შპს „ორბელის ღვინის ქარხანას“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1418-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2016 წლის 15 სექტემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი: შპს ,,ორბელის ღვინის ქარხანა’’ (ს/კ 242574610)
დირექტორი: შპს ,,რეაბილიტაცია’’
წარმომადგენელი –თამარ მუმლაძე
მოთხოვნა – მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ორბელის ღვინის ქარხნის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი
გამოარკვია:
2016წლის15 ივლისს შპს ,,ორბელის ღვინის ქარხნის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა შპს ,,რეაბილიტაციის’’ წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით კომპანია არ ფუნქციონირებს, მას არც ბალანსზე, ასევე არც საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. შპს ,,ორბელის ღვინის ქარხანას’’ უზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, არაუზრუნველყოფილი კრედიტორია ამავე ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომელი პაატა გაგნიძე თანხით – 800 ლარი. საზოგადოებას ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „ლიბერთი ბანკში“, თუმცა ანგარიშზე თანხა არ ერიცხება, ორგანიზაციას თანხა არ ერიცხება ასევე სალაროში. კომპანიას გააჩნია სალდირებული ზედმეტობა 595,76 ლარის ოდენობით.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საზოგადოება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად მოითხოვა შპს ,,ორბელის ღვინის ქარხნის’’ გაკოტრება.
2016 წლის 20 ივლისის განჩინებით შპს ,,ორბელის ღვინის ქარხანას’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ორბელის ღვინის ქარხნის’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 8 აგვისტოს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ორბელის ღვინის ქარხნა’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,ორბელის ღვინის ქარხნის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს ,,ორბელის ღვინის ქარხანა’’ (ს/კ 242574610)) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ორბელის ღვინის ქარხნის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე