„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№57
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.170.016217
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №57

2016 წლის 10 ოქტომბერი

ქ. ზუგდიდი

 

„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობოს კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ„ ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში (www.matcne.gov.ge, 18/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.170.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:

ა) 1182 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1182

პეტიციის  ინიციირების  თაობაზე განცხადების წარდგენის პროცედურა

1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს  უფლება აქვს, 118-ე მუხლით განსაზღრულ საკითხებზე, მიმართოს საკრებულოს აპარატს განცხადებით პეტიციის ინიციირების პროცედურის დაწყების შესახებ.

2. პეტიციის ინიციირების თაობაზე განცხადებაში მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), პეტიციის სახით წარსადგენი საკითხის დასახელება. განცხადებას თან უნდა დაერთოს ინფორმაცია (საოლქო საარჩევნო კომისიიდან) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების არანაკლებ 1%-ის შესახებ.

3. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ განცხადებას და 3 სამუშაო დღის ვადაში პეტიციის ინიციირების თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტებს გადასცემს მხარდამჭერთა სიის ბლანკებს.

4. თუ დარღვეულია ამავე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მოთხოვნები, პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას ან/და საკითხი გადაწყვეტილია, საკრებულოს აპარატი დასაბუთებულ უარს ამბობს განცხადების განხილვასა და მხარდამჭერთა სიის ბლანკების გაცემის თაობაზე.

5. საკრებულოს აპარატის მიერ გაცემულ მხარდამჭერთა თითოეულ ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის (მომხსენებლის/მომხსენებლების) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი (პირადობის მოწმობის მიხედვით), ხელმოწერით დადასტურების თარიღი და ხელმოწერა და შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია.

6. ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემული ბლანკი დამოწმებული უნდა იყოს აპარატის უფლებამოსილი პირის მიერ და თითოეულ ბლანკზე შესაძლებელია არაუმეტეს 50 ხელმოწერის განხორციელება.

7. პეტიციის ინიციირების თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტი ვალდებულია საკრებულოს აპარატის მიერ შესაბამისი ბლანკების გადაცემიდან 45 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 1181 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობის ხელმოწერათა შეგროვება და მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა.

ბ) 1183 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1183

პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეკვიზიტები და წარდგენის პროცედურა

1. საკრებულოს წარედგინება განცხადება (საკრებულოს მიერ დამტკიცებული ფორმა) პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე.

2. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამის განცხადების ტექსტს;

ბ) პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

გ) პეტიციის წარდგენის თარიღს;

დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, 118-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, 118-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას, 118-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ზ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი (მხარდამჭერი) ამომრჩევლების სიის ბლანკებს.

3. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესაბამისი ოდენობის ხელმოწერათა წარდგენის შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი 15 კალენდარული დღის ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს წარდგენილი სიის 20%- ის ნამდვილობას.

4. ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;

ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი);

გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);

დ) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ე) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილია სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველი;

ვ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;

ზ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

თ) ხელმოწერა შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება ამომრჩეველთა სიის დადგენილ და დამოწმებულ ფორმას.

5. თუ გაბათილებული ხელმოწერების საფუძველზე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების შედეგად გაბათილდა შემოწმებული ხელმოწერების 50%, ამომრჩეველთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 15 სამუშაო დღე ხარვეზის შესავსებად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამომრჩეველთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ზემოაღნიშნული წესით, 10 კალენდარული დღის ვადაში. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სია მთლიანად ბათილდება და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით უარი ეთქმება პეტიციის წარდგენის შესახებ განცხადების რეგისტრაციაზე.

7. საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს;

ბ) პეტიციის წარდგენის თარიღს;

გ) დასახლების საერთო კრების რჩეულის (შემდგომში – რჩეულის) ან საერთო კრების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;

დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, 118-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, 118-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას, 118-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ზ) საერთო კრების ოქმს.

8. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი 5 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს  საერთო კრების ოქმის ნამდვილობას.

9. ოქმი ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი;

ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ოქმის ნომერი;

გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული საერთო კრებაზე განხილული საკითხი/საკითხები და მიღებული გადაწყვეტილება, კენჭისყრის შედეგების ჩათვლით;

დ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა;

ე) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ხელმომწერი პირის/პირების სახელი და გვარი.

ვ) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს პირი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ზ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით.

10. დასახლების საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში პეტიციის წარმდგენ პირს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით უარი ეთქმება პეტიციის წარდგენის შესახებ განცხადების რეგისტრაციაზე.

11. პეტიციის წარმდგენ პირს, მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ, რეგისტრაციაში გატარებაზე საკრებულოს თავმჯდომარის უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში.

12. თუ პეტიციის თაობაზე წარდგენილი განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად აკმაყოფილებს კანონისა და რეგლემენტის მოთხოვნებს, პეტიცია რეგისტრირდება ქალაქ ზუგდიდის  საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით და გაიცემა „პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობა“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი თოდუა