შპს „კახეთის“ გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/23064-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

№2/23064-16

განჩინება

საქართველოს სახელით

2016 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

  თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: მაია სვიანაძე

განმცხადებელი შპს „კახეთი“ (ს/კ − 416296948)

წარმომადგენელი ქეთევან ლომაშვილი

დავის საგანი გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საწარმოს გაკოტრების საკითხი და გამოარკვია:

2016 წლის 15 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „კახეთის“ წარმომადგენელმა ქეთევან ლომაშვილმა და მოითხოვა შპს „კახეთის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განცხადების განმარტებით შპს „კახეთი“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს. 2016 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით კრედიტორთა ჯამური მოთხოვნა შპს „კახეთის“ მიმართ აღემატება 702 971 ლარს. შპს „კახეთს“ შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა, მისი აქტივები ფაქტობრივად ნულის ტოლია და საზოგადოების ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ გააჩნია. შპს „კახეთის“ უზრუნველყოფილი კრედიტორი არის სსიპ − შემოსავლების სამსახური, 2016 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით კრედიტორული დავალიანებაა 44 762,44 ლარი. მოვალე საწარმოს სხვა კრედიტორია სს „თიბისი ბანკი“, 29.07.2016 წლის მდგომარეობით კრედიტორული დავალიანებაა 658 208,75 ლარი. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელმა ითხოვდა შპს „კახეთის“ (ს/კ − 416296948) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებით „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „კახეთს” (ს/კ − 416296948) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორს განემარტა, რომ შეეძლო მოემართა სასამართლოსათვის შპს „კახეთის“ (ს/კ − 416296948) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 22 აგვისტოს, სსიპ − შემოსავლების სამსახურსაც განჩინება ჩაბარდა 2016 წლის 22 აგვისტოს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს „კახეთის“ (ს/კ − 416296948) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. გამომდინარე აღნიშნულიდან, არსებობს საფუძველი შპს „კახეთის“ (ს/კ − 416296948) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კახეთის“ (ს/კ − 416296948) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს განმცხადებელმა. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე.

3. მოვალე შპს „კახეთის“ (ს/კ − 416296948) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

 

 მოსამართლე:                       მაია სვიანაძე