სს „სანატორიუმი აჭარას“ საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1263
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

№2/1263

ს ა ო ქ მ ო     გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე

2016 წლის 13 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე − გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი − ნოდარ გიორგიძე

განმცხადებელი /მოვალე/ − სს ,,სანატორიუმი აჭარა” (საიდენტიფიკაციო კოდი − 248381843)

გაკოტრების მმართველი − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო.

წარმომადგენელი − მიხეილ ლომთაძე.

კრედიტორი − სსიპ − შემოსავლების სამსახური.

წარმომადგენელი − მადონა გეწაძე.

განიხილა სს ,,სანატორიუმ აჭარას”გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი და            

:

2015 წლის 16 ივლისს სს ,,სანატორიუმ აჭარის” სახელით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ჯემალ ბოლქვაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია კრედიტორული დავალიანება 325 496 ლარის ოდენობით, საიდანაც 302 972,68 ლარი წარმოადგენს საბიუჯეტო დავალიანებას (უზრუნველყოფილ კრედიტორს). კომპანიის აქტივი შეადგენს 25 486 ლარს (873 ნარჩენი ღირებულების ძირითადი საშუალებები, მიწოდებიდან და მომსახურებიდან, წარმოქმნილი მოთხოვნები 24 093 ლარი, ზედმეტად გადახდილი მოგების გადასახადი 520 ლარი). საზოგადოება წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებს, არ აქვს შემოსავლები და ფინანასური რესურსი არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის განჩინებით, სს ,,სანატორიუმ აჭარას” განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 სექტემბრის განჩინებით, სსიპ − შემოსავლების სამსახური აღიარებული იქნა კრედიტორად და მისი მოთხოვნა განისაზღვრა 323 629,12 ლარით. ამასთან, სს ,,სანატორიუმ აჭარის” მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.

2016 წლის 15 ივლისს სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,სანატორიუმ აჭარის” გაკოტრების მმართველმა, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში, სადაც აღნიშნა შემდეგი: კომპანიას დებიტორული მოთხოვნა აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ 24093 ლარის ოდენობით. მოთხოვნის წარმოშობის თარიღია 1999-2000 წელი, რაც გულისხმობს, რომ გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, ხოლო თავად მოვალე დავალიანების არსებობას არ ადასტურებს.

სს ,,სანატორიუმ აჭარის” გააჩნდა 6 დასახელების მოძრავი ნივთი, რომელიც რეალიზებული იქნა აუქციონის გზით 191,71 ლარად და ქონების შემძენი ერთიანი კომპლექსის სახით გახდა შპს ,,ქართული საინვესტიციო კომპანია” რომელიც ამავდროულად ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სს ,,სანატორიუმ აჭარას” ერთადერთ პარტნიორად.

გაკოტრების მმართველმა მოითხოვა სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღიარება პირველი რიგის კრედიტორად, ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხის 162,47 ლარის აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადარიცხვა და საქმის წარმოების შეწყვეტა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ გაკოტრების მმართველის შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

დასახელებული საკანონმდებლო ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიზანი არის დაიცვას როგორც მოვალის, ასევე კრედიტორთა ინტერესები.      

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხების ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის სამეურვეო ქონების ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) სურვილისამებრ შესაძლოა დარეგისტრირდეს ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად. საკუთრების უფლების გადასვლის შედეგად საწარმო ახალ შემძენზე დაუტვირთავი და ვალებისაგან თავისუფალი გადადის. 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 8 ივნისს დასრულებულ აუქციონზე სს „სანატორიუმ აჭარას“ ქონება რეალიზებული იქნა ერთიანი კომპლექსის სახით და მისი შემძენი გახდა შპს ,,ქართული საინვესტიციო კომპანია”. 2016 წლის 15 ივნისს გამოიცა განკარგულება №A15056996-009/002, რომლის თანახმად შპს ,,ქართული საინვესტიციო კომპანიამ“ სს ,,სანატორიუმ აჭარას“ ქონება შეიძინა 191,71 ლარად, გადახდილი იქნა დამატებითი ღირებულების გადასახადი 29,24 ლარი.

საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც ირკვევა, რომ სს „სანატორიუმ აჭარას” ერთადერთ პარტნიორად რეგისტრირებულია შპს ,,ქართული საინვესტიციო კომპანია” და ამასთან სააქციო საზოგადოების ამჟამინდელი სამართლებრივი ფორმა არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

ამდენად, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ სს ,,სანატორიუმ აჭარას” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში კომპანიის ქონება სრულად იქნა რეალიზებული, ამასთან, იგი გასხვისდა ერთიანი კომპლექსის სახით და შემძენი დღეისათვის რეგისტრირებულია ერთადერთ პარტნიორად.

სასამართლო არ ზიარებს კრედიტორის − სსიპ − შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის პოზიციას, რომ გასარკვევი და დასაზუსტებელია სს ,,სანატორიუმ აჭარას” სახელზე რიცხული ავტომობილების საკითხი. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გაკოტრების მმართველის არაერთი მცდელობის მიუხედავად კომპანიის ბალანსზე რიცხულ ავტომობილებზე ინფორმაცია მოპოვებული ვერ იქნა და მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის1 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.

როგორც ზემოთ აღინიშნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიზანი არის მოვალისა და კრედიტორის ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა და სასამართლოში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა, როდესაც მოვალეს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები.

 2015 წლის 16 ივლისს, ანუ იმ დროისათვის, როდესაც სასამართლოს მომართა სს ,,სანატორიუმ აჭარას” სახელით კომპანიის დირექტორმა ჯემალ ბოლქვაძემ, სახეზე იყო მოვალის გადახდისუუნარობა, კერძოდ, საზოგადოებას გააჩნდა კრედიტორული დავალიანება 325 496 ლარის ოდენობით, საიდანაც 302 972,68 ლარი წარმოადგენდა საბიუჯეტო დავალიანებას (უზრუნველყოფილ კრედიტორს). კომპანიის აქტივი შეადგენდა 25 486 ლარს (873 ნარჩენი ღირებულების ძირითადი საშუალებები, მიწოდებიდან და მომსახურებიდან, წარმოქმნილი მოთხოვნები 24 093 ლარი, ზედმეტად გადახდილი მოგების გადასახადი 520 ლარი). საზოგადოება წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა და არ ჰქონდა შემოსავლები და ფინანასური რესურსი არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად.

სს ,,სანატორიუმ აჭარას” ქონების ერთიანი კომპლექსის სახით აუქციონზე რეალიზაციის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა − კომპანიას ჰყავს ახალი პარტნიორი, შპს ,,ქართულმა საინვესტიციო კომპანიას” სახით, რომელზედაც საწარმო დაუტვირთავი და ვალებისაგან თავისუფალი გადავიდა, ანუ აღმოიფხვრა გადახდისუუნარობის წინაპირობა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღარ არსებობს დავის საგანი, რაც ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით საქმის შეწყვეტის საფუძველია.  

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა” ქვეპუნქტის შესაბამისად აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ან/და გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელების, ასევე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სააუქციონო მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად − მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური.

აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, წინამდებარე საქმეზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური უნდა განისაზღვროს 5000 ლარით პირველი რიგის მოთხოვნად.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, 25-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 284-285-ე მუხლებით და,

:

1. სს ,,სანატორიუმ აჭარას” გაკოტრების საქმის წარმოება შეწყდეს დავის საგნის არარსებობის გამო.

2. აღიარებულ იქნეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში შეყვანილ იქნეს პირველი რიგის მოთხოვნად.

3. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს; განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11), თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე                                                                                                გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი                                                                                       ნოდარი გიორგიძე