის _ 435 ლარი. ჯამში საკომპესაციო თანხამ შეადგინა 4014 ლარი, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, რაზედაც მესაკუთრემ უარი განაცხადა.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან, თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგავარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ,,ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“.

ვინაიდან დადგენილია, რომ მესაკუთრე თათია ფიფიასთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე ნებაყოფლობით თანხმობის მიღება შეუძლებელია, პროექტის განხორციელებისათვის არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2016 წლის 8 და 9 სექტემბრის სხდომის ოქმებისა და დასკვნის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ თათია ფიფიას (პ/ნ51001024944) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ს/კ N47.02.32.202 აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება (მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი 2764.00 კვ.მ, საექსპროპრიაციო მიწის ფართობი 398 კვ.მ).

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).

 

                                                                                                                   დიმიტრი ქუმსიშვილი