აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/562
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება№ 1-1/562     

2016 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში ,,კომისია“) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის 27 სექტემბრის №01/3032 განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტი“) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

გამოარკვია:

,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ ხორციელდება E-60 ჩქაროსნული საავტომობილო გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის (ლოტი მე-2 კმ11+500. 30+000) მშენებლობა.

გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველომ მოიპოვა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი, შესაბამისად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, სატრანსპორტო სექტორის განვითარება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისთვის და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. საქართველო უმთავრესი პრიორიტეტია აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის (კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის) და ჩრდილოეთ–სამხრეთის გზის (რუსეთსა და თურქეთს შორის) გაუმჯობესება. საქართველოს მთავრობამ აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო დერეფნის მოდერნიზაციაში მხარდაჭერა სთხოვა ევროპის საინვესტიციო ბანკს. კერძოდ, დახმარებისათვის მიმართა სამტრედია-გრიგოლეთის ახალი 4-ზოლიანი გზის პროექტის მხარდასაჭერად. 2009 წელს ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“ წარედგინა მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთება და რეკომენდებული მიმართულების გარემოსდაცვითი შეფასება. გზის ამ მონაკვეთმა უნდა უზრუნველყოს E-60 მაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის უწყვეტობა.

,,საავტომობილო გზების დეპარტამენტში“ 2014 წელს დამუშავებული ტექნიკური დავალების თანახმად, საავტომობილო გზა დაიყო 4 ლოტად:

· I ლოტი კმ0+000–კმ11+500

· II ლოტი კმ11+500–კმ30+000

· III ლოტი კმ30+000–კმ42+000

· IV ლოტი კმ42+000–კმ51+570

E-60 მაგისტრალი სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის II ლოტი (კმ 11+500–30+000) იწყება ჯაპანას ახლოს და სრულდება ლანჩხუთის ახლოს.

დასახელებული პროექტების განხორციელების მიზნით აუცილებელია, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია.

აღსანიშნავია, რომ ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ უძრავი ქონების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება თითქმის ყველა მესაკუთრესთან მიღწეულია მაგრამ, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე – ბადრი ბუბუტეიშვილთან (პ/ნ 17001033225, 3 უძრავი ქონება, საკადასტრო კოდები – № 27.06.50.010, 27.06.50.021, 27.06.50.078, მის: ქალაქი ლანჩხუთი).

წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ განსახორციელებელი პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა საექსპროპრიაციო 3 უძრავი ქონება (ს/კ N27.06.50.021 - საექსპროპრიაციო ფართი 1654 კვ.მ, N27.06.50.010 საექსპროპრიაციო ფართი - 1107, N27.06.50.078 საექსპროპრიაციო ფართი 2536 კვ.მ) შესაბამისად, მასზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა -მშენებლობისათვის.

ვინაიდან, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ ვერ ხერხდება კერძო მესაკუთრესთან, უძრავი ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2016 წლის 20 ოქტომბრის ოქმისა და კომისიის დასკვნის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეულ ბადრი ბუბუტეიშვილის საკუთრებაში არსებულ 3 უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთი, ნარგავები, მრავალწლიანი კულტურა, ერთწლიანი კულტურა) ექსპროპრიაციის უფლება, კერძოდ: ა). ს/კ 27.06.50.010 მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 2500 კვ.მ საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 1107 კვ.მ; ბ). ს/კ 27.06.50.021 მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 2900 კვ.მ საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 1654 კვ.მ; გ). ს/კ 27.06.50.078 მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 3497 კვ.მ საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 2536 კვ.მ.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი