შპს „განთიადის“გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2322-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/2322-16

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

 

2016 წლის 21 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი : შპს ,,განთიადი’’

დირექტორი : შპს ,,რეაბილიტაცია’’

წარმომადგენელი: თამარ მუმლაძე.

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,განთიადის’’ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შპს ,,განთიადის’’ სახლით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომართა წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ და აღნიშნა, რომ შპს ,,განთიადი’’ წარმოადგენს სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს ,,განთიადის’’ საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. უძრავ ნივთის სააღრიცხვო მასალის მიხედვით, ქ. ბათუმი, ქავთარაძის ქ. №10, მესაკუთრე/მოსარგებლე მითითებულია შპს ,,განთიადი’’, აღნიშნული უძრავი ქონება რეგისტრირებულია 03.05.32.012 და 05.30.32.013 საკადასტრო კოდებით და მის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. კომპანიას მოძრავი ქონება არ ერიცხება, ასევე არ ფლობს წილს სხვა საწარმოში. შპს ,,განთიადს’’ არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება არ ერიცხება, კომპანიის უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი თანხით - 35 523,23 ლარი. საზოგადოებას მოქმედი ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი არ აქვს, უფიქსირდება მხოლოდ დახურული საბანკო ანგარიში სს ,,საქართველოს ბანკში’’, ორგანიზაციას თანხა არ ერიცხება ასევე სალაროში.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საზოგადოება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფის მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად ითხოვს შპს ,,განთიადის’’ გაკოტრებას.

  სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.

 საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება (სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილი, წერილი საჯარო რეესტრიდან და მომსახურების სააგენტოდან). მოქმედი საბანკო ანგარიშები კომპანიას გახსნილი არ აქვს, თანხა არ ერიცხება ასევე სალაროში (იხ. საბანკო ანგარიშების შესახებ გაცემული ცნობა და სსიპ – შემოსავლების სამსახურის ცნობა). კომპანიას აქვს უზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება 35 523,23 ლარის ოდენობით (იხ. შედარების აქტი).

აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები, ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც, ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად, პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.

 სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,განთიადს’’ (ს/კ 245384294) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

  მოსამართლე                                              გენადი მაკარიძე